გუშინდელს აქეთ კიდევ რაღა უნდა მოხდეს?
ან უნდა ავკრძალოთ ფეხბურთი საქართველოში, ანდა ერთხელ და სამუდამოდ ბოლომდე უნდა ვთქვათ სიმართლე, იმის მიუხედავად ვინ ვისი ძმაკაცია, ვინ ვისი ბიძაშვილია და ვინ ვისი მეზობელია. რა ვქნა ძმაო, გეწყინოთ; სულ ჩვენ, გულშემატკივრები ვართ ნაწყენები, თანაც ტყუილად და უსამართლოდ და ამჯერად თქვენ გეწყინოთ, იმსახურებთ!
ვის თქვენ?
ბოლოდან მოვყვები.
ბოლოდან იმიტომ, რომ იმით დავიწყოთ რაც ზედაპირზე ჩანს და ყველა ვხედავთ, მერე წავავლოთ ხელი და მოვთხაროთ ბოლომდე, ისე, რომ ერთი დამპალი თესლიც აღარ დარჩეს ამ საფლავის მიწაში, თორე ვინც რა ფერადი "კროსკა" არ უნდა წააყაროს, მაინც მრავლდება ისევ და მაინც წამოყოფს თავს.
და რა ჩანს პირველი სტადიონზე თუ ეკრანებზე? – ფეხბურთი და ფეხბურთელები...აბა, ფეხბურთი და აბა, ფეხბურთელები? ის რასაც ქართველები სტადიონზე აკეთებენ ფეხბურთის თამაში არაა და ვინც აკეთებენ არც ისინი არიან ფეხბურთელები. მარტო ბუცების ჩაცმა, ზურგზე ნომრის დაწერა და ჩემზე უკეთ სირბილი და ბურთის კენწვლა (ესეც საკითხავია) არ ნიშნავს ფეხბურთს.
მოდი, ყველა დეტალი, ყველა საფეხბურთო კომპონენტი გავარჩიოთ:
დაცვით დავიწყოთ. ფეხბურთის ანაბანაა, ტუტორიალია: ფეხბურთი იმიტომ ქვია, რომ მოთამაშეები ფეხით თამაშობენ და ბურთს ფეხი უნდა დაარტყან, ეს ერთი, მეორეც, მცველის პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელების ფუნქციაა მოწინააღმდეგეს ბურთი წაართვას. სხვათა შორის, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, წართმევა – აგლეჯა, გამოგლეჯა, ხელიდან გამოგლეჯა, ხელიდან გამოცლა, წაგლეჯა, ხელიდან წაგლეჯა, გამოტაცება, ხელიდან გამოტაცება, დაგდებინება (დააგდებინა), დაყრევინება (დააყრევინა), გამოძალვა, აღლეტა, გამოღლეტა. გესმით? ეს სულაც არ არის თავაზიანი ქმედება, "უკაცრავად, ხომ ვერ დამითმობდით?" მორბის ფლანგზე მეტოქის შემტევი ფეხბურთელი, მიყვება ზურგზე ხელებდაწყობილი ქართველი "მცველი" ხვეწნა მუდარით აღსავსე თვალებით, თუ მოხდა სასწაული და დაეწია, დაუდგება ასე 5–6 მეტრში წინ და ელოდება როდის ეტყვის მოწინააღმდეგე, "ჰო, კაი, აჰა, აიღე, ახლა შენ ითამაშეო"...იგივე ეხებათ მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე მოთამაშე სხვა მოთამაშეებს, ვინაიდან ჩვენ, გულშემატკივრებს მაინც კარგად მოგვეხსენება, რომ თანამედროვე ფეხბურთი უკვე მრავალი ათეული წელია ბურთის კოლექტიურ ართმევას და მკაცრ პრესინგს მიმართავს, თუ არ მიხვედი მოწინააღმდეგეზე, ფეხში(!!!), უსწრაფესად, ხისტად და თუ არ ეცადე მის წართმევას, თუ მის წინ რამდენიმე მეტრში გაჩერებული ელოდები მის შეცდომას, რომ ეგება არაზუსტი პასუ გააკეთოს და ჩაუჭრა, ან თვითონ წამოვიდეს შენი მიმართულებით, ბურთი აებლანდოს და შეგეჯახოს, ასე სულ უბურთოდ იქნები.
