თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, ციხის უფროსზე თავდასხმის ფაქტს, facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. ახალაია მიიჩნევს, რომ ეს კრიმინალური სამყაროს მცდელობაა და სახელმწიფო ფუნდამენტის ჩამოშლისკენ, ქვეყანაში ანარქიისა და ქაოსის დამყარებისკენაა მიმართული.
"რამდენიმე დღის წინ, ქურდულმა სამყარომ ვატო ყიფიანის მეთაურობით კიდევ ერთხელ გაბედა ხელი აეღო ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. სასტიკად იქნა ნაცემი ერთ-ერთი საპატიმროს დირექტორი. ეს არის კრიმინალური სამყაროს მცდელობა ჩამოშალოს სახელმწიფოს ფუნდამენტი, დაამყაროს ქვეყანაში ანარქია და ქაოსი.
ისინი ცდილობენ დაგვაბრუნონ 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც კრიმინალი იყო ქვეყნის ბატონ-პატრონი და ირგვლივ გამეფებული იყო გამოძალვა, შანტაჟი, ძალადობა და საქართველოს თითოეული მოქალაქე იმყოფებოდა საფრთხის ქვეშ.
ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენ შევძელით მთლიანად მოგვერღვია ეს კრიმინალური და მინდა ყველას ვუთხრა, განსაკუთრებით კი ორგანიზებული დანაშაულის წარმომადგენლებს, არავის ეგონოს, რომ ეს ბრძოლა სახელმწიფოს მარცხით დასრულდა.
დღეს თუ ხვალ მე გამოვალ და ბოლომდე მივიყვან დაწყებულ საქმეს. მანამდე კი კრიმინალების მიერ ჩემთან ასოცირებულ სახელმწიფოს წარმომადგენლებზე ძალადობა უსუსურობის და ლაჩრობის ნიშანია და მეტი არაფერი. ორგანიზებული დანაშაული - ეს ერთერთი საშინელი დაავადებაა ქვეყნისთვის და ამ სენის ადგილი ჩვენს სახელმწიფოში არ არის," - წერს ახალაია.
"კრიმინალური ავტორიტეტი" ვატო ყიფიანი სასჯელს საქართველოში სწორედ იმ დროს იხდიდა, როდესაც ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი იყო.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაჩო ახალაიასა და ვატო ყიფიანს შორის უთანხმოება სწორედ იმ დროს გაჩნდა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულების ყოფილი დირექტორის, ლაშა ბრეგვაძის ცემის ფაქტზე სამი პირი დააკავა.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს და საქმის სხვა დეტალებს ჯერ-ჯერობით ვერ გაასაჯაროებს.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში სურათი გავრცელდა, რომელზეც ნაცემი ლაშა ბრეგვაძეა აღბეჭდილი. ბრეგვაძე სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულების ყოფილი დირექტორია. ის სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებას სავარუდოდ იმ დროს ხელმძღვანელობდა, როდესაც ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი იყო.
http://news.ge/ge/news/story/66926-bacho-a...atsyebul-saqmes