Embassy of Georgia to the United States
7 hrs ·
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროპაში, მათ შორის საქართველოში, განხორციელებულ/მიმდინარე ქმედებებს და ასახავს მათ აღსაკვეთად, აშშ-ის ხელისუფლების მიერ განსახორციელებელ კონტრზომებს
აშშ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას საკანონმდებლო დონეზე. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს (S. 1221), რომელიც გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებულ/მიმდინარე ქმედებებს, საერთაშორისო სამართლისა და ნაკისრი ვალდებულებების უგულვებელყოფას, საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას, 2008 წელს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას.
კანონპროექტი გმობს რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორცილებულ და მიმდინარე აგრესიულ ქმედებებს და მოუწოდებს მისი დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ. კანონპროექტი ითვალისწინებს აშშ-ის მიერ 2018-2019 ფისკალური წლებისთვის 250 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას, რომელიც მოხმარდება, ნატოსა და ევროკავშირის წევრი, ასევე, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებული/მიმდინარე რუსეთის ზემოქმედების აღსაკვეთად გამიზნულ ქმედებებს.
აღნიშნული კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ, 90 დღის ვადაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, უნდა შექმნას სამუშაო ჯგუფი, რათა ადმინისტრირება გაუწიოს რუსეთის ზეგავლენის აღსაკვეთად შექმნილ ფონდს და წინ აღუდგეს რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებს.
შემდგომ ეტაპზე ზემოხსენებულ კანონპროექტს კენჭს უყრიან აშშ-ის სენატის პლენარულ სხდომაზე. კენჭისყრის კონკრეტული ვადები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
უფრო კონკრეტულად კი კანონპროექტში აღნიშნულია:
რუსეთის ხელისუფლება 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსირებით, 2008 წელს საქართველოში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უკანონო ოკუპირებითა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე დესტაბილიზაციური სახის ქმედებებით აგრძელებს მის მიერ აღებული ვალდებულებების დარღვევას, რომელიც მან აიღო ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის თაობაზე ხელშეკრულებასთან უკრაინის მიერთებისას გაფორმებული უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე მემორანდუმის (ბუდაპეშტის მემორანდუმის), ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციის საბოლოო აქტის (ჰელსინკის აქტი) საფუძველზე.
რუსეთის ხელისუფლება აგრძელებს საქართველოსთან დაკავშირებით, ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე 2008 წლის აგვისტოს შეთანხმების პირობების იგნორირებას, რომელიც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გამოყვანას, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში ჰუმანიტარული ჯგუფების თავისუფალ დაშვებასა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ კონფლიქტური არეალის მონიტორინგს მოითხოვს - ნათქვამია კანონპროექტში.
კანონპროექტის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა მოსთხოვოს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას, რომ საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან გამოიყვანოს მისი ყველა სახის შეიარაღებული ძალა; მისცეს ზემოხსენებული ქვეყნების ხელისუფლებებს, მათი ტერიტორიების საზღვრების კონტროლის შესაძლებლობა; შეწყვიტოს ყველა მისი ძალისხმევა, რომელიც მიმართულია, ზემოხსენებული ქვეყნების ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებების ძირის გამოთხრისკენ.
რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ საქართველოსა და უკრაინის ქვეყნებისა და ხალხების წინააღმდეგ გამოიყენა და კვლავაც აგრძელებს ძალისმიერი მეთოდების, სადაზვერვო ოპერაციების, ზემოქმედების კამპანიის გამოყენებას, რომელიც მკაფიო საფრთხეს უქადის ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებს. ზემოხსენებულის საპასუხოდ, ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებმა საჭიროა გააძლიერონ ძალისხმევა, რათა განამტკიცონ მათი ინსტიტუტების, პოლიტიკური სისტემებისა და სამოქალაქო საზოგადოებების მდგრადობა - აღნიშნულია კანონპროექტში.
კანონპროექტის მიხედვით, ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციისა და ევროკავშირის გაძლიერების მიმართულებით მუშაობის პარალელურად, საჭიროა, რომ აშშ-მა იმუშაოს ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებთან ინდივიდუალურად, რათა განსაზღვროს აგრესიის, დეზინფორმაციის, და ე.წ. ჰიბრიდული ომიდან მომდინარე მოწყვლადობა; ზემოხსენებული მოწყვლადობის აღსაკვეთად შექმნას სტრატეგიული და ტექნიკური სახის გეგმები.
