აქტიური სარეზერვო სამსახურის საპილოტე პროექტების დაწყებას თავდაცვის სამინისტრო 2018 წლიდან გეგმავს. უწყებაში მომზადებული სამხედრო სარეზერვო სამსახურის ახალი კონცეფციის გათვალისწინებით, შეიარაღებული ძალების რეზერვში ჩაირიცხებიან სერჟანტთა და კაპრალთა ის კატეგორია, რომლებმაც ერთი კონტრაქტი მაინც დაასრულეს და გამოთქვეს სურვილი, იმსახურონ აქტიურ სარეზერვო სამსახურში. ჩარიცხულ რეზერვისტებს უფლება მიეცემათ იმსახურონ ერთი ხუთწლიანი კონტრაქტის ვადით, ხოლო შემდეგ სამსახური გააგრძელონ ტერიტორიული თავდაცვის ძალებში ან დაასრულონ აქტიური სარეზერვო სამსახური და ჩაირიცხონ სამხედრო ძალების რეზერვში. როგორც თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, შეიარაღებული ძალების რეზერვის რიცხოვნობა დამოკიდებული იქნება შეიარაღებული ძალების პროფესიული კომპონენტის სტრუქტურაზე.
რაც შეეხება ტერიტორიულ რეზერვს, ის ეროვნული გვარდიის ბაზაზე შეიქმნება. თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ტერიტორიული თავდაცვის ძალების შექმნით ქვეყანას ეძლევა შესაძლებლობა, იყოლიოს სამხედრო ძალების ის რაოდენობა, რომელიც დააკმაყოფილებს თავდაცვის ოპერატიული გეგმის მოთხოვნებს, სამხედრო ბიუჯეტის მნიშვნელოვნად გაზრდის გარეშე. ტერიტორიული თავდაცვის ძალების ძირითად სამანევრო ერთეულად განისაზღვრება ბრიგადა. ტერიტორიულ რეზერვისტებს გაუფორმდებათ ხუთწლიანი კონტრაქტი, მისი გაგრძელების უფლებით. წვევამდელებს, სურვილის შემთხვევაში, უფლება მიეცემათ იმსახურონ ტერიტორიული თავდაცვის ძალების შემადგენლობაში და ერთი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, სავალდებულო სამხედრო სამსახური ჩაეთვლებათ მოხდილად.
აქტიური სარეზერვო სამსახურის კიდევ ერთი კომპონენტია სპეციალისტთა რეზერვი, რომლის დაკომპლექტება მოხდება შეიარაღებული ძალებისთვის საჭირო სამოქალაქო სპეციალობის მქონე პირების, ინდივიდუალური კონტრაქტის საფუძველზე, აქტიური რეზერვის სამსახურის გამოყენებით.
სამხედრო სარეზერვო სამსახურის მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებს თავდაცვის სამინისტრო ამ წუთებში პარლამენტის შესაბამის კომიტეტს აცნობს.
http://www.interpressnews.ge/geo/samxedro-...an-gegmavs.html ტერიტორიული რეზერვის რეზერვისტი ანაზღაურებას მიიღებს. ტერიტორიული რეზერვის შექმნა დაგეგმილია აქტიური სარეზერვო სამსახურის ფარგლებში, რომლის ამოქმედებასაც სარეზერვო სამსახურის ახალი კონცეფცია ითვალისწინებს. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, გიორგი თავდგირიძის განმარტებით, რეზერვი გამოყენებული იქნება არა მხოლოდ მასობრივი არმიების შესაქმნელად - გლობალური ომებისათვის, არამედ სამოქალაქო პირი გამოყენებული იქნება ტერიტორიის მიხედვით და სადაც ის ცხოვრობს, მომზადებას იმ ტერიტორიულ არეალში გაივლის. ამასთან, რეზერვისტობა ნებაყოფილობითი იქნება. თავდგირიძის ინფორმაციით, დაგეგმილია 12 000-იანი დაჯგუფების შექმნა.
”რეზერვი ერთიანი მართვის სისტემაში მოექცევა. დანაკარგების რეზერვის მართვის ძალიან მოქნილი სისტემა შეიქმნება. რაც მთავარია, შემოდის აქტიური სარეზერვო სამსახურის ფორმა. ეს საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ ტერიტორიული თავდაცვის ძალები და ფართოდ ჩავრთოთ მოქალაქეები ქვეყნის თავდაცვის სისტემაში. ისინი სამოქალაქო ცხოვრებას არ მოსწყდებიან, მაგრამ ამასთანავე მათი საბრძოლო უნარ-ჩვევა ძალიან მაღალი იქნება. მათი ორგანიზებულობაც იქნება ძალიან მაღალი. ტერიტორიული თავდაცვის ძალები შეიქმნება ეროვნული გვარდიის ბაზაზე დღეს არსებული ინფრასტრუქტურისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით და ფაქტობრივად, თანხობრივ დანახარჯებს არ გამოიწვევს. თუმცა, ტერიტორიული რეზერვის რეზერვისტი ანაზღაურებადი იქნება და ამაში ბენეფიტებს მიიღებენ”, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე.
სამხედრო სარეზერვო სამსახურის კონცეფციას და ამ მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებს თავდაცვის სამინტროს წარმომადგენლები პარლამენტის შესაბამის კომიტეტს აცნობენ.
http://www.interpressnews.ge/geo/samxedro-...is-sheqmna.htmlაქტიურ სარეზერვო სამსახურში 18-დან 55 წლამდე ასაკის სამოქალაქო პირები ჩაირიცხებიან. სარეზერვო სამსახურში მსახურობის ხანგრძლივობა წელიწადში 45 დღეს შეადგენს.
ამას სამხედრო სარეზერვო სამსახურის ახალი კონცეფცია ითვალისწინებს, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შესაბამისი კომიტეტის წევრებს აცნობენ.
კონცეფციის მიხედვით, აქტიური სარეზერვო სამხედრო სამსახური ითვალისწინებს რეზერვისტის სახელფასო უზრუნველყოფას, რომელიც შეადგენს წოდებრივი სარგოს 20%-ს ყოველთვიურად და 100%-ს ქვედანაყოფში გამოძახებისას. აქტიური სარეზერვო სამსახური სამი კომპონენტით იქნება განსაზღვრული. ესენია: შეიარაღებული ძალების რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალისტთა რეზერვი.
სარეზერვო სამსახურის მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები და კონცეფიით წარმოდგენილი ინიციატივები კანონში სათანადო ცვლილებებს გამოიწვევს.
http://www.interpressnews.ge/geo/samxedro-...rickhebian.html