(კომუნისტური პარტიის მანიფესტი)
ბურჟუები და პროლეტარები
დღემდე არსებული ყველა საზოგადოების ისტორია არის კლასთა ბრძოლის ისტორია. თავისუფალი და მონა, პატრიცი და პლებეი, ბატონი და ყმა, ოსტატი
და ქარგალი, მოკლედ – მჩაგვრელი და დაჩაგრული მუდმივ ანტაგონიზმ-ში იყვნენ ერთმანეთთან, ეწეოდნენ შეუწყვეტელ ხან მალულ, ხან აშკარა ბრძოლას, ბრძოლას, რომელიც ყოველთვის თავდებოდა მთელი საზოგადოების რევოლუციური გარდაქმნით, ან მებრძოლ კლასთა საერთო დაღუპვით. ისტორიის წინანდელ ეპოქებში ჩვენ თითქმის ყველგან ვპოულობთ საზოგადოების სრულ დანაწილებას სხვადასხვა წოდებად, საზოგადოებრივ მდგომარეობათა მთელ წყებას. ძველ რომში ჩვენ ვხედავთ პატრიციებს, მხედრებს, პლებეებს, მონებს; შუა საუკუნეებში – ფეოდალურ ბატონებს, ვასალებს, ამქრის ოსტატებს, ქარგლებს, ყმებს და მასთან ერთად თითქმის თვითეულ ამ კლასში კიდევ განსაკუთრებულ საფეხურებს.თანამედროვე ბურჟუაზიულ საზოგადოებას,რომელიც დაღუპული ფეოდალური საზოგადოების წიაღიდან გამოვიდა, როდი მოუსპია კლასობრივი წინააღმდეგობანი. მან ძველის ალაგას მხოლოდ ახალი კლასები, ჩაგვრის ახალი პირობები და ბრძოლის ახალი ფორმები შექმნა, მაგრამ ჩვენი ეპოქა, ბურჟუაზიის ეპოქა, იმით განსხვავდება, რომ მან გაამარტივა კლასობრივი წინააღმდეგობანი, მთელი საზოგადოება სულ უფრო და უფრო იყოფა ორ დიდ მტრულ ბანაკად, ორ დიდ, ერთიმეორისადმი უშუალოდ დაპირისპირებულ კლასად – ბურჟუაზიად და პროლეტარიატად.შუა საუკუნეების ყმებიდან წარმოიშვა პირველი ქალაქთა თავისუფალი მოსახლეობა; მოქალაქეთა ამ წოდებიდან განვითარდნენ ბურჟუაზიის პირველი ელემენტები.ამერიკის აღმოჩენამ, აგრეთვე აფრიკის გარშემო მიმავალმა საზღვაო გზის აღმოჩენამ ახალი ასპარეზი შეუქმნეს აღმავალ ბურჟუაზიას. აღმოსავლეთ-ინდოეთისა და ჩინეთის ბაზრებმა, ამერიკის კოლონიზაციამ, კოლონიებთან გაცვლა-გამოცვლამ, მანამდე გაუგონარი ბიძგი მისცა ვაჭრობას, ნაოსნობას, მრეწველობას და ამით სწრაფად განავითარა რევოლუციური ელემენტი დაშლის პროცესით მოცულ ფეოდალურ საზოგადოებაში.მრეწველობის მანამდე არსებულ ფეოდალურ ან ამქრულ წარმოების წესს უკვე აღარ შეეძლო დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა, რომელიც ახალ
ბაზრებთან ერთად იზრდებოდა. მისი ადგილი მანუფაქტურამ დაიჭირა. ამქრის ოსტატები განდევნილ იქნენ მრეწველი საშუალო წოდების მიერ;
შრომის დანაწილება სხვადასხვა კორპორაციებს შორის გაჰქრა, მან ადგილი დაუთმო შრომის დანაწილებას თვით ცალკეულ სახელოსნოში. მაგრამ ბაზრები განუწყვეტლივ ფართოვდებოდნენ, მოთხოვნა სულ იზრდებოდა, მანუფაქტურაც უკვე აღარ კმაროდა. მაშინ ორთქლმა და მანქანამ მოახდინეს რევოლუცია სამრეწველო წარმოებაში. მანუფაქტურის ადგილი დაიჭირა თანამედროვე მსხვილმა მრეწველობამ, მრეწველი საშუალო წოდების ადგილი მილიონერ-მრეწველებმა, მთელი სამრეწველო არმიების წინამძღოლებმა, თანამედროვე ბურჟუებმა.მსხვილმა მრეწველობამ შექმნა მსოფლიო ბაზარი, რომელსაც ნიადაგი მოუმზადა ამერიკის აღმოჩენამ. მსოფლიო ბაზარმა უაღრესად განავითარა ვაჭრობა, ნაოსნობა და სახმელეთო მიმოსვლის საშუალებები. ამან თავის
მხრივ გავლენა იქონია მრეწველობის გაფართოებაზე, და იმდენად, რამდენადაც იზრდებოდა მრეწველობა, ვაჭრობა, ნაოსნობა, რკინიგზები, ვითარდებოდა ბურჟუაზიაც, იგი ადიდებდა თავის კაპიტალებს და უკანა რიგში ერეკებოდა შუა საუკუნეებიდან გადმოსულ ყველა კლასს. ჩვენ ვხედავთ, ამრიგად რომ თანამედროვე ბურჟუაზია თვითონ არის ნაყოფი განვითარების ხანგრძლივი მსვლელობისა, წარმოების და აღებ-მიცემის წესში მომხდარი მთელი რიგი გადატრიალებებისა.