აშშ რჩება თანმიმდევრული პრინციპისა - ex injuria jus non oritur, რომელიც მხარს უჭერს ე.წ. „სტიმსონის დოქტრინას“ და შესაბამისად, არ ცნობს ძალისმიერი გზით განხორციელებულ ტერიტორიულ ცვლილებებს, მათ შორის აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, ყირიმში, აღმოსავლეთ უკრაინასა და დნესტრისპირეთში არალეგალურ შეჭრასა და ოკუპაციას - აღნიშნულია კანონპროექტში.
კანონპროექტის მიხედვით, რუსეთის ზემოქმედების აღსაკვეთად, 2018-2019 ფისკალური წლებისთვის საჭიროა გამოიყოს 250 მილიონი აშშ დოლარი. რუსეთის მხრიდან ზემოქმედების აღსაკვეთად გამოყოფილი ფონდის თანხები უნდა მოხმარდეს, რათა უზრუნველყონ ძირითადი ინფრასტრუქტურისა და ელექტორული მექანიზმების დაცვა კიბერშეტევებისაგან; ფონდის თანხები ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა, უნდა მოხმარდეს იმ ქვეყნებს, მათ შორის ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, საქართველოს, მაკედონიას, მოლდოვას, კოსოვოს, სერბეთსა და უკრაინას, რომლებიც მონაწილეობენ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და ევროკავშირის გაფართოების პროცესში; ფონდის თანხები ასევე უნდა მოხმარდეს ზემოხსენებულ ქვეყნებში კორუფციასთან ბრძოლას, კანონის უზენაესობის გაუმჯობესებასა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის გაძლიერებას; თანხები მიმართული იქნება ჰუმანიტარული კრიზისისა და არასტაბილურობის აღსაკვეთად საჭირო საპასუხო ზომებს, რაც გამოწვეული და გაძლიერებულია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსა და უკრაინაში შეჭრითა და ოკუპაციით. ამას გარდა, ფონდი ასევე გამოყოფს სახსრებს საკანონმდებლო პროცესის გაუმჯობესების და საკანონმდებლო სფეროში ცნობიერების ამაღლების, პოლიტიკური გამჭვირვალობისა და კონკურენციის უზრუნველსაყოფად; თანხები ასევე უნდა მოხმარდეს სამოქალაქო საზოგადოების, მასმედიის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაძლიერებას, რათა წინ აღუდგეს ზემოხსენებულ ქვეყნებში რუსეთის ფედერაციის ზემოქმედებასა და პროპაგანდას.
კანონპროექტის მიხედვით, ყოველი წლის 1 აპრილამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის კოორდინატორის მეშვეობით, კონგრესის შესაბამის კომიტეტებს წარუდგენს ანგარიშს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროპასა და ევრაზიაში განხორციელებული ზემოქმედების აღსაკვეთად, წლის განმავლობაში განხორციელებელი კონტრზომებისა და თითოეული ქვეყნისათვის გამოყოფილი დაფინანსების თაობაზე.
აღნიშნული კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ, 90 დღის ვადაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორთან და საჭიროების შემთხვევაში ეროვნული უსაფრთხოების მდივანთან, ეროვნული დაზვერვის დირექტორთან, თავდაცვის მდივანთან კონსულტაციის გზით, უნდა შექმნას სამუშაო ჯგუფი, რათა ადმინისტრირება გაუწიოს რუსეთის ზეგავლენის აღსაკვეთად შექმნილ ფონდს და წინ აღუდგეს რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ყოველწლიურად უნდა წარუდგინოს კონგრესის შესაბამის კომიტეტებს ანგარიში, რომელიც შეიცავს იმ მედიაორგანიზაციების აღწერას, რომლებიც კონტროლდებიან და ფინანსდებიან რუსეთის ხელისუფლების მიერ, ასევე იმ შესაბამისი ერთეულების (მათ შორის, სამაუწყებლო და სატელიტური ტიპის ტელე, რადიო, ინტერნეტ და ბეჭდური მედიაორგანიზაციების) აღწერას, რომლებიც მოქმედებენ რუსეთის ფედერაციასა და მის ფარგლებს გარეთ.
შემდგომ ეტაპზე ზემოხსენებულ კანონპროექტს კენჭს უყრიან აშშ-ის სენატის პლენარულ სხდომაზე. კენჭისყრის კონკრეტული ვადები მოგვიანებით გახდება ცნობილი. აშშ-ის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის მიერ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, იგი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გაეგზავნება. პრეზიდენტის მიერ კანონპროექტის ხელმოწერის შემთხვევაში, მას მიენიჭება სავალდებულო კანონის ძალა.
ზემოხსენებული კანონპროექტის ტექსტი იხილეთ შემდეგ ბმულზე:
https://www.congress.gov/bill/115th-congres...-bill/1221/text This post has been edited by anthropod on 8 Jun 2017, 16:10
მიმაგრებული სურათი