borjgali1964
borjgali1964

       
ჯგუფი: Members
წერილები: 20360
წევრი No.: 54504
რეგისტრ.: 27-February 08
|
#49924304 · 13 Feb 2017, 20:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რა ჯანდაბაა? ამდენი ვწერე და არ დაიპოსტა((
== ოკ.
==
საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება
(მიღებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული ადგილობრივი კრების მიერ 1995 წლის 18-19 სექტემბერს. მცხეთა, სვეტიცხოველი)
თავი I.
ზოგადი დებულებანი
§1. საქართველოს საპატრიარქო - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის მრავალეროვანი ადგილობრივი ავტოკეფალური (დამოუკიდებელი) მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის დიდ უმრავლესობას ქართველი მოსახლეობა შეადგენს. იგი იმყოფება დოგმატურ-სარწმუნოებრივ-ლიტურგიკულ ერთიანობასა და ლოცვით-კანონიკურ ურთიერთობაში ყველა სხვა ადგილობრივ ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიებთან.
§2. საქართველოს ადგილობრივი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის (შემდგომ - საქართველოს ეკლესიის) იურისდიქციაში შედიან:
1. საქართველოში მცხოვრები ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი.
2. საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ის მართლმადიდებელი ქართველები, რომლებზედაც არ ვრცელდება სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქცია.
3. სომხეთის რესპუბლიკაში მცხოვრები მართლმადიდებელი ქრისტიანები.
4. საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ის მართლმადიდებელი ქრისტიანები, რომლებიც არ შედიან სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების იურისდიქციაში და აქვთ სურვილი იყვნენ საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში.
§3. საქართველოს ეკლესია იყოფა ეპარქიებად, სამთავარხუცესოებად და სამრევლოებად.
§4. საქართველოს ეკლესიაში შედის 27 (ოცდაშვიდი) ეპარქია მათში შემავალი ქალაქებითა და რაიონებით:
1 . მცხეთა-თბილისის ეპარქია - ქ. თბილისი თავისი რაიონებით, ქ. მცხეთა, მცხეთისა და გარდაბნის რაიონიბი. სოფ. წილკნის, მუხრანისა და საგურამოს გამოკლებით. კათედრა და რეზიდენცია მცხეთასა და თბილისში.
2. ალავერდის ეპარქია - ქ. თელავი, ქ. ახმეტა, თელავისა და ახმეტის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი აბბა ალავერდელი“. კათედრა ალავერდში, რეზიდენცია თელავში.
3. ახალციხის ეპარქია - ქ. ახალციხე, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება- „ეპისკოპოსი ახალციხელი“. კათედრა და რეზიდენცია ახალციხესა და საფარაში.
4. ბათუმისა და სხალთის ეპარქია - ქ. ბათუმი, ქ. ქობულეთი, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედას, შუახევის და ხულოს რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ბათუმისა და სხალთისა“. კათედრა ბათუმსა და სხალთაში, რეზიდენცია ბათუმსა და ქობულეთში,
5. ბოდბის ეპარქია - ქ. სიღნაღი, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ბოდბელი“. კათედრა ბოდბეში, რეზიდენცია ბოდბესა და სიღნაღში.
6. ბოლნისისა და დმანისის ეპარქია - ქ. ბოლნისი, ქ. დმანისი, ბოლნისისა და დმანისის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ბოლნისისა და დმანისისა“. კათედრა და რეზიდენცია ბოლნისსა და დმანისში,
7. ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქია - ქ. ბორჯომი, ქ. ახალქალაქი, ბორჯომის, ახალქალაქისა და ნინოწმინდას რაიონები. მღვდელმთავრის წოდება „ეპისკოპოსი ბორჯომისა და ახალქალაქისა“. კათედრა ბორჯომში, რეზიდენცია ბორჯომში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.
8. ვანისა და ბაღდათის ეპარქია - ქ. ვანი, ვანისა და ბაღდათის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ვანისა და ბაღდათისა“. კათედრა ბაღდათში, რეზიდენცია ვანსა და ბაღდათში.
9. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია - ქ. ზუგდიდი, ქ. წალენჯიხა, ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ზუგდიდისა და ცაიშისა“. კათედრა ზუგდიდსა და ცაიშში, რეზიდენცია ზუგდიდსა და წალენჯიხაში.
10. მანგლისისა და წალკის ეპარქია - ქ. თეთრიწყარო, ქ. წალკა, თეთრიწყაროსა და წალკის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი მანგლისისა და წალკისა“, კათედრა და რეზიდენცია მანგლისსა და წალკაში.