გადავიდეთ ტექნიკაზე. აუჰ, "ევროპელი ბრაზილიელები" ვართ ჩვენ, ვიღაც "უცხოელმა თქვა ქართველები უაღრესად ტექნიკურები, მაგრამ ზარმაცი ხალხი ხართ და დისციპლინა გაკლიათო"...

რა დისციპლინა, დარტყმა, ჩაწოდება და ბურთის გაჩერება ისწავლეთ! კი, ადამიანები ვართ, ყველაფერს უნაკლოდ ვერ გავაკეთებთ, იშვიათად შეიძლება ბურთი "აგვეჭრას", მაგრამ "იშვიათად" ნიშნავს, რომ როგორც წესი ეს არ ხდება და გამონაკლის სემთხვევას წარმოადგენს. მთელი თამაში და ყოველ თამაშში მუდმივად კარს რომ აცილებ, მცველს ვერ აცილებ, ვერ ურტყამ, ვერ აწვდი, ბურთს ვერ იჩერებ, ნიშნავს რომ არ იცი. პროფესიონალი რომ გქვია ჩემგან იმით უნდა განსხვავდებოდე, რომ სათამაშო სიტუაციებში ახერხებდე ამას, აბა, ვარჯიშზე, გაჩერებული ბურთის 7 მეტრიან ცარიელ კარში მორტყმას მეც მოვახერხებ, თანაც ყოველ ჯერზე. ტექნიკა სწორედ ეს სამი კომპონენტია – ბურთის გაჩერება, სწორად ჩაწოდება/გადაწოდება და ზუსტი დარტყმა. "მატაობა" არაა ტექნიკა, "მატაობა" აფერისტობაა, ვითომ აქეთ მოგაქვს ბურთი და მერე წაიღებ იქით, სულ ეგაა "მატაობის" არსი, რაც მთავარია, შენი კარიდან მინიმუმ 60–70 მეტრის მანძილზე სრულიად უსარგებლო უნარია, მითუმეტეს თუ ამას შენი კარის ან აუტის ხაზის მიმართულებით აკეთებ.
ახლა ათლეტიზმზე. სპორტის სათამაშო სახეობის წარმომადგენლები რიგითი ადამიანებისგან პირველ რიგში სწორედ ათლეტიზმით გამოირჩევიან, ბევრად სწრაფად სირბილი შეუძლიათ, ბევრად მაღლა ახტომა და ბევრად მეტი გამძლეობა აქვთ. დაკვირვებულხართ "პირველი ბურთების" 90%–ს ჩვენი მეტოქეები რომ იგებენ და თან უმარტივესად? იმიტომ, რომ ქართველი ფეხბურტელი მაქსიმუმ 30 სანტიმეტრის სიმაღლეზე ახერხებს ადგილიდან ახტომას, უცხოელი კი მინიმუმ ნახევარ მეტრზე, იმასაც დაკვირვებული ხართ სპრინტის დროს ვერცერთი ჩვენი მცველი რომ ვერ ეწევა მოწინააღმდეგეს? უბრალოდ არავის აქვს სწრაფად სირბილი ნასწავლი, არც სიმაღლეზე ხტომა, ეს კი ისეთი უნარებია, ბავშვობაში მუდმივი წვრთნის გარეშე მერე ფიზიკურად ვეღარ რომ განავითარებ. აი, გამძლეობის არქონა კი უბრალოდ დიდი სირცხვილია ადამიანისთვის, რომელიც საკუთარ თავს სპორტსმენს უწოდებს. სირცხვილია, რომ სინამდვილეში ის იმიტომ არ აკეთებს ბევრ "სპრინტს" თამაშის განმავლობაში, რომ კარგად იცის, ასე ერთ ტაიმსაც ვერ გაძლებს.
