რა თქმა უნდა,
ტოკიო
დადებითი:სათითაოდ ჩამოთვლა შეუძლებელია. ბევრგან ვყოფილვარ, მაგრამ ტოკიო იმ 2-3 შემთხვევათაგან ერთერთია, როცა უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ვიდრე ფოტოებზეა და უფრო მომნუსხა, ვიდრე ამას ჩასვლამდე წარმოვიდგენდი. ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.
არის რაღაც გიჟურად უსაზვრო და ყოვლისმომცველი, რომლის მთლიანად ჩაწვდომას და გაცნობასაც ალბათ 1 სიცოცხლე არ ეყოფა.
აქვს რაღაც ალბათ ყველანაირი გემოვნების ადამიანისათვის. საოცარი ხალხი; შოპინგის სამოთხე - განსაკუთრებით, ელექტროტექნიკით დაინტერესებულთათვის.
საოცრადაა შერწყმული ტრადიციები, წარსული და 22-ე საუკუნე. ღამით გაჩახჩახებული ქუჩები და ცათამბრჯენები ზღაპარია ფაქტობრივად. ეს არი ქალაქი, სადაც ერთდროულად ხელისგულზე შეიძლება გედოს ასაკუსას სენსო-ჯის ტაძარი და 634 მეტრიანი Tokyo Skytree.
ასაკუსაში ვნახე პირველად ადამიანშებმული ტაქსი.
თუ გინდა სიცოცხლის ჩქეფა რას ნიშნავს გაიგო და კაცობრიობის სიდიადე შეიგრძნო, აქ უნდა წახვიდე. ჩვენთან სტადიონის შესასვლელთან თამაშის წინ არ არის ხოლმე იმდენი ხალხი, რამდენიც ტოკიოში ერთი რიგითი გადასასვლელის ზებრასთან შეიძლება შეიყაროს.
შიბუიაში, ჰაჩიკოს ძეგლთან გადასასვლელი არის ჩემი აზრით პლანეტაზე საუკეთესო ადგილი people watching-ისთვის და მანდ მდებარე Starbucks ალბათ სტრატეგიულად ყველაზე მომგებიან ადგილას განთავსებული რესტორანი.
მიუხედავად იმისა, რომ გადაჭედილია ხალხით, მაინც საოცარი წესრიგია. ავტობუსის გაჩერებაზე და მეტროს ბაქანზე მგზავრები რიგში როგორ დგანან, ეგ საკუთარი თვალით უნდა იხილოთ.
ძალიან ბევრგან ქუჩაში მოწევა აკრძალულია და სპეციალური მოსაწევი სივრცეებია მწველთათვის გამოყოფილი.
ყველაზე დიდი შოკი იყო ის, რომ ქალაქის ქუჩებში თითქმის შეუძლებელია სანაგვე ურნების ნახვა, რადგან არაადამიანურ დონეზე აქვთ ნაგვის დახარისხება აყვანილი და ყველას სახლში მიაქვს და ახარისხებს. ამის მიუხედავად, ცალკეულ გამონაკლისებს და ბომჟების კუთხეებს თუ არ ჩავთვლით, გაკრიალებულია ქალაქი.
ახლოს არის სალაშქრო და შემეცნებითი გასვლისთვის ძალიან მაგარი ადგილები. მაგ. ტაკაოს მთა. ფუჯიც თავისთავად.
რავი, ძალიან, ძალიან ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება.
უარყოფითი:საშინელი სიძვირეა. ახლა ნორვეგიაში ვცხოვრობ და ამის ფონზეც კი, იქაური ფასები მაინც მწარედ მახსოვს.
ისევე როგორც მთელი იაპონია, სეისმურად ძალიან აქტიურ ზონაშია და ხშირ-ხშირად გაყანყალებს. იქაურები კი მიჩვეულები არიან, მაგრამ ჩემთვის დიდი შოკი იყო.
ნუ, ეს უარყოფითად ნაკლებად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ ერთი ძალიან უცნაური ფაქტი ის არის, რომ ქალაქი ტოკიო, რაზეც ახლა ამდენი ვწერე, 1943 წლიდან აღარ არსებობს.

არის ტოკიოს პრეფექტურა და ტოკიო-იოკოჰამას უზარმაზარი აგლომერაცია. ქალაქის გულში კი არის 23 თვითმმართველი რაიონი, რომლებიც ცალცალკე ქალაქებად და ამავდროულად ერთადაღებულნი ტოკიოდ მოიაზრებიან. აი, ფურცელზე რომ ვაკეს ცალკე ქალაქის სტატუსი ჰქონდეს, საბურთალოს ცალკე, ნახალოვკას ცალკე, გლდანს ცალკე, მაგრამ ამ ყველაფერს ერთად ისევ თბილისს რომ ვეძახდეთ, რაღაც ამგვარია, თუ სწორად გავიგე. პირველად რომ მითხრეს, ძალიან დავიბენი.
ახლა ახალი ოცნება მაქვს: ძალიან მინდა, რომ 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისთვის დავბრუნდე იაპონიაში, ამჯერად ჩემს გოგოსთან ერთად, და საკეს და ლუდის უსაზღვრო სმისგან მთვრალმა ვუგულშემატკივრო ბორჯალოსნებს. იმედია მექნება მაგ დროისთვის მაგის ფინანსური საშუალება.
ესეც შინჯუკუში, ცათამბრჯენ Tokyo Metropolitan Government Building-დან გადაღებული ფოტო, რომლის გადმოსახედზე ასვლაც, გაგიკვირდებათ და სრულიად უფასოა.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)