ბურჟუაზიის განვითარების თვითეულ ამ საფეხურს თან ახლდა შესაფერისი პოლიტიკური წარმატება. ბურჟუაზიამ, რომელიც წარმოადგენდა დაჩაგრულ წოდებას ფეოდალთა ბატონობის დროს, შეიარაღებულ და თვითმმართველ ასოციაციას კომუნაში, აქ დამოუკიდებელ ქალაქის რესპუბლიკას, იქ მონარქიის მოხარკე მესამე წოდებას. შემდეგ, მანუფაქტურის დროს, თავადაზნაურობის წინააღმდეგ საპირწონე ძალას წოდებრივს ან აბსოლუტურ მონარქიაში და საერთოდ დიდი მონარქიების მთავარ საფუძველს ამ ბურჟუაზიამ, ბოლოს მსხვილი მრეწველობისა და მსოფლიო ბაზრის დამყარების შემდეგ, თანამედროვე წარმომადგენლობით სახელმწიფოში ბრძოლით მოიპოვა თავისთვის განსაკუთრებული პოლიტიკური ბატონობა. თანამედროვე სახელმწიფო ხელისუფლება მარტოოდენ კომიტეტია, რომელიც მთელი ბურჟუაზიული კლასის საერთო საქმეებს განაგებს.
ბურჟუაზიამ უაღრესად რევოლუციური როლი შეასრულა ისტორიაში.
სადაც კი ბურჟუაზიამ ბატონობას მიაღწია, ყველგან დაანგრია ყველა ფეოდალური, პატრიარქალური, იდილიური ურთიერთობანი. მან შეუბრალებლადდაამსხვრია ის სხვადასხვანაირი ფეოდალური ჯაჭვი, რომლითაც ადამიანი მიბმული იყო მის „ბუნებრივ მბრძანებლებზე“, და არ დატოვა არავითარი სხვა კავშირი ადამიანსა და ადამიანს შორის, გარდა გაშიშვლებული ინტერესისა, გარდა უსულგულო „ნაღდად გადახდისა“, ეგოისტური ანგარიშის ყინულოვან წყალში ჩაახრჩო მან საღმრთო ჟრუანტელი რელიგიური აღტკინებისა, რაინდული აღფრთოვანებისა, მეშჩანური გრძნობიერებისა.
მან პირადი ღირსება საცვლელ ღირებულებად გადააქცია და უთვალავ ნაბოძვარ და კეთილშენაძენ თავისუფლებათა ადგილას დაამყარა ერთადერთი უსინდისო თავისუფლება ვაჭრობისა. ერთი სიტყვით, რელიგიური და პოლიტიკური ილუზიებით მიჩქმალული ექსპლოატაციის ადგილას მან დაამყარა აშკარა, უსირცხვილო, პირდაპირი, ტლანქი ექსპლოატაცია.
ბურჟუაზიამ წმინდანობის შარავანდედი ახადა იმ მოქმედებას, რომელსაც დღემდე საპატიოდ თვლიდნენ და მოწიწების გრძნობით უცქეროდნენ. ექიმი, იურისტი, მღვდელი, პოეტი, მეცნიერი მან სასყიდლით მომუშავე თავის დაქირავებულ მუშებად გადააქცია.
ბურჟუაზიამ ოჯახურ ურთიერთობას მისი მგრძნობიერ-სანტიმენტალური საბურველი ჩამოაფხრიწა და იგი მარტოოდენ ფულად ურთიერთობად აქცია.
ბურჟუაზიამ ცხადყო, რომ ძალის უხეში გამოვლინება შუა საუკუნეებში, რასაც ესოდენ აღტაცებაში მოჰყავს რეაქციონერები, თავის ბუნებრივ დამატებას უკიდურეს სიზანტეში პოულობდა. პირველად მან გვიჩვენა, თუ რისი შესრულება შეუძლია ადამიანის მოქმედებას. მან შექმნა სულ სხვაგვარი საკვირველებანი ხელოვნებისა, ვიდრე ეგვიპტის პირამიდები, რომის წყალსადენები და გოტიკური ტაძრები, მან ჩაატარა სულ სხვანაირი ლაშქრობანი, ვიდრე ხალხთა გადასახლებანი და ჯვაროსნული ომები.ბურჟუაზიას არსებობა არ შეუძლია, თუ არ გამოიწვია განუწყვეტელი რევოლუციური გარდაქმნა წარმოების იარაღებისა, მაშასადამე – წარმოებითი ურთიერთობისა, მაშასადამე – მთელი საზოგადოებრივი ურთიერთობისა. პირიქით, წარმოების ძველი წესის უცვლელად შენარჩუნება არსებობის პირველი პირობა იყო ყველა წინანდელი მრეწველი კლასისათვის. განუწყვეტელი გადატრიალება წარმოებაში, განუწყვეტელი რყევა ყველა საზოგადოებრივი ურთიერთობისა, მუდმივი მერყეობა და მოძრაობა განასხვავებს ბურჟუაზიულ ეპოქას ყველა წინანდელი ეპოქისაგან. ყველა გაქვავებული, ჟანგმოკიდებული ურთიერთობა და მისი თანმყოლი, ძველთაგან საპატიოდ მიჩნეული წარმოდგენანი და შეხედულებანი ირღვევა, ყველა ახლად აღმო-ცენებული ძველდება, ვიდრე გაქვავებას მოასწრებდეს. ყოველივე წოდებ-რივი და უძრავი ქრება, ყოველივე წმინდა შემწიკვლული ხდება, და ადამიანები ბოლოს იძულებული ხდებიან ფხიზელი თვალით შეხედონ თავიანთი ცხოვრების მდგომარეობას და თავიანთ ურთიერთდამოკიდებულებას.
