"ქართული ოცნების" ექსდეპუტატების სასათბურე პოსტებზე დასაქმება გრძელდება. ზურაბ ზვიადაური საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში კონსულტანტად დასაქმდა, სოსო ჯაჭვლიანი კი დასაქმებულთა სიაში პირველი იყო და ის თეთნულდის განვითარების ფონდის ხელმძღვანელია. კიდევ რამდენიმე ექსდეპუტატი შეპირებული სამსახურის მოლოდინშია. "ოცნების" სხვა ყოფილი დეპუტატებიდან ნაწილს სამინისტროებში მრჩევლობაზე შეთავაზება მიღებული აქვს, ნაწილი კი - დაპირების რიგს ისევ მოთმინებით ელოდება და ამბობს, რომ ხვალ-ზეგ მასაც გამოიძახებენ.
"რეზონანსთან" საუბრისას ექსდეპუტატი ომარ ნიშნიანიძე ამბობს, რომ ის ინფრასტრუქტურის სამინისტროში დასაქმდება დიდი ალბათობით, მრჩევლის პოსტზე. ხელვაჩაურის ყოფილი მაჟორიტარის, როსტომ ხალვაშის თქმით კი, ის ერთი კვირის წინ იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვედრაზე და დიდი ალბათობით, მალე ისიც იშოვის სამსახურს.
"ქართული ოცნების" ექსპარლამენტარები რამდენიმე თვეა ელოდებიან "ოცნების" მმართველების მიერ ერთი წლის წინ დაპირებულ თანამდებობებს და მათგან რაღაც ნაწილმა ფრთხილი საყვედურიც კი გამოთქვა იმაზე, რომ პარტიის მმართველობაში "ცოტას სცოდავენ კიდეც" დასაქმების ამდენი ხნით გაწელვის გამო.
ყოფილმა დეპუტატებმა დასაქმების დაპირება 2016 წლის იანვარში საგურამოში გამართულ კორპორატიულ შეხვედრაზე ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილისგან მიიღეს. შემდეგ, როდესაც წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნების" პროპორციული და მაჟორიტარული სიები დგებოდა, პარტიის ხელმძღვანელობა იმ დეპუტატებს, ვინც მომდევნო მე-9 მოწვევის პარლამენტს მიღმა რჩებოდნენ, სამინისტროებსა თუ სსიპ-ებში კარგ თანამდებობაზე დანიშვნას დაჰპირდა. არჩევნების შემდეგ კი პარტიის ცენტრალურ ოფისში უშუალოდ ვიცე-პრემიერ კახა კალაძესა და პარტიის აღმასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძესთან იყო შეკრება, სადაც, დაახლოებით, 15 ყოფილი დეპუტატი იმყოფებოდა და სადაც მათ ჰკითხეს კიდეც, სად მოიაზრებდნენ თავს, რომ ამის მიხედვით გადაწყვეტილიყო მათი მომავალი სამუშაო ადგილიც.ჯერჯერობით "ქართულმა ოცნებამ" დაასაქმა "თავისუფალი დემოკრატებიდან" წამოსული სამი წევრი - ვიქტორ დოლიძე ევროინტეგრაციის მინისტრად, ზურაბ აბაშიძე ყაზახეთში საქართველოს ელჩად და გიორგი ცაგარეიშვილი გარემოს დაცვის მინისტრის მრჩევლად. დასაქმებულია ასევე "ოცნების" სამი ექსდეპუტატი.
ყოფილი პარლამენტარი, ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური სულ რამდენიმე დღის წინ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში დასაქმდა. მან სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის დარგში კონსულტანტის პოზიცია დაიკავა.
თედო ჯაფარიძე გასული წლის დეკემბერში პრემიერ-მინისტრმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში საკუთარ მრჩევლად დანიშნა.
"ოცნებიდან" ყველაზე პირველი სასათბურე პოსტი სპორტსმენმა სოსო ჯაჭვლიანმა მიიღო. ჯერ კიდევ 2016 წლის აგვისტოში პრემიერმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ თეთნულდის განვითარების ფონდის თავმჯდომარედ ჯაჭვლიანი ინიშნებოდა. მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ ის "გამოცდილი სპორტსმენია და ასევე წარმოშობით სვანი".
ყოფილი დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე, რომელიც დეკემბერში "რეზონანსთან" ერთგვარი საყვედურით ამბობდა, რომ "ოცნების" მმართველობაში ცოტას სცოდავენ კიდეც, ამ საქმის ამდენი ხნით გაჭიანურების გამო, ახლა აცხადებს, რომ შემოთავაზება უკვე მიღებული აქვს და სულ მალე ის ინფრასტრუქტურის სამინისტროში იმუშავებს.
"მიხარია, რომ ჩვენი თანამებრძოლები საქმდებიან, იმიტომ რომ ერთგული ხალხია, ქვეყანა უყვართ, სახელმწიფოებრივად აზროვნებენ და უანგაროდ ემსახურებიან. მეც ალბათ, ინფრასტრუქტურის სამინისტროში ვიმუშავებ. გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი და ეს თემა ჩემთვის უცხო არ არის. შემოთავაზება რა თქმა უნდა არის, შეიძლება გარემოს დაცვის კუთხით მრჩეველ-კურატორი ვიყო," - აღნიშნავს ნიშნიანიძე.
ხელვაჩაურის ყოფილი მაჟორიტარი როსტომ ხალვაშის თქმით, დღეს უმუშევარია, მაგრამ იცის, რომ დასაქმდება.
"ყოფილი "თავისუფალი დემოკრატები" რომ დასაქმდნენ, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ეს ქვეყანა ყველასია და ჩემზე ადრე რატომ ისინი დასაქმდნენ-მეთქი, ამას როგორ ვიტყვი. მე მოლოდინის რეჟიმში ვარ... ერთი კვირის წინ ვიყავი სოფლის მეურნეობის მინისტრთან, შემხვდა და ალბათ, შესაბამის სამსახურს მომიძებნიან. მე ვიცი, რომ დავსაქმდები. გასაუბრებაზე ვიყავი, მაგრამ რა სამსახურში ვიქნები, კონკრეტულად ვერ გეტყვით," - ამბობს ხალვაში.
დავით ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ეკონომიკური ბლოკის სამინისტროსგან დასაქმების შემოთავაზება მიიღო, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.
"დათო ლორთქიფანიძეს რომ შემოთავაზება ექნება, ამაში ეჭვი არავის ეპარება. როცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, კომენტარს მერე გავაკეთებ. ბოლო ხანებში ამ თემაზე არ მქონია საუბარი," - აცხადებს ლორთქიფანიძე.
გოგი ქავთარაძის თქმით, მას ხვალ ან ზეგ დაუძახებენ.
ამბობს, რომ ყოფილი დეპუტატები, დაახლოებით 15 კაცი არჩევნების შემდეგ პარტიის ცენტრალურ ოფისში იყვნენ შეხვედრაზე, სადაც ყველას ჰკითხეს, ვინ რა სამსახურში ხედავდა საკუთარ თავს, ამის შემდეგ კი მას არავინ შეხმიანებია, მაგრამ იმედი აქვს.
"იმის მერე ველოდები და ვნახოთ. ალბათ ხვალ ან ზეგ აუცილებლად დამიძახებენ და მეტყვიან. სხვებს შესთავაზეს და მეც შემომთავაზებენ,” - აღნიშნავს ქავთარაძე.
http://www.resonancedaily.com/index.php?id...2&id_artc=32887