თაღლითური სქემა – როგორ სძალავენ ფულს დასაქმების მსურველებს ძალოვანი უწყებების სახელით?დასაქმების პრობლემა წლების განმავლობაში ქვეყნის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობას ეროვნულ პრობლემებს შორის, ყველაზე მეტად უმუშევრობა აწუხებს. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ დასაქმების სხვადასხვა საიტებზე გამოქვეყნებული ვაკანსიები ასეულობით ადამიანის დაინტერესების საგანი ხდება იმ იმედით, რომ გაუმართლებთ და თუნდაც მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმდებიან. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში გამოჩნდნენ ჯგუფები, რომლებიც სამსახურის მაძიებელთა პრობლემით ბოროტად სარგებლობენ და პირდაპირ რომ ვთქვათ, კარგად ორგანიზებული თაღლითური სქემით მოქმედებენ. ამ სტატიაში ჩვენ ერთ-ერთი ასეთი ჯგუფის შესახებ გიამბობთ, რომლის ხელმძღვანელიც საკუთარ თავს ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნად ასაღებს.
რედაქციაში რამდენიმე ახალგაზრდა გოგო დაგვიკავშირდა, რომლებიც ზემოხსენებული ჯგუფის მახეში გაებნენ. სქემა ასეთია:
ვებსაიტ www.HR.ge-ზე ქვეყნდება სარეკლამო კომპანია „ედუინტენსეს“ განცხადება. დასაქმების მსურველთათვის შეთავაზება საკმაოდ მომხიბვლელად გამოიყურება – 500 ლარამდე ფიქსირებული ხელფასი და პიროვნებაზე მორგებული სამუშაო გრაფიკი. დაინტერესების შემთხვევაში კომპანიას უგზავნით თქვენს CV-ს და საკონტაქტო ინფორმაციას. მოგვიანებით კომპანიიდან გირეკავენ და გეუბნებიან: თქვეს რეზიუმეს გავეცანით და მობრძანდით გასაუბრებაზეო. კომპანიის ფაქტობრივი მისამართი ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზეა, თუმცა საჯარო რეესტრში შპს „ედუინტენსეს“ იურიდიულ მისამართად მარტვილის რაიონის სოფელი სალხინოა მითითებული. ამავე სოფელშია რეგისტრირებული კომპანიის ოფიციალური მეპატრონე, ვინმე ელიზბარ ცაავა. ყიფშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მდებარე ოფისში მისულებს დაგირიგდებათ ფურცლები, სადაც უნდა შეავსოთ თქვენი პირადი ინფორმაცია, ზეპირსიტყვიერ გასაუბრებას კი საკუთარ თავზე იღებს ვინმე შორენა კალანდაძე, რომელიც გეტყვით, რომ საუბარია კოსმეტიკური პროდუქციის გაყიდვებზე, თუმცა სანამ ოფიციალურ თანამშრომლად გაგაფორმებთ, მანამდე ოთხდღიანი ტრენინგი უნდა გაიროთ. დატრენინგებაში თქვენ 40 ლარამდე თანხის გადახდა მოგიწევთ, რაც „საქართველოს ბანკის“ კონკრეტულ ანგარიშზე უნდა გადარიცხოთ. ამის შემდეგ კი სხვადასხვა მიზეზით თქვენ დაგემშვიდობებიან და სამომავლოდ, წარმატებასაც გისურვებენ! ესაა და ეს!
