კვირიკაშვილი-ტუსკის პრესკონფერენცია - ევროპის საბჭოს პრეზიდენტი მედიაპლურალიზმის აუცილებლობაზე საუბრობს
2017-03-28 20:08:00
ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა პრემიერ კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება საქართველოს მიერ გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებზე გაამახვილა და ამ კონტექსტში მედიაპლურალიზმსა და კერძოდ, რუსთავი2-ის საქმეზე ისაუბრა.
დონალდ ტუსკის განმარტებით, საქართველოს ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და დღეს საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროკავშირს.
„ ჩვენი დიდი გზა გამოვიარეთ, რომელმაც დღეს აქ მოგვიყვანა. ამ გზამ, ჩემი აზრით, წვლილი შეიტანა საქართველოს განვითარებაშიც.
საქართველომ წარმატებით განვლო ეს გზა და დიდ წარმატებას მიაღწია. ეს არის ისტორიული დღე ყველა ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით კი ქართველი ხალხისთვის, რომლებიც დღეიდან ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით შენგენის ზონაში სამოგზაუროდ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირსა და საქართველოს შემდგომი დაახლოებისა და ურთიერთობების გამტკიცების გზაზე.“, - აღნიშნა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა.
„მე მოხარული ვიყავი, გამეგო ხელისუფლების ერთგულების შესახებ მედიაპლურალიზმისადმი საქართველოში და კერძოდ კი სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. ევროკავშირი მედიაპლურალიზმს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და მოლოდინი აქვს, რომ საქართველოც კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს ამ მიმართულებით,“ - განაცხადა დონალდ ტუსკმა.
ევროსაბჭოს პრეზიდენტის თქმით, მთავარ პრობლემად ტერიტორიული მთლიანობა რჩება, რაშიც ევროკავშირი მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით.
„მინდა, გამოვთქვა ჩემი გულისწუხილი, ისეთ რეგიონებთან მიმართებაში, როგორიცაა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ამ რეგიონების მცხოვრებლებს კვლავ ექმნებათ პრობლემა საზღვრის გადმოკვეთის პროცესში. ასეთ დროს, ევროკავშირი ხსნის საზღვრებს, თუმცა თქვენი მეზობელი აფერხებს თქვენს თავისუფლად გადაადგილებას. მე ვაცხადებ ჩემს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და იმ დოკუმენტისადმი, რომელსაც ჟენევაში მოეწერა ხელი. ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ბრიუსელში და აღვნიშნო ეს ისტორიული მომენტი. ჩვენ შევძელით დაგვერგვირგვინებინა ვიზალიბერალიზაცია საქართველოსათვის და გაგვემართლებინა ორმხრივი თანამშრომლობა", - განაცხადა დონალდ ტუსკიმ.
http://www.newposts.ge/wap.php?ID=136465