ის მოთხოვნილება, რომ რაც შეიძლება მეტი პროდუქტი გაასაღოს, აიძულებს ბურჟუაზიას მთელი დედამიწის ზურგს მოედოს. მან ყველგან
უნდა მოიკიდოს ფეხი, ყველგან მოიკალათოს, ყველგან კავშირურთიერთობა დაამყაროს.მსოფლიო ბაზრის ექსპლოატაციის გზით ბურჟუაზიამ კოსმოპოლიტური გახადა ყველა ქვეყნის წარმოება და მოხმარება. რეაქციონერთათვის დიდად სამწუხაროდ, მან მრეწველობას ეროვნული ნიადაგი გამოაცალა.
ძველისძველი ეროვნული მრეწველობის დარგები მოისპო და დღითიდღე ისპობა კიდევ. მათ აძევებენ მრეწველობის ახალი დარგები, რომელთა
შემოღება სასიცოცხლო საკითხად ხდება ყველა ცივილიზებული ერისათვის, – დარგები, რომელნიც უკვე არა ადგილობრივი ნედლეულის, არამედ დედამიწის უშორესი კუთხეებიდან მოტანილი ნედლეულის დამუშავებას ეწევიან და რომელთა ფაბრიკატები არა მარტო თვითონ იმ ქვეყანაში,
არამედ ამავე დროს მსოფლიოს ყველა ნაწილში მოიხმარება. ძველ მოთხოვნილებათა ადგილას, რასაც სამშობლო ქვეყნის პროდუქტები აკმაყო-ფილებდნენ, ჩნდება ახალი მოთხოვნილებანი, რომელთა დასაკმაყოფილებლად უშორესი ქვეყნებისა და სულ სხვადასხვა ჰავის პროდუქტებია
საჭირო. ძველი კუთხური და ეროვნული კარჩაკეტილობისა და საკუთარი წარმოების პროდუქტებით დაკმაყოფილების ნაცვლად წარმოდგა ერების
ყოველმხრივი კავშირურთიერთობა და ყოველმხრივი დამოკიდებულება ერთმანეთისაგან და ასეა როგორც მატერიალურ, ისე გონებრივ წარმოებაშიც. ცალკეული ერის გონებრივი ნაწარმოები საერთო კუთვნილება ხდება. ეროვნული ცალმხრივობა და შეზღუდულობა სულ უფრო და უფრო შეუძლებელი ხდება, და მრავალი ეროვნული და ადგილობრივი ლიტერატურიდან ერთი მსოფლიო ლიტერატურა იქმნება.
ბურჟუაზია წარმოების ყველა იარაღის სწრაფი გაუმჯობესებით და უსასრულოდ გაადვილებული მიმოსვლის შემწეობით ცივილიზაციისაკენ
მიაქანებს ყველა ერს, თვით უაღრესად ბარბაროსულსაც კი. მისი საქონლის სიიაფე – აი ის მძიმე არტილერია, რომლითაც იგი ძირიანად ანგრევს ყველა ჩინურ კედელს და იარაღს აყრევინებს ბარბაროსთა უჯიუტეს მძულვარებას უცხოელებისადმი. იგი აიძულებს ყველა ერს წარმოების
ბურჟუაზიული წესი შეითვისონ, თუ არ უნდათ განადგურდნენ; იგი აიძულებს მათ შემოიღონ ეგრეთწოდებული ცივილიზაცია, ე. ი. იქცნენ ბურჟუებად. ერთი სიტყვით, იგი თავის ხატად და მსგავსად ქმნის მთელ ქვეყანას.
ბურჟუაზიამ სოფელი ქალაქის ბატონობას დაუმორჩილა. მან შექმნა უზარმაზარი ქალაქები, უაღრესად გაამრავლა ქალაქის მოსახლეობის
რიცხვი სოფლის მოსახლეობასთან შედარებით და ამგვარად მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი გამოჰგლიჯა სოფლური ცხოვრების იდიოტიზმს,
როგორც სოფელი ქალაქისაგან, ისევე დამოკიდებული გახადა მან ბარბაროსული და ნახევრად ბარბაროსული ქვეყნები ცივილიზებული ქვეყნებისაგან,
გლეხი ხალხი ბურჟუაზიული ხალხისაგან, აღმოსავლეთი დასავლეთისაგან.