შევეხოთ მოედანზე გადაადგილებას და ზონების კონტროლს. ალბათ მუდმივად გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ მოედნის ნებისმიერ მონაკვეთში მუდმივად უმცირესობაში ვართ. როდესაც გუნდი კარგავს ბურთს და იხევს უკან, ჩვენები, სრული შემადგენლობით ძუნძულით ბრუნდებიან, მხოლოდ მცვლები დარბიან, ბურთიან მოწინააღმდეგეს წინ, რამდენიმე მეტრში უდგას ერთი ქართველი მცველი, დანარჩენები მთლიანად ბურთის უკან გადმოდიან და ძუნძულითა და ბაჯბაჯით იკავებენ ე.წ. ზონებს და როგორ იქცევიან ფეხბურთის მცოდნე გუნდები? ბურთის დაკარგვის შემდეგ კოლექტიურად, სპრინტით იხევენ უკან, ბურთიან მოწინააღმდეგეს მომენტალურად და მუდმივად ფეხზე "აჯდება" დამცველი და თუ მაქსიმუმ 1-2 წამში ბურთიანმა ეს ბურთი არ გასცა, იქვე დასახმარებლად გაჩნდება მეორე და შეიძლება მესამე დამცველიც, ხოლო დანარჩენი ფეხბურთელები ზონაში კი არ დაბაჯბაჯებენ, არამედ ამ ზონაში მყოფ მოწინააღმდეგეებს არიან აწებებულები და თანაც ისე, რომ ცდილობენ მათსა და ბურთს შორის ეკავოთ პოზიცია. ასევე სულ არაა სავალდებული და მიზანშეწონილიც, რომ ეს დაცვითი ზონები მაინცდამაინც ბურთის უკან განლაგდეს, მითუმეტეს, თუ გუნდი აგებს.
დრიბლინგი და მოკლე პასები. ნებისმიერ გუნდს დააკვირდით, 95% სემთხვევაში ნებისმიერი გუნდის(!) ნებისმიერი ფეხბურთელი(!) აკეთებს მხოლოდ ორ, იშვიათ სემთხვევაში 3 შეხებას, მაშინაც კი, როცა 20-25 მეტრის რადიუსში არავინ აწუხებს. იმიტომ, რომ სისწრაფეებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ფეხბურთში. ჯერ ერთი ბურთი ადამიანზე სწრაფია და მას უფრო მალე შეუსვლია დანისნულების ადგილამდე მისვლა, ვიდრე ფეხბურთელს, მეორეც - ბურთიანად გაჩერებას, მიბრუნებას, მობრუნებას, გახედვას, გამოხედვას, ამ ყველაფერს 3 წამიც რომ დასჭირდეს, სამ წამში მინიმუმ 20-25 მეტრს დაფარავს მოწინააღმდეგე ანუ ყველა მოასწრებს თავისი ზონის დაკავებასაც და შენი გუნდელების აყვანასაც. ჩვენ ვიტრიალოთ ბატონო, ვიტრიალოთ და ვიაროთ წრეზე, ჩვენ ხომ "ევროპელი ბრაზილიელები" ვართ...
მწვრთნელები. აქ კიდევ უფრო მარტივადაა საქმე. ისინი უბრალოდ არ გვყავს. ჩვენ, გულშემატკივრები თუ ვხვდებით იმ პრობლემებს, რეებზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ამას რომ წლების განმავლობაში ვერ მიხვდები ადამიანი, რომელიც ხელფასს იდეაში სწორედ ამისი ანალიზისთვის იღებ, ე.ი. შენ კიდევ უფრო არაპროფესიონალი, ზარმაცი და აფერისტი ხარ, ვიდრე ფეხბურთელი. ამ შემთხვევაში სახელობითადაც კი დავკონკრეტდები: სოსო ფრუიძეს წარმატებული ქართველი მწვრთნელის სახელი აქვს; ღმერთო ჩემო! სოსო ფრუიძეს. ხარხარი მინდება. 10 წელი რომ ერთ გუნდში ხარ და შენს გუნდს საერთოდ არაფერი აქვს დამახასიათებელი, დამუშავებული კომბინაციები, ტაქტიკა და ა.შ. 10 წელი რომ ხარ და პირველივე ეტაპიდან ევროპის ერთ–ერთი გამორჩეულად სუსტი გუნდი, ზიმბრუ დააგამარცხებს და ამ ზიმბრუსთანაც კი უღიმღამოდ გამოიყურები, ამის მერე ისევ რჩები და აგრძელებ მუშაობას, მწვრთნელი კი არა ძველი საწყობის ყარაული ხარ, რომელსაც მეპატრონე სამადლოდ უხდის ხელფასს, კაი კაცია, ცოდოა, ერთი–ორი კაპიკი შეიტანოს ოჯახშიო. არ ვიცნობ, შეიძლება მართლა კაი კაცია, მარა სემთხვევით არ განმიზოგადებია, სოსო ფრუიძე კოლექტიურ სახედ მიმაჩნია ქართული ფეხბურთის ანუ ფეხბურთის არმცოდნე ხალხის, რომლებიც თვალებში ნაცარს გვაყრიან და უკეთეს და უკეთეს პირობებს ითხოვენ წუწუნით.