11 . მარგვეთის ეპარქია - ქ. ზესტაფონი, ქ. თერჯოლა, ზესტაფონის, თერჯოლისა და ხარაგაულის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი მარგველი“. კათედრა ზესტაფონში, რეზიდენცია ზესტაფონში, თერჯოლასა და ხარაგაულში.
12. ნეკრესის ეპარქია - ქ. ყვარელი, ქ. ლაგოდეხი, ყვარელისა და ლაგოდეხის რაიონები, მასში ასევე შედიან საინგილოს ეკლესიები. მღვდელთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ნეკრესელი“. კათედრა ნეკრესსა და ყვარელში, რეზიდენცია ყვარელსა და ლაგოდეხში.
13. ნიკორწმიდის ეპარქია - ქ. ამბროლაური, ქ. ონი, ამბროლაურისა და ონის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ნიკორწმიდელი“. კათედრა ნიკორწმიდაში, რეზიდენცია ამბროლაურსა და ონში.
14. ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია - ქ. ცხინვალი, ცხინვალის, ახალგორის, ჯავისა და ზნაურის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ნიქოზისა და ცხინვალისა“. კათედრა და რეზიდენცია ნიქოზსა და ცხინვალში.
15. რუსთავის ეპარქია - ქ. რუსთავი, ქ. მარნეული, მარნეულის რაიონი. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი რუსთავისა“. კათედრა რუსთავში, რეზიდენცია რუსთავსა და მარნეულში.
16. სამთავისისა და გორის ეპარქია - ქ. გორი, ქ. კასპი, გორისა და კასპის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი სამთავისისა და გორისა“. კათედრა და რეზიდენცია სამთავისსა და გორში.
17. საგარეჯოსა და გურჯაანის ეპარქია - ქ. საგარეჯო, ქ. გურჯაანი, საგარეჯოსა და გურჯაანის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი საგარეჯოსა და გურჯაანისა“. კათედრა საგარეჯოსა და გურჯაანში, რეზიდენცია გურჯაანსა და ნინოწმინდაში.
18. ურბნისისა და რუისის ეპარქია - ქ. ხაშური, ქ. ქარელი, ხაშურისა და ქარელის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპასკოპოსი ურბნისისა და რუისისა“. კათედრა ურბნისში, რუისსა და ხაშურში, რეზიდენცია ხაშურში.
19. ფოთის ეპარქია - ქ. ფოთი, ქ. ხობი, ქ. სენაკი, ფოთის, ხობისა და სენაკის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ფოთისა“. კათედრა ფოთში, რეზიდენცია ფოთში, ხობსა და სენაკში.
20. ქუთაის-გაენათის ეპარქია - ქ. ქუთაისი, წყალტუბოსა და ტყიბულის რაიონები. მღვდელთმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ქუთათელ-გაენათელი“. კათედრა და რეზიდენცია ქუთაისსა და გელათში.
21. შემოქმედის ეპარქია - ქ. ოზურგეთი, ქ. ლანჩხუთი, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი შემოქმედელი“, კათედრა შემოქმედსა და ოზურგეთში, რეზიდენცია ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში.
22. ცაგერისა და სვანეთის ეპარქია - ქ. ცაგერი, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ცაგერისა და სვანეთისა“. კათედრა ცაგერსა და მესტიაში, რეზიდენცია ცაგერში, მესტიასა და ლენტეხში.
23. ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია - ქ. სოხუმი, ქ. ოჩამჩირე, ქ. გალი, ქ. გუდაუთა, ქ. გაგრა, სოხუმის, გულრიფშის, გალის, ოჩამჩირის, გაგრისა და გუდაუთის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ცხუმ-აფხაზეთის“. კათედრა სოხუმში და ახალ ათონზე, რეზიდენცია სოხუმში, გუდაუთასა და გაგრაში.
24. წილკნის ეპარქია - ქ. დუშეთი, სოფ. წილკანი, მუხრანი და საგურამო, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი წილკნელი“. კათედრა წილკანში, რეზიდენცია წილკანში, დუშეთსა და თიანეთში.
25. ჭიათურის ეპარქია - ჭიათურის და საჩხერის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ჭიათურისა“. კათედრა ჭიათურაში, რეზიდენცია ჭიათურასა და საჩხერეში.
26. ჭყონდიდის ეპარქია - ქ. აბაშა, ქ. მარტვილი, აბაშის, მარტვილისა და ჩხოროწყუს რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ჭყონდიდელი“. კათედრა მარტვილში, რეზიდენცია მარტვილში, აბაშასა და ჩხოროწყუში.
