კრემლი აქცენტს გააკეთებს „რბილი ძალის“ გაძლიერებაზე, რომ მოახდინოს პრორუსული ჯგუფების გაძლიერება და დასავლური კურსის დისკრედიტაცია
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შეუსრულებლობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ძალების ყოფნის პირობებში, შენარჩუნდება ფართომასშტაბიანი აგრესიის განახლების საფრთხე, - ამის შესახებ ნათქვამია თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის 2017-2020 წლების დოკუმენტში.
დოკუმენტის თანახმად, უსაფრთხოების ძირითად გამოწვევად რჩება რუსეთის ფედერაციის მზაობა საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით, ღია სამხედრო აგრესიის და ჰიბრიდული მეთოდების გამოყენებით ხელყოს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტი.
„რუსეთის ფედერაციის მზარდი მილიტარიზაცია, სამხედრო ძალების მოდერნიზება და რეგიონზე ზეგავლენის განმტკიცების მცდელობა, ზრდის აგრესიის გაგრძელების რისკს, რაც ნათლად დადასტურდა ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული მოვლენების დროს. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შეუსრულებლობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ძალების ყოფნის პირობებში, შენარჩუნდება ფართომასშტაბიანი აგრესიის განახლების საფრთხე. საქართველოზე ზეგავლენის განმტკიცების მიზნით, რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე „სამართლებრივი საფუძვლების“ შექმნის მცდელობებს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით. ამასთან, ნარჩუნდება საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიების მიტაცების, სტრატეგიული ინფრასტრუქტურის დაკავებისა და სხვა ტიპის პროვოკაციების საფრთხე. ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი არასტაბილურობა ნოყიერ ნიადაგს ქმნის ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულისა და ტრეფიკინგისთვის“, - ნათქვამია თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვაში.
დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ რუსეთი გააგრძელებს ძალისხმევას საქართველოს ეროვნული ერთიანობისა და სამოქალაქო თანხმობის დასუსტების, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის შუღლის გაღვიებისა და მართვადი დესტაბილიზაცის შექმნის მიმართულებით.
„კრემლი განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს „რბილი ძალის“ ელემენტების გაძლიერებაზე იმისთვის, რომ უზრუნველყოს სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტება, პრორუსული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების გაძლიერება და მოახდინოს დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის დისკრედიტაცია. რუსეთის ფედერაცია, პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით განაგრძობს მცდელობას საქართველოს შეუზღუდოს როგორც საერთაშორისო პოლიტიკური მხარდაჭერა, ისე თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ მიმართული საერთაშოროსო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები“, - ნათქვამია დოკუმენტში.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...kreditacia.htmlრუსეთის მხრიდან მზარდი მილიტარიზაცია ზრდის სამხედრო აგრესიის განახლების რისკს
რუსეთის მხრიდან აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობებთან ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულებების გაფორმება, მზარდი მილიტარიზაცია და ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამშვიდობო ძალების არარსებობა ზრდის პროვოკაციებისა და სამხედრო აგრესიის განახლების რისკს, - ამის შესახებ ნათქვამია თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტში 2017-2020 წლებისთვის, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა და საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა.
თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის (თსმ) დოკუმენტი განსაზღვრავს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სტრუქტურული, ინსტიტუციური და ოპერატიული შესაძლებლობების განვითარების მიმართულებებს; აღწერს არსებულ ვითარებას; მიმოიხილავს საფრთხეებს, გამოწვევებს. თსმ-ის დოკუმენტი აყალიბებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოვლისმომცველ, დროში გაწერილ განვითარების სტრატეგიას. „თსმ 2017-2020“ აყალიბებს რეკომენდაციებს შეიარაღებული ძალების გარდაქმნის მიზნით და განსაზღვრავს შეიარეღებული ძალების სტრუქტურის 2020 წლის მოდელს.
დოკუმენტში მიმოხილულია საქართველოს უსაფრთხოების გარემო ლოკალურ, რეგიონულ და გლობალურ ჭრილში. ამ კონტექსტში, ლოკალურ ჭრილში საუბარია რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომავალ საფრთხეებზე.
„2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულმა სამხედრო აგრესიამ, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციამ და რუსეთის საოკუპაციო ჯარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგებამ საქართველოს ტერიტორიაზე, მნიშვნელოვნად გააუარესა ქვეყნის უსაფრთხოების გარემო. რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება და ე.წ. მცოცავი ოკუპაციის გაგრძელება არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს და უხეშად ხელყოფს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს. რუსეთის ფედერაციის მხრიდან ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულებების გაფორმება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობებთან, მზარდი მილიტარიზაცია და ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამშვიდობო ძალების არარსებობა ზრდის პროვოკაციებისა და სამხედრო აგრესიის განახლების რისკს. გარდა სამხედრო საფრთხეებისა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება ნოყიერ ნიადაგს ქმნის ტრანსნაციონალური/ორგანიზებული დანაშაულის გავრცელებისთვის“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის თანახმად, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევად რჩება კრემლის მხრიდან ეკონომიკური ბერკეტებისა და „რბილი ძალის“ ინსტრუმენტების გამოყენება ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანოდ.
რეგიონულ უსაფრთხოების გარემოზე საუბრისას დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შავი ზღვის რეგიონში ბოლო პერიოდში არსებული უსაფრთოების კომპლექსური და არამდგრადი ვითარება, ყირიმის ანექსია და უკრაინის აღმოსავლეთში განვითარებული პროცესები, ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული არასტაბილურობა და მთიანი ყარაბაღის მოუგვარებელი კონფლიქტი უარყოფით გავლენას ახდენს როგორც მთლიანად რეგიონის, ისე საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე.
გლობალურ ჭრილში კი, დოკუმენტის თანახმად, საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე ნეგატიურ გავლენას ახდენს გლობალიზაციის პირობები, კლიმატის ცვლილება, მიგრაციული პროცესები, საერთაშორისო ტერორიზმი, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება და კიბერსაფრთხეები. ამასთან, რუსეთის მზარდი საერთაშორისო ამბიციები ხელს უწყობს დასავლეთსა და რუსეთს შორის კონფორნტაციული ფონის ზრდას, რაც გამოწვევის წინაშე აყენებს ევროპისა და საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...ebis-risks.html

ძალიან კარგი დოკუმენტია,მხოლოდ რუსის შპანები თუ არ დაეთანხმებიან