ახლა კი ვნახოთ, რას გვიყვებიან თავად დასაქმების მსურველი გოგონები. მათივე თხოვნით, ვინაობის დასახელებისგან თავს ვიკავებთ, თუმცა უცვლელად გთავაზობთ მონაყოლს:
მაია, 28 წლის:
„როდესაც ვაკანსია ვნახე, მაშინვე გავუგზავნე ჩემი რეზიუმე. მალევე დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ყიფშიძეზე მივსულიყავი გასაუბრებაზე. ოფისში, ჩემ გარდა, სხვა არაერთი პირი ჰყავდათ დაბარებული. გვითხრეს, სანამ გაგაფორმებთ, ტრენინგები უნდა ჩაგიტაროთ და 32 ლარი უნდა გადაიხადოთო. ზოგისთვის 40 ლარი უთქვამთ. რეკვიზიტებიც მოგვცეს. როდესაც ვკითხე, – რა გარანტია მაქვს, რომ ამ თანხის გადახდის შემდეგ დავსაქმდები-თქო, შორენა კალანდაძემ მითხრა: მე ისეთ უწყებაში ვმუშაობ, შენი 32 ლარის გამო პრობლემებს არ შევიქმნიო. ჩემი თანამდებობის გამო, საბუთებში ოფიციალურად არ ვჩანვარ, რადგან არ შეიძლებაო, თორემ ისე კომპანია მე მეკუთვნისო. გვანახა ე.წ. ქსივა და გვითხრა, რომ ნარკოტიკებთან და ტრეფიკინგთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომელი იყო. მე თანხა არ გადამიხდია, მაგრამ, როგორც იქ მყოფი გოგოებისგან გავიგე, ბევრი შეჰყავთ შეცდომაში და საერთო ჯამში, საკმაოდ დიდ თანხებს ასე სძალავენ ხალხს. თუ ამ ტრენინგების მერე ვინმე დაიტოვეს, აიძულებენ რაღაც გაურკვეველი კოსმეტიკური და ჰიგიენური საშუალებების ყიდვას და მათ რეალიზაციას, თუ ვერ გაყიდე, ეგ უკვე შენი პრობლემა იქნება და საბოლოო ჯამში, შეიძლება, დასაქმების ნაცვლად დიდი ვალები დაგადონ“.
ნონა, 21 წლის:
„21 წლის ასაკში 3-წლიანი სამუშაო ადმინისტრაციული გამოცდილება მაქვს და რეზიუმეც იმიტომ გავაგზავნე, რომ გამეგო, რეალურად რა ხდებოდა. სიტუაცია რომ არასანდოა, ყველაფრით შეატყობ, თუ მართლა არ აგირიეს გონება. დაბარებულ კანდიდატებს რაღაც ოთახში მერხებთან სვამენ და პირად ინფორმაციებს ავსებინებენ. გასაუბრებაზე განსაკუთრებული არაფერი უთქვამს, გარდა იმისა, რომ „ჩვენ ვართ სარეკლამო კომპანია და გვესაჭიროება „პიარმენეჯერებიო“. შემდეგ გაირკვა, რომ მანდ ერთი ჩემი ახლობელიც იყო მისული, 40 ლარიც გადაახდევინეს და 300 ლარის პროდუქციაც აყიდვინეს, თითქმის იძულებით. დაარწმუნეს, ორჯერ მეტს ამოიღებო. შემდეგ ამ პროდუქციის გასაღებაზე უნდა ეზრუნა. საბოლოოდ ვალი დაედო. თანაც ამ კომპანიის ვაკანსიას რომ დააჭირო, მილიონ სხვა ვაკანსიას ამოგიყრის, აქედანაც გასაგებია, რაც ხდება… დატრენინგებაში ფულს ახდევინებენ და შემდეგ ამათგან ნაწილი მაინც ყიდულობს 300-ლარიან პროდუქციას. ჩვეულებრივი სქემაა და აშტერებენ ისედაც გაჭირვებულ ხალხს, თან რაღაც ძალოვანი უწყებით მანიპულირებენ – თითქოს ვიღაც „კრიშავთ“ ზევიდან“.
ჩვენი რესპონდენტები ყვებიან, რომ მათთან მოლაპარაკებებს ძირითადად შორენა კალანდაძე აწარმოებდა, რომელიც კომპანიის ფაქტობრივი დირექტორია. ჩვენ, ცხადია, პირადად მასაც დავუკავშირდით, თუმცა მანამდე ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს-ი) გადავამოწმეთ. ორივე ამ უწყებაში განგვიმარტეს, რომ ასეთი პიროვნება მათთან საერთოდ არ მუშაობს. მიუხედავად ამისა, შორენა კალანდაძე დაჟინებით ირწმუნებოდა, რომ ის ნამდვილად ძალოვანი უწყების თანამშრომელია:
– ქალბატონო შორენა, დაგვიკავშირდა რამდენიმე ახალგაზრდა, რომლებსაც დასაქმების სანაცვლოდ კონკრეტული თანხის გადახდას სთავაზობთ… იქნებ განგვიმარტოთ, როგორ ხდება თქვენს მიერ ადამიანების დასაქმება?
