საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახმეტის საკრებულოს იმ დადგენილების არარა აქტად გამოცხადება მოითხოვა, რომლითაც მეტროპოლიტენის სადგურების, ნავსადგურებისა და სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი იქნა განსაზღვრული.
მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ახმეტის საკრებულოს 2016 წლის 5 დეკემბრის №22 დადგენილება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს არ შეესაბამება.
დასკვნის თანახმად, დადგენილება ხელმოწერილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, ასევე იგი არ შეესაბამება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონითა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით გათვალისწინებულ ნორმებს.
სამართლებრივი აქტის არარად, ანუ იურიდიული ძალისა და მნიშვნელობის არმქონედ იმ შემთხვევაში მიიჩნევა, თუ: ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა; ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ; გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო; დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით, მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სამართლებრივ ზედამხედველობას ახორციელებს პრემიერ-მინისტრი. იმავე კოდექსის 132-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ საკრებულომ საკუთარი ნორმატიული აქტის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა აღნიშნული დასკვნის მიღებიდან 15 სამუშაო დღეში უნდა უზრუნველყოს.
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის ადმინისტრაციის მითითების მიღების შემდეგ ახმეტის საკრებულოს 2 სხდომა ჩატარდა, აღნიშნული დადგენილების გაუქმებაზე საკრებულოს საერთოდ არ უმსჯელია.
http://ick.ge/rubrics/politics/33015-i.html