საქართველოს ყველაზე ღარიბი რეგიონი რაჭა-ლეჩხუმია, იქ სოციალურ შემწეობას რეგიონის მოსახლეობის თითქმის 37%-ზე მეტი იღებს. ღარიბი მოსახლეობის სიმცირით კი სამცხე-ჯავახეთი გამოირჩევა, სადაც სოციალურ შემწეობას რეგიონის მოსახლეობის მხოლოდ 7,3% იღებს. რაჭის ანალოგიურად, მძიმე მდგომარეობაა სხვა რაგიონებშიც, რის მიზეზიც, ერთი მხრივ, ინვესტიციების სიმცირე და წარმოების დაბალი დონე, მეორე მხრივ კი, შობადობის დაბალი მაჩვენებელი და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მიგრაციაა. მთლიანად ქვეყანაში კი ღარიბ-ღატაკთა რაოდენობა 27,4%-ს (1 მლნ 022 ათასი კაცი) შეადგენს, სწორედ მოსახლეობის ეს რაოდენობა თვლის, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება და სახელმწიფოს შემწეობა სჭირდება.
საარსებო შემწეობას კი საქართველოს მასშტაბით 425 111 ადამიანი იღებს, რაც მთლიანი მოსახლეობის 11,4%-ს შეადგენს. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 3 718 200 ადამიანი ცხოვრობს.
"კომერსანტმა" სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მეთოდოლოგიით და სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, საქართველოს რეგიონებში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი დათვალა. შედეგად აღმოჩნდა, რომ რეგიონი, სადაც გაჭირვებული მოსახლეობა პროცენტულად სჭარბობს, რაჭა-ლეჩხუმია. რეგიონში 31 000 ადამიანი ცხოვროს, აქედან საარსებო შემწეობას 11 661 ადამიანი იღებს, რაც აღნიშნული რეგიონის მოსახლეობის 37,6%-ს უდრის.
აღნიშნული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, რეგიონები, სადაც საარსებო შემწეობის მომლოდინე მოსახლეობის წილი პროცენტულად მაღალია, არის შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი. კერძოდ, შიდა ქართლში მცხოვრები 263 700 ადამიანიდან საარსებო შემწეობის იმედად 43 847 ადამიანი, ანუ მოსახლეობის 16,6% რჩება. ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 93 800 ადამიანიდან საარსებო შემწეობას 15 167 ადამიანი იღებს, რაც 16,1%-ს უდრის.
რეგიონები, სადაც საარსებო შემწეობის მიმღებთა მაჩვენებელი სხვა რეგიონებთან შედარებით, ასე თუ ისე საშუალოა, არის კახეთი, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი და იმერეთი. კახეთში სულ 317 500 ადამიანი ცხოვრობს და აქედან სახელმწიფო დახმარებით 49 255 სარგებლობს, რაც რეგიონის მთლიანი მოსახლეობის 15,5%-ია. გურიაში საარსებო შემწეობას 17 410 ადამიანი იღებს, რაც 15,4%-ს უდრის, რადგან აღნიშნულ რეგიონში მოსახლეობა 112 600-ს შეადგენს.
რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთს, აქ 328 300 ადამიანი ცხოვრობს. სახელმწიფო დახმარებას 45 812 ადამიანი საჭიროებს, რაც აღნიშნული რეგიონის მოსახლეობის 13, 9%-ია. იმერეთში კი საარსებო შემწეობას რეგიონის 12,1% იღებს. აქ მოსახლეობის საერთო რაოდენობა 529 700-ია და აქედან 64 287-ს სახელმწიფო ეხმარება.
რეგიონები, სადაც პროცენტულად მოსახლეობა ყველაზე ნაკლებად საჭიროებს სახელმწიფო დახმარებას, არის ქვემო ქართლი და აჭარის ევტონომიური რესპუბლიკა და სამცხე-ჯავახეთი. აჭარაში მოსახლეობა 339 000-ია. აქედან საარსებო შემწეობას 36 427 ადამიანი იღებს, რაც აღნიშნული რეგიონის 10,7%-ს უდრის. ქვემო ქართლში საარსებო შემწეობით 39 308 ადამიანი სარგებლობს. აღსანიშნავია, რომ ამ რეგიონში 427 400 ადამიანი ცხოვრობს, ანუ სახელმწიფო მხრიდან მზრუნველობას მოსახლეობის 9,1% საჭიროებს. სამცხე-ჯავახეთში კი 160 600 ადამიანიდან, შემწეობას 11 742 ადამიანი იღებს, ანუ რეგიონის მოსახლეობის 7,3%.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 1,114 მილინი ადამიანი ცხოვრობს, საარსებო შემწეობას კი 90 195 იღებს, ანუ 8%.
როგორც ეკონომისტი სოსო არჩვაძე „კომერსანტთან" საუბრისას განმარტავს, აღნიშნულ მაჩვენებელს ყველა რეგიონში სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. რაჭაში ამის მიზეზი დემოგრაფიული მდგომარეობაა.
„ის ფაქტი, რომ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში საარსებო შემწეობას პროცენტულად ყველაზე მეტი ადამიანი იღებს, ვიდრე სხვა რეგიონებში, მხოლოდ იმით არ აიხსნება, რომ რაჭაში ხალხს უჭირს. მსგავსი პროცენტული მაჩვენებელი მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურითაც არის გამოწვეული. რაჭაში დიდი ხანია, რაც გარდაცვალების რაოდენობა შობადობის მაჩვენებელს ბევრად აღემატება. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, რომელიც ამ რეგიონში დარჩა, სიბერის ასაკს არის მიახლოებული და მათ შემოსავლებში დიდი წილი საფინანსო სისტემიდან დახმარებას უკავია. ზოგადად, რაჭაში კომპლექსური პრობლემა დგას, რომელშიც სოციალურ-ეკონომიკურ-დემოგრაფიული ფაქტორებია ერთმანეთში გადახლართული. არის მოსახლეობის ადგილზე დამკვიდრების პრობლემა, გადინება ძალიან დიდია, განსაკუთრებით შრომისუნარიანი ადამიანების და სწორედ ამიტომ არის, რომ ამ რეგიონში ახალგაზრდები ფაქტობრივად, არ ცხოვრობენ. რადგანაც არ არიან ახალგაზრდები, ბუნებრივია, შობადობაც ვერ იქნება", - განაცხადა არჩვაძემ.
კითხვაზე, საარსებო შემწეობის ზღვარი არის თუ არა საკმარისი იმისთვის, რომ რეგიონში შეჭირვებულად მცხოვრებმა მოსახლეობამ თავი გაიტანოს, სოსო არჩვაძე პასუხობს, რომ საკმარისი არ არის, თუმცა სახელმწიფოს ამ ეტაპზე მეტი რესურსი არ გააჩნია. ამასთან, მისივე განმარტებით, გავლენას ახდენს ეკონომიკური ფონიც - ის, რომ დასაქმებულთა ანაზღაურება დაბალია. სოციალური დახმარება კი დასაქმებულის ანაზღაურებასთან მიახლოებული არ უნდა იყოს.
http://commersant.ge/?m=5&news_id=51246&lng=geo&cat_id=5პ.ს.რაჭა ყველაზე ლამაზი მხარე ასეთ საცოდავ დღეში რომ იქნება,კი ხართ ამ ქვეყნის პოლიტიკოსები იმის ღირსი,რომ გაფერადებული ანძა ჩაგირთოთ ერმა და კრუგლასუტაჩნა გაყყრებინოთ.
This post has been edited by არმეძებო on 17 May 2017, 13:28