ვიზალიბერალიზაციის ფონზე ევროპიდან საქართველოში ქართველი ემიგრანტების ნაკადი იძულებით დაბრუნებას იწყებს
სულ ცოტა ხნის წინ საქართველომ საკმაოდ პომპეზურად იზეიმა კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯი. ევროპარლამენტის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის მინიჭება საქართველოსთვის მართლაც რომ ხელსაყრელი და დროული გადაწყვეტილება აღმოჩნდა, რამაც საქართველოს მოქალაქეთა გულები თუ სხვადასხვა ქალაქების მერიის შენობები ევროკავშირის ფერებში ააკაშკაშა. როგორც უკვე ცნობილია, უვიზო მიმოსვლა ძალაში 29 მარტიდან შევა და ამით ქართული კანონმდებლობა საბოლოოდ დაუახლოვდება ევროკავშირის კანონმდებლობას. ეს მედლის ის მხარეა, ზღაპრებში კეთილი დასასრული რომ აქვთ, მაგრამ მოდით, მედლის იმ მხარეს გადავხედოთ, რომელსაც ევროპაში მცხოვრები ქართული ემიგრაცია ჰქვია. რა მოუტანა მათ ე.წ ვიზალიბერალიზაციამ, რატომ შეექმნა ემიგრანტების გარკვეულ ნაწილს პრობლემები სწორედ ამ დიდი მოვლენის ფონზე და რა სამომავლო პერსპექტივები ესახებათ ქართველ ემიგრანტებს? ამ კითხვებს ჩემი მცირე ჟურნალისტური გამოძიება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებთან დაკავშირებით ნამდვილად გასცემს პასუხებს.
საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტების დიდ ნაწილს ქვეყანაში არალეგალურად ცხოვრება მრავალი თვის, ხშირად კი წლის მანძილზეც უწევს. მათი საქმე საფრანგეთში არსებულ საქალაქო ე.წ. პრეფექტურებს გადაეცემა და გადაწყვეტილების გამოტანა კონკრეტული ადამიანისა თუ ოჯახის საცხოვრებელი და სამუშაო საბუთების მიცემის თაობაზე უვადოდ ჭიანურდება. ამ პერიოდის განმავლობაში ქართველი ემიგრანტები ცხოვრობენ სახელმწიფოს მიერ მიცემულ საცხოვრებლებში და მცირე ფულად დახმარებასაც იღებენ ყოველთვიურად, ასევე, სრული სამედიცინო სადაზღვევო მომსახურება ენიჭებათ ქვეყნისგან. ეს იმ შემთხვევაში, როდესაც ქართველები პირდაპირ და არა სატრანზიტოდ გამოყენებული ევროპული ქვეყნების გავლით ჩამოდიან საფრანგეთის ტერიტორიაზე. როდესაც ისინი სხვა ქვეყნების, კერძოდ კი, პოსტსაბჭოთა ქვეყნების – ჩეხეთისა თუ პოლონეთის გავლით ხვდებიან საფრანგეთში, მაშინ მათი საქმე რთულდება და გადადიან ე.წ. დუბლინის პროცედურაზე. ევროპის კონვენციის ევროდაკის შეთანხმების თანახმად, ევროპის 26 ქვეყანაში ხორციელდება დუბლინის პროცედურა. დუბლინის პროცედურა გახლავთ ევროკავშირის ქვეყნებს შორის შეთანხმება ემიგრანტების სატრანზიტოდ გამოყენებულ ქვეყნებში უკან დაბრუნებაზე. საფრანგეთი თავისთავად გამონაკლისი არაა და როგორც კი აქ ჩამოსული ქართველი ფრანგულ მერიაში ანაბეჭდებს დააფიქსირებს და აღმოჩნდება, რომ მას საქართველოში რომელიმე ევროპული ქვეყნის საელჩოში აქვს ანაბეჭდები დატოვებული ამ ქვეყნის ვიზის მისაღებად შესვლისას, მაშინვე დუბლინის პროცედურაში გადაჰყავთ. აწარმოებენ ვიზის გამცემ ქვეყანასთან მოკვლევას და აგზავნიან მოთხოვნას იმის შესახებ, რომ მათი ვიზის მქონე ადამიანი გადააგზავნონ სწორედ სატრანზიტოდ გამოყენებულ მათ ქვეყანაში. ასეთი ქვეყნებიდან საკმაოდ ხშირად საფრანგეთს გაგზავნილ მოთხოვნაზე პასუხი არ უბრუნდებოდა, ამიტომ ფრანგები ქართველ ემიგრანტებს დუბლინის პროცედურას მალევე უხსნიდნენ და პოლიტიკურ თუ სხვა სახის ემიგრანტებად იბარებდნენ. ალბათ, ადვილი გამოსაცნობია, რის შემდეგ შეიცვალა სიტუაცია. ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე მუშაობის პროცესში და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა დაასკვნა საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და საკანონმდებლო ფასეულობების არსებობა, საფრანგეთში ქართველი ემიგრანტების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. მათ გაუმკაცრეს ქვეყანაში დარჩენის პირობები.
loading...
ნუგზარ მელითაშვილი: „უკვე 6 თვეა, რაც საფრანგეთში ვიმყოფები მეუღლით და ერთი სრულწლოვანი შვილით. ე.წ. პრეფექტურაში გამოცხადებისას გამიხსნეს დუბლინის პროცედურა, რადგანაც ჩეხეთის ვიზით ჩამოვედი საფრანგეთში. მოგვათავსეს საშინელ საერთო საცხოვრებელში, ხუთი კვადრატულის მოცულობის ოთახში, სადაც ყველაფერი საერთოა და გვითხრეს, რომ დავლოდებოდით ჩეხეთის გადაწყვეტილებას, მიგვიღებდნენ თუ არა ჩეხები, რადგან ითვლებოდა, რომ მათი ვიზა იგივე მათთვის თავშესაფრის მოთხოვნას ნიშნავდა. ჩვენ ჩეხეთში არც ჩავსულვართ, მაგრამ ეს არავის აინტერესებს. ვერც გაამტყუნებ, კანონი ასეთია. ორი თვე ველოდეთ ჩეხეთიდან პასუხს. ერთ მისვლაზეც გვითხრეს, რომ ჩეხეთი მზადაა, მიგვიღოს და უნდა წავიდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დეპორტაციით გაგვიშვებენ იქ. მოგვცეს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ორი კვირის ვადა, ჩვენ ადვოკატის აყვანაც ვერ შევძელით. რაკი მათ მიერ მონიჭებულმა სახელმწიფო ადვოკატმა ჩვენს დაცვაზე უარი განაცხადა და ჩვენი სახსრებით თავისთავად ვერავის ავიყვანდით. უკვე სამი თვეა, შიშის ქვეშ ვცხოვრობთ, გვეუბნებიან, რომ, თუ ქვეყანას არ დავტოვებთ, პოლიციის ძალით წაგვიყვანენ. ყველა ღონეს ვხმარობ, რომ არ გამიშვან ჩეხეთში. თხოვნით მივმართე ქალაქ ბორდოს მერს და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემს თხოვნას დააკმაყოფილებს. ჩემს მდგომარეობაში უამრავი ქართველია დღეს. ამ ქალაქში ბევრს შეხვდები „დუბლინელს”, როგორც ხუმრობით ვეძახით. ყველა ამ ბოლო თვეების განმავლობაშია ჩამოსული და ყველას ჩეხეთში დაბრუნება ელოდება. სოციალურმა მუშაკმა მოგვილოცა თქვენი ქვეყანა უკვე უვიზო მიმოსვლით ისარგებლებს და საქართველოზე უსაფრთხო ქვეყანა დღეს აღმოსავლეთ ევროპაში არ გვეგულებაო, ამიტომ ყველა მალე იქ დაბრუნდებით, უნდა გიხაროდეთო. ვის უხარია და ვის სწყინს, სახლი გავყიდე და წამოვედი. რომ დამაბრუნონ, სად წავიდე. რატომ წამოვედი, ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, არ მონდოდა, ცოლი მარტო გამეშვა მონად საზღვარგარეთ სამუშაოდ და ვიფიქრე, იმ საშინელ გაჭირვებას, რაშიც ვცხოვრობდით, ერთად გამოვექცეოდით და აქეთ ავიწყობდით ცხოვრებას. იქ მუშაობა რომ ვცადეთ, ვალი დაგვედო ჩვენი ბიზნესიდან და მოვალეები დღემდე ჩემს გზას გამოჰყურებენ”.
