ნიკოლას ვაინდინგ რეფნი ყოველთვის მკაცრად მასკულინურ ფილმებს იღებდა კაცი მთავარი პერსონაჟებით, რომლებიც საკუთარ თავში ატარებდნენ ძალადობისა და დომინაციის მძლავრ ნიშან-თვისებებს, თუმცა, მის ახალ ფილმში ”ნეონის დემონი” მამრობით სქესს მკაცრად ერთგანზომილებიანი, ინერტული როლი უჭირავს. აღარსადაა ”დრაივის” რომანტიზმი, ”ბრონსონის” ექსპრესიონიზმი, ”ფუშერის” ტრილოგიის პერიოდული მელოდრამატულობა. ”ნეონის დემონში” მამაკაცები მტაცებლები არიან ცხოველური მზერით, რომლებიც მდედრობით სქესს მხოლოდ მოხმარების საგნად აქცევენ.

ერთის მხრივ ”ნეონის დემონი” საკმაოდ მარტივი ფილმია. რეჟისორი მთლიან სურათს მეტაფორებით აშენებს, რომელთა წაკითხვაც დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, თუმცა, უმთავრესი ამ მეტაფორების ვრცელ კონტექსტში მოქცევაა. როგორც სამოდელო ინდუსტრია, რომლის შესახებაც ნარატივს აგებს რეფნი, ისევე ფილმის ზედაპირიც სინთეტიკური, პრიალა და სტილზე ორიენტირებულია. ყველა სხვა შემთხვევაში მართებული იქნებოდა იმის თქმა, რომ სტილის შიგთავსზე გამარჯვებასთან გვაქსვს საქმე, მაგრამ რეფნისთვის სტილი და სუბსტანცია სინონიმებია. მაყურებელს რეჟისორი ესაუბრება ვიზუალით, და არა სიტყვებით. ფილმის დიალოგები არ გამოხატავს ადამიანურ ინტერაქციას, ფრაზები უმეტესწილად უსიცოცხლო, არაბუნებრივი და მოკლეა.
ფილმის პირველივე კადრში მთავარი პერსონაჟი ჯესი (ელ ფენინგი) ტახტზეა მისვენებული, კამერა ნელ-ნელა იხევს უკან და უსიცოცხლო გამოხედვასთან ერთად კადრში მისი სისხლში მოსვრილი უსულო სხეული ჩნდება. ის ჰიპოთეტურად მკვდარია თავის პირველ ფოტოსესიაში, რომლითაც სურს დიდ სამოდელო ინდუსტრიაში შეაღწიოს და გადაიქცეს სამომხმარებლო საგნად. შედეგად, განიცადოს დეჰუმანიზაცია ანუ ჰიპოთეზა აქციოს ემპირიად. მას უღებს მამაკაცი ფოტოგრაფი, რომლის ობიექტივს მიღმა არსებული მტაცებლური მზერა ჯესის პოტენციურ ნადავლად აქცევს. ნიშანდობლივია, რომ ჯესი სიკვდილის იმიტაციით ცდილობს მოდის სამყაროში ინტეგრირებას, იმ ილუზიის შექმნით, რომ ის მხოლოდ უსიცოცხლო სხეულია, რომელსაც ბალზამირება ჭირდება სანამ ხალხისთვის საჩვენებელ ექსპონატად გადაიქცევა.
მოგვიანებით, მორიგი ხელოვნური ლინგვისტური კომუნიკაციის დროს ერთ-ერთი მოდელი ჯესის შეეკითხება: ”საკვები ხარ თუ სექსი?” ამ კომიკური და ფასადური კითხვის მიღმა გაცილებით მნიშვნელოვანი შიგთავსია წარმოდგენილი. რეალურად კითხვის შინაარსი შემდეგში მდგომარეობს – ჯესი არის თავის სხეულის განივთებული სახე თუ ის, ვინც საზოგადოებამ და ინდუსტრიამ უნდა მოიხმაროს, გადაამუშვოს და მოინელოს.