ჟურნალისტები. არ გეწყინოთ. კარგი ხალხი ხართ და ყველაზე დაცაგრული ხალხიც ხართ. სპორტულ ჟურნალისტზე დაბალი ანაზღაურება და ძაღლური პირობები საქართველოში არცერთი სხვა პროფესიის წარმომადგენელს არ აქვს, მაგრამ მაგრად მიქარავთ ძმებო და ნუ მაფიქრებინებთ, რომ თქვენც არ გესმით ფეხბურთი. რეებს წერთ??? რა გრიგოლ დოლიძე, რა დიმა ტატანაშვილი, რა სოსო ფრუიძე, რა ელგუჯა გრიგალაშვილი??? რომელია ნიჭიერი და მაგარი??? ან იმისი მართლა გჯერათ რომ ქართველი ფეხბურთელები სავიზო პრობლემების თუ ლეგიონერებზე ლიმიტის გამო არ მიყავთ ევროპაში? საქართველოს ცემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი რომ დანიის ჩემპიონატის აუტსაიდერ გუნდში არათუ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება, შეცვლაზეც კი იშვიათად და 10-15 წუთით თუ ათამაშებენ, იმ დანიის ჩემპიონატში, რომელიც უეფას რეიტინგში 21-ე ადგილზეა, ბოსნიის, უნგრეთის, რუმინეთის და სლოვაკეთის ჩემპიონატების უკან, თქვენ გჯერათ რომ ასეთ ფეხბურთელებს მართლა იწვევენ? და იმისიც გჯერათ, რომ ლორიას ყიდვა ჩელსის უნდოდა და სამუშაო ვიზის პრობლემა ვერ მოუგვარეს და იმიტომ ვერ წავიდა? მილიარდებიანი ბიუჯეტის კლუბები სამუშაო ვიზას ვერ აკეთებენ?

მე მაქვს შეხება, მომიწია ამ საკითხებზე მუშაობა და პირდაპირ ვიტყვი - ქართული ფეხბურთი ევროპელებისთვის უხარისხო პროდუქტია და მასზე მოთხოვნა არაა. საუკეთესო შემთხვევაში აინტერესებთ ქართველი ბავშვები, თუმცა ბავშვის გამოზრდა სარისკოა, არ გაქვს გარანტირებული შედეგი და ზედმეტ ხარჯებს ყველა ერიდება, თან ურჩევნიათ ადგილობრივი გაზარდონ. მზა პროდუქტი ანუ სრულწლოვანი, ჩამოყალიბებული ფეხბურთელი საქართველოში არ არის. რადგან როგორც ზემოთ დავწერე, არ იციან ფეხბურთის თამაში. ხოდა, იმის თქმა მინდა, რომ ნუ უსვამთ ამათ თავზე ხელს ჩემო ჟურნალისტებო.

