ნინო გოგუაძე „კაბელების საქმეზე“ - არც ერთი წამით არ გვეპარება ეჭვი, რომ უდანაშაულო ადამიანები ამ ხელისუფლების პოლიტიკური ტყვეები არიან
ამ მოსამართლეებს აქვთ შანსი, რომ საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნის იმედი გადაარჩინონ, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო გოგუაძემ სააპელაციო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმის განხილვის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც გოგუაძემ აღნიშნა, ,,კაბელების საქმე'' თავიდან ბოლომდე პოლიტიკური საქმეა. „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ეს საქმე ერთ-ერთი დაბრკოლებაა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
„კაბელების საქმე რომ პოლიტიკური საქმეა ამას ადასტურებს სახალხო დამცველის ინსტიტუტი, ასევე ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებებზე მუშაობს. ამას ადასტურებს ევროპარლამენტის სამი ფრაქციის თავმჯდომარე, რომლებმაც სპეციალური წერილით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და თქვეს, რომ ეს საქმე საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არის დაბრკოლება. ჩვენ არც ერთი წამით არ გვეპარება ეჭვი, რომ სრულიად უდანაშაულო ეს ადამიანები ამ ხელისუფლების პოლიტიკური ტყვეები არიან“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი იმედოვნებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას ამ საქმეზე დღესვე გამოაცხადებს.
„ჩვენ ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამ მოსამართლეებს აქვთ შანსი რომ საქართველოში გადაარჩინონ დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნის იმედი ან გააგრძელონ იმ სასტიკი უსამრთლობის ჯაჭვი, რომელიც 2014 წელს ამ ადამიანების პოლიტიკური ტყვეობით დაიწყო და დღემდე გრძელდება“, - განაცხადა გოგუაძემ.
http://pirveliradio.ge/?newsid=79793