ქართული ენა ბიზნესის ხელში არასახარბიელო მდგომარეობაშია.
სხვა
თემაში ვთქვი, ქართული ენა არცთუ კარგ მდგომარეობაშია ჟურნალისტების ხელში-მეთქი.
მაგრამ ჟურნალისტებს, იდეაში მაინც, რედაქტორ-სტილის რედაქტორ-კორექტორები უნდა უსწორებდნენ შეცდომებს, ბიზნესი კი მიშვებულია ნებას და რაც სწორი ჰგონიათ, იმას ახვევენ თავს დანარჩენ მოსახლეობას. და ეს მაშინ, როცა მათი ამოცანა ბიზნესის ცოდნაა და არა ენის.
ანუ, ფაქტობრივად, არაპროფესიონალები ახვევენ თავს დანარჩენ ქვეყანას თავის ენობრივ შეცდომებს, პირველ რიგში, ტელერეკლამის წყალობით. განსაკუთრებით ცუდი კი ის არის, რომ ტელერეკლამის ყველაზე "ერთგული" მაყურებლები პატარები არიან, რომლებიც ენასა და ზოგჯერ ლაპარაკსაც ჯერ მხოლოდ სწავლობენ. ამიტომ, ტელევიზიით გავრცელებული შეცდომები მათ მეტყველებაზე გაცილებით უფრო ცუდად ზემოქმედებს, ვიდრე მოზრდილებზე. ხდება არასწორი ფორმების "ჩაჭედვა", რასაც მერე ძნელად თუ ამოშლი.
მაგალითად, რეკლამიდან რეკლამაში გადადის გრამატიკული რიცხვის შეუთავსებლობა. ბავშვს უფრო ხშირად ესმის "ბევრი პრიზები", ვიდრე სწორი ფორმა "ბევრი პრიზი" (სხვადასხვა ვარიაციით).
ანდა ინგლისურიდან გადმოტანა. ერთსა და იმავე დღეს შემხვდა "ისთ ფოინთი" ("ისტ პოინტის" ნაცვლად) და "თვითერი" ("ტვიტერის" ნაცვლად) და მივხვდი, რომ ენობრივი დანაგვიანების წინააღმდეგ რამე უნდა ვიღონოთ.
ამიტომაც ვხსნი ამ თემას. წინადადება ასეთია: სანამ ბიზნესის წარმომადგენლები ბაზარზე გაუშვებდეთ რამე ტექსტს - რგოლს, ბანერს, ლოზუნგს და ა.შ., აქ დადეთ. არაერთი იუზერი მოიძებნება, რომელიც ჭკუის კოლოფობას, ბიზნესის სწავლებასა და საკუთარი გემოვნებით კრეატივის შემოჩეჩებას კი არ დაიწყებს, არამედ უბრალოდ იტყვის, არის თუ არა შეცდომები ტექსტში.
ბარემ თან საქმესაც შევუდგეთ.
ტრანსკრიპცია-ტრანსლიტერაციის წესები
http://www.sakpatenti.org.ge/files/transliteracia.pdfქვეთავი ”ინგლისური”:
ck – კ (და არა ქ):
k - კ: Katherine – კათრინ-ი (და არა: ქეთრინ-ი)
p – პ (და არა: ფ)
ph - ფ
t – ტ (და არა: თ)
th - თ:
th – (რამდენიმე სახელში) - ტ: Anthony – ანტონ-ი, Thomas – ტომას-ი, Thames – ტემზა, Theresa - ტერეზა.
x - ქს: Oxford – ოქსფორდ-ი.
x - გზ: Alexander – ალეგზანდერ-ი.
ქვეთავი ”გერმანული”:
ch - კ (და არა: ქ): Christoph - კრისტოფ-ი, Christian - კრისტიან-ი.
q - კ (და არა: ქ): კვედენფელდტ-ი (და არა: ქვედენფელდტ-ი).
და ა.შ.
P.S. შესაძლოა ზოგმა მიპასუხოს, რომ ბიზნესი ტექსტს პროფესიონალებს ამოწმებინებს.
კი ბატონო, ოღონდ, ჯერ ერთი, ეს არცთუ გავრცელებული პრაქტიკაა და ძალიან ბევრი, მით უმეტეს, მცირე ბიზნესი, ენის სპეციალისტს ტექსტებს არ ამოწმებინებს.
მეორეც, ენობრივი თვალსაზრისით შემოწმებას, უმეტესწილად, მარკეტინგის სპეციალისტების მიერ შემოწმებაში აერთიანებენ. არადა, დღევანდელი "მარკეტინგული სლენგი" ძნელად თუ შეიძლება შეფასდეს, როგორც ქართული.
This post has been edited by Geronti on 24 Dec 2016, 18:44