აი, რას ყვება ჩეხეთში ქართველი ემიგრანტების მდგომარეობაზე, პრაღაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ბატონი გიორგი ალანია.
გიორგი ალანია: „ჩეხეთში 90-იანი წლებიდან ვცხოვრობ და თავისთავად ერთგვარი მემატიანეც ვარ. ქართველი ემიგრანტების რიცხვი აქ ძალიან მცირეა, რადგანაც ეს ქვეყანა არ არის ემიგრანტებისთვის საინტერესო. როდესაც ე.წ. დუბლინის პროცედურით ჩამოჰყავთ ხალხი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, აქ ათავსებენ საერთო ბანაკებში, სადაც ძალიან ცუდი საცხოვრებელი პირობებია, ყაზარმული სისტემაა. ვისაც არ მოსწონს, ეუბნებიან, რომ შეუძლია, ბინა იქირაოს. არ აძლევენ არანაირ ფულად დახმარებას, თუმცა ადგილზე კვებავენ. თავისთავად, თუ ფული არ გაქვს, ბინას ვერ იქირავებ და ხალხი იმ ბარაკებში რჩება. არ აძლევენ არანაირ ლეგალურ დოკუმენტს იმისთვის, რომ ადამიანმა იმუშაოს. იმართება სასამართლო პროცესები, რომელსაც ემიგრანტი აგებს და ექვს თვეში დეპორტაციით აბრუნებენ სამშობლოში. მე მქონდა მაგალითი როცა აქ ცხოვრობდა ოჯახი, რომელიც ოცი წელია, არალეგალურად იყო და იბრძოდა საბუთების მისაღებად, მაგრამ ოცი წლის ბოლოს გაადეპორტეს საქართველოში და არანაირი საბუთი არ მისცეს. გარდა ამისა, ჩეხეთში დიდია რუსული გავლენა, ოღონდ რუსეთის საელჩოს არ ეწყინოს და ყველაფერზე თვალს ხუჭავენ. ცოტა რთულია ცხოვრება ქართველების არააქტიურობის გამო. ადრე გვქონდა ქართული სათვისტომო, სადაც ათას კარგ საქმეს ვაკეთებდით, ბევრი კარგი ღონისძიება მოვაწყვეთ ჩვენი ქვეყნის წარმოსაჩენად. სამწუხაროდ, დღეს ის სათვისტომო ჩვენი აღარაა, რადგანაც „ოცნების” სათვისტომოები მომრავლდნენ და ისე „ტონკად” მუშაობენ, გაგიკვირდებათ. ახლა ინტერნეტში ძიებაში ჩეხურ ენაზე ქართულ ღვინოს რომ ჩაწერ, არაფერს არ გიჩვენებს, მაშინ როდესაც ჩვენ ვუკეთებდით დიდ პოპულარიზაციას ჩვენს ღვინოს აქ. სიტუაცია ძალიან შეიცვალა, სამწუხაროდ”.