ბურჟუაზია სულ უფრო და უფრო სპობს წარმოების საშუალებების, ქონებისა და მოსახლეობის დაქუცმაცებას. მან შეამჭიდროვა მოსახლეობა, მოახდინა წარმოების საშუალებათა ცენტრალიზაცია და საკუთრების კონცენტრაცია მცირეოდენთა ხელში. ამის აუცილებელი შედეგი იყო პოლიტიკური ცენტრალიზაცია. დამოუკიდებელი, ან თითქმის მხოლოდ სამოკავშირეო ურთიერთობით დაკავშირებული პროვინციები, სხვადასხვა
ინტერესებით, კანონებით, მთავრობებით და ბაჟებით, შედუღებულ იქნენ ერთ ერად – ერთი მთავრობით, ერთი კანონმდებლობით, ერთი ეროვნული კლასობრივი ინტერესით, ერთი საბაჟო ხაზით.
თავისი კლასობრივი ბატონობის ერთ საუკუნეზე ნაკლები ხნის განმავლობაში ბურჟუაზიამ უფრო მრავალრიცხოვანი და უფრო უზარმაზარი
საწარმოო ძალები შექმნა, ვიდრე ყველა წარსულმა თაობამ, ერთად აღებულმა. ბუნების ძალთა დამორჩილება, მანქანური წარმოება, ქიმიის გამოყენება მრეწველობასა და მიწათმოქმედებაში, ორთქლის გემები, რკინიგზები, ელექტრონის ტელეგრაფები, დედამიწის მთელი ნაწილების ათვისება
მიწათმოქმედებისათვის, მდინარეების მოწყობა სანაოსნოდ, მთელი, თითქოს მიწიდან ამომძვრალი, მასები მოსახლეობისა, აბა რომელ წინანდელ
საუკუნეს დაესიზმრებოდა, რომ ასეთი მწარმოებლური ძალები თვლემდნენ საზოგადოებრივი შრომის წიაღში!
ამრიგად, ჩვენ დავინახეთ, რომ წარმოებისა და აღებ-მიცემის საშუალებანი, რომელთა საფუძველზე ბურჟუაზია აღმოცენდა, ფეოდალურ საზოგადოებაში წარმოიშვნენ. წარმოებისა და აღებ-მიცემის ამ საშუალებათა განვითარების გარკვეულ საფეხურზე ის ურთიერთობანი, რომლებშიც
ფეოდალური საზოგადოება აწარმოებდა და გაცვლა-გამოცვლას ეწეოდა, მიწათმოქმედებისა და მანუფაქტურის ფეოდალური ორგანიზაცია, ერთი
სიტყვით – ფეოდალური საკუთრების ურთიერთობანი, აღარ შეეფერებოდნენ უკვე განვითარებულ მწარმოებლურ ძალებს, ისინი აფერხებდნენ
წარმოებას, ნაცვლად იმისა, რომ განევითარებინათ იგი. ისინი მის ბორკილებად იქცნენ. ისინი უნდა დამსხვრეულიყვნენ და დაიმსხვრნენ კიდეც.
მათი ადგილი დაიკავა თავისუფალმა კონკურენციამ მისი შესაფერი საზოგადოებრივი და პოლიტიკური წყობილებით, ბურჟუაზიული კლასის
ეკონომიური და პოლიტიკური ბატონობით.
მსგავსი მოძრაობა წარმოებს ჩვენ თვალწინ. თანამედროვე ბურჟუაზიული საზოგადოება, – მისი ბურჟუაზიული წარმოებითი და აღებ-მიცემითი
ურთიერთობით, საკუთრების ბურჟუაზიული ურთიერთობით, რომელმაც თითქოს ჯადოსნობით შექმნა წარმოებისა და აღებ-მიცემის ესოდენ ძლიერი საშუალებანი, იმ ჯადოქარს ჰგავს, რომელსაც ვეღარ დაუმორჩილებია მის მიერ ქვესკნელიდან ჯადო სიტყვით გამოწვეული ძალები. ეს რამდენიმე ათეული წელიწადია, რაც მრეწველობისა და ვაჭრობის ისტორია არის მხოლოდ ისტორია თანამედროვე მწარმოებლურ ძალთა აჯანყებისა
თანამედროვე წარმოებით ურთიერთობათა წინააღმდეგ, საკუთრების ურთიერთობათა წინააღმდეგ, რომელნიც ბურჟუაზიისა და მისი ბატონობის
არსებობის პირობებს წარმოადგენენ. საკმარისია დავასახელოთ სავაჭრო კრიზისები, რომელნიც თავიანთი პერიოდული განმეორებით სულ უფრო
და უფრო მრისხანედ აყენებენ ეჭვქვეშ მთელი ბურჟუაზიული საზოგადოების არსებობას. სავაჭრო კრიზისების დროს რეგულარულად ისპობა დიდი
ნაწილი არა მარტო დამზადებული პროდუქტებისა, არამედ უკვე შექმნილი მწარმოებლური ძალებისაც. კრიზისების დროს იფეთქებს ხოლმე საზოგადოებრივი ეპიდემია, რომელიც ყველა წინანდელ ეპოქას უაზრობად მოეჩვენებოდა, ეპიდემია ჭარბწარმოებისა. საზოგადოება უეცრივ უკან იწევს
