რაც მე წამიკითხავს იმ პოეტებიდან ყველაზე ღრმა და ყოვლისმომცველია ეფენდი ჯალალ ედ-დინი
მისი ლექსების ძირითადი თემაა საკუთარი თავის და ღმერთის ძიება, აქვს ასევე მორალისტური იგავ-არაკის სტილში დაწერილი ლექსებიც... ასევე იუმორიც მოსდგამს, მკვდარს გააცინებს

დაიბადა 1207 წელს ქალაქ ბალხში (ავღანეთი) მოღვაწეობდა ქ. ქონიაში (თურქეთი) სადაც დააარსა სუფისტების სექტა "მალვილია". სექტამ მის სიცოცხლეშივე დიდი პოპულარობა მოიპოვა. გარდაიცვალა 1273 წელს დაკრძალულია იქვე ქონიაში.
-------------------------------------------------------------------
მე ქვა ვიყავი, მოვკვდი ქვა და მცენარედ მოველ,
მოვკვდი მცენარეც და ბუნაგი ცხოველში ვპოვე.
მოვკვდი ცხოველიც და ვიქეცი ადამის ტომად.
მოვკვდები აქაც, მაგრამ განა მაშინებს კვდომა!
გარდავიცვლები ახალ დღეთა იმედით მთენი,
რომ ანგელოზის გამომებას მსუბუქი ფრთენი.
და ერთ დღეს, როცა ანგელოზის დადგება რიგიც,
არავინ უწყის იქ რა მელის, რა არის იქით.
არარაობა დამანახვებს უსახო სახეს
და მიგალობებს: "ნივთი თვისად მიიქცეს სახედ".
სიკვდილი ხარობს, შენ კი მასზედ ტყუილად ცხარობ,
განა არ იცი, ჯურღმულში ჩქეფს სიცოცხლის წყარო!
წყალმანკიანო წყალს რომ სვამ და ვერ იკლავ წყურვილს,
სურვილი შენი შეუხამე ლოტოსის სურვილს,
ლოტოსის მსგავსად შუა წყალში გაიდგი ფესვი
და სვი ეს წყალი. რამდენიც გსურს იმდენი შესვი
მაგრამ გახსოვდეს ამ ცხოვრების სასტიკი მცნება:
წამალიც არის წყალმანკისთვის წყალი და სნებაც!
დაგვიწყებია სულის სატრფო შენს ტკბილ სულს ყვარობ,
იძახი კია: შემომხედეთ, მიჯნური ვარო!
დოქში ჩაგისხამს შენთვის ჩუმად წყალი წყაროსი.
და გიხარია და გგონია გიდგას ტაროსი.
გადააქციე ჩქარი წყალი ნებაზე უშვი
იდინოს თავის კალაპოტში, ჩაუშვი რუში.
თარგმანი: მაგალი თოდუა
-------------------------------------------------------------------
ღმერთი არა გწამთ? მითხარით, ვინ ვარ?
ჩემს გაოგნებას დაუდე ზღვარი.
არც მუსლიმანი გახლავართ გულით,
არც ქრისტიანთა გზაზე ვარ მდგარი.
არც მაღრიბელი არა ვარ, ვიცი,
არც მაშრიყელთა მზითა ვარ მთბარი,
არც ზღვის ჭიპია სამშობლო ჩემი,
არც ეს ხმელეთი, ესოდენ მყარი.
არ მომდგამს მიწა, არ მომდგამს წყალი,
არ მომდგამს ცეცხლი, არ მომდგამს ქარი,
არავითარი ამ ქვეყნის ნივთი,
არავითარი ამ ნივთთა დარი.
არც ინდოელთა მოვსულვარ მთებით,
არც გამივლია ბოლღართა ბარი,
არც ვარ ჩინელი, არც ხორასნელი,
არცა ვარ მკვიდრი ერაყის მხარის.
არც იმ ედემის იმედი მალხენს,
არც ჯოჯოხეთის არ მზარავს ზარი,
ადამი არ ვარ და ევაც არ ვარ,
არც მხიბლავს მათი სამოთხის კარი.
სამკვიდრო ჩემი არ არის არსად
და ყველგან ჩემი სამკვიდრო არი.
არავითარი ნიშანი არ მაქვს
და მარადისი წინ მიდგას დარი.
იმ გაორებას ვაქციე ზურგი, _
მე რომ მაწვნია დღეები მწარი,
ერთს ვეძებ მხოლოდ, ერთს ვეძებ მხოლოდ
და ენაც მხოლოდ ერთისთვის ვძარი.
ის არს პირველი, ის არის ბოლო,
ის არის ჩემი არსობის ფარი,
მხოლოდ ის ვცანი მე შორის სხვათა,
მხოლოდ მას აქებს დღეს ჩემი ქნარი.
ხომ საიქიო არ მწამს და არ მწამს,
სააქაოსაც ხომ ხელი ვკარი!
ტრფობისგან მთვრალი მივენდე რინდებს
და მაწანწალებს ავუბი მხარი.
მე სიყვარულმა ჩამიდგა სული,
მიპკურა გულზე ციური ცვარი
და სჯობს, ტრფიალით ვცოცხლობდე, ვიდრე
უსიყვარულოდ ძირს ვეგდო მკვდარი.
რა საოცარი ბარტყი ვარ, კვერცხში
დავფრინავ, თუმცა კვერცხს არ აქვს ბზარი.
ჩავფლულვართ ქვეყნად არსობის ლაფში
მე, ჩემი მოდგმა და ჩემი გვარი.
გესმის, შამს თაბრიზ, დავთვერი ძლიერ,
ისე ვსვი, როგორც გინახავს ხარი,
ახლა წანწალი დავიწყო უნდა
და იქნებ სადმე შევჩერდე წყნარი.
თარგმანი: ვახუშტი კოტეტიშვილი
-----------------------------------------------------------
კაცური კაცი ის არის და ხვალ,
მისგან დარჩება სახელი დიდი
ვინც დღეს იესო ქრისტეს ყიდულობს
ხოლო იესო ქრისტეს ვირს ყიდის
შენ კი ამ მცნებას არ ეზიარე
და იმ ზომაზე დაეცი ფლიდი
რომ ქრისტეს ყიდი და ვირს ყიდულობ
და არც არაფრის არა გაქვს რიდი.
თარგმანი: მაგალი თოდუა