მხატვრული კინოს პორნოგრაფი და თვითგამოცხადებული პერვერტი რეფნი თანამედროვე დასავლური კულტურის განჩინებული სილამაზის სტანდარტების, ქალის გასაგნებული იმიჯის და ბრუტალური ესთეტური ნორმებით შეპყრობილი საზოგადოების გამასხარავებითაა დაკავებული. ”ნეონის დემონი” არის ვიზუალური ოდისეა პატრიარქალურ სამყაროში, რომელიც ცდილობს შეზღუდოს ფემინური თავისუფლება, აქციოს ის სამომხმარებლო პროდუქტად, გამოაცალოს მას ბრძოლის და თავდაცვის უნარი და გახადოს მხოლოდ ერთმანეთის მიმართ შიდა კონკურენციაზე ორიენტირებული.
კანიბალისტურ სამოდელო ბიზნესში, სადაც სილამაზე მთავარი ღირებულებაა, ახალგაზრდობა კი უმაღლესი ვალუტა, 16 წლის ჯესი, რომელიც ბუნებრივი, უმანკო მშვენიერებითაა დაჯილდოებული, დაუყოვნებლივ იქცევა დაუფლების და შურის ობიექტად. მამაკაცები მას მხოლოდ სექსუალური დრაივის დასაკმაყოფილებელ კონტეინერად აღიქვამენ. კიანუ რივზის პერსონაჟი, მოტელის მფლობელი, ბრუტალური ქცევებით დაუფარავად ძალადობს, კოლორიტული ფოტოგრაფი მტაცებლური მზერით ჯესის სილამაზის გაკერპებას იწყებს და ოქროთი ფარავს მის სხეულს, პირველი ფოტოსესიის ავტორი ზემოთხსენებულ ობიექტივს მიღმა არსებული მონადირის გამოხედვას შეფარვით თანაგრძნობაში ცვლის, მაგრამ ჯესის პარტნიორობისთვის ბრძოლას მაშინაც არ წყვეტს, როდესაც მისი არასრულწლოვანების შესახებ გაიგებს, გეი დიზაინერი კი, რომელიც ამ უკანასკნელს შეახსენებს, რომ მხოლოდ ვიზუალურ მხარეს ეტრფის, პირდაპირ აცხადებს, რომ ადამიანი არაფერს წარმოადგენს იდეალური გარეგნობის გარეშე – ”სილამაზე ყველაფერი არაა, ის ერთადერთი რამაა”. ფილმში კი მამრობით სქესს მხოლოდ ეს ოთხი პერსონაჟი წარმოადგენს.

რამდენადაც ცინიკურია კაცების აღწერაში რეფნი, იმდენადვე არ იჩენს სენტიმენტებს თავის მთავარი გმირის მიმართ. ჯესი აღნიშნავს, რომ არ შეუძლია სიმღერა, ცეკვა, წერა, არ გააჩნია არანაირი ნიჭი, რომელსაც ღირებულებად გარდაქმნის, სამაგიეროდ იცის, რომ ლამაზია და ამით ფულის შოვნაა შესაძლებელი. რეფნი თავის მთავარ გმირს აცლის ონტოლოგიურ საფუძველს, რითაც აკრიტიკებს საზოგადოების ყურადღებას და თაყვანისცემას საგნად ქცეული ადამიანების მიმართ, რომელთაც არ შეუძლიათ აწარმოონ ცოდნა და შექმნან კულტურული ფასეულობა, არამედ მხოლოდ მოიხვეჭონ შემოსავალი და თვალისმომჭრელი ვიზუალით ააგონ შიგთავსისგან დაცლილი ზედაპირი.
მიუხედავად იმისა, რომ რეფნი სიმპათიებს დიდად არცერთი პერსონაჟის მიმართ არ იჩენს, სექსუალური გარეგნობის ქალ გმირებს ვუაიერისტული, მუდმივი დაკვირვების და მოხმარების ინდუსტრიაში ისე ასახავს ეკრანზე, რომ მაყურბლის ლიბიდოს დაკმაყოფილების საშუალებას არცერთხელ არ აძლევს. ეს პირველ რიგში რეჟისორის იმ ბრწყინვალე არჩევანმა განაპირობა, როდესაც კამერის უკან ქალი ოპერატორი დასვა. სცენებში, სადაც ჯესის აშიშვლებენ, საცვლებში ატარებენ თუ სექსუალურ სამოსს არგებენ, ოპერატორი მხოლოდ პერსონაჟი კაცების კმაყოფილ და აღგზნებულ გამოხედვას გვიჩვენებს, რომლებიც ჯესის უმანკოებით ტკბებიან, თავად ჯესის კი ახლო ხედით ანფაზში ან პროფილში იღებს, მისი განცდების უკეთ გადმოსაცემად და არა ვნების ან ეროტიზმის წარმოსაქმნელად.
