სოფელ აწყვიტაში, ეკლესიის გალავნის მშენებლობისას, საფლავები გადათხარეს
15.05.2017 ეკლესიის მშენებარე გალავნი და მის ეზოდან ხევში გადაყრილი ადამიანის ძვლები. ვინ ასრულებს და ვინ აკონტროლებს სამუშაოებს აწყვიტაში, საერო და სასულიერო პირების ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები;
სოფელ აწყვიტაში, ეკლესიის გალავნის მშენებლობისას, საფლავები გადათხარეს
ასპინძაში, სოფელ აწყვიტაში, მე–12 საუკუნის მაცხოვრის სახელობის ტაძრის ეზოს, გარშემო თხრილი აკრავს. მისი გათხრა დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყეს. აქ ისტორიულ ეკლესიას 100 კვადრატულ მეტრზე გალავანს უკეთებენ. მას შემდეგ, რაც აქ მშენებლობა დაიწყო, სოფელ აწყვიტაში მცხოვრებლები ყვებიან, რომ სოფელში, ხევში ადამიანის ძვლები გაჩნდა.
„გასვენებაში მივდიოდით ქალები და დავინახეთ, რომ ხევში ძვლები ეყარა“, – ამბობს აწყვიტაში მცხოვრები მადონა ივანიძე.
მას თან მეზობელი ლალი ივანიძეც ახლდა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ძვლები ბევრმა დაინახა, ამის ხმამაღლა თქმა ვერავინ გაბედა: „ხმას არავინ იღებდა, ყველა ჩუმად ილანძღებოდა“.
ხევში გადაყრილი ძვლები ამავე სოფელში მცხოვრებმა ბესიკ ივანიძემაც ნახა: „მანქანაზე შეყარეს და ხევში ხიდთან დაყარეს. ასე მოქცევა როგორ შეიძლებოდა, გალავანი თუ უნდოდათ, პატარა გაეკეთებინათ, საფლავებს რატომ ანგრევდნენ?!“
რისი გაკეთების საჭიროებაც არ უნდა ყოფილიყო, წინაპრების საფლავების გადათხრა და შემდეგ მათი ღელეში გადაყრა რომ დაუშვებელი იყო, ამაზე ასევე აწყვიტის მკვიდრი ელიკო ივანიძეც საუბრობს: „ეკლესიის ეზოში ყოველთვის ქრისტიანი ხალხი იმარხებოდა. მათი, ანუ ჩვენი წინაპრების ძვლები ხრამში გადაყარეს“.
დღეს, 15 მაისს, ეკლესიის ეზოში მშენებლობა შეჩერებული დაგვხდა. როგორც აწყვიტაში მცხოვრებმა, მშენებლობაზე დასაქმებულმა ერთ–ერთმა მუშამ, გენადი მელიქიძემ აგვიხსნა, დღეს სამუშაოდ არავინ გამოჩენილა.
მისი თქმით, ეკლესიის გალავნისთვის საძირკვლის გათხრისას, განსაკუთრებით ტაძრის მარჯვენა მხარეს, ძალიან ბევრი ადამიანის ძვალი აღმოჩნდა. ამის გამო მუშაობა შეაჩერეს კიდეც: „ცოდვას ჩავდივართ, ადამიანის ძვლებს ვთხრითო. მერე ეს ძვლები ერთად შევაგროვეთ.
მანქანაზე მიწას რომ ვტვირთავდით, ორი ზემოთ არჩევდა და ტომრებში ყრიდა და ორი ქვემოთ“.
გენადი მელიქიძე იმას, რომ ძვლები ხევში გადაყარეს, უარყოფს, თუმცა თავადვე გვიყვება, რომ მას შემდეგ, რაც თანასოფლელებმა ამის გამო უსაყვედურეს, ტომრებით მათ ეკლესიაში დასაბრუნებლად თავადვე წავიდა: „ალბათ რომ გადავყარეთ, მერე წვიმამ გადარეცხა და გამოჩნდა, ჩავედი, ავკრიფე რაც იყო და ამოვიტანე“.
ვინ აკეთებს გალავანს ტაძრის ეზოში?
სოფელში არც გალავნის მშენებლობაზე დასაქმებულმა და არც ადგილობრივებმა არ იციან გალავანს ვინ აკეთებს. ამაში გარკვეული არც აწყვიტაში გამგებლის წარმომადგენელი თამაზ ივანიძეა: „თანხა არ ვიცი, მამაოები რომ აკეთებენ ეგ ვიცი“.
სრულად სტატია აქაა:
http://sknews.ge/index.php?newsid=12859
მიმაგრებული სურათი