ჩვენი
სკოლის მთავარი მიზანია, თავი წარმოაჩინოს, არა მხოლოდ მზა ცოდნის გადამცემმა და/ან აღზრდის ყველასათვის ცნობილი მეთოდების დამნერგავმა, არამედ ნოვაციური მიდგომების შემქნელმაც, რაც, თავის მხრივ, პიროვნების ზრდისა და ჩამოყალიბების ინდივიდუალურ მიდგომებს გულისხმობს და აჩენს იმის შესაძლებლობებს, რომ სკოლის კედლებში თითოეული ინდივიდი მიაგნებს თვითრეალიზებისთვის საჭირო გზებს.
რას გულისხმობს ეს?
სკოლა მოსწავლეს სთავაზობს გარემოს, სადაც ის მიიღებს ცოდნას, ექსპერიმენტულ პირობებში მუშაობის ნიადაგზე. ცოდნისა და საკუთარი თავის ექსპერიმენტულ პირობებში ჩაყენებით, დააგროვებს გამოცდილებას, რომელსაც ახალი ცდის პირობებში, განახლებული ხედვით საჭიროებისამებრ გარდაქმნის და ახალ სიცოცხლეს შესძენს მის წინა ცოდნა/გამოცდილებას. სასკოლო გარემოში არ იგულისხმება მხოლოდ ლაბორატორიული რესურსებით უზრუნველყოფილი კაბინეტები, აქ მთავარი შემეცნების მომენტისადმი ფრთხილი მიდგომაა, რომლის თანახმადაც, თითქოს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ მოქცეულნი მოსწავლე/მასწავლებელი საერთო ძალისხმევით შექმნიან შემეცნების გარემოს, სადაც შეიძლება ახლიდან დაიბადოს ცოდნა, სადაც აზრმა შეიძლება ახალი აზრი დაბადოს – გარემო რომელიც უბიძგებთ მათ მუდმივი შემეცნებისა და თვითქმნადობისაკენ, სადაც მასწავლებლები მხოლოდ მიმთითებლები და ამ ყველაფრის უფრო მეტი ძალისხმევით წარმმართველები იქნებიან, რაც არა თუ არ გამორიცხავს მოსწავლის ინიციატივას და ჩართულობის მნიშვნელობას სასწავლო პროცესში, არამედ სწორედ ეს ჩართულობა იქნება ის აუცილებელი პირობა იმისა, რომ საერთოდ ეს გარემო/პროცესი შედგეს.
რას შექმნის ეს პიროვნებაში?
სწორედ ზემოაღნიშნული მიდგომებით გაჯერებული აკადემიური სივრცე მოსწავლეს დაეხმარება: თანაგანცდისა და პასუხისმგებლობის გრძნობით, შემეცნებისა თუ დიალოგური დისკუსიის გზით გაიაზროს სამყარო და თავისი თავი ამ სამყაროში, შესძლოს საკუთარი თავის აღქმა და გამოხატვა, როგორც მთლიანის ნაწილისა, ნაწილისა რომელიც ცალკე აღებული, კიდევ ერთი დამოუკიდებელი სამყაროა, მისი შინაგანი ავტონომიურობითა და განუმეორებლობით; იზრუნოს არამარტო სამშობლოზე, მის უნიკალურ კულტურასა და საზოგადოებაზე, ასევე გაიაზროს სამშობლოს როლი გლობალურ ისტორიულ კონტექსტში და აღიქვას ის საერთო ისტორიული პროცესების ნაწილად; დაადგეს საკუთარი თავის ჩამოყალიბების გზას და მუდმივ შემოქმედებით ვნებად აქციოს პიროვნული შესაძლებლობებისა და თვითგამოვლინების ამოუწურავი პროცესი.
ათასწლეულის სკოლა