თუ ტექსტს ისე ეცნობით, რომ ფილმი ჯერ არ გინახავთ, ჯობს აქ შეწყვიტოთ კითხვა და მაშინ გააგრძელოთ, როდესაც სურათს იხილავთ, რადგან შემდეგი აბზაციდან შევეცდები კონკრეტული სცენები გავაანალიზო, რაც მნიშვნელოვანი სიუჟეტური დეტალების გამხელის გარეშე არ გამოვა.
რეფრნი ყოველი მეორე კადრის კონსტრუქციას სარკეების ფონზე აწყობს. პირველი ინტერაქცია ჯენა მელოუნის პერსონაჟ რუბისა და ჯესის შორის არა პირისპირ, არამედ სარკის ანარეკლთან საუბარში დგება. სარკეებს რეფნი პროდუქტის ხარისხის განსასაზღვრ საგნად აქცევს. სარკის გამოსახულება ისაა, რაც ყველაზე მეტად ფასობს და როგორც ხედავს ქალს საზოგადოება. უმთავრესია როგორ გამოიყურები სარკეში, შესაბამისად, როგორ დაგინახავს სხვა, დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია.
სცენაში, სადაც ჯესის კონკურენტი მოდელი სარა ტუალეტში სარკეს დაამსხვრევს, ის დააზიანებს თავის სილამაზის კონცენტრირებულ კაფსულას, ლაკანისეული ეგოს სათავსოს. როდესაც ამ სარკის ნამსხვრევი ჯესის ხელში შეერჭობა, სარას ამპარტავნობა, ნარცისიზმი, შეუწყნარებლობა, მისი იდენტობის ნიშნები წვეთოვანი გზით, ვირუსის მსგავსად გადაეცემა და აქედან დაიწყება მისი ტრანსფორმაცია.
პირველ ოფიციალურ ჩვენებაზე შოუს დასახურად პოდიუმზე გასული ჯესის ნაცვლად რეფნი მას გვიჩვენებს ნეონის განათებაში, სარკეებით გარშემორტყმულს ხელოვნურ სივრცეში. ჯესი პირველადაა ყოველმხრივი ყურადღების ცენტრში, პირველად შეიგრძნობს საკუთარი სილამაზის ძალას და ნარცისის მსგავსად, საზოგადოების გამსაგნებელ თვალებში არეკლილი საკუთარი გამოსახულება შეუყვარდება. ამ მომენტში ჯესი მიხვდება, რომ სილამაზე სექსის მთავარი მამოძრავებელია, მისი წინაპირობაა, სექსის პირობად გაცემა კი ძალაუფლებაა. რეჟისორი ჯესის ახალშეძენილ ნარცისიზმთან, რომელიც თითქოს ანტაგონისტად აქცევს მას, საინტერესო კითხვას აჩენს: რატომ არის საკუთარი თავის სიყვარული ვულგარულად მიჩნეული? საკუთარი თავის რწმენა ქალს ზედმეტად სახიფათოს ხდის? რეფნი გულცივია როგორც დასმულ კითხვაში, ისე მის პასუხში. მასთან ნარცისიზმი ემპათიის გამორიცხვით მკვიდრდება, სწორედ აქედან იწყება ჯესის დეკადანსი და იკვრება ფატალური მოქმედებათა ჯაჭვი. ამ მომენტამდე ჯესი მხოლოდ კედებში გამოწყობილი დადიოდა, შემდეგ კი მისი თითოეული ნაბიჯი ქუსლიან ფეხსაცმელში ტყვიის გასროლის ექოსავით გაისმის. ის საბოლოოდ დაფუძნდა სამოდელო ინდუსტრიაში, მან საკუთარ ცხოვრებაში ქაოტური, ველური ძალები შეიპატიჟა, რისი ალუზიაც მოტელის ოთახში ლეოპარდის შეპარვა გახლავთ. ცხოველთან პირისპირ შეჩეხებას ჯესი ვერ ბედავს და გაურბის. მოგვიანებით რუბის სახლში კედელზე ლეოპარდის ფიტულს დავინახავთ. მან შეძლო მტაცელურ გარემოში ადაპტირება და ცხოველური ძალების დამორჩილება, ჯესი კი ამისთვის მოუმზედებელი აღმოჩნდა.