და ბარბაროსობის მდგომარეობაში ვარდება; თითქოს შიმშილმა, გამანადგურებელმა საყოველთაო ომმა მოუსპო მას ყველა საარსებო საშუალებაო;
გგონია, თითქოს მრეწველობა, ვაჭრობა მოისპო და რატომ? იმიტომ, რომ საზოგადოებას აქვს მეტისმეტად დიდი ცივილიზაცია, მეტისმეტად
ბევრი საარსებო საშუალება, მეტისმეტად დიდი მრეწველობა, მეტისმეტად დიდი ვაჭრობა. მის განკარგულებაში მყოფი მწარმოებლური ძალები
უკვე აღარ ემსახურებიან ბურჟუაზიული ცივილიზაციისა და საკუთრების ბურჟუაზიული ურთიერთობის განვითარებას; პირიქით, იმ ურთიერთობისათვის ისინი მეტისმეტად ძლიერნი გახდნენ, ბურჟუაზიული ურთიერთობა აბრკოლებს მათ განვითარებას; ხოლო როგორც კი მწარმოებლური ძალები ამ დაბრკოლებას გადალახავენ, ისინი იწვევენ მთელი ბურჟუაზიული საზოგადოების მოშლილობას, ხიფათში აგდებენ ბურჟუაზიული საკუთრების არსებობას. ბურჟუაზიული ურთიერთობა მეტისმეტად ვიწრო შეიქნა, რათა დაიტიოს მის მიერ შექმნილი სიმდიდრე. რით სძლევს ხოლმე ბურჟუაზია კრიზისებს? ერთი მხრივ, მწარმოებლურ ძალთა მთელი მასის იძულებითი მოსპობის გზით; მეორე მხრივ – ახალი ბაზრების დაპყრობით და
ძველი ბაზრების უფრო საფუძვლიანი ექსპლოატაციით. მაშასადამე, რით? მით, რომ უფრო ყოველმხრივსა და უფრო მძლავრ კრიზისებს ამზადებს და
ამ კრიზისების ამარიდებელ საშუალებას ამცირებს.
იარაღი, რომლითაც ბურჟუაზიამ ფეოდალიზმი დაამხო, ახლა თვით ბურჟუაზიის წინააღმდეგ მიიმართება.
მაგრამ ბურჟუაზიამ არა მარტო გამოჭედა ის იარაღი, რომელიც მას სიცოცხლეს გამოასალმებს; მან ის ადამიანებიც წარმოშვა, რომელნიც ამ იარაღს
მიმართავენ მის წინააღმდეგ, – ე. ი. თანამედროვე მუშები, პროლეტარები. იმავე ზომით, რა ზომითაც ბურჟუაზია, ე. ი. კაპიტალი, ვითარდება,
– ვითარდება პროლეტარიატიც, კლასი თანამედროვე მუშებისა, რომელთაც მხოლოდ მანამდე შეუძლიათ არსებობა, ვიდრე სამუშაოს შოულობენ,
და რომელნიც მხოლოდ მანამდე შოულობენ სამუშაოს, ვიდრე მათი შრომა კაპიტალს ადიდებს. ეს მუშები, რომლებიც იძულებული არიან ცალობით
ჰყიდონ თავიანთი თავი, ისეთსავე საქონელს წარმოადგენენ, როგორიცაა ვაჭრობის ყოველივე სხვა საგანი, და ამიტომ თანაბრად განიცდიან კონკურენციის ყველა ცვალებადობას, ბაზრის ყველა რყევას. პროლეტარების შრომამ, მანქანების გავრცელებისა და შრომის დანაწილების გამო, სრულიად დაჰკარგა თავისთავადი ხასიათი და მით ყოველივე მიმზიდველობა მუშისათვის. მუშა მანქანის უბრალო დანამატად
იქცევა, რომელსაც მოეთხოვება მხოლოდ უაღრესად მარტივი, უაღრესად ერთფეროვანი და ძალიან ადვილად შესათვისებელი ხელმარჯვეობა. ამიტომ ხარჯები, რასაც მუშის დაქირავება იწვევს, განისაზღვრება თითქმის მარტო იმ საარსებო საშუალებებით, რომლებსაც მუშა საჭიროებს თავის
სარჩენად და თავისი მოდგმის განსაგრძობად. მაგრამ ყოველი საქონლის ფასი და, მაშასადამე, შრომისაც უდრის მისი წარმოების ხარჯებს. ამიტომ
იმავე ზომით, რა ზომითაც იზრდება შრომის არამიმზიდველობა, მცირდება ხელფასი. უფრო მეტიც: იმავე ზომით, რა ზომითაც იზრდება მანქანების გამოყენება და შრომის დანაწილება, მატულობს შრომის რაოდენობაც, სულ ერთია, ხდება ეს სამუშაო საათების გამრავლების გზით, ან იმ შრომის გადიდებით, რომელიც განსაზღვრულ დროში მოეთხოვება მუშას, თუ მანქანების აჩქარებული მოძრაობით და ა. შ.
