საქართველოს 2016 წლის ადამიანი ბიძინა ივანიშვილია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნები დამაჯერებლად მოიგო და პარლამენტში უპირობო დომინირება გაინაღდა. ფაქტობრივად, მან სწორედ ამ წელს დაასრულა თავისი პოლიტიკური პროექტი. მისი არსია არა უბრალოდ ხელისუფლებაში მოსვლა, არამედ ვითარება, როდესაც ერთ ადამიანს ქვეყნის მართვის საკონტროლო პაკეტი სრულად უპყრია და, ამავე დროს, შეუძლია ზედმეტად არ შეიწუხოს თავი ყოველდღიური მმართველობითი ამოცანებით.
ცხადია, ივანიშვილმა თავისი ოცნების აღსრულებას საფუძველი ოთხი წლის წინ ჩაუყარა, როდესაც თვით უძლეველ მიშას მოუგო არჩევნები. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავდა სრულ კონტროლს: რამდენიმე მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტი მას კიდევ არ ემორჩილებოდა, რადგან ნაციონალების დანიშნული ხალხი განაგებდა; საკუთარ კოალიციაში ვიღაცებს ზედმეტი ამბიცია აწუხებდა და ბოლომდე ვერ შეიგნო, რომ ბიძინას გარეშე ნულია;
ამ წლის წარმატებათა სერია შეგვიძლია 2015-ის დეკემბრით დავიწყოთ, როდესაც ივანიშვილმა თავისი ერთ-ერთი მთავარი შეცდომა გამოასწორა და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი კვირიკაშვილით ჩაანაცვლა. ღარიბაშვილს უსაზღვრო ერთგულებას ვერ დაუკარგავდი, მაგრამ „ვერტალიოტების“ შოვნაში გაწაფულმა თანაშემწემ პრემიერ-მინისტრის იმიჯი ვერაფრით მოირგო და კომიკურ ფიგურად იქცა, ხოლო ბიძინას არ სიამოვნებს, როცა მას ან მის ხალხს დასცინიან. კვირიკაშვილი გაცილებით უფრო პრეზენტაბელურია: შინ კლასიკური, სულ სიყვარულზე მოლაპარაკე, თუმცა ცოტა მოსაწყენი თამადაა, რომელიც დიდად არავის აღიზიანებს და დასაცინიც არაფერი აქვს. გარეთ, ევროამერიკელ მეგობრებს წარმატებით არწმუნებს, რომ საქართველო მართლა დემოკრატიის და ევროინტეგრაციის გზას ადგას. პირველი ვეზირისგან მეტი რა უნდა გინდოდეს?
მშვენივრად ჩატარდა კოალიციის პარტიად გარდაქმნის ოპერაცია. პატრიციებად და პლებეებად დაყოფა დამთავრდა: ამბიციურები და „პეროიანები“ (სხვა პოლიტიკური ლიდერის ლექსიკონს რომ დავესესხოთ) პარტიის ერთგულ მებრძოლებს ნერვებს აღარ უშლიან. მეორე მხრივ, მშვიდად გვერდზე გაწიეს ისინიც, ვინც ზედმეტად ექსტრავაგანტული კომენტარებით თავს იმასხარავებდა (ბიძინას, როგორც გვახსოვს, არ უყვარს, როცა მისი ხალხი დასაცინი ხდება). სამაგიეროდ, განახლებულ ოცნებას შემოემატა ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნეთა ჯგუფი, ვინც დასავლელ მეგობრებთან არ შეგარცხვენს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზეც ორ სიტყვას იტყვის.
დასრულდა ურჩი სახელმწიფო ინსტიტუტების მოთვინიერებაც. წლის დასაწყისში შეიცვალა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა: უკვე შესაძლებელია, არჩევნების წინ ლარი რამდენიმე თვე დაიჭირო, მერე კი მიუშვა.საშემოდგომოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს ურჩი წევრების ვადის გასვლასთან ერთად, ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობამაც დალია ჩაილურის წყალი. სახელმწიფო მმართველობის სისტემაში ყველაფერი კონტროლის ქვეშაა, თუ არ ჩავთვლით პრეზიდენტ მარგველაშვილის ზომიერად გაბედულ ჟესტებს: მაგრამ ჟესტების იქით მას ხომ არაფერი შეუძლია? თან, მორჩილი პარლამენტი უზრუნველყოფს, რომ შემდეგი პრეზიდენტი ხალხის არჩეული აღარ იქნება და, შესაბამისად, ჭკვიანად მოიქცევა. მეტი რა უნდა ინატრო?
ერთადერთი პროექტი, რომელიც 2016 წელს ივანიშვილმა არ ან ვერ დაამთავრა, „რუსთავი 2-ის“ დასაკუთრებაა. შესაძლოა, ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესების ფონზე მან ჩათვალოს, რომ ზედმეტად არც უნდა იჩქაროს. დანარჩენ სატელევიზიო მედიაზე კონტროლი კონსოლიდირებულია, „რუსთავი 2“-ის ბოლომდე მიხრჩობას კი ბევრი აღარაფერი სჭირდება.
ყოველივე ამის შემდეგ გვაქვს თუ არა ვალდებულება, ვაღიაროთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ბრძენთაბრძენია, რომ მან ყველაფერი უბადლოდ გათვალა? თუ მთავარი დასკვნა ისაა, რომ ღარიბ და განვითარებული პოლიტიკური ინსტიტუტების არმქონე ქვეყანაში ძალიან დიდი ფულის მქონე ერთ კაცს ადვილად შეუძლია ყველა მეტოქის დამარცხება? ცხადია, რომ ბიძინა ივანიშვილმა გარკვეული პოლიტიკური უნარები გამოიჩინა; გემოვნების ამბავია, რა დავარქვათ მათ: „სიბრძნე“, „გამჭრიახობა“ თუ „(ვირ)ეშმაკობა“. ამ კამათშიც ახლა არ შევალ.
მთავარია შედეგი. „ბიძინას ოცნება“ აღსრულებულია. ჩვენ ყველანი მის პირად „დაჩაზე“ (სხვა სიტყვებით - ბიძინასარკადიაში) ვცხოვრობთ ზებრასთან, პინგვინებთან და საუკუნოვან ხეებთან ერთად. რამდენად დიდხანს გაგრძელდება იდილია, არავინ უწყის. შეიძლება, ქართველმა ხალხმა შესაშური ამტანობა გამოიჩინოს და 2030 წლამდე მოთმინებით ელოდოს ბიძინომიკის აყვავებას.
სრულად აქა
http://www.tabula.ge/ge/story/116079-bidzinas-tseli