მოკლედ, ჩავედით ბოლომდე და მივაგენით დამპალი თესლების საბუდარსაც - ეს არასწორი მენეჯმნეტია. გამოვიცნოთ აბა რამდენი ქართული კლუბის დირექტორს აქვს სპორტული მენეჯმენტის კურსები მაინც გავლილი (მაგისტრობას და ბაკალავრობას ვინღა ჩივის)? - არცერთს! და მთელი ჩვენი ჩემპიონატის ისტორიის მანძილზე არც ყოლია არავის. ვინ იყვნენ და არიან ქართული კლუბების მართვის სათავეებთან? ყოფილი ფეხბურთელები, რომლებიც პირადი კონტაქტების საფუძველზე დაუახლოვდნენ კლუბების მეპატრონეებს. რეზო ჩელებაძე, ბუბა ტყავაძე, მახო მახარაძე, ლადო ბურდული...კარგით რა! ან საერთოდ გაუგებარი ხალხი, უბრალოდ დროებითი ინვესტორების სემომყვანების ახლობლები (გორის დილას შემთხვევაში) ან კიდევ ვიღაც რუხი კარდინალები, კლუბის პრეზიდენტთან ერთი საახლობლო და გავლენიანი სანაცნობო რომ ყავთ (ლევან სალუქვაძე მაგალითად). პატივცემულებო, ევროპაში ყველა კლუბის მმართველი დირექტორი პროფესიით სპორტული მენეჯერია ან უარეს შემთხვევაში ბიზნესის მართვისა და ადმინისტრირების დიპლომი გააჩნია, ყოფილი ფეხბურთელები მხოლოდ სპორტული დირექტორის მოვალეობას ასრულებენ და რაც მოიცავს სკაუტინგს (ფეხბურთელების მოძიებას), გუნდში სიტუაციის დარეგულირებას და პრობლემების მოგვარებას, ტექნიკურ საკითხებს. არავითარ შემთხვევაში(!) კლუბის ფინანსების მართვას და განკარგვას, საკადრო საკითხებს, მწვრთნელისა და ფეხბურთელების შეძენის ჩათვლით. მხოლოდ კონსულტანტები არიან ისინი დირექტორებისთვის, რადგან ფეხბურთში შინაური კაცები არიან, იცნობენ ფეხბურთელების ხასიათს და მათ პრობლემებს.
ცუდი კი ისაა, რომ ქართულ ფეხბურთში ჯერ არც ერთი კლუბის პრეზიდენტს არც კი მოუკითხავს საერთოდ არსებობენ თუ არა საქართველოსი პროფესიონალი სპორტული მენეჯერები (არადა, არსებობენ, მათ შორის პრესტიჟული დასავლეთევროპული სასწავლებლების მაგისტრებიც). რჩება შთაბეჭდილება, რომ არც სჭირდებათ და არც ანაღვლებთ, რომ ფულს ათეთრებენ აგურკვეველი კვალიფიკაციისა და წარმომავლობის ლეგიონერების ჩამოყვანით და გაუთავებელი ძვირადღირებული შეკრებებით.
რეზიუმე:
ან ვაუქმებთ ფეხბურთს, ან მივდივართ სწორად:
1. შემოწმდნენ კლუბების მეპატრონეები ფინანსურ მაქინაციებზე.
2. აიყვანეთ პროფესიონალი მენეჯრები! ფინანსურ მოგებაზე ორიენტირებული პროფესიონალი აუცილებლად და პირველ რიგში სწორ საკადრო პოლიტიკას გაატარებს, რაც გულისხმობს საუკეთესო მწვრთნელებისა და ფეხბურტელების სელექციას, გაზრდას და დატრეინგებას.
3. ჟურნალისტებმა წერეთ სიმართლე. აკრიტიკეთ. ქვა არ დატოვოთ ქვაზე. ყოველგვარი "მაგრამების" და გამონაკლისების გარეშე ნუ აქებთ და ადიდებთ სან ტომე და პრინსიპის დონის გუნდებთან ჩაწყობილი თამაშების მომგებ ფეხბურთელებს, უნდა მიეჩვიონ რომ არასაფეხბურთო და სუსტი ქვეყნების წარმომადგენლების დამარცხება კანონზომიერებაა და მათთან გამარჯვებისთვის თავზე ხელს არავინ გადაუსვამს, ვერმოგების შემთხვევაში კი გარეთ არ გამოესვლებათ.
4. ბავშვებს ასწავლეთ სწორი ფეხბურთი. სწორი რა...ფეხბურთი.

5. მძლეოსნური ვარჯიშები შეიტანეთ ბავშვთა მომზადებაში, სისწრაფის, ხტომის, გამძლეობის გარეშე კაპიკია ნებისმიერი სხვა უნარის ფასი, რადგან ვერ გამოიყნებ ვერანაირად.
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey