http://allmedia.ge/sazogadoeba/item/7596-%...%83%9A%E1%83%98უახლოეს მომავალში, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის საფარქვეშ სამეგრელოდან გურიაში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის ეზოში, რამდენიმე ხის გადატანა იგეგმება. ამის შესახებ „ქრონიკა პლუსი" დღევანდელ ნომერში სტატიას აქვეყნებს.
სტატიაში ნათქვამია, რომ იშვიათი ხეების გადატანა, საზოგადოების მხრიდან ვნებათაღელვის თავიდან არიდების მიზნით, წინასწარ შემუშავებული სქემით მოხდება. სტატიის ავტორი ზუგდიდის ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაახლოებულ წყაროს ეყრდნობა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
მისი თქმით, საუბარია ამერიკულ სექვოიასა და უთხოვარზე. ეს უკანასკნელი წითელ წიგნშია შეტანილი. „ქრონიკა პლუსის“ წყაროს ცნობით, ზუგდიდიდან ხეების გადატანას ბიძინა ივანიშვილი ორი წლის წინ გეგმავდა და ამ მიზნით ქალაქშიც იყო ჩასული.
ამ ვიზიტის შესახებ ჟურნალისტებს არაფერი შეატყობინეს, ხოლო ბიძინა ივანიშვილს ბოტანიკურ ბაღში მეგზურობას სამეგრელოს გუბერნატორი ლევან შონია და სხვა, პასუხისმგებელ თანამდებობაზე მყოფი პირები უწევდნენ.
წყაროს თქმით, სწორედ ამ დროს დაათვალიერა პირადად მილიარდერმა ამერიკული სექვოია და უთხოვარი.
"მაშინ ინფორმაციამ პრესაში მაინც გაჟონა, თქვენს გაზეთში ვრცელი სტატია დაიწერა და საზოგადოების მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულება გამოიწვია. ბიძინა ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ ხეებს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღიდან სერიოზული წინააღმდეგობის გარეშე ვერ გადაიტანდა. ამის შემდეგ შემუშავდა გეგმა - რამდენიმე პროსახელისუფლებო არასამთავრობო ორგანიზაციისა და ფონდ "ქართუს" ჩართულობით უნდა დადებულიყო დასკვნა, რომ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში დაავადებული ხეების ახლებით ჩანაცვლება მოხდებოდა.
ამით სკანდალიც თავიდან იქნებოდა აცილებული და საქმეშიც ცაეთვლებოდათ ისე, რომ ბოტანიკურ ბაღზე ზრუნავდნენ. ეს გეგმა წარმატებით მოქმედებს, დასკვნა, რომ ამერიკული სექვოია და უთხოვარი დაზიანებული და გამხმარია, ამიტომ მათი ჩანაცვლებაა საჭირო, უკვე დადებულია და მინიშნებითი ინფორმაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გვერდზეცაა განთავსებული, ხოლო ის, რომ ბოტანიკური ბაღის "შეფასებითი პროექტი" ფონდმა "ქართუმ" დააფინანსა, ცნობილი ფაქტია", - ამბობს წყარო "ქრონიკა პლუსთან" საუბარში.
ზუგდიდის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე 2016 წლის 20 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში "ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია იწყება", ვკითხულობთ:
"უკვე დასრულდა ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის შემუშავებაც ფონდი „ქართუს“ დახმარებით გახდა შესაძლებელი.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის ექსპერტიზა, რის შემდეგაც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდი მოახდენს მთლიანი ბაღის რეაბილიტაციას.
მოხდება ბაღის ტერიტორიაზე არქეოლოგიური ძეგლების რეაბილიტაცია, კონსერვაცია. მოეწყობა ბილიკები, მოსასვენებელი ადგილები. დაგეგმილია დაავადებული ხეების ჩანაცვლება იმ ხეებით, რომელიც ბაღში ხარობდა".
მანამდე, 2014 წლის სექტემბერში, არასამთავრობო ორგანიზაცია "მერკურის" ხელმძღვანელი ნანა თოდუა ამბობდა:
"ჩვენ პროექტის ფარგლებში სანერგის აღდგენას ვგეგმავთ, სადაც გადაშენების პირას მყოფი 30 სახეობის მცენარის გადარჩენა მოხდება. ჩვენ გვინდა გავაკეთოთ არა მარტო სანერგის აღდგენა, არამედ გარკვეული პერიოდით მთლიანად ბაღის მოვლა-პატრონობა მოვახდინოთ. ასევე მოხდეს ბაღის პასპორტიზაცია“.
მისივე თქმით, პროექტი ჯდება 50 ათასი აშშ დოლარი, რომელსაც გაეროს განვითარების ფონდი გამოყოფს. (რადიო "თავისუფლება, 2014 წლის 8 სექტემბერი, "ადგილობრივი ხელისუფლების გეგმები ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის გადასარჩენად").
2014 წლის 23 ოქტომბერს, ამავე ორგანიზაციის წარმომადგენელი ლარისა თირქია ჟურნალისტებთან საუბარში ამბობდა:
"ბოტანიკურ ბაღში არსებული ძვირფასი ჯიშის ხეებიდან, უთხოვარი და ამერიკული სექვოია გახმობის პირასაა მისული. ჩვენს მიერ გამოყვანილი იქნა 6 ძირი სექვოია, რომლითაც შესაძლებელია გადავარჩინოთ ეს კულტივარი. რაც შეეხება უთხოვარს, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი, მისი გადარჩენა და გამრავლება ძალიან ძნელია“- "სმო.ჯი", - 2014 წლის 23 ოქტომბერი.
ამავე მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ:
"ზუგდიდის მერიის არქიტექტორის სამსახურის უფროსის ეკატერინე თოდუას თქმით, ბოტანიკური ბაღის საკითხი მერიისთვის არის მნიშვნელოვანი და აქედან გამომდინარე, ისინი განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებიან სხვადასხვა ორგანიზაციიდან შესული წერილებს, რომლებიც ბოტანიკურ ბაღს უკავშირდება. მისივე თქმით, ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში მერია არასამთავრობო ორგანიზაციას ყოველდღიურად რამდენიმე მუშახელს დაახმარს.
არქიტექტორის სამსახურის უფროსის განცხადებით, მერიას ბოტანიკურ ბაღთან მიმართებაში სხვადასხვა ღონისძიებების გატარება აქვს დაგეგმილი, მათ შორის ხელოვნური ტბის აღდგენა".
შეგახსენებთ, რომ ეს სტატიები ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის გეგმის შესახებ სამი წლის წინ დაიწერა, რეაბილიტაციის გეგმა გაპიარდა, თუმცა, კონკრეტული სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.
ამის მიზეზი, „ქრონიკა პლუსის“ ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის სხვა ხეების გადატანის პროცესის გაჭიანურება და ის ნეგატიური ფონია, რასაც ეს პროცესი საზოგადოებაში იწვევს, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ყოფილი პრემიერის გეგმები ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღთან მიმართებაში არ შეცვლილა.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ნოემბერში „ქრონიკა პლუსმა“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღწერილი იყო ბიძინა ივანიშვილის გეგმები ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღთან მიმართებაში და ისიც იყო ნათქვამი, რომ ამ გეგმის განხორციელება 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში იყო დაგეგმილი:
„...როგორც ქრონიკა პლუსის წყარო ამბობს, ამ მიზნის განხორციელება ეტაპობრივად უკვე დაიწყო და გეგმა სწორედ მაშინ შემუშავდა, როცა ზუგდიდში უჩუმრად ჩასულმა ბიძინა ივანიშვილმა გუბერნატორის თანხლებით ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დაათვალიერა და, როგორც წყარო ამბობს, მცენარეებიც შეარჩია”, – წერია სტატიაში.
“წყაროს თქმით, მან ზუსტად არ იცის, რა მცენარეებისა თუ ნარგავების გადატანას გეგმავს ივანიშვილი შეკვეთილში, მაგრამ თუ მოინდომებს, მისი არჩევანი არცთუ ისე შეზღუდული იქნება, თუკი იმ ისტორიას გავითვალისწინებთ, რაც ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღთანაა დაკავშირებული:
ბოტანიკური ბაღი ზუგდიდის შუაგულში, 26 ჰეტარამდე მიწის ნაკვეთზეა განთავსებული. ივანიშვილისთვის მადის აღმძვრელად მხოლოდ ისიც კი შეიძლება ჟღერდეს, რომ აქ ზოგიერთი ხე 200-ზე მეტი წლისაა და მთელ ევრაზიის კონტინეტზე ერთადერთ ეგზემპლარს წარმოადგენს. სავარაუდოდ, სწორედ მათ დაადგა თვალი მილიარდერმა.
ამასთან, ბევრმა არ იცის, რომ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი სილამაზითა და იშვიათი ნარგავების მიხედვით მსოფლიოს ბაღებს შორის მეშვიდე ადგილზეა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ბაღებს შორის მესამე ადგილზე, ამიერკავკასიის ბოტანიკურ ბაღებს შორის კი პირველზე. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ყოველდღიურად 274 ათას ტონა ნახშირორჟანგს შთანთქავს და 370 ათასზე მეტი ადამიანისთვის საჭირო ჟანგბადს გამოჰყოფს.”
და ბოლოს, კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც, შესაძლოა, პირდაპირ უკავშირდებოდეს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ბიძინა ივანიშვილის გეგმებს:
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ შესაძლოა, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ზუგდიდში დამოუკიდებელ კანდიდატად იყაროს კენჭი, საკუთარი სახსრებით გადაწყვიტა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტბის ნაწილის რეაბილიტაცია-დასუფთავება და ამისთვის დაახლოებით 100.000 ლარი პირადად გამოყო.
ის ზუგდიდში ადგილობრივ ახალგაზრდებს დაუკავშირდა, მათგან მოხალისეთა ჯგუფები შექმნა და შაბათ-კვირას ამ ჯგუფმა ტბის მიმდებარე ტერიტორიის ეკალ-ბარდებისგან გათავისუფლება და დასუფტავების სხვა სამუსაოები წამოიწყპო. აღსანიშნავია, რომ ზვიად სიჭინავას ამ აქციის შესახებ არაფერი უცნობებია არც ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის და არც ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის.
ამბავი, რომ ზვიად სიჭინავა ბოტანიკურ ბაღს მოხალისეებთან ერთად ასუფთავებს და რომ ეს აქცია მიმდინარეობს სლოგანით „ზუგდიდი ჩემი ქალაქია“, მალე მოედო ქალაქს და ბოტანიკურ ბაღში უამრავი სხვადასხვა ასაკის ადგილობრივი მივიდა. ისინი მხარდაჭერას უცხადებდნენ ზვიად სიჭინავას და თავადაც გამოთქვამდნენ სურვილს, რომ სამუშაოებში მიეღოთ მონაწილეობა.
რასაკვირველია, ამ ამბავმა ადგილობრივი ხელისუფლების ყურამდეც მიაღწია და ორშაბათს აქციის მონაწილეებს ადგილზე მობილიზებული ხელისუფლების წარმომადგენლები და პოლიცია დახვდა. მათ განუმარტეს, რომ ბოტანიკური ბაღის დასუფთავების უფლება არ ჰქონდათ, რადგან არსებობდა რეაბილიტაციის გეგმა და ამ გეგმით გათვალისწინებული სამუსაოები უახლოესი 20 დღის განმავლობაში უნდა დაწყებულიყო (ეს სწორედ ის გეგმაა, რომელიც სამი წლის წინ გამოქვეყნდა, 2016 წლის დასაწყისიდან უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ ჯერჯერობით დაკონსერვებულია, - რედ.) და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.
"ქრონიკა პლუსთან“ საუბარში ზვიად სიჭინავამ დაადასტურა, რომ სრულიად უანგაროდ, საკუთარი სახსრებით აპირებდა ბოტანიკური ბაღის ტბის ნაწილის რეაბილიტაციას:
„ჩამოვიყვანე სპეციალისტები, შევუკვეთე გედები და ფარშევანგები, რომლებიც ოდითგან დაცურავდნენ ტბაში და ისინი სექტემბერში უნდა ჩამოიყვანონ. მანამდე ტბის გაწმენდას, საწრეტი წერტილების გასუფთავებას და ტბაში წყლის გამდინარეობის უზრუნველყოფას ვგეგმავდით, უამრავი მოპხალისე იყო ჩართული, მოვზიდეთ მიწა, დავასუფთავეთ ტბის კალაპოტი და მიმდებარე ტერიტორია, მაგრამ დღეს როცა მოვიდნენ, გვითხრეს, რომ იქედან უნდა წავსულიყავით. მე დაპირისპირებას თავი ავარიდე, პროვოკაციას არ ავყევი და ჯგუფთან ერთად გამოვედი ბაღიდან“, - თქვა ზვიად სიჭინავამ „ქრონიკა პლუსთან“ საუბარში.
სავარაუდოდ, კერძო ინიციატივის აღკვეთა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის იერსახის შენარჩუნებისთვის, ისევ და ისევ ბიძინა ივანიშვილის გეგმებს უკავშირდება. მილიარდერსა და მის მოკავშირე ზუგდიდის ადგილობრივ ხელისუფლებას, ცხადია, ხელს არ აძლევს ამ კერძო პირებისა და ზუგდიდელების ფართოდ ჩართულობა და პროცესის გამჭვირვალეობა...", - აღნიშნულია სტატიაში.
მოკლედ მაგ ხეებს ხელი დეედება, იმავე ხეზე მიეჭრება ეგ ხელი.