ძაღლების ბავშვობიდან მეშინია. მამაჩემი ამ ფაქტმა განსაკუთრებით მაშინ შეაშფოთა, როცა საკუთარი ეზოს ძაღლის შიშით სახლში ვერ შევედი და ჭიშკრიდან ვეძახდი შემიყვანე-მეთქი. იმ დღეს მითხრა, ძაღლები გრძნობენ რომ გეშინია, სხვანაირი სუნი აგდის მაგ დროს და გული ეძლევათ, რომ უფრო შეგაშინონო. მირჩია, მაქსიმალურად დამეფარა შიში, თავი ისე მომეჩვენებინა, თითქოს მაგარი ტიპი ვარ და ძაღლები ვერ შემაშინებდნენ.
მე-5 კლასში მკერდის ზრდა დამეწყო. ძალიან მრცხვენოდა და დედაჩემს მაშინვე ვთხოვე „ლიფი“ ეყიდა. მაგ წელს სკოლაში მისვლის პირველივე დღიდან ბიჭი, რომელიც ჩემ უკან იჯდა, ქაჩავდა ამ ლიფის რეზინს და მერე იცინოდა. იმ ბიჭის მეშინოდა. ახლა მიკვირს, რატომ არ აღვიქვი ეს ფაქტი ისე, როგორც ბაღში თმების მოქაჩვას აღიქვამენ ბავშვები, რატომ განვიცადე შიში. და ვხვდები, რომ ქვეცნობიერში სულ გვაქვს გოგოებს მსგავსი ფაქტების განსხვავებულად დანახვის და იმის მიხვედრის ინსტინქტი, რომ ეს უბრალო გაპრანჭვა ან ყურადღების მიქცევის მცდელობა არაა. დიდ ხანს გაგრძელდა ჩემი შიშიც და იმ ბიჭის გართობაც ლიფის რეზინით. მერე მამაჩემს მოვუყევი. ძალიან გამიკვირდა, როცა არც სკოლაში მოსვლა და არც იმ ბიჭის მშობლებთან ლაპარაკი არ დააპირა. უბრალოდ გამახსენა, რაც ძაღლებზე მითხრა და ეგ ადამიანებზეც გამოდისო, დაამატა. მეორე დღეს პირველივე „ტკაც“-ზე მივუბრუნდი ჩემს კლასელს, მთელი შიში აგრესიაში გადავიტანე, კალამი მოვიმარჯვე და ძალიან მშვიდად ვუთხარი: „თუ კიდევ ერთხელ იზამ, ამას თვალში ჩაგარჭობ“. შეეშინდა. იმის მერე აღარ მომკარებია.
მეორედ ადამიანზე ძაღლი ავტობუსში გამახსენდა, სადაც არც ჭყლეტვა იყო და არც სიცივე, რომ მაინცდამაინც ვინმესთან ჩახუტება ყოფილიყო ერთადერთი გამოსავალი. თუმცა მაინც ვიგრძენი ვიღაცის ხელი ჩემს ტრაკზე. ფრთხილად შევხედე, სხვაგან იყურებოდა, თითქოს არაფერს აკეთებდა ცუდს ან უჩვეულოს. მეც ასე მოვიქეცი - სხვაგან გავიხედე და ფრჩხილები მთელი ძალით ჩავარჭე ხელში. რამდენიმე წამში შევხედე და ლამის თვალებიდან სისხლი წამოუვიდა. ტკივილის გამო არა, ეგ უფრო გაკვირვება იყო. გაკვირვება და შიში. მაშინვე აიღო ხელი და პირველივე გაჩერებაზე ჩავიდა.
კიდევაა რამდენიმე ასეთი ისტორია, მაგრამ, მგონი, საკმარისია. ამ ამბებით იმის თქმა მინდოდა, რომ კაცებს, რომლებიც თავიანთ გოგო შვილებს თავის დაცვას ასწავლიან, ყოველთვის სჯერათ ასეთი ისტორიების და არასდროს ფიქრობენ, რომ ვიტყუებით. მათი შვილები კი არასდროს შეუშინდებიან კაცებს, რომლებიც სულ ცოტა გამბედაობაზე ან აკრეფილ 112-ზე ფრთხებიან. ხოლო ქალები, რომლებსაც ერთხელ მაინც გამოუცდიათ მსგავსი რამ, არასდროს იტყვიან, რომ კაცს თუ არ გამოიწვევ, არაფერს არ იზამს. მათ შვილებსაც ეცოდინებათ, რომ თუ ვინმეს ავიწროებენ და მას ეშინია, გვერდი არ უნდა აუარო. შენს ტელეფონში აკრეფილი 112 უნდა აჩვენო მასზე მოძალადეს, ან შენი ფრჩხილებით უნდა დაიცვა.
ვერო მელუა, 20 წლის
* * *
#ნუმოითმენ #მომიყევი
რამდენიმე თვის წინ, ტაქსის მძღოლი, რომელსაც სახლიდან სამსახურში მივყავდი, მასტურბირებდა... ვერც ვიყვირე, ვერც გაჩერება მოვითხოვე. ვისაც ეს არ შემთხვევია, ვერ მიხვდება, როგორი დამაბნეველი და გულისამრევია ეს ამბავი. მისამართზე როგორც კი მივედი, ფული დავუგდე უკან და მანქანიდან რაც შეიძლება სწრაფად გადმოვედი. მაშინვე იმ კომპანიაში დავრეკე, ვისი ტაქსიც იყო. ხუთი წუთი ვუხსნიდი ოპერატორს, რისი თქმა მინდოდა. სანამ არ ვუთხარი, ანძრევდა-მეთქი, სხვა განმარტებების მნიშვნელიბას ვერ მიხვდა... ბოლოს, კომპანიის ერთ-ერთმა ხლმძღვანელმა დამირეკა და ბოდიში მომიხადა... რამდენიმე დღე შეშინებული დავდიოდი გარეთ, სადმე არ დამხვდეს სამსახურიდან გამოგდებული ტაქსისტი- მეთქი, მაგრამ გადავრჩი.... ან არ გაუგდიათ სამსახურიდან, ან კონფიდენციალობა დაიცვეს და არ გამთქვეს... იმედია, მეორე ამბავია...
ნუკა ორჯონიკიძე, 29 წლის