სეპარატისტული ორგანიზაცია „რუსეთის ჯავახკის დიასპორის“ ხელმძღვანელი აგასი არაბიანი რუსეთში სომხეთის ახალ ელჩს ვარდან ტოგანიანს შეხვდა. საელჩოს მის ოფიციალურ გვერდზე ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ განუთავსებია და მის შესახებ დღემდე არაფერი იქნებოდა ცნობილი, რომ არა გამოცემა „„Eadaily“–ს მიერ გამოქვეყნებული სტატია. მასში ნათქვამია, რომ შეხვედრა მოსკოვში „რუსეთის ფედერაციაში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მიწვევით“ გაიმართა.
ცნობისთვის: „რუსეთის ჯავახკის დიასპორა“ ღიად სეპარატისტული მიზნების მქონე ორგანიზაციაა, რომელიც სამცხე–ჯავახეთის რეგიონის საქართველოსგან გამოყოფასა და სომხეთთან მიერთებას პროპაგანდირებს. მის ლიდერ აგასი არაბიანს საქართველოში შემოსვლა აკრძალული აქვს. ამასთან, არაბიანი ხშირი რესპონდენტია რუსული მედიასაშუალებებისა, რომელთა გვერდებზეც ამ იდეის პროპაგანდირებას ეწევა. ერთ–ერთ ბოლო სტატიაში სათაურით „სიცოცხლის გზა“ იგი აცხადებს:
„ევროკავშირთან ურთიერთობებში დაძაბულობის ზრდის, ალტერნატიული ლოჯისტიკის გაჩენისა და ოფიციალური თბილისის მიერ ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს დრეიფის გაგრძელების (იმ დროს, როდესაც მოსახლეობის შეხედულებები რუსეთის სასარგებლოდ იცვლება), ასევე აჭარაში თურქეთის მუშაობის აქტივიზაციის პირობებში შესაძლოა, ჩამოყალიბდეს ოპტიმალური გარემო ექსპერტების მიერ უკვე დიდი ხნის წინ გააზრებული სცენარის რეალიზებისთვის, რომელიც ამჟამინდელი საქართველოს ფედერალური პრინციპით მოწყობას ითვალისწინებს ჯავახკის სომხების, მარნეულის რაიონის აზერბაიჯანლების, ყაზბეგის რაიონის ოსებისა და დასავლეთ საქართველოს მეგრელების უფლებების გათვალისწინებით, რაც რუსეთიდან, აფხაზეთიდან, „ალანიის სახელმწიფოდან“, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჰუმანიტარული და ეკონომიკური მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს“.
არაბიანის სომხეთის ელჩთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციის მედიაში გაჟონვამ ინტერნეტ-ფორუმებზე სომეხი ბლოგერების უკმაყოფილება გამოიწვია. საიტ „Ноев ковчег“–ზე გამოქვეყნებული ამ მასალის ქვეშ განთავსებული კომენტარებიდან ერთ–ერთში ნათქვამია: „ამ ამბის მთელი მსოფლიოსთვის მოდება არ ღირდა – შეიძლება, ქართველებმა შეამჩნიონ“.
თავად სტატიას რომ დავუბრუნდეთ, შეხვედრის ფაქტის ასახვის შემდეგ ავტორი წერს:
„სომხეთმა საქართველოს სომხებით დასახლებული რეგიონის - ჯავახკის მიმართ სათანადო ინტერესის გამოხატვა დაიწყო. როგორც „რუსეთის ჯავახკის დიასპორის“ პრეს–სამსახურში განგვიცხადეს, შეხვედრაზე ვარდან ტოგანიანმა ამ საზოგადოებრივი ორგანიზაციის «მნიშვნელოვანი როლი აღნიშნა ევრაზიულ სივრცეში ინტეგრაციისა და ეროვნულ–კულტურული იდენტობის, რუსეთ–სომხეთის ურთიერთობების გაფართოებისა და გარღმავების თვალსაზრისით სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში» და განაცხადა, რომ მომავალიც იმედი აქვს იმ საზოგადოებრივი გაერიანებების აქტიურობისა, რომლებიც რუსეთის სომხობას წარმოადგენენ და მის წინაშე მდგომი მიზნების მისაღწევად ძალისხმევის კონსოლიდაციას ემსახურებიან“.