თანამედროვე მრეწველობამ პატრიარქალური ოსტატის პატარა სახელოსნო მრეწველი კაპიტალისტის დიდ ფაბრიკად გადააქცია. ფაბრიკაში თავმოყრილი მუშათა მასები ჯარისკაცურად არიან ორგანიზებული.
როგორც მრეწველობის რიგითი ჯარისკაცები, ისინი დაყენებული არიან უნტერ-ოფიცერთა და ოფიცერთა მთელი იერარქიის მეთვალყურეობის
ქვეშ. ისინი არა მარტო ბურჟუაზიული კლასის, ბურჟუაზიული სახელმწიფოს მონები არიან, მათ ყოველდღე და ყოველ საათს იმონებს მანქანა,
ზედამხედველი და პირველ ყოვლისა თვითონ ცალკეული ბურჟუა-მეფაბრიკე. ეს დესპოტიზმი მით უფრო წვრილმანი, საძულველი და აღმაშფოთებელია, რაც უფრო აშკარად აღიარებს იგი თავის მიზნად გამდიდრებას. რაც უფრო ნაკლებ დახელოვნებასა და ძალ-ღონეს მოითხოვს ხელით
მუშაობა, ე.ი. რაც უფრო ვითარდება თანამედროვე მრეწველობა, მით უფრო მეტად იდევნება მამაკაცის შრომა ქალისა და ბავშვის შრომით. მუშათა კლასისათვის არავითარი საზოგადოებრივი მნიშვნელობა აღარა აქვს სქესისა და ასაკის განსხვავებას. არსებობს მხოლოდ სამუშაო ინსტრუმენტები, რომელნიც ასაკისა და სქესის მიხედვით სხვადასხვა ხარჯებს იწვევენ.
როგორც კი თავდება მუშის ექსპლოატაცია მეფაბრიკის მიერ და მუშა თავის ხელფასს ნაღდად ღებულობს, მას თავს ესხმიან ბურჟუაზიის სხვა
ნაწილები: სახლის პატრონი, მედუქნე, მევახშე და სხვა.საშუალო წოდების დაბალი ფენები: წვრილი მრეწველები, ვაჭრები და რანტიეები, ხელოსნები და გლეხები, – ყველა ეს კლასი პროლეტარიატის რიგებში ექცევიან, ნაწილობრივ იმის გამო, რომ მათი პატარა კაპიტალი საკმაო არ არის მსხვილი სამრეწველო წარმოებისათვის და იგი ვერ უძლებს უფრო მსხვილი კაპიტალისტების კონკურენციას, ნაწილობრივ იმიტომ, რომ მათს ხელმარჯვეობას ფასი ეკარგება წარმოების ახალი წესების მეოხებით. ასე გროვდება პროლეტარიატი მოსახლეობის ყველა კლასიდან.
პროლეტარიატი გადის განვითარების სხვადასხვა საფეხურს. პროლეტარიატის ბრძოლა ბურჟუაზიის წინააღმდეგ პროლეტარიატის დღიდანვე
იწყება. თავდაპირველად ბრძოლას ეწევიან ცალკეული მუშები, მერე ერთი ფაბრიკის მუშები, შემდეგ შრომის ერთი დარგის მუშები ერთ განსაზღვრულ ადგილას ცალკეული ბურჟუას წინააღმდეგ, რომელიც მათ უშუალოდ უწევს ექსპლოატაციას. ისინი შეტევას აწარმოებენ არა მარტო ბურჟუაზიულ წარმოებით ურთიერთობათა წინააღმდეგ, არამედ თვით წარმოების იარაღების წინააღმდეგაც; ისინი სპობენ უცხოურ საქონელს, რომელიც მათ კონკურენციას უწევს, ამტვრევენ მანქანებს, ცეცხლს უკიდებენ ფაბრიკებს, ცდილობენ აღადგინონ შუა საუკუნეების მუშის დაკარგული
მდგომარეობა.
