კონსტანცა სტელცენმიულერი - საქართველო ახლა უკრაინის გემზე გამობმული ნავია
10:48 14-05-2017
კონსტანცა სტელცენმიულერი - საქართველო ახლა უკრაინის გემზე გამობმული ნავია საქართველო ახლა უკრაინის გემზე გამობმული ნავია. საქართველო უნდა ეცადოს საკუთარი საკითხის უკრაინის საკითხთან ერთად დაყენებას, - ამის შესახებ ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარმა კონსტანცა სტელცენმიულერმა განაცხადა.
„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის გაფართოების საკითხზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში, საფრანგეთის არჩევნების შედეგების და ევროპაში ლიბერალიზმის მომავალის განხილვისას ისაუბრეს. ამერიკის ყოფილმა ტოპ დიპლომატებმა და მიმომხილველებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად გაერთიანების შიგნით არსებული უთანხმოებებისა და სკეპტიციზმისა, ქვეყნებმა, როგორიც საქართველოა, იმედი არ უნდა დაკარგონ.
„საქართველო ახლა უკრაინის გემზე გამობმული ნავია. ევროპელებისთვის საქართველოზე ყურადღების არგამახვილება უფრო ადვილი იყო. მათ აღიზიანებდათ, არ მოსწონდათ სააკაშვილი და არც მას უცდია თავის მოწონება. მათ რიგებში იყო გერმანიის კანცლერი, რამაც უფრო ადვილი გახადა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ყურადღების არგამახვილება. ამან საქართველოში მიმდინარე ამბები ევროპისთვის არარელევანტური გახადა. დღეს, ის რაც უკრაინაში ხდება, არამარტო რელევანტურია, ეს, ჩემი აზრით, ევროპული პროექტისთვის საციცოცხლოა, რუსეთის მიერ გავლენის სფეროს ავტორიტარული და საშინელი გზებით ხელახლა დაპატრონების ზღვარი უკრაინაზე გადის. უკრაინა ევროპის ერთიანობის და თავისუფლებისთვის ცენტრალურია. ასევე მნიშვნელოვანია დემოკრატიზაციისთვის იმ ქვეყნებისა, რომლებიც ბელორუსიიდან კავკასიამდე ექცევა“, - აცხადებს სტელცენმიულერი.
სტელცენმიულერის თქმით, გერმანიის გაერთიანების მაგალითი არის ის, რაც საქართველომ და უკრაინამ უნდა გამოიყენონ, ევროპისთვის მათი წევრობის მნიშვნელობის ხაზგასასმელად. მისივე თქმით, დღეს საქართველოს მიერ უკრაინელებთან ერთად მუშაობა უფრო შესაძლებელს გახდის ევროპის პროექტთან დაახლოებას თბილისისათვის.
„უკრაინა მთავარი ფიგურაა საჭადრაკო დაფაზე. უკრაინელებს ეს ესმით და ბევრს მუშაობენ მიუხედავად ოლიგარქების და პოლიტიკური ელიტის ნაწილის მცდელობისა, რომ ამ პროცესს ხელი შეუშალონ. მე ვფიქრობ, იმისთვის, რომ ევროპამ გააგრძელოს მისი აღმოსავლეთის სერიოზულად განხილვა, საჭიროა საქართველოს და უკრაინის მიერ ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ 1989 წლის საოცარი მოვლენა - გერმანიის გაერთანება - მოხდა სამოქალაქო საზოგადოების მცდელობის გამოისობით და თქვენ სწორედ ამასვე ცდილობთ. თქვენ უნდა თქვათ, რომ გჯერათ ევროპული მოდელის და პროექტის. ამის უარყოფა ევროპელებისთვის შეუძლებელია, მაშინაც კი, როდესაც ჩვენ ვმერყეობთ ჩვენივე რწმენაში ევროპული პროექტისადმი. მე გირჩევდით, ისტორიის ეს მაგალითი აიღოთ, უკრაინელებთან ერთად იმუშაოთ და დაეხმაროთ კიდეც მათ“, - განაცხადა მან.
ამერიკელი დიპლომატის, დენიელ ფრიდის განცხადებით, საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმების გატარება და სჯეროდეს იმის, რომ მომავალში ევროპა და ამერიკა უფრო გახსნილები იქნებიან საკუთარ ინსტიტუტებში ახალი წევრების მიღების კუთხით.
„თავისუფლების ისტორიული ტალღა 1989 წელს დაიწყო და 20 წელი გაგრძელდა, ახლა კი შეჩერებულია და უკურეაქციას ვხედავთ. ჩვენ, მათ, ვისაც თავისუფალი სამყაროს პრინციპების გვჯერა, უნდა ვეცადოთ ვებრძოლოთ ამ უკურეაქციას, არ დავკარგოთ დრო და ვიყოთ გახსნილები მომავალისთვის, იმ დროისთვის, როდესაც ისტორია კიდევ ერთხელ მოტრიალდება და ინსტიტუტები ახალ წევრებს მიიღებენ. ეს დრო ჯერ არ დამდგარა, თუმცა მე მჯერა, რომ მოვა. თქვენ უნდა გააგრძელოთ რეფორმები, არა მხოლოდ იმიტომ, რომ სხვაგან გავწევრიანდეთ, არამედ საკუთარი თავისთვის“, - განაცხადა „ამერიკის ხმასთან“ საუბარში დიპლომატმა დენ ფრიდმა, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტში სხვადასხვა დროს მაღალი თანამდებობები ეკავა.
მისი თქმით, მაშინ, როდესაც საქართველო დასავლური ინსტიტუტების წევრობის სერიოზული კანდიდატი გახდა, დასავლეთი არ იყო მზად ახალი ქვეყნები მიეღო საკუთარ რიგებში, თუმცა საქართველომ იმედი არ უნდა დაკარგოს.
“მე ვისურვებდი საქართველოში ვარდების რევოლუცია და რეფორმები 10 წლით ადრე მომხდარიყო. თუმცა მაშინ როდესაც საქართველო დასავლური ინსტიტუტების წევრობის სერიოზული კანდიდატი გახდა, დასავლეთს საკუთარი თავის ნაკლებად სწამდა და რუსეთის ნაკლებად კეთილმოსურნე იყო... ყოველდღე, როდესაც თქვენი ქვეყანა სუვერენიტეტს და არჩევანის თავისუფლებას ინარჩუნებს, კიდევ ერთი დღეა იმისკენ, რომ ისტორია შეიცვლება, ამერიკა და ევროპა დაიბრუნებს თვითრწმენას. ხაზს ნუ გადაუსვამთ მომავალს“, - განაცხადა დენ ფრიდმა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...muli-navia.html
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3