ჩეხეთში პრორუსულად მოაზროვნე პრეზიდენტი მილოშ ზემანი ხშირად ჩეხეთის ემიგრანტებისგან გასუფთავებაზე სიტყვითაც გამოდის და ემიგრანტებზე მომუშავე პოლიცია პირდაპირ ახორციელებს მის მითითებებს. პრაღაში არსებული ემიგრანტთა დამცველი ორგანიზაცია „კოსტორიუმის” წარმომადგენელი ელენა ტულუპოვა კი საკუთარ აზრს აფიქსირებს იმის თაობაზე, რატომ ითხოვს ჩეხეთის მთავრობა ევროპიდან თავშესაფრის მაძიებელ ქართველ მოქალაქეებს: როგორც კი ევროპიდან ჩეხეთის ვიზიანი ქართველი ჩამოვა, მას, სავარაუდოდ, იმავე დღესვე საქართველოში გაადეპორტებენ, ხოლო თუ ძალიან გაუმართლებს, გადაიყვანენ, ფაქტობრივად, ციხის პირობებში. საცხოვრებელში, სადაც ხშირად როგორც კრიმინალებს, ისე ექცევიან. იქ რამდენიმე თვე გააჩერებენ და საბოლოოდ მაინც საქართველოში გაადეპორტებენ. დღეს ევროპაში და განსაკუთრებით ჩეხეთში საქართველო სრულიად უსაფრთხო, არანაირი პრობლემებისა და გასაჭირის მქონე ქვეყანა არაა, ამიტომ საკმაოდ ადვილია მათთვის თბილისში ადამიანის გადეპორტება და თბილისიც ვალდებულია, მიიღოს ასეთი ემიგრანტები. სამაგიეროდ ევროპას ეს დიდ საქმეში ეთვლება და ამაში დიდ თანხებსაც აკეთებენ.
ვიზალიბერალიზაციამ ბევრი ქართველი ემიგრანტი დააზარალა ბელგიაშიც, მათ შორის ქეთევან ქურდაძე.
ქათევან ქურდაძე: „8 წელია, ბრიუსელში ვცხოვრობთ, ვმუშაობთ საბუთებიც წესრიგში გვქონდა და ჩემი მეუღლე მკურნალობასაც გადიოდა, რადგანაც ქრონიკული ავადმყოფია. ერთი კვირის წინ ასე მოულოდნელად მოგვივიდა წერილი, რომ ჩვენს ოჯახს არ გაუგრძელებდნენ საბუთებს და ქვეყანა უნდა დაგვეტოვებინა. ამგვარი წერილი ჩემს ნაცნობებში ოთხმა ოჯახმა მიიღო. რომ მივაშურეთ ადვოკატებს, სოციალურ მუშაკებს, გვითხრეს, რომ ეს უდავოდ იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ჩვენი ქვეყანა უვიზო მიმოსვლის რეჟიმში შედის. თავისთავად გავასაჩივრებთ, მაგრამ, როგორც ადვოკატი გვეუბნება, საქართველო სხვა რაკურსით დაინახეს ახლა, ესაა ევროპის ღირებულებებთან მიახლოებული უსაფრთხო ქვეყანა და ევროპა გადაეწყო ქართველების უკან დაბრუნებაზე. სად გვაბრუნებენ და რა გველოდება? აი, ეს კითხვა არავის არ აინტერესებს, მით უმეტეს, ევროპელებს. შიმშილს გამოქცეულმა ხალხმა, იქ რომ არაფერი გაგვაჩნია, რა გზებით ვირჩინოთ თავი და ვარჩინოთ ოჯახები. ჩვენი ხელისუფლება მზად არის ჩვენს მისაღებად და დასაბინავებლად, ან თუნდაც ჩვენს დასასაქმებლად? სამწუხაროდ, მეეჭვება, ვინმეს ამაზე ეფიქროს”
http://gansxvavebuli.com/?p=14271არ ვიცი როგორი სიმართლეა,მაგრამ წაიკითხეთ.