ამ საფეხურზე მუშები წარმოადგენენ მთელ ქვეყანაში გაფანტულ და კონკურენციის გამო დაქუცმაცებულ მასას. მუშათა მასობრივი შემჭიდროება ჯერ კიდევ არ არის შედეგი მათი საკუთარი გაერთიანებისა, არამედ შედეგია ბურჟუაზიის გაერთიანებისა: ბურჟუაზიამ თავისი საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად მთელი პროლეტარიატი მოძრაობაში უნდა მოიყვანოს და ამას იგი დროებით ახერხებს კიდეც. მაშასადამე, ამ საფეხურზე პროლეტარები ებრძვიან არა თავიანთ მტრებს, არამედ თავიანთი მტრების მტრებს, აბსოლუტური მონარქიის ნაშთებს, მიწათმფლობელებს, არამრეწველ ბურჟუებს, წვრილ ბურჟუებს. ამრიგად, მთელი ისტორიული მოძრაობა ბურჟუაზიის ხელშია თავმოყრილი; ყოველი გამარჯვება, ასეთ პირობებში მიღწეული, ბურჟუაზიის გამარჯვებას წარმოადგენს.მაგრამ მრეწველობის განვითარებასთან ერთად არა მარტო რიცხობრივად მატულობს პროლეტარიატი; იგი უფრო დიდ მასად მჭიდროვდება,
მისი ძალა იზრდება და ამ ძალას იგი უფრო და უფრო გრძნობს. ინტერესები და ცხოვრების პირობები პროლეტარიატის შიგნით სულ უფრო და
უფრო გათანაბრებული ხდება, რამდენადაც მანქანა უფრო და უფრო აქარწყლებს შრომის სხვადასხვაობას და თითქმის ყველგან ერთნაირად დაბალ
დონეზე ჩამოჰყავს ხელფასი. მზარდი კონკურენცია ბურჟუებსა და ერთმანეთს შორის და აქედან წარმომდგარი სავაჭრო კრიზისები უფრო და უფრო
მერყევს ხდიან მუშების ხელფასს; სულ უფრო და უფრო სწრაფი განვითარებით მიმავალი შეუწყვეტელი გაუმჯობესება მანქანებისა სულ უფრო და
უფრო ნაკლებ უზრუნველყოფილს ხდის მუშების მთელ საარსებო მდგომარეობას; შეჯახებანი ცალკეულ მუშასა და ცალკეულ ბურჟუას შორის სულ
უფრო და უფრო იღებენ ორი კლასის შეჯახებათა ხასიათს. მუშები იწყებენ იმით, რომ კოალიციებს ადგენენ ბურჟუების წინააღმდეგ, ერთიანდებიან
თავიანთი ხელფასის დასაცავად. ისინი მუდმივ ასოციაციებსაც კი აარსებენ იმისათვის, რომ სახსრებით უზრუნველყონ თავიანთი თავი შესაძლებელ შეტაკებათა შემთხვევაში. ალაგ-ალაგ ბრძოლა აშკარა აჯანყებად იქცევა. მუშები დროდადრო იმარჯვებენ, მაგრამ ეს გამარჯვებები მხოლოდ
წარმავალია. მათი ბრძოლის ნამდვილ შედეგს წარმოადგენს არა უშუალო წარმატება, არამედ მუშების გაერთიანება, რომელიც სულ უფრო და
უფრო ფართოდ ვრცელდება. ამას ხელს უწყობენ სულ უფრო და უფრო მზარდი მიმოსვლის საშუალებანი, რომელთაც მსხვილი მრეწველობა ქმნის
და რომელნიც ერთმანეთთან აკავშირებენ სხვადასხვა ადგილის მუშებს. მხოლოდ ეს დაკავშირებაა საჭირო, რომ მრავალი ადგილობრივი ბრძოლა,
რომელსაც ყველგან ერთნაირი ხასიათი აქვს, ცენტრალიზებულ იქნას ერთ ეროვნულ, ერთ კლასობრივ ბრძოლად. ხოლო ყოველი კლასობრივი ბრძოლა პოლიტიკური ბრძოლაა. და იმ გაერთიანებას, რომლისთვისაც შუა საუკუნეების მოქალაქეებს, მათი სასოფლო გზების არსებობისას, საუკუნეები სჭირდებოდათ, თანამედროვე პროლეტარები, რკინიგზების მეოხებით, რამდენსამე წელიწადში ახორციელებენ.
პროლეტარების ეს ორგანიზაცია კლასად, და ამით – პოლიტიკურ პარტიად, ყოველ წუთს კვლავ ირღვევა თვით მუშებს შორის არსებული
კონკურენციით. მაგრამ იგი ისევ აღმოცენდება ხოლმე, ყოველთვის უფრო ძლიერად, უფრო მტკიცედ, უფრო ძალუმად. იგი სარგებლობს ბურჟუაზიის
შიგნით არსებული განხეთქილებით და აიძულებს, რომ კანონმდებლობის წესით აღიარებულ იქნას მუშათა ცალკეული ინტერესები. ასე წარმოიშვა,
მაგალითად, ათსაათიანი სამუშაო დღის კანონი ინგლისში.
საერთოდ ის შეჯახებანი, რაც ძველი საზოგადოების შიგნით ხდება, ბევრნაირად უწყობენ ხელს პროლეტარის განვითარების მსვლელობას.
ბურჟუაზია განუწყვეტელ ბრძოლას ეწევა: ჯერ – არისტოკრატიის წინააღმდეგ, შემდეგ – თვით ბურჟუაზიის იმ ნაწილების წინააღმდეგ, რომელთა ინტერესები ეწინააღმდეგება მრეწველობის პროგრესს; და ყოველთვის – ყველა უცხო ქვეყნის ბურჟუაზიის წინააღმდეგ. ყველა ამ ბრძოლაში
იგი იძულებულია პროლეტარიატს მიმართოს, დახმარებისათვის მოუწოდოს და ამგვარად იგი პოლიტიკურ მოძრაობაში ჩაითრიოს. მაშასადამე, იგი თვითონ აწვდის პროლეტარიატს თავისი საკუთარი განათლების ელემენტებს ე. ი. აძლევს იარაღს თვით საკუთარი თავის წინააღმდეგ.