ნიკოლას ვაინდინგ რეფნი თავისი დალტონიზმის მიუხედავათ საოცრად ლამაზ, კაშკაშა ფერთა პალიტრას აბნევს და ფერებს თხრობის დამატებით ინსტრუმენტად იყენებს, მინიშნებებს გასცემს. დასაწყისში ჯესის სოლო კადრებში თეთრი ფერი დომინირებს, რაც მის უმანკოებაზე მიუთითებს. წითელი თითქმის ყველა სცენაში ჩნდება, რომელშიც რუბი ჩანს, სანამ საბოლოოდ მთლიანად ამ ფერში არ შეიმოსება, რაც დასაწყისშივე მიგვითითებს, რომ მისგან დიდი საფრთხეა მოსალოდნელი. მწვანე, რომელიც სიმშვიდესთან ასოცირდება ბოლოს ბაღის სცენაში ჭარბობს, როდესაც პირველად მოიპოვებს რუბი სიმშვიდეს და ა.შ.
რეჟისორი გაუპატიურების ყველაზე ბრუტალურ, სასტიკ და შემზარავ სცენას გვიჩვენებს ისე, რომ საერთოდ არ აფიქსირებს სქესობრივ აქტს. როდესაც კიანუ რივზი ღამით მძინარე ელ ფენინგს პირში დანას ჩაუდებს და ეუბნება პირი უფრო ფართოდ გააღოს, იმაზე დიდ ემოციურ ეფექტს და აღშფოთებას იწვევს, ვიდრე პირდაპირ ნაჩვენები ორალური პენეტრაცია იქნებოდა. შემდეგ კი გვერდითა ოთახიდან ახალგაზრდა გოგონას კივილი ისმის, რომელიც დახმარებას ითხოვს, ჯესი კი მისი დახმარების ნაცვლად მხოლოდ საკუთარ უსაფრთხოებაზე იზრუნებს. როდესაც რუბის სექსზე უარს ეტყვის, ეს არ ხდება იმის გამო, რომ პირველი გამოცდილების შიში აქვს, როგორც აცხადებს, მან იცის, რომ სექსის გაცემით შეიძლება ძალაუფლების სადავეები დაკარგოს. უარყოფილი რუბი კი, რომელიც ჯესისადმი საკუთარ სექსუალურ ლტოლვას ქალის გვამზე დაიკმაყოფილებს, ისეთივე უსიცოცხლო სხეულზე მასტურბირებს, როგორადაც ჯესია ქცეული. ჭკვიანური ჯვარედინი მონტაჟით რეფნი მისტიციზმს და სექსუალურ ისტერიას მატებს კადრებს, როდესაც ისე წარმოაჩენს სცენას, რომ შეიძლება რუბის პარალელურდ, ჯესი მასთან ნეკროფილურ აქტზე მასტურბირებდეს.
იქიდან გამომდინარე, რომ რუბი სასურველი შედეგის მიღებას ვერ ახერხებს, მისთვის მხოლოდ ერთი მოქმედების გზა რჩება, თუ ის არ ფლობს ამ სილამაზეს, მაშინ მას არავინ უნდა ფლობდეს. საბოლოო დევნის სცენა ერთდროულად შემაძრწუნებელი და სასაცილო სანახაობაა. ჯესის სისხლის აბაზანის მიღების შემდეგ რუბი მთვარის შუქზე წინა მსხვერპლის სისხლს უშვებს ორგანიზმიდან, მოძველებული ენერგიისგან თავისუფლდება და ახალ სიცოცხლეს იძენს. რიტუალური გრძნეულების ჰორორ ელემენტებით რეჟისორი მსხვილ ხაზს უსვამს კულტივირებული სილამაზის ნორმების მანკიერებას, რომელიც წარმოქმნის ცხოველურ კონკურენციას და დამახინჯებულ შეხედულებებს გარეგნობის შესახებ. თუმცა საჭიროა ეს კრიტიკა უფრო მსხვილ კონტექსტში წავიკითხოთ, რადგან რეჟისორი ინტერპრეტაციის საკმაოდ ფართო ასპარეზს გვიტოვებს. საჭირო კონტექსტის მორგებით კი ”ნეონის დემონი” საკმაოდ პოლიტიკურ ფილმად იქცევა.
