ვიდრე წაიკითხავთ თხოვნაა ეგებ ვურჩიოთ ამ ქალბატონს როგორ მოიქცეს,ბიჭი მაგარ დეპრესიაშია, თურმე ბოლო 2 დღე ოთახშია და არ გამოდის ისე განიცდის

დედა კითხულობს ფორუმს და ნახავს რჩევას

"ბიჭი დღის ცენტრშიც შესულა საპირფარეშოში, ძიძას დაავიწყდა რომ იქ იყო და რამდენიმე საათი არ მიაკითხა..."
ლადო ლომიშვილი შეზღუდული შესაძლებლობების ახალგაზრდაა, რომელიც დღის ცენტრ "აისში" დადიოდა, თუმცა გარკვეულ მიზეზთა გამო დღეს ის სახლშია გამოკეტილი და მეგობრებთან დაბრუნებაზე ოცნებობს.
ნონა ღვდელაძე, ლადო ლომიშვილის დედა:
- ძიძა ძალიან უხეშად ექცეოდა ლადოს. საშინელი სიტყვებით მიმართავდა ხოლმე. სხვა მშობლები შესწრებიან, როცა ძიძა ლადოს ეუბნებოდა - რას მოეთრეოდი, შე ამოსაწყვეტოო. განსაკუთრებით ბრაზდებოდა თუ ლადოს ტუალეტი მოუნდებოდა და უყვიროდა - სახლში ვერ მოითავე, ვიდრე მოეთრეოდიო და სხვ. მეტსაც გეტყვით, ლადო როცა სახლშია და საპირფარეშოში შედის ტელეფონს ვაძლევ და გარკვეულ ხანს ჩერდება ხოლმე. ბიჭი დღის ცენტრშიც შესულა საპირფარეშოში, ძიძას დაავიწყდა რომ იქ იყო და რამდენიმე საათი არ მიაკითხა...
- ამაზე არ მოსთხოვეთ პასუხი?
- ჩემი ბრალია, რომ ამაზე რეაგირება არ მოვახდინე, რადგან ვფიქრობდი, რომ მაინც იქ დადის ჩემი შვილი და არ გავაღიზიანო ეს ადამიანები-მეთქი, თან ამ ფაქტზე დირექტორმა მომიბოდიშა. სხვათა შორის, კიდევ ერთი ინციდენტიც იყო, რომლის კვალი დღემდე აქვს მუცელზე. დღემდე არ ვიცი რისი შრამია, შეიძლება სადმე ჩავარდა ან გაიჭედა. სამწუხაროდ, იგივე მიზეზის გამო არც ამაზე ამომიღია ხმა.
- რატომ გამოუშვეს ლადო "აისიდან"?
- გვითხრეს, აგრესიას იჩენს სხვების მიმართ და უმკურნალეთო. მკურნალობამ დიდი დრო წაიღო, რადგან ფინანსები არ გვქონდა. გამგეობამ კი დაგვიფინანსა ნაწილი, თუმცა მკურნალობის პროცესი მაინც გაგვეწელა, შემდეგ კი უკვე აღარ მიიღეს. ახლა რომ შემომთავაზონ დაბრუნება გამიჭირდება თანხმობის მიცემა, რადგან ძიძის მეშინია. დირექტორი, ქალბატონი ნანა ძალიან კარგი ქალია, მაგრამ ძიძაა ძალიან ცუდი. მეშინია, ჩემს ბიჭს არაფერი დაუშავოს.
- რამდენადაც ვიცი გადაადგილების დროსაც იყო გარკვეული პრობლემა...
- დიახ, ცენტრის გამოგზავნილ ტრანსპორტს, რითაც ლადო დადიოდა არ ჰქონდა პანდუსი. სახლიდან წასვლისას ხან ჩემი მეუღლე სვამდა ავტობუსში, ხან მე და ხანაც ოჯახის ახლობელი. ჩვენ გვეგონა, რომ დღის ცენტრში თანამშრომლებს ჩამოყავდათ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ასევე ცენტრის აღსაზრდელ ბიჭს ჩამოყავდა ხოლმე, თავად ეს ბავშვიც უნარშეზღუდულია.
- სხვა დღის ცენტრში მიყვანა არ გიცდიათ?
- ცოტა ხნის წინ ველაპარაკე დღის ცენტრ "ანიტას" წარმომადგენლობას, შევხვდით კიდეც, ძიძაც გავიცანით. ფანტასტიური გარემო იყო. გვითხრეს, 2-3 დღეში დაგვერეკა და როცა დავურეკეთ, ლადოს მიღებაზე უარი გვითხრეს. როგორც სხვებმა აგვიხსნენს, დღის ცენტრებს ერთმანეთში აქვთ კოორდინაცია და ალბათ ლადოზე ჰკითხეს "აისს" და იქ დარწმუნებული ვარ ეტყოდნენ, რომ რთული ბავშვია და არ ურჩევდნენ ლადოს მიღებას. ბავშვი მართლა რთულია, მაგრამ თუ ეფერებიან არასოდეს იჩენს აგრესიას. სითბო უყვარს და ყურადღება. 20 წლისაა, მაგრამ გონებრივი განვითარებით 4-5 წლის ბავშვის დონეზეა. ოქტომბრის მერე სახლშია და ვერ წარმოიდგენთ როგორ შეიცვალა, საოცრად დეპრესიული გახდა, ადრე რაც უხაროდა, ისიც აღარ უხარია. ლამის უკვე ოცნებად მექცა ლადოს დღის ცენტრში მიყვანა, რადგან იქ ბავშვი თანატოლებთანაა და ხალისიანია.