„სომხეთის ინტერესი საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ ბუნებრივია და შეიძლება, ითქვას, დაგვიანებულიც კი, განსაკუთრებით თურქულ–აზერბაიჯანული ტანდემის რეგიონულ ეკონომიკურ და სამხედრო–პოლიტიკურ პროექტებში საქართველოს სახელმწიფოს მჭიდრო ინტეგრაციის ფონზე. სომხეთის იზოლაციაზე მიმართულ პროექტებში თბილისის ჩართულობის ხარისხი საგრძნობლად იზრდება. საქართველოზე გამავალი რკინიგზა, ნავთობ– და გაზსადენი უკვე გვერდს უვლის სომხეთს. სომხეთის მიმართ თურქეთისა და აზერბაიჯანის დამოკიდებულებისა და ზემოაღნიშნული პროექტების პოლიტიკური მიმართულების გათვალისწინებით, ქართულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ლანდშაფტებში ანკარისა და ბაქოს პოზიციების გაძლიერებამ შესაძლოა, ერევნისგან თბილისის დისტანცირება განაპირობოს. არადა, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა არა მარტო ღრმავდება, არამედ ინსტიტუციონალურ კონტურებს იძენს და ნელ–ნელა სამხედრო სიბრტყეში გადადის. უკვე რამდენიმე წელია, მოქმედებს სამხედრო წვრთნების სამმხრივი ფორმატი. სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების მორიგი მოლაპარაკებები გაიმართა 23 მაისს ბათუმში. მეტიც, ივნისსა და სექტემბერში მხარეები მორიგ სამხედრო სწავლებებს გეგმავენ“,– წერს „„Eadaily“.
სტატიის ავტორი სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორ რუბენ საფრასტიანს ესაუბრა, რომელიც თვლის, რომ საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო თანამშრომლობა სომხეთის უსაფრთხოებას საფრთხე უქმნის:
„მოცემული ფორმატი ერევნის იზოლირებას ისახავს მიზნად. მთლიანობაში, თურქეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ამიერკავკასიაში საკუთარი ინტერესების წინ წაწევას და ზემოაღნიშნული სამმხრივი ფორმატი შესანიშნავი პლატფორმაა ანკარის ექსპანსიონისტური მისწრაფებებისთვის. თურქეთი და აზერბაიჯანი, ხატოვნად რომ ვთქვათ, „ჩახუტებით ახრჩობენ“ საქართველოს და სულ უფრო მეტად ავიწროებენ თბილისის ირგვლივ თურქულ–ზერბაიჯანულ გეოპოლიტიკურ წრეს, რითაც თბილისს რეგიონში მანევრირების დერეფანს უსპობენ“.
ამის შემდეგ სტატიის ავტორი პრაქტიკულად პირდაპირ საუბრობს საქართველოს შიდა საქმეებში სომხურ–რუსული ჩარევის აუცილებლობაზე:
„ამ ფონზე ძალზე საინტერესოა ჯავახკის რეგიონის მიმართ სომხეთის ინტერესი რუსეთში ჯავახკური დიასპორისა და სომხეთის საელჩოს არხებით. როგორც ჩანს, სომხეთისა და რუსეთისთვის იზრდება ჯავახკის მნიშვნელობა, სადაც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ რუსული ბაზა იდგა და სამომავლოდ ეს ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება. საქართველოს ეს სომხურენოვანი რეგიონი ამჟამად ერთადერთი სანდო საყრდენი წერტილია, რომელსაც ძალუძს, საქართველოში თურქეთისა და აზერბაიჯანის ინტერესები დააბალანსოს“.
http://accent.com.ge/ge/news/details/34623