მოკლედ, ახლა ერთი ნაციონალის ფბ-ს ვსტალკავდი, მაინტერესებდა რას პოსტავდა 2012-ში და ჯეჯელავას პოსტი ჰქონდა დაშეარებული 2012 წლის 20 სექტემბერს. გამიკვირდა, მეთქი რა დაწერა ჯეჯელავამ "ციხის კადრების" პერიოდში, ნაცებმა რომ დააშეარეს მაგრამ წაშლილი აღმოჩნდა პოსტი.

ესეც ლინკი პოსტზე:
http://sanblog.jejelava.info/2012/09/blog-post.html"საბედნიეროდ" დაკოპირებული ჰქონია ერთ-ერთ მომხმარებელს ფბ-ზე ეს პოსტი, სათაური დავგუგლე:
ღმერთო გვიშველე! ეს რა დღეში აღმოვჩნდით?!ბოლო რამდენიმე დღეა აბსოლუტურ შოკში ვარ. Facebook-ზე ყველაფერს ვკითხულობ. 100 პოსტი და კომენტარი მაინც დავწერე და არ გამოვაქვეყნე. ყოველ ჯერზე ვატყობდი, რომ, ცხელ გულზე, ჩემი ნაწერიც, სხვების მსგავსად, სიძულვილის მეტს არაფერს გააღვივებდა.
სხვა ვერაფერზე ვფიქრობ ეს დღეები და აუცილებლად მინდა, ჩემი აზრი გამოვხატო. წინასწარ ბოდიშს ვიხდი ყველასთან, ვისაც რაიმეთი გულს დავწყვეტ ან გავაბრაზებ. ცოტა არეული ნაწერიცაა, მაგრამ, რას ვიზამ, ჩემი შინაგანი მდგომარეობაც ასეთია.
არ ვიცი, სამ დღეში რამდენი შოკის გადატანა შემიძლია, მაგრამ მგონია, რომ ამდენი დარტყმა ჩემს სულს არ მიუღია არც 9 აპრილს, არცე აფხაზეთის და სამაჩაბლოს ამბებისა და არც აგვისტოს იმის დროს. მოვლენები სწრაფად ვითარდება და ერთი მეორეზე საშიში და ამაზრზენი გაცნობიერებები ერთი მეორეს მოსდევს.
შოკი #1 - ვიდეოები, პარიმრების მხეცური და ცინიკური შეურაცხყოფის ფაქტები, რომელიც ვნახეთ არის წარმოუდგენელი და ენით აღუწერელი სისასტიკე. "ადამიანს შეუძლია ყველაზე დაუნდობელი ცხოველი იყოს" არის მთავარი აზრი, რაც ამის ყურების დროს მომდიოდა. ძალიან მძიმე საყურებელია ადამიანის დამცირება და ჯალათების ცინიზმი, მაგრამ, მგონი, ყოველდღე უნდა ვნახოთ.
შოკი #2 - ხელისუფლების "აღფოთებული" წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ ახლა გაიგეს ეს ყველაფერი. სულ ძველი თაობის ხალხი მახსენდება, რომელიც ამბობდა "სტალინმა რეპრესიების შესახებ არაფერი იცოდა და სხვები აკეთებდნენ მისგან დაფარულადო". ვინც არ იცოდა, რაც უნდა სცოდნოდა, სამსახურისთვის შეუფერებელია. ვინც იცოდა - სამსახურისთვის შეუფერებლია.
შოკი #3 - იმის გააზრება, რომ მეც, ისევე, როგორც სხვებს, სულ მესმოდა ასეთი რამეების შესახებ, მაგრამ "წავუყრუებდი". ზოგზე "მოგონილია-თქო" ვფიქრობდი, ზოგიც - გაზვიადებული, ზოგზეც "რა იზამ, ხდება-ხოლმე-თქო". ეს, რა თქმა უნდა, დანაშაულია და ამისთვის ბოდიშის მოხდაც მიწევს და სინანულიც ცხოვრების ბოლომდე. მაპატიეთ! შენდობას ვითხოვ! ძალიან დამნაშავე ვარ!