ამავე თემაზე კომენტრი ვთხოვეთ დღის ცენტრ "აისის" დირექტორ ნანა ცინარიძეს:
- არასოდეს შევსწრებივარ ლადოს შეურაცხყოფის ფაქტს და ვერ დავადასტურებ ამ პრეტენზიას. არ ვამბობ, რომ ძიძა უნაკლო ადამიანია და რაღაც შეცდომებს არ უშვებს, მაგრამ ასეთი რაღაც, არა მგონია, მომხდარიყო. სხვათა შორის, ეს პირველი პრეტენზია არაა, რასაც მშობლებისაგან ვიღებთ, თუმცა არც ერთი ფაქტის მომსწრე არ ვყოფილვართ არც მე და არც ჩემი თანამშრომლები. ლადოს მშობლების პრეტენზია მდგომარეობდა შემდეგში, ლადო შინ არაა აგრესიული, მაგრამ დღის ცენტრში მოსვლის შემდეგ, როგორც კი ძიძას ხვდება, აგრესიული ხდებაო... მაგრამ ამ ყველაფრის მხილველი არ ვარ და ვერაფერს დავადასტურებ.
- ქალბატონმა ნონამ ჩვენთან საუბარში თქვა, რომ ერთხელ ძიძას ლადო საპირფარეშოში დარჩა....
- დარჩა ძალიან ხმამაღალი ნათქვამია. ლადოს ძალიან უყვარდა საპირფარეშოში ჯდომა და შესაძლებელია ამ დროს ძიძა სხვამ გამოიძახა ( ჩვენ მხოლოდ ერთი ძიძა გვყავს) და რამდენიმე წუთი დააგვიანდა დაბრუნება. დავიწყებით ნამდვილად არავის დავიწყებია.
- მაშინ ქალბატონ ნონას რატომ მოუხადეთ ამ ფაქტის გამო ბოდიში?
- ბოდიში არ მომიხდია, უბრალოდ მხოლოდ ფაქტი ავუხსენი.
- ცნობილია, რომ ტრანსპორტი, რომელიც ცენტრს ემსახურება, არაა ადაპტირებული ეტლით მოსარგებელთათვის და ცენტრში მოსული ბენეფიციარები, ტრანსპორტიდან ასევე ცენტრის ბენეფიციარს ჩამოჰყავს...
- დიახ, ხდება ასე, თუმცა ეს ბენეფიციარი იქ მარტო არაა. მას ეხმარებიან ცენტრის სხვა თანამშრომლები, ძიძა და სხვა. იმას, ვინც ეტლით მოსარგებლეებს ეხმარება, მიუხედავად იმისა, რომ უნარშეზღუდულია, ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და მას ეს პროცესი არ ვნებს.
- შესაძლებელია თუ არა ლადოს უკან დაბრუნება?
- ჩვენი დღის ცენტრი არაა ადაპტირებული მძიმე ბენეფიციარებზე. ლადოსნაირ ბენეფიციარებს მინიმუმ ერთ ძიძა სჭირდებათ, ხოლო ჩვენ ცენტრს არ ჰყავს ერთზე მეტი ძიძა. ნამდვილად ვერ მივცემ ლადოს ოჯახს იმის გარანტიას, რომ მათ ბიჭს შესაბამის პირობას შევუქმნით.
- როცა მოიყვანეს ლადო თქვენთან, ეს პრობლემები არ იცოდით?
- მე ერთი თვით ვიღებ ბენეფიციარებს და ამის მერე ვწყვეტთ უნდა დარჩეს, თუ - არა. ჩვენ მაშინვე ვუთხარით ლადოს დედას, რომ საჭირო იყო მკურნალობა. ქალბატონ ნონას უდიდეს პატივს ვცემ და ვიცი თუ რა რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ ჩვენ ცენტრს ლადოს მიღება ფიზიკურად არ შეუძლია. ლადო ჩვენთან მოვიდა "პირველი ნაბიჯიდან", რომელიც ადაპტირებულია სწორედ ისეთ ბენეფიციარებზე როგორიც ლადოა, მათ ჰყავთ მეტი ძიძა, ჰყავთ მეტი პედაგოგი, ამიტომაც მისი იქ დაბრუნება აჯობებს.
http://www.kvirispalitra.ge/public/28289-q...-centridan.html