– თქვენ რა გაინტერესებთ? ჩემს კომპანიაზე მოგცეთ ინფორმაციები? ძალიან გთხოვთ, სხვა პრობლემებს მიხედეთ.
– თქვენ ამ გოგონებს გაეცანით, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ სუს-ის თანამშრომელი… ასეა?
– რა გაინტერესებთ? დიახ, მე მაქვს „ქსივა“. წარგიდგინოთ, გინდათ?! მე გახლავართ კორუფციისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის უფროსი.
– მე გადავამოწმე ინფორმაცია შსს-შიც და სუს-შიც… მითხრეს, რომ შორენა კალანდაძე არც ერთ ამ უწყებაში არ მუშაობს…
– ანუ ამით რა გინდათ, თქვათ.
– მაინტერესებს, შეცდომაში ხომ არ შეგყავთ დასაქმების მსურველები და ხომ არ მანიპულირებთ ძალოვანი უწყებების სახელით?
– არავინ არ შემყავს შეცდომაში. შემიძლია, გაჩვენოთ საბუთი, მაგრამ…
– თქვენი კომპანია მარტვილშია რეგისტრირებული ხომ?
– დიახ, დირექტორია წარმოშობით იქიდან. აუ, თქვენი ზღაპრებისთვის არ მცალია ახლა. ჩემს თანამშრომლებს არ დაურეკოთ. არ მაქვს თქვენთვის დრო.
„პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ ზემოხსენებული ჯგუფი, შორენა კალანდაძის ხელმძღვანელობით, უკვე წლებია, მოქმედებს, თანაც სხვადასხვა კომპანიის სახელით. მაგალითად, 2010 წელს კომპანია „საქართველოს თავისუფალი ბიზნესჯგუფი“ ბათუმის მოსახლეობას დასაქმებისთვის საკმაოდ ხელსაყრელ პირობებს სთავაზობდა, თუმცა ადგილზე მისულ მსურველებს სპეციალური აპლიკაციის შევსებაში 40 ლარის გადახდას, შემდგომ კი სხვადასხვა სახის ჰიგიენური საშუალებების შეძენას სთხოვდნენ. გაირკვა, რომ ამ კომპანიის უკანაც ძალოვაი უწყების თვითმარქვია თანამშრომელი, შორენა კალანდაძე იდგა.
მაშინ დაზარალებული მოქალაქეები გაზეთ „ბათუმელებს“ დაუკავშირდნენ. აი, რას ყვებიან ისინი:
რუსუდან ბაგრატიონი, 23 წლის:
„ჩემმა ნათესავმა ქუჩაში ნახა განცხადება და ტელეფონის ნომერი. ჯერ დავრეკეთ. მკითხეს, რა მქონდა დამთავრებული. ვუპასუხე, რომ ინგლისურის სპეციალისტი ვარ და საბუღალტრო კურსები მაქვს გავლილი. დამიბარეს ვაჟა-ფშაველას ქუჩის 9 ნომერში (მაშინ ეს ოფისი ბათუმში ამ მისამართზე მდებარეობდა) და გამაფრთხილეს, გიორგი ბასილაძე მეკითხა. ჯერ ანკეტა შევავსე. შემდეგ ამიხსნეს, რომ 40 ლარი უნდა გადამეხადა და თან კონტრაქტისთვისაც მომეწერა ხელი. მითხრეს, რომ ტრენინგები უნდა გამევლო. ვიკითხე, რა უნდა გამეკეთებინა, რაზეც მიპასუხეს, რომ მარკეტინგის თემა ხუთ წუთში არ აიხსნება. ექვსი ლექცია ჩაგვიტარეს“.
რუსუდან ბაგრატიონის თქმით, მეექვსე ლექციის შემდეგ ის გააფრთხილეს, რომ მინიმალური თანხა – 200, მაქსიმალური კი 600 ლარი უნდა გადაეხადა. გარდა ამისა, თუ ოფისში სამუშაოდ დარჩებოდა, დასაქმების სხვა მსურველები უნდა მიეყვანა, რომლებიც 40 ლარს გადაიხდიდნენ. იქიდან 10 ლარი მათი იქნებოდა.
„სწორედ ამის შემდეგ გამართლდა ჩემი ეჭვი. მოტყუებული აღმოვჩნდი. საჯაროდ ამის განცხადება მხოლოდ იმიტომ მინდა, რომ სხვებიც არ მოტყუვდნენ“, – ამბობს რუსუდან ბაგრატიონი.
გიული გურგენიძე, 29 წლის:
„მეგონა, რომ ოფისში ვიქნებოდი დასაქმებული. შემდეგ ექვსი ლექცია შემოგვთავაზეს – „ტიენსის“ პროდუქციის, მაგალითად, 20-დოლარიანი კბილის პასტის შესყიდვაზე. ოფისში რომ დავესაქმებინე ე.წ. კომპიუტერის ნომერი უნდა მეყიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ, მაგალითად, 25-ე არხზე განცხადება გამეკეთებინა ჩემი ტელეფონის ნომრის მითითებით. შორენა კალანდაძეს ვუთხარი, რომ შეეძლოთ, ეს წინასწარ ეთქვათ და 40 ლარს აღარ გადავიხდიდი. ქვითარი მომცეს და შემდეგ გამომართვეს. მარტო ჩვენს ჯგუფში 25 ადამიანი იყო. იმ პერიოდში ასეთი 3-4 ჯგუფი ჰყავდათ. რამდენადაც ვიცი, ჩვენი ჯგუფიდან მუშაობის გაგრძელების სურვილი აღარავის ჰქონია“.
მარი, 19 წლის:
„40 ლარი გადავიხადე, მაგრამ არავის უხსენებია, სამუშაოს გაგრძელებისთვის ფული კიდევ თუ იყო გადასახდელი. ეს გავაპროტესტეთ, მაგრამ მითხრეს, რომ ვერაფერს დავაკლებდი, რადგან ხელშეკრულებაზე ხელი ჩემი სურვილით მქონდა მოწერილი. სამწუხაროდ, ხელშეკრულებას ხელი ისე მოვაწერე, არც წამიკითხავს“.
დოკუმენტების მიხედვით, „საქართველოს თავისუფალი ბიზნესჯგუფი“ ბათუმში 2009 წლის მაისში დაფუძნდა. თავდაპირველად ოფისი რუსთაველის ქუჩის 21 ნომერში მდებარეობდა, შემდეგ – ვაჟა-ფშაველას ქუჩის #9-ში.
ჯერ კიდევ 2010 წელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ზემოხსენებული ჯგუფის საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ხედავდა და სავარაუდო თაღლითობაზე მიუთითებდა.
„ზოგადად, ნებისმიერ ურთიერთობას ახლავს გარკვეული რისკები, რაც შეიძლება სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვანაირად შეფასდეს სამართლებრივად. ამ ორგანიზაციის ქმედებების ქრონოლოგიური აღწერა იძლევა საფუძველს, ვივარაუდოთ: გარკვეული პირების ქმედებათა ერთობლიობა აკმაყოფილებს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მოთხოვნებს (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით). ასევე, მნიშვნელოვანია, თანხის გადახდის სანაცვლოდ მოქალაქეებზე გაცემული დოკუმენტის შესაბამისობა კანონმდებლობის მოთხოვნებთან“, – ასეთია იურისტების შეფასება.
მაშინ ამ ფაქტებით გამოძიება არ დაინტერესებულა, თუმცა გაზეთ „ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ ზემოხსენებულმა ჯგუფმა, როგორც ჩანს, მისამართიც შეიცვალა და სახელწოდებაც. ამჯერად ისინი შპს „ედუინტენსეს“ სახელით თბილისის მოსახლეობის დასაქმებაზე „ზრუნავენ“.
გავარკვიეთ ისიც, რომ თბილისში შორენა კალნადაძის სახელი როგორც მინიმუმ კიდევ ორ კომპანიას უკავშირდება: შპს „ბიზნეს აკადემია“ და შპს „საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფი“.
ეხლაც უდევს ამ კომპანიას HR.GE-ე ვაკანსიები!


This post has been edited by Adam_Beyer on 28 Feb 2017, 19:23