შემდეგ, როგორც დავინახეთ, გაბატონებული კლასის მთელი შემადგენელი ნაწილები, მრეწველობის პროგრესის გამო, პროლეტარიატის რიგებში ექცევიანან, ყოველ შემთხვევაში, მათი საარსებო პირობები საფრთხეში ვარდება. ამათაც შეაქვთ პროლეტარიატში განათლების დიდძალი ელემენტები. დასასრულ, იმ პერიოდებში, როდესაც კლასთა ბრძოლა გადამწყვეტ მომენტს უახლოვდება, დაშლის პროცესი გაბატონებული კლასის შიგნით, მთელი ძველი საზოგადოების შიგნით, ისეთ მძაფრ, ისეთ მწვავე ხასიათს ღებულობს, რომ გაბატონებული კლასის მცირე ნაწილი ეთიშება ამ კლასს და უერთდება რევოლუციურ კლასს, იმ კლასს, რომელსაც მომავალი ეკუთვნის. ამიტომ, როგორც წინათ თავადაზნაურობის ნაწილი ბურჟუაზიის მხარეზე გადადიოდა, ისევე დღეს ბურჟუაზიის ნაწილი პროლეტარიატის მხარეზე გადადის, სახელდობრ იმ ბურჟუა-იდეოლოგების ნაწილი, რომელნიც მთელი ისტორიული მოძრაობის თეორიულ გაგებამდე ამაღლდნენ.
ყველა იმ კლასიდან, რომელიც ამჟამად ბურჟუაზიას უპირისპირდება, მხოლოდ პროლეტარიატია ნამდვილად რევოლუციური კლასი. დანარჩენი
კლასები უძლურდებიან და ისპობიან მსხვილი მრეწველობის განვითარებასთან ერთად, პროლეტარიატი კი ამ მრეწველობის საკუთარი პროდუქტია.
საშუალო წოდებანი: წვრილი მრეწველი, წვრილი ვაჭარი, ხელოსანი, გლეხი, – ყველა ესენი ებრძვიან ბურჟუაზიას, რათა დაღუპვისაგან იხსნან თავიანთი არსებობა საშუალო წოდებათა სახით. მაშასადამე, ისინი არიან არა რევოლუციონერები, არამედ კონსერვატორები. კიდევ მეტიც, – ისინი
რეაქციონერები არიან: ისინი ცდილობენ ისტორიის ჩარხი უკან მიატრიალონ. თუ ისინი რევოლუციონერები არიან, ეს იმდენად, რამდენადაც
მათ მოელით პროლეტარიატის რიგებში გადასვლა, რამდენადაც ისინი იცავენ თავიანთ არა ახლანდელ ინტერესებს, არამედ სამერმისო ინტერესებს, რამდენადაც ისინი ტოვებენ თავიანთ საკუთარ თვალსაზრისს, რათა პროლეტარიატის თვალსაზრისზე დადგნენ.
ლუმპენპროლეტარიატს, ძველი საზოგადოების ყველაზე დაბალი ფენების ლპობის ამ პასიურ ნაყოფს, პროლეტარული რევოლუცია ალაგ-ალაგ
მოძრაობაში ჩაითრევს, მაგრამ მთელი თავისი საარსებო მდგომარეობის მიხედვით მას უფრო ის მიდრეკილება აქვს, რომ რეაქციული ინტრიგებისათვის გაჰყიდოს თავი.
ძველი საზოგადოების საარსებო პირობები უკვე მოსპობილია პროლეტარიატის საარსებო პირობებში. პროლეტარი მოკლებულია საკუთრებას; მის ურთიერთობას ცოლთან და შვილებთან საერთო აღარაფერი აქვს ბურჟუაზიულ ოჯახურ ურთიერთობასთან; თანამედროვე სამრეწველო შრომამ, თანამედროვე დამონებამ, რომელიც ერთნაირია როგორც ინგლისში, ისე საფრანგეთში, როგორც ამერიკაში, ისე გერმანიაში, მოაცალა
პროლეტარს ყოველივე ეროვნული ხასიათი. კანონები, მორალი სარწმუნოება მისთვის ასევე მხოლოდ ბურჟუაზიული ცრუ აზრებია, რომელთა უკან
ბურჟუაზიული ინტერესები იმალება.
ყველა წინანდელი კლასი, როცა ბატონობას დაეუფლებოდა, ცდილობდა უკვე მოპოვებული საარსებო მდგომარეობა იმით უზრუნველეყო, რომ
მთელ საზოგადოებას უქვემდებარებდა თავის შეძენა-გამდიდრების პირობებს. პროლეტარებს კი მხოლოდ მაშინ შეუძლიათ საზოგადოებრივი
მწარმოებლური ძალების დაპყრობა, როდესაც ისინი მოსპობენ თავიანთ საკუთარ, აქამდე არსებულ მისაკუთრების წესს და ამით მოსპობენ მისაკუთრების მთელ აქამდე არსებულ წესსაც. პროლეტარებს თავიანთი არაფერი გააჩნდათ, რაც მათ უნდა დაიცვან. მათ უნდა დაანგრიონ ყოველგვარი, რაც დღემდე იცავდა და უზრუნველყოფდა კერძო საკუთრებას. აქამდე არსებული ყველა მოძრაობა იყო მოძრაობა უმცირესობისა ან უმცირესობის სასარგებლოდ. პროლეტარული მოძრაობა არის თავისთავადი მოძრაობა დიდძალი უმრავლ
--------------------
ო, მშვენიერო ბჰუტა ღამეა თვალებში სულის წყვდიადის ანარეკლი.