თბილისის მერიაში უფრო მეტი ადამიანია დასაქმებული, ვიდრე ლონდონის მერიაში
https://bpn.ge/finansebi/31423-narmaniastha...html?lang=ka-GE10 თებერვალი / 2017
როგორც გაირკვა, ჩვენი დედაქალაქის მერიაში გაცილებით მეტი ადამიანია დასაქმებული, ვიდრე ლონდონის მერიაში.
არ არის გამორცხული, დავით ნარმანიამ ბერლინი, რომი, ამსტერდამი და დელიც უკან ჩამოიტოვოს.
პარტია "ახალმა საქართველომ" გადაწყვიტა გაერკვია, რამდენი ადამიანია დასაქმებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქების მერიაში. ლონდონიდან პასუხი 3 დღეში მიიღეს და გაოგნებული დარჩნენ.
"ოფიციალური წერილით მივმართეთ ლონდონის მერიას და ვკითხეთ, რამდენი ადამიანი იყო დასაქმებული ადგილობრივ თვითმმართველობაში, იქიდან მალე მოვიდა პასუხი. გავარკვიეთ, რომ ლონდონის მერიაში 835 ადამიანი მუშაობს. თბილისის მერიაში დასაქმებულია 5 700 კაცი. ლონდონში 8 276 251 ადამიანი ცხოვრობს, თბილისში - 1 108 717. ფართობით ლონდონი თბილისზე, მინიმუმ, 2-ჯერ დიდია", - განაცხადა "ახალ თაობასთან" საუბარში "ახალი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, მალე პასუხები სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოვა. ხაბეიშვლი ერთ დაზუსტებასაც აკეთებს და ამბობს, რომ 5 700 ადამიანი მხოლოდ მერიაში არ არის დასაქმებული, მაგრამ ლონდონს ამ ხალხის რაოდენობითაც ვუსწრებთ, რომელიც შარტავას 7 ნომერში სხედან.
"ეს 5 700 ადამიანი გამგეობებში, სსიპებსა და აიპებშია დასაქმებული. უშუალოდ დედაქალაქის მერიასა და მის საქალაქო სამსახურებში 1 200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ლონდონთან შედარებით, მაინც სერიოზული უპირატესობა გვაქვს ", - ამბობს "ახალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი.
მისი თქმით, მხოლოდ ლონდონის მაგალითიც საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ თბილისის მერიაში შტატები არანორმალურად გაბერილია.
"ახალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, იმდენი ხალხი, რამდენიც ლონდონის მერიაშია დასაქმებული, ხარაგაულის გამგეობასა და მის სსიპებში იქნება გაფორმებული.
- წარმოუდგენლად გაზრდილია ბიუროკრატიული ხარჯი და ამ დროს მერიის მარგი ქმედების კოეფიციენტი, ფაქტობრივად, ნულის ტოლია. როცა ბიუროკრატიის შემცირებაზე ვსაბურობთ, ეს ნათელი დადასტურებაა, რომ არანორმალურად გაზრდილია საშტატო ერთეულები თბილისის მერიაში და შედეგი, ფაქტობრივად, არ გვაქვს.
ჩვენი შეთავაზებაა, მინიმუმ, გავანახევროთ ბიუროკრატიული ხარჯები, აქცენტი ხარისხსა და პროექტულ მართვაზე გავაკეთოთ. ეს გაზრდის კონკურენციას, მერიის მარგი ქმედების კოეფიციენტს და არ იარსებებს ექსკლუზიური უფლებამოსილებები, - აღნიშნავს ხაბეიშვილი.
ის განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ცხოველთა მონიტორინგის სამსახურზე.
"რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსი თვეში 3 000-ლარიან პრემიას აიღებს. რომელ მონიტორინგზეა საუბარი, როცა ცოტა ხნის წინ თბილისში ლომები და ვეფხვები დასეირნობდნენ. ასეთი სამსახური რომ გვქონოდა, ვეფხვი ადამიანს არ შეჭამდა", - ამბობს "ახალი საქართველოს" წარმომადგენელი.