საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე „ქართულ ოცნებაში“ სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. როგორც პარტიის კულუარებში ამბობენ, სწორედ ამიტომ არ ხდება პარტიის შიგნით კიდევ რამდენიმე ფრაქციის შექმნა. არადა ეს ფრაქციები ჯერ კიდევ მაშინ უნდა შეექმნათ, როცა ახალი მოწვევის პარლამენტი მუშაობას შეუდგა.
გავრცელებული ინფორმაციით, ზევით ეშინიათ, რომ ფრაქციებმა შესაძლოა სათავისო მოთხოვნები დააყენონ და ამიტომაც უშლიან ხელს მათ გამრავლებას.
„ოცნებაში“ რომ საოცნებო იდილია არაა, ამაზე ახლახან მომხდარი დაპირისპირებაც მეტყველებს. როგორც „ახალ თაობას“ „ოცნებასთან“ დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, რამდენიმე დეპუტატს საპარლამენტო ლიდერებთან სერიოზული კამათი მოუვიდათ.
„ლევან გოგიჩაიშვილი და წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძეს და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს დაუპირისპირდნენ. აღსანიშნავია, რომ ლევან გოგიჩაიშვილი გიორგი კვირიკაშვილის კადრია, ხოლო ცოტნე ზურაბიანი - კახა კალაძის. დაპირისპირება „ნაციონალებისადმი“ საპარლამენტო ხელმძღვანელობის „ლაით“ დამოუკიდებულებას მოჰყვა. ლევან გოგიჩაიშვილი და ცოტნე ზურაბიანი მიიჩნევენ, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ასე ენის მოჩლექით არ უნდა ელაპარაკებოდნენ პარლამენტში. განსაკუთრებული პრეტენზიები არჩილ თალაკვაძის მიმართ იყო. იგი წარსულში ნაციონალებთან ახლოს იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში მას სახალხო დამცველის მრჩევლად და შემდეგ უკვე თანაშემწედ არავინ დანიშნავდა. იგი წლების მანძილზე მუშაობდა გიორგი ტუღუშთან, რომელიც ახლა პარლამენტშია და „ნაციონალების“ ერთ-ერთი ლიდერია. დაპირისპირების დროს თალაკვაძეს ესეც გაუხსენეს“, - ამბობს ჩვენი წყარო. მისი თქმით, დაპირისპირების მიზეზი თვითმმართველობის არჩევნებიც არის. პარტიაში ძალიან მალე დაიწყება სიის ფორმირება. ლევან გოგიჩაიშვილის და ცოტნე ზურაბიანის მიმდევრები მიიჩნევენ, რომ მათ სიაში „ნაციონალური“ წარსულის ხალხი არ უნდა მოხვდნენ.
წყაროს ინფორმაციით, „ამბოხებული“ მეოცნებეების მოსაზრებას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, თუმცა ისინი ამ ეტაპზე საჯაროდ თავიანთი პოზიციების დაფიქსირებას ერიდებიან. სავარაუდოდ, ელოდებიან, ვის მხარეს გადაიხრება სასწორი. მათთვის არც ისაა ცნობილი, ვის მხარეს გადაიხრება ქვეყნის მთავარი კაცი - ბიძინა ივანიშვილი.
„პარტიაში არის ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილი გიგა ბოკერიას დაჯგუფებას მფარველობს, ამიტომაც არიან გაურკვევლობაში“, - ამბობს ჩვენი წყარო. მისივე ინფორმაციით, მალე დაპირისპირებაში მაჟორიტარებიც ჩაერთვებიან. ფრაქციების შექმნა ძირითადად მათ სურთ. ისინი იმის გამოც არიან გაბრაზებული, რომ ხელისუფლება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე ფიქრობს. მილიონერი მაჟორიტარები ღიად ამბობენ, რომ ამას არ დაუშვებენ. თვითმმართველობის არჩევნების წინ კი „ოცნებას“ მათთან დაპირისპირება არ სურს - რეგიონებში ხალხის მხარდაჭერის მოპოვებაში დახმარება სჭირდებათ.
ახლო მომავალში პარლამენტში, შესაძლოა, ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილსაც აუმხედრდნენ. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, მისი თითქმის ყველას ეშინია. ამბობენ, რომ პარლამენტის რეალური მმართველი ის არის. თამარ ჩუგოშვილს კარგი საერთაშორისო კავშირები აქვს და ამის გამო იტანენ მის პერსონას „ოცნების“ ლიდერები.
„ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, თამრ ჩუგოშვილი თავის ნებაზე რომ არ წავიდეს, პარლამენტს გარეთ მისი საწინააღმდეგო მოძრაობა შექმნეს. ახლო მომავალში ასეთმა მოძრაობამ, შესაძლოა, პარლამენტშიც გადაინაცვლოს.
http://www.geotimes.ge/?m=5&news_id=39307&cat_id=17