27. ხონის ეპარქია - ქ. სამტრედია, ქ. ხონი, სამტრედიისა და ხონის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ხონელი“. კათედრა ხონში, რეზიდენცია ხონსა და სამტრედიაში.
§5. საქართველოს ეკლესია თავის მოღვაწეობას ახორციელებს შემდეგ საფუძვლებზე:
1 . წმიდა წერილი და საღმრთო გადმოცემა;
2. წმიდათა მოციქულთა, წმიდათა მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა და წმიდათა მამათა კანონები და წესდებები;
3. საქართველოს ეკლესიის ადგილობრივ კრებათა დადგენილებანი;
4. საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, საქართველოს კონსტიტუცია და შესაბამისი კანონები.
§6. საქართველოს ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსაგან, დამოუკიდებელია და ახორციელებს მასთან ურთიერთობას საეკლესიო კანონების, სახელმწიფო კონსტიტუციისა და შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე.
§7. საეკლესიო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს საქართველოს ეკლესიის ადგილობრივი საეკლესიო კრება - საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი, ხოლო კრებებს შორის პერიოდში უმაღლესი საეკლესიო ხელისუფალი და მმართველი არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
შენიშვნა: „საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი“ არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივი საეკლესიო კრების მეორე ოფიციალური დასახელება.
§8. საეკლესიო სასამართლოს უფლება აქვთ: საქართველოს ეკლესიის ადგილობრივ საეკლესიო კრებას - საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და ეპარქიის მმართველ მღვდელმთავარს.
§9. საქართველოს საპატრიარქო, მისი განყოფილებები, დაწესებულებები, ეპარქიები, სამრევლოები, მონასტრები, სასულიერო სასწავლებლები და საზღვარგარეთ არსებული სამრევლოები და დაწესებულებები სარგებლობენ იურიდიული პირის უფლებით.
თავი II.
საქართველოს ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო კრება - საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი
§1. საქართველოს ეკლესიაში უმაღლესი ხელისუფლება მოძღვრების, საეკლესიო მმართველობისა და საეკლესიო სასამართლოს სფეროებში, ანუ - საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება ეკუთვნის საქართველოს. ეკლესიის საეკლესიო კრებას - საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს.
§2. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს იწვევს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (ან მისი მოსაყდრე) საჭიროების მიხედვით, წელიწადში არანაკლებ ორჯერ და თავმჯდომარეობს მას.
§3. საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის წევრები არიან საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა მმართველი მღვდელმთავრები და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსები.
§4. საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი:
1. განმარტავს წმიდა წერილისა და წმიდა გარდამოცემის საფუძველზე მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას. ზრუნავს სხვა ადგილობრივ ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიებთან დოგმატურ-სარწმუნოებრივსა და კანონიკურ ერთიანობაზე.
2. იხილავს და წყვეტს კანონიკურ, საღვთისმსახურო, სამოძღვრო და სხვა საკითხებს, რომლებიც ეხებიან ეკლესიის საშინაო და საგარეო მოღვაწეობას.
3. უზრუნველყოფს საქართველოს ეკლესიის ერთიანობას. იცავს მართლმადიდებელი სარწმუნოების სიწმიდესა და ქრისტიანულ ზნეობას.
4. ადგენს ახალ წმინდანთა აღიარებას (კანონიზირებას) და შესაბამის ღვთისმსახურებას.
5. ზრუნავს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის სამართლებრივ ურთიერთობაზე, ეკლესიის კანონების, საეკლესიო კრებების დადგენილებების, საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების, სახელმწიფოს კონსტიტუციისა და კანონების შესაბამისად.
6. იღებს პრინციპულ გადაწყვეტილებებს სხვა ავტოპეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიებთან ურთიერთობების შესახებ.
7. შესაბამისი საშუალებებით გამოხატავს თავის დამოკიდებულებას სახელმწიფოში და მთელ მსოფლიოში მომხდარი მოვლენებისა და წამოჭრილი პრობლემების შესახებ.
8. ქმნის ან აუქმებს ეპარქიებს, ცვლის მათ ტერიტორიულ საზღვრებსა და სახელწოდებებს.
9. ირჩევს საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებს და ახდენს მათ ხელდასხმას.
10. საჭიროების შემთხვევაში, კათოლიკოს-პატრიარქის წინადადებით, გადაყავს მღვდელმთავრები ერთი ეპარქიიდან მეორეში.
11 . საჭიროების შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებებს მმართველი მღვდელმთავრების პენსიაში გასვლის შესახებ.
12. ისმენს მმართველი მღვდელმთავრების მოხსენებებს ეპარქიის მდგომარეობის შესახებ.
13. ადგენს პროცედურას ყველა საეკლესიო სასამართლოსათვის.
14. განაწესებს საეკლესიო ჯილდოებს.
15. ამტკიცებს, ცვლის, აუქმებს და განმარტავს თავის დადგენილებებს, რომლებიც შეეხებიან საეკლესიო ცხოვრებას.
16. სხვადასხვა საკითხის შესასწავლად ქმნის სპეციალურ კომისიებს.
წმ. სინოდი ზრუნავს:
17. საქართველოს ეკლესიის საშინაო და საგარეო მოღვაწეობის მნიშვნელოვანი საღვთისმეტყველო პრობლემების გადაჭრისათვის.
18. წმ. წერილის ტექსტის დაცვისა, თარგმნისა და გამოცემისათვის.
19. საღვთისმსახურო წიგნების ტექსტის დაცვის, გასწორებისა და გამოცემისათვის.
20. საეკლესიო კანონების კრებულების, სასულიერო და საერო სასწავლებლების შესაბამისი სახელმძღვანელოების, საღვთისმეტყველო ლიტერატურისა და პერიოდიკის გამოცემისათვის.
21. სასულიერო განათლების სრულყოფისათვის.
22. სასულიერო პირთა და ეკლესიის საერო თანამშრომელთა პენსიით უზრუნველყოფისათვის.
23. საეკლესიო საგანძურის აღრიცხვის, დაცვისა და შევსებისათვის.
§5. საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის თავმჯდომარე არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან მის მიერ დანიშნული საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე.
§6. წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონების თანახმად, ის საეკლესიო კრება, რომელიც არ არის მოწვეული კათოლიკოს-პატრიარქის ან მოსაყდრის მიერ, უკანონოა.
§7. საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდი არის პირველი და უკანასკნელი ინსტანცია საქართველოს ეკლესიაში, რომელიც უფლებამოსილია გაასამართლოს მღვდელმთავარი, განიხილოს მისი მოღვაწეობის დოგმატური და კანონიკური ცდომილება.
§8. საქართველოს ეკლესიის საეკლესიო კრება არის პირველი და უკანასკნელი ინსტანცია საქართველოს ეკლესიაში, რომელიც სასამართლო წესით განიხილავს კონფლიქტებს მღვდელმთავრებს შორის.
შენიშვნა: ყოველგვარი საჩივრის გარეშე საქართველოს ეკლესიის საეკლესიო კრება უფლებამოსილია პასუხი აგებინოს იმ მღვდელმთავარს, რომელიც ცხადად არღვევს საეკლესიო კანონებსა და წესდებებს.
§9. საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდი არის უკანასკნელი ინსტანცია იმ სასულიერო და საერო პირებისათვის, რომლებსაც ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა მიუსაჯა მღვდელმსახურების აკრძალვა, სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა, სიკვდილამდე უზიარებლობა ან ეკლესიიდან განკვეთა (ანათემა); აგრეთვე იმ სასულიერო და საერო პირებისათვის, რომლებსაც აქვთ საკმარისი საფუძველი თავიანთი ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის განაჩენის გასაჩივრებისათვის.
§10. საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდზე გადაწყვეტილების მიღება ხდება ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში მიღებული იქნება ის გადაწყვეტილება, რომელსაც ემხრობა კრების თავმჯდომარე - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (ან მოსაყდრე).
§11. საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდი ამტკიცებს თავისი სხდომების ჩატარების დღის წესრიგს, პროგრამასა და რეგლამენტს.
§12. საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდზე დასწრება საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრების კანონიკური ვალდებულებაა. მღვდელმთავარს შეუძლია არ დაესწროს წმ. სინოდის სხდომას ავადმყოფობის ან სხვა ისეთი მნიშვნელოვანი მიზეზის გამო, რომელსაც წმ. სინოდი საპატიოდ ცნობს. თუ მღვდელმთავარი არასაპატიო მიზეზის გამო არ გამოცხადდება წმ. სინოდზე, მაშინ ის ექვემდებარება მთელი კრებისაგან ძმურ შეგონებას ან მღვდელმოქმედებისაგან დროებით განყენებას.
§13. თუ მღვდელმთავარი მნიშვნელოვანი მიზეზის გამო ვერ დაესწრება წმ. სინოდის სხდომას, მაშინ ის ვალდებულია წმ. სინოდს წერილობით მოახსენოს თავისი შეხედულება განსახილველ საკითხებზე.
