არაა მართებული ქართული ღვინისთვის ხაზის გადასმა.

საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს ქართულ ღვინოს.
ჩვენთან საკმაოდ არიან მეღვინეები, რომლებიც კარგ ღვინოებს აწარმოებენ.
ჯობდა, უკეთესად ყოფილიყო საქმე ამ სფეროში, მაგრამ დრო არის საჭირო.
ძალიან რთული პერიოდები გამოიარა ქართულმა მეღვინეობამ ბოლო ათწლეულებში.
80-იან წლებში დომხალი იყო ამ სფეროში. ფალსიფიკაცია ხშირი იყო.
90-იან წლებში მთლიანად ქვეყანა არეული იყო და მეღვინეობა როგორ განვითარდებოდა.
ძირითადად რუსეთში გადიოდა ღვინო და ხარისხს ბევრი არ აქცევდა სათანადო ყურადღებას.
2006 წლამდე რუსეთში გადიოდა ისეთი ღვინოებიც კი, რომლებშიც ყურძნის ერთი მარცვალიც კი არ იყო.

მერე, 2006 წელს, რუსეთმა დააწესა ემბარგო ქართულ პროდუქციაზე.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქედან იწყება უახლესი ისტორია ქართული ღვინისთვის...
მაშინ დაიწყო ძირეული ცვლილებები ამ სფეროში.
თუ მანამდე არხეინად იყო ზოგი, რუსეთში გაჰქონდა ღვინო და ხარისხზე არ უწვედა ზრუნვა დიდად, მერე უკვე ბევრი რაღაცის გაუმჯობესება მოუწია.
გადაიდგა ნაბიჯები ფალსიფიკაციის წინააღმდეგ, გამკაცრდა კონტროლი.
როგორც ვიცი, იყო შემთხვევები, ფალსიფიკაციაზე სისხლის სამართლის საქმე რომ აღიძრა.
ჯერ კიდევ ბევრი რამეა გამოსასწორებელი.
პირველ რიგში, ვენახებიდან უნდა დაიწყოს გამოსწორება.
რაც არ უნდა კარგი მეღვინე იყო, ვერ აწარმოებ მაღალი ხარისხის ღვინოს, თუ ყურძენი არაა ხარისხიანი.
საჭიროა ნიადაგების კვლევები, ვენახის მოშენების და მოვლის მეთოდების გადახედვა, სხვადასხვა გამოცდილებების გაცნობა და ა.შ.
ამასთან, თანამედროვე ტექნოლოგიები თუ არ გაქვს, ვერ გაუწევ კონკურენციას არათუ მეღვინეობის ტრადიციულ ქვეყნებს, არამედ ე.წ. ,,ახალი სამყაროს" ქვეყნებს (აშშ, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ჩილე, ბრაზილია, არგენტინა, სამხრეთ აფრიკა).
ამ ქვეყნებში აწარმოებენ მაღალი ხარისხის ღვინოებს და ყიდიან საკმაოდ დაბალ ფასებში.
აქვთ თანამედროვე ტექნოლოგიები.
მსოფლიო ბაზრის საკმაოდ მნიშვნელოვანი წილი აქვთ უკვე დაპყრობილი.