#50012593 · 25 Feb 2017, 14:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მცხოვრებნი შეშფოთებას გამოვთქვამთ ლოპოტაჰესის მშენებლობის გამო, ვინაიდან იგი საფრთხეს უქმნის როგორც ადგილობრივთა სოციალურ პირობებს, ისე გარემოს, რომელიც 15 კმ.-მდე მანძილზე 1600 მმ.-იანი დიამეტრის მილებში მდინარის მოქცევის შედეგად დაკარგავს ერთადერთ ბუნებრივ სიკეთეს.
დაგეგმილი მშენებლობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის ლოპოტის ხეობის მთელ ეკოლოგიურ სისტემას: განადგურდება ფლორა და ფაუნა; გაქრება თევზი, მდინარის დაგუბების შემთხვევაში წარმოიქმნება გეოლოგიური პრობლემები, რადგან გარკვეული მონაკვეთები ეროზიული და მეწყერსაშიშია.
ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, იქნა თუ არა გათვალისწინებული, შესწავლილი და სათანადოდ შეფასებული სოციალური რისკები აღნიშნული მშენებლობის დაგეგმვისას. დაისვა თუ არა საკითხი სოფლის მოსახლეობის სასმელი და სამელიორაციო წყლით მომარაგების შესახებ მდინარის დაკარგვის შემდეგ?
ლოპოტის რამდენიმე შენაკადი ზაფხულში მთლიანად შრება, მწირი მიწების მოურწყველობა ხომ კიდევ უფრო დაამძიმებს ისედაც ღარიბი სოფლის ყოფას. ცხელი ზაფხულის პირობებში, სოფლისთვის, რომელიც ქვაბულში მდებარეობს, ერთადერთი სასიცოცხლო ძალა ხომ მდინარეა!
ხელისუფლების მიერ ბოლო დროს განხორციელებული პროექტების შედეგად გაჩნდა იმედი სოფლის აღორძინებისა: გაკეთდა გზა, შეიცვალა სასმელი წყლის მაგისტრალი, იგეგმება მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგება, და ა.შ. ამ სასიკეთო ცვლილებების ფონზე, ლოპოტაჰესის მშენებლობის დაგეგმვისას, იქნა თუ არა გათვალისწინებული, რომ ხეობაში ჩნდება პერსპექტივა ტურიზმის განვითარებისა?
სახელმწიფოს სწორი და მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად შესაძლებელია ათვისებულ იქნას ამ ტერიტორიაზე არსებული უძველესი, სამწუხაროდ, დღემდე შეუსწავლელი კულტურული მემკვიდრეობის ნაშთები, გოგირდოვანი წყლები, და სხვა ბუნებრივი სიკეთე, რომელიც ამ სოფელს გააჩნია. გათვალისწინებულია, თუ არა სტრატეგიული მნიშვნელობა ტურიზმის განვითარებისა ამ საზღვრისპირა სოფელში?
კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ საქრთველოს ენერგეტიკის სამინისტრო გულისხმიერად მოეკიდოს ჩვენს თხოვნას და უმოკლეს დროში მოახდინოს სოფელ ლაფანყურის მოსახლეობის ინფორმირება სპეციალისტებისა და ექსპერტების მიერ გაკეთებული დასკვნებით, რომელიც შეეხება გარემოსა და სოციალური რისკების შეფასებას. დეტალურ ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით ელოდება არამხოლოდ სოფლის მოსახლეობა, არამედ, ასობით ემიგრირებული ჩვენი თანასოფლელი.
აქვე მოგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული დასკვნები არ დაემთხვევა მოსახლეობის განწყობებსა და მოლოდინებს, მივმართავთ უკიდურეს ზომებს და არ დავუშვებთ ჩვენთვის საზიანო პროექტის განხორციელებას, კერძოდ, სოფლისთვის მდინარე ლოპოტის დაკარგვას!
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მკვიდრნი
--------------------
No pasarán!
|