§14. წმ. სინოდის არცერთ წევრს არ შეუძლია ხმის მიცემისაგან თავის შეკავება. თუ მღვდელმთავარი არ ეთანხმება მიღებულ დადგენილებას, მან ეს იმავე სხდომაზე უნდა განაცხადოს, ხოლო სხდომიდან სამი (3) დღის განმავლობაში წერილობით უნდა წარადგინოს თავისი მოსაზრება, რომელიც დაერთვება საეკლესიო კრების ოქმებს.
§15. საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდის დადგენილებები სავალდებულოა საქართველოს ეკლესიის ყოველი წევრისათვის.
§16. საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდის დადგენილებებს პირველად ხელს აწერს კრების თავმჯდომარე - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (ან მოსაყდრე), შემდეგ კრების წევრები უპირატესობის მიხედვით, მიუხედავად იმისა, ეთანხმებიან თუ არა განხილულ საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
§17. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის დადგენილებები ძალაში შედიან მიღებისთანავე, თუ დადგენილება არ ითვალისწინებს სხვა ვადებს.
§18. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის სხდომის მოწვევის ადგილს ირჩევს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (ან მოსაყდრე).
თავი III.
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება
§1. საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ საეკლესიო კრებას იწვევს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე.
§2. საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების მოწვევა ხდება მხოლოდ ორ შემთხვევაში:
1. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევისას.
2. საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის ახალი დებულების დამტკიცებისას.
§3. საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების შემადგენლობაში შედიან:
ა) წმ. სინოდის ყველა წევრი.
ბ) ყოველი ეპარქიიდან მოწვეული ორი სასულიერო და ერთი საერო პირი, თითოეული მონასტრიდაწ, ასევე სასულიერო აკადემიებიდან და სემინარიებიდან წარმოდგენილი 2-2 დელეგატი, გელათის მეცნიერებათა აკადემიიდან - 4 დელეგატი და მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან იმდენივე წარმომადგენელი, რამდენიც იქნება მოწვეული ყველა დანარჩენი ეპარქიიდან.
§4. მსოფლიო საეკლესიო კრებათა დადგენილებების თანახმად, მღვდელმთავარნი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე მონაწილეობენ ხმის უფლებით, ხოლო სამღვდელო და სამონაზვნო დასი, ასევე საერონი მონაწილეობენ სათათბირო ხმის უფლებით.
§5. საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებით შეიძლება მოწვეულნი იყვნენ მეცნიერ-ექსპერტები.
თავი IV.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
§1. საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი.
§2. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- ეროვნებით უნდა იყოს ქართველი,
- უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი,
- უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება,
- ასაკით უნდა იყოს არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა,
- უნდა იყოს ბერი.
§3. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება.
§4. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე.
§5. იმ შემთხვევაში, როცა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე დადგენილი არ არის, ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი ავტომატურად ხდება მოსაყდრე.
§6. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი წმ. სინოდის წევრთა უმრავლესობის თანდასწრებით ხსნის კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დატოვებულ ანდერძს და აცხადებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვინაობას.
§7. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანდერძით დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრისადმი კანონიკური მორჩილება საქართველოს ეკლესიის ყოველი წევრის მოვალეობაა.
§8. საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე იწვევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზედაც მოხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა.
§9. საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების წინ მოსაყდრე იწვევს წმ. სინოდს, საპატრიარქო კანდიდატების შესარჩევად.
§10. წმ. სინოდი ირჩევს გაფართოებულ კრებაზე წარსადგენ 3 კანდიდატს.
§11. წმ. სინოდის ყველა წევრს აქვს უფლება წარმოადგინოს ერთი საპატრიარქო კანდიდატი, მათ შორის თავისი თავიც.
§12. სამი საპატრიარქო კანდიდატი, რომლებიც მიიღებენ ხმათა უმრავლესობას, კენჭს იყრიან გაფართოებულ კრებაზე, როგორც პატრიარქობის კანდიდატები.
§13. გაფართოებული კრების ყველა მონაწილეს აქვს უფლება გამოთქვას აზრი კანდიდატთა შესახებ.
§14. კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ მღვდელმთავრები.
§15. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს.
§16. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, ტარდება ხელმეორე კენჭისყრა, როშელშიც მონაწილეობას მიიღებს ის ორი კანდიდატი, რომელიც პირველ კენჭისყრაში მიიღებს ხმათა უმრავლესობას.''
== ესრეთ არის წესი.
This post has been edited by borjgali1964 on 13 Feb 2017, 21:02
--------------------
აღსდექ კუმეო ! თუ თვლი,რომ მარია შარაპოვა უფრო ლამაზია,ვიდრე ვენუს ვილიამსი - რუსეთუმე ხარ
|