2016 წელს საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის დონე ფაქტობრივად, მთელი წლის განმავლობაში უარესდებოდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის დეკემბერში იანვართან შედარებით ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 292 124 000 ლარიდან 437 112 000 ლარამდე, ანუ 49,7%-ით გაიზარდა.
ვადაგადაცილებულ სესხებთან ერთად, 2016 წლის იანვრიდან დღემდე 30%-ით გაიზარდა მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობაც. თუ წლის დასაწყისში ბაზაში 143 517 ჩანაწერი იყო, ამჟამად მოვალეთა რეესტრში 186 285 ჩანაწერია რეგისტრირებული.
კიდევ ერთი სტატისტიკური მონაცემი, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობის შემცირებაზე მიუთითებს, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდაა. 2016 წლის განმავლობაში იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ფულად დახმარებას ბიუჯეტიდან იღებდნენ, 16,8%-ით, 68 745 ადამიანით გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით 2016 წლის იანვარში საარსებო შემწეობას იღებდა 407 339 ადამიანი, დეკემბერში კი მათმა რაოდენობამ 476 084-მდე მოიმატა.
ამ დროს კი საქართველო სხვადასხვა საერთაშორისო კვლევების რეიტინგებში პოზიციებს იმყარებდა - Doing Business-ში 23-ე ადგილიდან მე-16 პოზიციაზე გადაინაცვლა, გლობალური კონკურენტუნარიანობის კვლევაში კი 138 ქვეყანას შორის 59-ე ადგილი დაიკავა და აქაც პოზიციები 7 ერთეულიც გაიუმჯობესა. ეს ყველაფერი პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა „წარმატებად" შეაფასა და განაცხადა, რომ „წინსვლა მნიშვნელოვანია ქვეყნის საერთაშორისო-საინვესტიციო იმიჯისთვის და მეწარმეებისთვის".
საერთოდ, ნებისმიერ ქვეყანაში ხელისუფლების მიერ ეკონომიკური რეფორმის წარმატებულობა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ როგორც იცვლება მოსახლეობის კეთილდღეობის დონე. უკვე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებიდან კი ჩანს, რომ 2016 წელს ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომლებიც პირდაპირ მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახებოდა, არ გაუმჯობესებულა.
მოსახლეობის პირადი შემოსავლების ზრდა ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორია, ვინაიდან შემოსავლების ზრდა პირდაპირ აისახება მოქალაქეების მსყიდველობითუნარიანობაზე, რაც საბოლოოდ ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს. ვერც ერთი სხვა პარამეტრი ეკონომიკური რეფორმების წარმატებულობას ისე ეფექტურად ვერ განსაზღვრავს, როგორც მოსახლეობის პირადი შემოსავლების ზრდა. ამიტომ თუ საქართველოში მოქალაქეების პირადი შემოსავლები არ გაიზარდა, ხელისუფლების მიერ გატარებული ეკონომიკური რეფორმები მხოლოდ ცარიელ რეფორმებად დარჩება.
რატომ ვერ ან არ მოახდინა გავლენა თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე ხელისუფლების მიერ გატარებულმა ეკონომიკურმა ღონისძიებებმა, ამასთან დაკავშირებით „კომერსანტი" აუცილებლად დაინტერესდება და ხელისუფლების თუ სპეციალისტების შეფასებასაც შემოგთავაზებთ.
დეტალები იხილეთ დიაგრამაზე:
ავტორი: "კომერსანტი"
©
http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=46741