ესკაპიზმი (escapism) არის არასასიამოვნო რეალობისგან დამალვა. გართობის და ფანტაზიაში ჩაძირვის გზით ყურადღების მოდუნება და პრობლემების თუ სხვა რეალური გამოწვევების დავიწყება.
ვისაუბროთ ესკაპიზმის მწვავე ფორმაზე, როცა ფანტაზია არ მთავრდება, რეალობასთან დაბრუნება უჭირს ადამიანს. ხართ თუ არა ესკაპისტი, რაში იკარგებით, ხედავთ თუ არა ესკაპიზმს პრობლემად და თუ კი, რაში ხედავთ გამოსავალს.
ყველა ადამიანი სხვადასხვა მიზეზის გამო მიმართავს ესკაპიზმს.
მე მაქვს მომავლის, ცხოვრებაში წარუმატებლობის შიში, მღელვარება. ბევრი რამე მინდა და როცა ვფიქრობ რამდენი რამე მაქვს გასაკეთებელი რომ ამ ყველაფერს მივაღწიო, ვხვდები რომ რთულია წარმატების მიღწევა, შეიძლება არ გამომივიდეს, ვიძაბები, ვღელავ, ვისტრესები და იმდენად გაუსაძლისად ვგრძნობ თავს რომ ვცდილობ თავი ყველაფერს სწრაფად დავაღწიო და ყურადღება ჩემთვის სრულიად უმნიშვნელო რამეებზე გადამაქვს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ვთამაშობ დაუსრულებელ ონლაინ თამაშებს; ვკითხულობ ფანტასტიკურ, გრძელ (გამოუსადეგარ), წიგნებს; ვუყურებ სერიალებს; დაუსრულებლად (რამდენიმე დღე გადაბმულად), ტკივილამდე, ვმასტურბირებ; აშკარად გამოუსადეგარ ზოგად ინფორმაციას ვეცნობი, თითქოს რამეში მჭირდებოდეს (მაგალითად ბრიტანეთის არჩევნები EU-ს დატოვებაზე, ფრანგული ელიტის თავისებურებები, მექსიკის ნარკოკარტელები, ან რომელიღაცა გრძელი თემა ფორუმზე). მერე ამ რომელიმე ფიქრების გადასატანი აქტივობით რომ დავიღლები, ყველაფერს ახლიდან ვიწყებ.
ამ მნიშვნელობას მოკლებულ, საზიანო, რამეებს ერთი დღე, ან ვთქვათ 1-2 კვირა ვაკეთებ, ღამეებს ვათენებ, ძილს ვიკლებ (ვცდილობ უძილობით გაბრუებას, რომ ფიქრის და დაძაბულობის ენერგია აღარ დამრჩეს), ამ პერიოდში ნორმალურად არ ვჭამ, თავს არ ვუვლი, არ ვვარჯიშობ, არაფერს ვსწავლობ, ზომბივით ვმოძრაობ (ვიზუალურადაც ზომბს ვემსგავსები). მერე ერთ საღამოსაც, ამ სირული საქციელისგან და ცხოვრებისგან დაღლილი, ვიტყვი, აი ხვალ დილიდან ყველაფერს ვცვლი და ნორმალურად ვაგრძელებ ცხოვრებას, ყველა გამოწვევის გამკლავებაა შესაძლებელი, მთავარია სისტემატიურობა. ამდენი კვირა, თვე და წელი დავკარგე ამ სისულელეებზე, ეს დრო რომ მნიშვნელოვან საკითხებზე დამეხარჯა, ახლა უკვე ხომ ვიქნებოდი რაღაცაში გამოსადეგი და ვარგისი.
ხვალინდელი დილა მოვა, ეს განწყობა შუა დღემდე გამტანს და საღამოს იგივე მეორდება, ვეჭვობ რომ რამე გამომივა, მომავლის შიში მიჩნდება, ისევ ვღელავ, ვიძაბები, ყველაფერი ცუდადაა, რა ვქნა ამდენ რამეს თავი როგორ მოვაბა, საიდან დავიწყო, მოდი ერთი, დღესაც არაფერს არ გავაკეთებ და ისევ დავკარგავ თავს რაღაცაში, გავექცევი ამ ფიქრებს... ეს არ არის ახალი მოვლენა ჩემთვის, მგონი სადღაც 19-20 წლიდან მოყოლებული ასე ვარ და წლებია ასეა.
დრო გადის, რომ გადავხედავ განვლილ წლებს და ვხვდები რომ ამდენი ხანი არაფერი მიკეთებია, ამდენ რამეში შემეძლო წინ წავსულიყავი და პირიქით, ჩამოვრჩი. წარმატების მიღწევისთვის და ახალგაზრდობის დასრულებამდე სულ უფრო ნაკლები დრო მრჩება, კიდევ უფრო მეტად ვიძაბები, ანუ დაუსრულებელი წრე იკვრება.
ანუ ჩემს შემთხვევაში ესკაპიზმი არის ცხოვრებისეულ გამოწვევებთან გამკლავების შიშის და წარმატების ეჭვის შედეგი და ვინაიდან დღეებს, თვეებს და წლებს მახარჯინებს სრულიად უსარგებლოდ (უკან მწევს), ე. ი. ასევე არის მიზეზი კიდევ მეტი პრობლემებისა და მოტივაცია მეტი ესკაპიზმისთვის. ოხ, რა წრე შეიკრა.
ამ წლების განმავლობაში მქონდა რამდენიმე თვიანი პერიოდები, როცა მართლა ნორმალურად ვიცხოვრე. ხო ვიცი რომ ამ პრობლემას დედას ვუტირებ და წარმატებას მივაღწევ, მაგრამ სანამ ასე იქნება, მაინც, მოკლედ აღვწერე რა როგორაა.
დაწერეთ თქვენს თავზე, ესკაპიზმის მიზეზები და რამეს თუ აკეთებთ ამ მიზეზების გადასაჭრელად.