თავი II
საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება
მუხლი 9. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების ფორმები
1. საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება:
ა) დაბადებით;
ბ) ნატურალიზაციით.
2. ნატურალიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით.
3. ნატურალიზაციის სახეებია:
ა) საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება;
ბ) საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება;
გ) საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება;
დ) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება.
მუხლი 10. საქართველოს მოქალაქეობის დაბადებით მოპოვება
საქართველოს მოქალაქეობას დაბადებით მოიპოვებს:
ა) პირი, რომლის დაბადების მომენტისათვის მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად (სუროგაციით) დაბადებული პირი, თუ მისი არცერთი მშობლის მოქალაქეობის ქვეყანა მას საკუთარ მოქალაქედ არ მიიჩნევს;
გ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დაიბადა;
დ) საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირი, რომლის ერთ-ერთი მშობელი საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირია, ხოლო მეორე მშობელი უცნობია.
მუხლი 11. უცნობ მშობელთა შვილის მოქალაქეობა
არასრულწლოვანი პირი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და რომლის ორივე მშობელი უცნობია, საქართველოს მოქალაქედ მიიჩნევა, ვიდრე საწინააღმდეგო არ დადგინდება.
მუხლი 12. სრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება
1. სრულწლოვან პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 5 წლის განმავლობაში;
ბ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა;
გ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები;
დ) საქართველოში მუშაობს, ან/და საქართველოში აქვს უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ან საქართველოს საწარმოში ფლობს წილს ან აქციებს.
2. (ამოღებულია - 20.03.2015, №3400).
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება იმ პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებაზე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია შემოწმდეს, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტების მოთხოვნებს.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება ლტოლვილის სტატუსის მქონე პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებაზე.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ენისა და საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის ფარგლები დგინდება ამ კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დებულებით.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №3400 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
მუხლი 13. არასრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება
1. არასრულწლოვან პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა დაბადებით არ მოუპოვებია, საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა.
2. არასრულწლოვან პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ იგი საქართველოს მოქალაქემ შვილად აიყვანა.
3. საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებულ ლტოლვილის სტატუსის მქონე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვან პირს, რომელიც საქართველოში 5 წლის განმავლობაში ცხოვრობს, საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების შეუმოწმებლად.
მუხლი 14. საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება
1. საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებულ პირს, რომელიც კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს.
2. ამ კანონის მე-12 მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებაზე. რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირს საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიენიჭება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
მუხლი 15. სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება
სხვა ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების მოთხოვნით. სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ამ პირის სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებისთანავე.
მუხლი 16. საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლები
1. პირი საქართველოს მოქალაქეობას ნატურალიზაციით ვერ მოიპოვებს, თუ:
ა) მას ჩადენილი აქვს საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ;
ბ) იგი მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადამიანის, სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში;
გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესები მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც:
ა) პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას;
ბ) არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე:
ბ.ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან;
ბ.ბ) სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან;
ბ.გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან;
ბ.დ) ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან).
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ ინფორმაცია საქმის განმხილველ ორგანოს ისეთი ფორმით უნდა მიეწოდოს, რომ ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო საიდუმლოებას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს.
4. საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
მუხლი 17. საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება
საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს.
მუხლი 18. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება
1. საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა:
ა) არამართლზომიერად;
ბ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით;
გ) მშობლის/მშობლების არჩევანის შედეგად.
2. პირს საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა;
ბ) არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
3. საქართველოს მოქალაქეობა არამართლზომიერად შეწყვეტილად მიიჩნევა, თუ პირი საქართველოს მოქალაქეობას ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის გარეშე დაკარგავს.
4. საქართველოს მოქალაქეობის არამართლზომიერად შეწყვეტის საფუძვლით საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებისას პირზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები.
5. მშობლის/მშობლების არჩევანის შედეგად საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლით საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით პირს შეიძლება მიენიჭოს მის მიერ სრულწლოვანების მიღწევისას.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება იმ პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებაზე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია შემოწმდეს, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტის მოთხოვნას.
7. სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ამ პირის სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებისთანავე.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №3400 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
თავი III
საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა
მუხლი 19. საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სახეები
საქართველოს მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება:
ა) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით;
ბ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვით;
გ) ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
მუხლი 20. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა
1. საქართველოს მოქალაქეს აქვს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის უფლება.
2. საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლაზე, თუ:
ა) მას შეუსრულებელი აქვს საქართველოს წინაშე სამხედრო ან სხვა ვალდებულება;
ბ) იგი ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ან არსებობს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, რომელიც უნდა აღსრულდეს.
3. საქართველოს მოქალაქის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის:
ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ იმ დოკუმენტის მიღებისთანავე, რომელიც ადასტურებს პირის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას;
ბ) მისი ხელმოწერიდან მე-15 დღეს, თუ პირს წარდგენილი აქვს სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში აუცილებლად მიენიჭება ამ ქვეყნის მოქალაქეობა.
მუხლი 21. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა
1. საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ:
ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევა სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში;
ბ) საქართველოს მოქალაქეობას ყალბი დოკუმენტების წარდგენით მოიპოვებს;
გ) სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მოიპოვებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა და რომელიც თავისი მოქალაქეობის ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის სამსახურში შევა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა.
4. საქართველოს მოქალაქემ შეიძლება არ დაკარგოს საქართველოს მოქალაქეობა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, თუ ეს საფუძველი მის გამოვლენამდე აღმოიფხვრა.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს კომპეტენტური ორგანოები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/2342552 This post has been edited by Instance on 26 Jan 2017, 13:25