"არავითარი შემოთავაზება არ მქონია და თანხმობა-არდათანხმებაზე პასუხის გაცემა მიჭირს. ამ მიმართულებით როგორ განვითარდება მოვლენები, მომავალი გვიჩვენებს. მე არაფერს გამოვრიცხავ", - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილმა წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა,
მისი თქმით, ყოფილი თანაგუნდელების სამთავრობო უწყებებში დასაქმებაში ცუდი არაფერია და თვლის, რომ ისინი ყველანაირი პარტიული ვალდებულებებისგან თავისუფლები არიან.
შეგახსენებთ, რომ "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილ წევრს, ვიქტორ გოცირიძეს ამჟამად ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა უჭირავს. გუშინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიდევ ერთი ყოფილი "თავდემი" ზურაბ აბაშიძე შესაძლოა ყაზახეთში საქართველოს ელჩად დაინიშნოს.
გიორგი ცაგარეიშვილი: "თავისუფალი დემოკრატებიდან" მთავრობის უმაღლეს თანამდებობაზე ბევრი ადამიანი წასულა. ეს ადრეც ხდებოდა - 2, 3, 4 წლის წინ და ახლაც. როგორც იცით, "თავისუფალი დემოკრატების" რამდენიმე ყოფილი წევრია მთავრობაში წარმოდგენილი და მე ამაში ვერავითარ ტრაგედიას ვერ ვხედავ. ის ინფორმაციაც, რაც ზურაბ აბაშიძეზე გავრცელდა, სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.
"რეზონანსი": მთავრობისგან რაიმე შემოთავაზება თქვენც ხომ არ მიგიღიათ?
გ.ც.: მე არანაირი შემოთავაზება არ მიმიღია.
"რ": შემოთავაზების შემთხვევაში დათანხმდებით?
გ.ც.: თქვენ გახსოვთ, სანამ ჩვენ პარტიის რიგებს დავტოვებდით, ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, კიდევ უფრო ადრე, გენერალურმა მდივანმა, ბატონმა პეტრიაშვილმა. ჩვენ მხოლოდ ამის შემდეგ, რამდენიმედღიანი კონსულტაციების შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარტია "თავისუფალი დემოკრატები" დაგვეტოვებინა.
სხვათა შორის, ამის შესახებ პრესკონფერენცია სადმე ქუჩაში, ან ოფისის დარაბებთან კი არა, არამედ ოფისში, ჩვენს თანამებრძოლებთან ერთად ჩავატარეთ. მომდევნო საქმიანობაში წარმატება ვუსურვეთ მათ და ცივილიზებულად დავშორდით ერთმანეთს, ყოველგვარი ლანძღვა-გინებისა და დაპირისპირების გარეშე.
ამის შემდეგ, როგორც იცით, ბატონი ვიქტორ დოლიძე გახდა სახელმწიფო მინისტრი და ჩაიბარა ევროინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი მიმართულება. მე ვფიქრობ, ამ მიმართულებით ის ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური კადრია საქართველოში. თუ ვინმე ამ სფეროში მოღვაწეობდა, ვიქტორ დოლიძე მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესოა.
ასევე შემიძლია ბარტონ ზურაბზეც ვთქვა. მას სახელმწიფო უწყებებში მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. დამთავრებული აქვს საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი და მე ვფიქრობ, ამ მიმართულებით მუშაობა ნამდვილად არ გაუჭირდება. მითუმეტეს ყაზახეთი და ყირგიზეთი, სადაც მას, სავარაუდოდ, ელჩად მიავლენენ, ჩვენი სტრატეგიული მეგობრები არიან.
ეს ადამიანები ყველანაირი პარტიული ვალდებულებებისგან თავისუფლები არიან. სხვათა შორის, ამის შესახებ თავის დროზე პირდაპირ ეთერში პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ალასანიამაც განაცხადა. ასე რომ, მე ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ.
რა თქმა უნდა, გამოჩნდებიან გამკრიტიკებლები. ვიღაცას არ მოეწონება, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ ქვეყანაში და ეს მათი უფლებაა, ვერავის ავუკრძალავთ აზრის გამოთქმას.
"რ": თქვენ სად წამოგიდგენიათ თქვენი საქმიანობა?
გ.ც.: იქიდან გამომდინარე, რომ არავითარი შემოთავაზება არ ყოფილა, ვერანაირ თანხმობა-არდათანხმებაზე პასუხს ვერ გაგცემთ. რაც არ ყოფილა, იმაზე საუბარი მიძნელდება. ამ მიმართულებით როგორ განვითარდება მოვლენები, მომავალი გვიჩვენებს. მე არაფერს გამოვრიცხავ, ვნახოთ, რა იქნება.
http://www.resonancedaily.com/index.php?id...2&id_artc=32099
მიმაგრებული სურათი