http://sknews.ge/index.php?newsid=8577#.Vyw_xtJ97jFრუსეთის დროშებიანი მანქანები ახალციხეში
ორი დღეა ახალციხეში, ეგრეთ წოდებული გეორგიევსკის ლენტებითა და რუსული და ქართული დროშებით აღჭურვილი 10–მდე რუსულ ნომრიანი მანქანა მოძრაობს.
ავტომანქანები ახალციხეში გუშინ, 3 მაისს, საღამოს შემოვიდნენ.
როგორც „სამხრეთის კარიბჭემ“ გაარკვია, რუსულ სიმბოლოებიანი მანქანებით საქართველოში რუსი ტურისტების 16–კაციანი ჯგუფია შემოსული.
„1 მაისს შემოვედით საქართველოში, აქ 10 მაისამდე დავრჩებით და მთელს საქართველოს შემოვივლით. მოსკოვში ვცხოვრობთ, მეგობრები ვართ და საქართველოში ტურისტული ვიზიტით ვართ ჩამოსული“, – უთხრეს მათ „სამხრეთის კარიბჭეს“.
მოსკოველ ტურისტებს ავტომანქანებზე პატარა ზომის რუსული და ქართული დროშები ჰქონდათ დამაგრებული, მათ შორის, ერთ–ერთი წარწერიანი.
„ამ დროშაზე წერია, რომ 9 მაისი ყველასთვის ერთია, გამარჯვების დღეა ყველასთვის, ვინც ომში მამები და ბაბუები დაკარგა“, – განმარტეს ტურისტებმა.
ახალციხეში, ერთ–ერთ საოჯახო სასტუმროსთან გაჩერებულ მანქანებს ტურისტებმა დროშები მას შემდეგ მოხსნეს, რაც მათ აუხსნეს, რომ საქართველოში საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება კანონდარღვევაა.
„კანონი ოკუპაციის შესახებ კრძალავს საბჭოთა პერიოდის სიმბოლოკას. მათ ეკეთათ საბჭოთა კავშირის სიმბოლიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევაა და ამას არცერთი თავმოყვარე ქვეყანა არ გაპატიებს“, – განაცხადა იურისტმა ირაკლი ბარძიმაძემ, რომელიც ტურისტების შემოსვლას შეესწრო. სწორედ მან აუხსნა ტურისტებს დროშების მოხსნის აუციებლობა.
„ჩვენ არ ვიცოდით თუ ეს არ შეიძლებოდა. ნახევარი საქართველო გამოვიარეთ და არავის არაფერი უთქვამს. პირიქით, ხელს გვიქნევდნენ და გვესალმებოდნენ“, – უთხრა „სამხრეთის კარიბჭეს“ ერთ–ერთი ავტომანქანის მძღოლმა.
მიუხედავად, გუშინდელი გაფრთხილებისა და ახსნისა, დღეს ახალციხის ქუჩებში ავტომანქანებმა ისევ საბჭოთა სიმბოლიკებით მორთული მანქნებით გაიარეს.
ირაკლი ბარძიმაძე ფიქრობს, რომ მათთვის წესების დარღვევის შესახებ საბაჟო გამშვებ პუნქტზე უნდა აეხსნათ.
„სამხრეთის კარიბჭე“ შეეცადა, მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტება მოესმინა, თუმცა, გუშინ საღამოდან ამ დრომდე კომენტარს უშედეგოდ ველოდებით.


ხომ გააფრთხილეს ერთხელ?
დაიჭირონ და გააგდონ ქვეყნიდან!
რას ელოდებიან?