თბილისში გაიმართა ინოვაციური სემინარი „I Can / მე შემიძლია“, რომლის მიზანია აქტიური ცხოვრების წინაპირობების შექმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. სემინარის მონაწილეები იმსჯელებან შშმ პირების საჭიროებებზე მორგებულ ტრანსპორტზე და საქართველოს საზოგადოებაში არსებულ სტიგმასა და სოციალურ სტერეოტიპებზე.
ინოვაციურ სემინარში მონაწილეობენ სხვადასხვა პროფესიისა და ინტერესების მქონე ადამიანები - საჯარო მოხელეები, უფლებათა დამცველები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ბიზნესის წარმომადგენლები, კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტები, დიზაინერები, მუსიკოსები, სტუდენტები. ინიციატივის მხარდაჭერა შესაძლებელია სოციალურ მედიაში ჰეშთეგით #ICan #მეშემიძლია.
„მთელს მსოფლიოში ადამიანები ირჩევენ ისეთ მომავალს, რომელიც თავისუფალია დისკრიმინაციისაგან და სადაც ყველას თანაბრად შეუძლია ჩაერთოს აქტიურ ცხოვრებაში. ამის მიღწევა შესაძლებელია, თუ ყველა ერთად მივაგნებთ არსებული პრობლემების რეალისტურ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს“, - თქვა სემინარის გახსნაზე შომბი შარპმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში.
ინოვაციური სემინარის ორგანიზატორია გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ევროკავშირისა და თურქეთის მთავრობის ხელშეწყობით და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინოვაციური სერვისების ლაბორატორიასთან "სერვისლაბ" ერთად.
„სემინარის მონაწილეების ინოვაციური იდეები საფუძველს ჩაუყრიან კონკრეტულ ინიციატივებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ ადამიანის უფლებების დაცვას საქართველოში და ახალ პერსპექტივას შექმნიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის“, - თქვა ნატალია ჯალიაშვილმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამინის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსმა.
სემინარის გახსნას ასევე დაესწრნენ ნინა ხატისკაცი, თბილისის მერის მოადგილე, და ნანა წიკლაური, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე.
ინოვაციური სემინარი „I Can / მე შემიძლია“ ეხმიანება სოციალური სიკეთის სამიტს, Social Good Summit, რომელიც ყოველწლიურად იმართება გაეროს ინიციატივით მსოფლიოს 190-მდე ქვეყანაში. წლევანდელი სამიტის მთავარი საკითხია მსოფლიოს განვითარების ახალი დღის წესრიგი - მდგრადი განვითარების მიზნები, რომელთა შესახებ შეთანხმება შედგა 2015 წლის ბოლოს.


















https://www.facebook.com/pg/UNDPGeorgia/pho...116005028447492