სამომხმარებლო საზოგადოებაში ყოველდღიურობა იმაზე დაყრდნობით ისაზღვრება თუ რას მოიხმარს ადამიანი. შესაბამისად, თვითრეპრეზენტაცია ხდება იმის ხარჯზე, რაც ადამიანს გააჩნია, რისი ყიდვაც შეუძლია. რაც უფრო მეტია ფული, უფრო მარტივია იმ ადამიანად ჩამოყალიბება, რომელიც გინდა რომ იყო. მთავარია ადამიანს ჰქონდეს საკმარისი ფული იმისათვის, რომ სხვებს საკუთარი თავი ისე დაანახოს, როგორც სურს, რომ ხედავდნენ. გასართობ მედიაში ქალის სხეულის და გარეგნობის შესახებ კონკრეტული სურათი არსებობს. აუცილებელი წინაპირობაა სიგამხდრე, იდეალური კანი, სიმაღლე და ა.შ. სამომხმარებლო საზოგადოებაში არსებობს მოწოდება, რომ შესაძლებელია გახდე იდეალური თუ იმ პროდუქციის შეძენას მოახერხებ, რომელიც სილამაზის გარანტიაა, იქნება ეს დიეტური საკვები, პლასტიკური ქირურგია, თავის მოვლის საშუალებები თუ სხვა. ეს პროდუქტები ისე მოგვეწოდება, როგორც აუცილებლობა, რომლის გარეშეც დაბალი რანგის ადამიანი ხდები. კაპიტალიზმი დამყარებულია ყიდვა-გაყიდვის, კონკურენციის და მუდმივი (ხშირად ფუჭი) სიახლის ძიების ძრავზე. კაპიტალისტურ სისტემაში შეუძლებელია ქალთა გათავისუფლებაზე საუბარი, რადგან ადამიანის სხეული ამ წყობაში მხოლოდ ახალი სამომხმარებლო ფიქტიური სურვილების გაჩენისთვის გამოიყენება. გასაუბრებაზე მისულ ჯესის სააგენტოს წარმომადგენელი ეუბნება, მე არ ვფიქრობ, რომ მსუქანი ხარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვებიც ასევე გეტყვიანო.
შეხედულებები იმის შესახებ თუ როგორია იდეალური გარეგნობა და ლამაზი სხეული, იმ კულტურული და სოციალური სტრუქტურიდან გამომდინარეობს, რომელშიც ადამიანი იზრდება. კაპიტალისტური სისტემა საზოგადოებასთან ურთიერთობაში მოხმარების საგნებს მორალურ მნიშვნელობასაც აკისრებს. თუ არ ხარ წარმატებული, არ დადიხარ სპორტდარბაზში, არ მოიხმარ კონკრეტულ პროდუქციას და მომსახურებას, ეს ითვლება წარუმატებლობად, ე.ი. ადამიანი ვერ შედგა, რადგან ეს შესაძლებლობები არ გააჩნია. იდეალური სხეულის ეკონომიკაში ცელულიტი, გამონაყარი, ზედმეტი წონა სირცხვილის საგნად ითვლება, რაც უნდა დაიმალოს და რისი აღმოფხვრისთვისაც უნდა იბრძოლო. რეფნის ფილმში მარტივად ამოიკითხავთ ამ ყველაფერისადმი გულისრევას. შესაბამისად, ”ნეონის დემონი” არა რომელიმე პერსონაჟი ან ზებუნებირვი არსება, არამედ ის ხელოვნური სისტემაა, რომელიც აწესებს მოდას. ”ნეონის დემონი” ყველანაირად ცდილობს იმედგაცრუებული დატოვოს მაყურებელი იმ გლამურული და მომხიბვლელი ადგილის მიმართ, რომელსაც ასახავს. რაც უფრო ხშირად აღმოაჩენს ამას აუდიტორია და მოახერხებს სიმბოლური გზავნილების გაშიფვრას, უფრო სწრაფად და ფართოდ მოხდება თვითგამორკვევა, რომლის შედეგადაც ქალებს გააერთიანებთ იდეოლოგია და ცოდნის ფლობით წარმოებული ბრძოლა მოუტანს მათ თავისუფლებას.