ერთი წლისთავზე "ქართული ოცნების" და ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის პირობა კვლავ შეუსრულებელია. მმართველი გუნდის ყოფილი დეპუტატები ისევ მოთმინებით ელიან დასაქმებას - ზოგიერთი მათგანი პირდაპირ ამბობს, რომ საკუთარი თავი აღმასრულებელ ხელისუფლებაში წარმოუდგენია, ზოგიც კი ფიქრობს, რომ მათი ცოდნა და გამოცდილება ბევრ სფეროშია გამოსაყენებელი.
მიუხედავად ამგვარი მოლოდინისა, ბოლო დროს მმართველ გუნდში ამ თემაზე საერთოდ აღარ ლაპარაკობენ. უფრო მეტიც, ამ თემაზე ვინმესთან საუბარი და კონკრეტული პასუხის მიღება "მთელი კვირისთვისაც" შეუძლებელი გახდა.
"როგორც ჩანს, პირობა, რომელიც ჩვენი დასაქმების თაობაზე გაიცა, ჯერჯერობით კვლავ პირობად რჩება. ისე, ლაპარაკი რომ იყო, თქვენც კი იცით, თუმცა, როგორც ვხვდები, ეს პროცესი ჯერჯერობით შეჩერებულია," - განუცხადა "მთელ კვირას" "ქართული ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ და იქვე დაუმატა, რომ მიუხედავად ამ "შეჩერებული პროცესისა," მას დასაქმების იმედი მაინც აქვს.
"მართალი გითხართ, ეს საკითხი ჩემთვის ძალიან პრობლემური არაა, რადგან, მოგეხსენებათ, რომ უნივერსიტეტის პროფესორი ვარ და ჩემი შემოსავალი მაქვს. გარდა ამისა, სამეცნიერო ჟურნალის რედაქტორი ვარ. ასე რომ, დაუსაქმებელი ნამდვილად არ გახლავართ. თუმცა, ცხადია, ჩემი გუნდის მხრიდან დასაქმებას ველოდები," - დასძინა მან.
აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატებიდან, რომლებიც არჩევნების შემდგომ პარლამენტს მიღმა დარჩნენ, ხელისუფლებამ მხოლოდ ერთი დაასაქმა - სოსო ჯაჭვლიანი კურორტ თეთნულდის განვითარების ფონდის თავმჯდომარედ დაინიშნა.
რაც შეეხება დანარჩენებს, ყოფილი დეპუტატების ნაწილი მმართველი ძალის მხრიდან დასაქმებაზე უარს თავად ამბობს. მაგალითად, ასეთია გოგლა ჟვანია, რომელმაც განგვიცხადა, რომ საკუთარ თავს საჯარო სამსახურში ვერც უწინ ხედავდა და ვერც ახლა.
ცნობისთვის, ყოფილი დეპუტატების დასაქმებაზე ბოლოს პრემიერ კვირიკაშვილმა გასული წლის ნოემბერში ისაუბრა, თუმცა მას შემდეგ კონკრეტული წინადადება, როგორც ამას თავად დეპუტატების ნაწილი ამბობს, არავისგან მიუღიათ.
მიუხედავად შეუსრულებელი თუ მომავალში შესასრულებელი პირობისა, ომარ ნიშნიანიძე ფიქრობს, დასაქმებაზე გაცემული პირობა დადებითად გადაწყდება. ამის თქმის საფუძველს კი "ოცნების" ყოფილ დეპუტატს სწორედაც რომ მმართველი ძალის მხრიდან გაცხადებული პოზიცია აძლევს.
"ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხზე გაცხადებული პოზიცია ჯერ კიდევ არჩევნებამდე და მას შემდეგაც ნათელია, ჩვენ ახლაც ერთი გუნდის წევრებად ვრჩებით. მართალია, ეს პროცესი ცოტა დაგვიანებულიც კია, მაგრამ ხომ გაგიათ - სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო," - უთხრა "მთელ კვირას" ნიშნიანიძემ და დასძინა, რომ "ოცნების" მხრიდან იმედგაცრუების ეტაპამდე მისვლის წინაპირობას ვერ ხედავს.
"არ მგონია, რომ "ოცნების" მხრიდან "გადაგდების" დონემდე მივსულიყავით. ვფიქრობ, დასაქმების პერეპექტივას მაინც ოპტიმისტურად უნდა ვუყუროთ," - ამბობს ომარ ნიშნიანიძე.
"ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე კი ჯერ კიდევ მოთმინებით ელოდება დასაქმებას. როგორც იგი თავად ამბობს, საკუთარი თავი აღმასრულებელ ხელისუფლებაში, უფრო ზუსტად კი ეკონომიკის მიმართულებით, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის ან ენერგეტიკის სამინისტროში წარმოუდგენია. ამბობს, რომ ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმშია და ერთი-ორი თვე არაფერს უწყვეტს.
"ჩვენ ახლა მოლოდინის რეჟიმში ვართ და ველოდებით შესაბამისი სამსახურების შემოთავაზებას. პირადად მე განათლებით ეკონომისტი ვარ და ნებისმიერი ეკონომიკური ბლოკის მიმართულებით მზად ვარ ჩემს სამშობლოს ვემსახურო.
"საკუთარ თავს აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვხედავ. კერძოდ, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის ან ენერგეტიკის სამინისტროებში, თუმცა ვიმეორებ, რომ ამ ეტაპზე რაიმე ტიპის შემოთავაზება არ მიმიღია და არც რაიმე გადაწყვეტილების შესახებ მომისმენია. თუმცა, მოთმინებით ველოდები დასაქმებას," - აღნიშნავს "მთელ კვირასთან" საუბრისას დავით ლორთქიფანიძე.
მისივე თქმით, იგი თავს კვლავ "ქართული ოცნების" გუნდის წევრად მიიჩნევს და არ ჰგონია, რომ ეს პირობა შეუსრულებელი დარჩება. ამბობს, რომ მოსაზრება დასაქმების პირობის შეუსრულებლობის თაობაზე თავშივე საფუძველს მოკლებულია.
"ისე, ვის სცალია ახალ წელს ამისთვის? ერთი და ორი თვე პირადად მე არაფერს მიწყვეტს და არც "გადაგდებულად" ვგრძნობ თავს. მე და ჩემი მეგობრები გუნდის წევრებად ვრჩებით, ამიტომ აზრი ამ პირობის შეუსრულებლობის თაობაზე, თავშივე საფუძველს მოკლებულია. მგონია, რომ ეგ არ მოხდება. ჩვენ სულ სხვა ხალხი ვართ, რომლებმაც არჩვენები ერთად გავიარეთ. ამიტომ ერთამანეთს არ "გადავაგდებთ", ეს გამორიცხულია," - მიიჩნევს დავით ლორთქიფანიძე.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ვერმოხვედრის შემთხვევაში ექსდეპუტატებს დასაქმებას ჯერ ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დაჰპირდა. ამის შემდეგ კი ამ თემაზე რამდენიმე განცხადება მოქმედმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და ენერგეტიკის მინისტმა კახი კალაძემ გააკეთეს.
“მთელი კვირა" შეეცადა, ამ თემაზე კონკრეტული პასუხი თავად "ოცნების" მოქმედი დეპუტატებისაგან მიეღო, თუმცა უშედეგოდ.
http://www.resonancedaily.com/index.php?id...2&id_artc=32143