არლამენტი საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის ტექსტს ავრცელებს. ”ინტერპრესნიუსი” რეზოლუციის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
”საქართველოს პარლამენტი: ეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებს, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს; ხელმძღვანელობს საქართველოს ეროვნული ინტერესებით; ხელმძღვანელობს საქართველოს მოსახლეობის ნებით და საგარეო-პოლიტიკური კურსით, რომლის მიმართ მყარი სახალხო მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოიხატა საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნებში; ითვალისწინებს ერთხმად მიღებულ „საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 7 მარტის რეზოლუციაში ასახულ ძირითად მიდგომებს და აცხადებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის შემდეგ სტრატეგიულ პრიორიტეტებს:
1. საქართველოს უმთავრესი საგარეო-პოლიტიკური ამოცანაა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, დეოკუპაცია და მშვიდობიანი გზით, განსაკუთრებით − საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი მოსახლეობის შერიგებითა და ნდობის აღდგენით, აგრეთვე საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაციით, საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
2. საგარეო-პოლიტიკური ამოცანების განსახორციელებლად საქართველო უზრუნველყოფს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას. ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევა მიმართული იქნება საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს, როგორც სტაბილური, უსაფრთხო ქვეყნის და დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით რეგიონის ლიდერის, ავტორიტეტის განმტკიცებისკენ.
3. საქართველოს საგარეო პოლიტიკის უალტერნატივო პრიორიტეტია ევროკავშირში გაწევრება. ქვეყნის ხელისუფლება გააგრძელებს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის, და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების დღის წესრიგის დროულ და ქმედით განხორციელებას და საქართველოს ევროკავშირთან თანამიმდევრულ ინსტიტუციურ დაახლოებას. საქართველოს ხელისუფლება გააღრმავებს ევროპის ქვეყნებთან ორმხრივ და მრავალმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობას. ქვეყანა განაგრძობს სვლას ევროკავშირში სრული ინტეგრაციისკენ. „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება“ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის საბოლოო მიზანი არ არის. ევროპის კავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის საფუძველზე ქვეყანა ევროკავშირის წევრობისკენ ისწრაფვის.
4. საქართველოს საგარეო პოლიტიკის უალტერნატივო პრიორიტეტია ნატოში გაწევრება. ქვეყნის ხელისუფლება გააგრძელებს მიზანმიმართულ მუშაობას, რათა განხორციელდეს ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო „გახდება ნატოს წევრი“. გამოყენებული იქნება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ფარგლებში არსებული ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი (ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა, ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტი“) და ინსტიტუციური მექანიზმი. ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის“ განხორციელებით გაგრძელდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და ნატოსთან თავსებადობის ამაღლება.
5. საქართველოს ხელისუფლების მიზანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან და მოკავშირესთან, ურთიერთობების გაღრმავება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შესაბამისად.
6. საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ურთიერთობების მრავალმხრივ ფორმატებში, კერძოდ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, სუამის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატებში, განვითარებას. ქვეყანა არ გახდება იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი, რომელთა პოლიტიკაც ეწინააღმდეგება საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს.
7. საქართველო, როგორც თანამედროვე საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობის მქონე წევრი და საერთაშორისო მშვიდობის მხარდამჭერი, სრულად გაიზიარებს იმ საფრთხეებთან ბრძოლაში დაკისრებულ მოვალეობებს, რომელთა წინაშეც დგას ცივილიზებული მსოფლიო. ქვეყნის ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისათვის მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას, საერთაშორისო ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, მასობრივი განადგურების იარაღის, ჩვეულებრივი შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის უკონტროლო გავრცელების თავიდან აცილებას.
8. საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, საქართველო გააგრძელებს რუსეთის ფედერაციასთან რაციონალურ და პრინციპულ პოლიტიკას, რომლის მიზანია საგარეო-პოლიტიკური საფრთხეების მინიმუმამდე შემცირება, საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცება, დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობა.
9. ქმედითი და დაბალანსებული რეგიონალური პოლიტიკით, მათ შორის, უშუალო მეზობლებთან თანამშრომლობით, საქართველო გააგრძელებს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფასა და სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.
10. საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია ტრანსნაციონალური პროექტებისათვის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის ქმედითი გამოყენება და აღმოსავლეთის ქვეყნებთან ეკონომიკური და სხვა ურთიერთობების გაფართოება.
11. საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, ქართულ დიასპორასთან ურთიერთობების განმტკიცება, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ღირსეული დაბრუნება და რეინტეგრაცია.
12. საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს საგარეო-პოლიტიკური ამოცანების განხორციელებაში მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას. განსაკუთრებული ძალისხმევა იქნება მიმართული ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ აქტიური სტრატეგიული კომუნიკაციის წარმართვისკენ, რაც საქართველოს დასავლური კურსისადმი საზოგადოების დიდი და გაცნობიერებული მხარდაჭერის შენარჩუნებას უზრუნველყოფს”, - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.
საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა ”ნაციონალური მოძრაობის” ხუთმა და ”პატრიოტთა ალიანსის” ერთმა წევრმა. დოკუმენტს მხარი დაუჭირეს ”ნაციონალური მოძრაობიდან” გიგი წერეთელმა, თენგიზ გუნავამ, ელენე ხოშტარიამ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომან გოცირიძემ და ”პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ნატო ჩხეიძემ.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...-avrcelebs.htmlაბა რას იტყვით?
პს. აქვე ადა მაკაკა მარშანიას ლუსტრირებაც ამ რეზოლუციით გამოწვეული უნებლიედ. ოპერიდან პუტინი მტერი არ არის
რა არის ჩვენი მიზანი - ნატო-ში შესვლა თუ სოხუმში შესვლა?! - აღნიშნული კითხვით საპარლამენტო უმრავლესობას ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრმა ადა მარშანიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლიციის პროექტის განხილვისას მიმართა.
მარშანიას განცხადებით, პარლამენტი ქვეყნის პრობლემისადმი ადეკვატური უნდა იყოს და უპირველესი საკითხი, რასაც ის ახლა უნდა იხილავდეს, ქვეყნის გამთლიანების საკითხია.
“ჩვენი მთავარი ამოსავალი ქვეყნის გამთლიანება უნდა იყოს! რა არის ჩვენი მიზანი - ნატო-ში შესვლა თუ სოხუმში შესვლა? რად გვინდა ეს ნატო ჩვენ! ნატო რად გვინდა ჩვენ, ქვეყანა რომ გავამთლიანოთ თუ როგორღაც შევიდეთ და ჯანდაბას, მერე როდესმე გაერთიანდება ქვეყანა? მერე იმ რეგიონებიდან რა დარჩება?! თქვენ იცით, იქ (აფხაზეთში) რა უმძიმესი და ტრაგიკული პროცესი მიმდინარეობს? მთელი მოსახლეობა შიდსით არის დაავადებული, ტუბერკულოზით არის დაავადებული მთელი მოსახლეობა. ხელოვნურად არის შეცვლილი დემოგრაფიული სურათი და მალე იქედან პოლიტიკურ განცხადებებს მივიღებთ - გესმით რას გეუბნებით თქვენ?!”, - განაცხადა მარშანიამ რიგგარეშე სხდომაზე.
მარშანიამ უმრავლესობას მიმართა, თუ რატომ ეშინიათ რუსეთთან ლაპარაკის დაწყების და იარლიყების
”ხალხი გვითვლის და გვეხვეწება - წადით ხალხო რუსეთში, წადით ხალხო მოსკოვში, დაელაპარაკეთ ოკუპანტ რუსეთს - ამ ოკუპანტ რუსეთს! დიახ, ოკუპანტ რუსეთს! რატომ გვეშინია ამ თემაზე საუბრის. იარლიყების გვეშინია?! მე არაფრის არ მეშინია გარდა იმისა, რომ სანამ ცოცხალი ვარ შეიძლება ვერ ჩავიდე სოხუმში - აი მხოლოდ ამის მეშინია! პუტინი რუსეთის პრეზიდენტია - ჩვეულებრივი ადამიანი, გველეშაპი არ არის! შენი სამშობლოს ნაწილის დასაბრუნებლად პუტინთან კი არა, სად არ უნდა წახვიდე”, - განაცხადა მარშანიამ.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...hi-shesvla.html