შოკი #4 - იმის გააზრება, რომ ასეთი რამის გამკეთებლები ბევრნი არიან და, საჭიროების შემთხვევაში, ადვილად მოიძევნებიან. Facebook-ზე უმალვე გამოჩნდნენ "ახალი ჯალათები", ვინც მზადაა იგივე გაუკეთოს, ამჯერად, ხელისუფლების წარმომადგენლებს. გამოდის, რომ ბევრი ადამიანისთვის წამება და ძალადობა მისაღებია, თუ "დამსახურებულია". ვიდეოზე გამოსახული ჯალათებიც ამ ლოგიკით თვლიდნენ, რომ პატიმრებმა "დაიმსახურეს" ასეთი ხვედრი. ეს ძალიან მძიმე "აღმოჩენაა". გამოდის, რომ ძალადობა ძალადობას იწვევს და ასე "შორს ვერ გავფრინდებით".
შოკი #5 - ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ზოგ ჩემს ნაცნობს გაეხარდა ის, რაც მოხდა. "აი ხომ ვამბობდი?!", "ესეც მე ვარ?!" სტატუსები მრავლად მოხვდა ჩემს თვალს და თქვენს შეამჩნევდით. ეს ძალიან დასანანია. თითქოს, ადამიანი მზადაა, გაიხაროს ვიღაცის უბედურებით და ვიღაცის სისასტიკით, თუ ეს მის შეხედულებებს დაადასტურებს და უფრო "ჭკვიანს" და "მართალს" გამოაჩენს. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, თავისი თავი განსაჯოს ამ უბედურების ჟამს.
შოკი #6 - ადამიანები მზად არიან მეგობრები და ახლობლები დაკარგონ, თუ ისინი "სისხლიან რეჟიმს" არ განუდგებიან. არცერთი რეჟიმი 10 ან 20 წელიწადში არავის ემახსოვრება (იმედი მაქვს), ხოლო დაკარგულ მეგობრებს და გაფუჭებულ ურთიერთობებს ვერაფერი ეშველება. ხალხმა ლამის "ცოცხები გაუყაროს" ამ ხელისუფლების მომხრეებს და მაინც ჰქონიათ, რომ მათზე უკეთესები არიან. რატომ აკეთებენ ამას? არ უყვართ თავისი ახლობლები?! როგორ უნდა გაცვალონ მეგობრები რაიმე, თუნდაც ყველაზე მნიშვნელოვან, პოლიტიკურ ან დემოკრატიულ პრინციპზე? ტკბილად ვინ მოგვიგონებს, რომ დავბერდებით და წავალთ - "ნაციონალები", თუ "მეოცნებეები"? ჩვენს შვილებს ვინ, რომელი პარტია დაეხმარება ცხოვრების რთულ გზაზე?! ადვილად იშოვით ამ მეგობრების სანაცვლო ახალ მეგობრებს?! მე, როგორც თავში ვთქვი, როგორც კი რაიმე გამამართლებელი ან გამამტყუნებელი კომენტარი მომაფიქრდებოდა, მაშინვე ვხვდებოდი, რომ ვიღაცისთივს გული უნდა მეტკინა, ვინც ჩემთვის ძვირფასია და ჩემს აზრებს ჩემთვის ვინახავდი. ჩემი მეგობრები თუ არ გამიფრთხილდნენ, მე მაინც გავუფრთხილდები. იქნებ, ასე შევინარჩუნოთ ერთმანეთი?!
შოკი #7 - უმალ გაჩნდა მოწოდებები და მოსაზრებები, რომ არჩევნებზე "ხუთიანის" არ-შემოხაზვით და, უმეტესი მოწოდებებით "ორმოცდაერთის" შემოხაზვით პრობლემა მოგვარდება. რატომ მოგვარდება, ამაზე არავის უსაუბრია. რა ვიცით, რომ ახალი "რეჟიმი" ნაკლებად სისხლიანი იქნება, ამასაც არავინ ამბობს. არც იმას ამბობს არავინ, ნეტავ "წინასაარჩევნოდ ხომ არ შემოინახეს" ამის გამავრცელებლებმა ეს ფაქტები. ის, ვინც სხვის გასაჭირს თავისი მიზნებისთვის იყენებს, ჩემი აზრით, არანაკლები ჯალათია. ამას რატომ არავინ ამტყუნებს?
შოკი #8 - "ოღონდ ეს არა და რაც გინდა ის იყოს!", "ამას ყველაფერი სჯობს!" ამბობენ ჩემი მეგობრები და ნაცნობები. თანაც, ქართველები ამას ამბობენ, რაც მე ვიცი 200 წელზე მეტია. "ოღონდ თურქები არა და რაც გინდა იყოსო!" თქვა ერეკლემ და გიორგიევსკის ტრაქტატს მოაწერა ხელი. მივიღეთ რუსეთის 200 წლიანი ბატონობა და ერის სრუკლი დაკნინება (ჩვენი ჯალათებიც ხომ იმ სისტემაში აღიზარდნენ), "ოღონდ საბჭოთა კავშირი არა და, რაც გინდა, იყოსო!" თქვეს 91-ში. მივიღეთ გამსახურდიას ხელისუფლება, აფხაზეთის და სამოქალაქო ომები, დაკარგული ტერიტორიები. "ოღონდ ზვიადი არა და, რაც გინდა, იყოსო!" თქვეს 93-ში და მივიღეთ შევარდნაძის ხელისუფლება, ეკონომიკური დაკნინება, უმუშევრობა, კორუფცია, ძალადობა და კიდევ ბევრი რამ. "ოღონდ შევარდნაძე არა და, რაც გინდა, იყოსო" თქვეს 2003-ში და მივიღეთ სააკაშვილის ხელისუფლება თავისი ინფრასტრუქტურული მიღწევებით, მაგრამ დღევანდელი პრობლემებით. ახლა, ჩემი მეგობრები ამბობენ "ოღონდ სააკაშვილი არა და, რაც გინდა, იყოსო!". რას მივიღებთ, ნეტავ?! იქნებ ერთხელ, ის გამოვიძიოთ, ვისაც ვირჩევთ და არა მხოლოდ ის, ვისაც "ვამხობთ და ვებრძვით"
ბოლოს, მინდა ჩემი ახლანდელი განწყობა გაგიზიაროთ. ყველანი ძალიან მიყვარხართ, ჩემო მეგობრებო და ნაცნობებო. ყველა მხეცი, ნაძირალა და არაადამიანი ერთად აღებული ვერ დამარწმუნებს, რომ თქვენზე კარგი რამე მაქვს ამ ცხოვრებაში. ვისაც გეჯავრებით პოლიტიკური შეხედულებების გამო, ისინიც მიყვარხართ, ვისაც "თავშეკავებულობის" გამო გეჯავრებით - ისინიც. ვინც თვლით, რომ ახლა ვიტყუები და არ ვფიქრობ, რასაც ვწერ, ისინიც მიყვარხართ. ყველაფერი მოგვარდება და კარგად იქნება, თუ ჩვენ ერთმანეთზე ვიფიქრებთ და ჩვენი "ბელადები" ჩვენი საუკეთესო მეგობრები იქნებიან, ჩვენი პარტიები - ოჯახი და სამსახური. ცოტა (ან, გაცილებით) მეტი სიყვარული გვჭირდება. მაშინ ღმერთიც ჩვენსკენ იქნება.
მერე კი, როგორც ნათქვამია, "თუ ღმერთი ჩვენსკენაა, რა მნიშვნელობა აქვს, ვინაა ჩვენს წინააღმდეგ?!"
ავტორი: ალექსანდრე ჯეჯელავა
-----
მგონი ძაან საინტერესოა
This post has been edited by ზურატი96 on 8 Feb 2017, 01:36