ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოში ვიზიტის დროს NOBLE PARTNER-2017-ში მონაწილე სამხედროებს პირადად შეხვდება. ამ წვრთნებისთვის ქართველმა ჯარისკაცებმა მომზადება უკვე დაიწყეს. მოსამზადებელი სწავლება ორი კვირის წინ ვაზიანის პოლიგონზე გაიმართა. ქართველმა სამხედროებმა საველე მომზადება ტანკსაწინააღმდეგო მართვად კომპლექს „ფაგოტებით“ გაიარეს. ზუსტად ერთ თვეში კი, ისინი უკვე „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის სწავლებაში ჩაერთვებიან. მრავალეროვნული სწავლება საქართველოში 30 ივლისს დაიწყება და 12 აგვისტოს დასრულდება.
„ღირსეულ პარტნიორს“ საქართველო უკვე მესამე წელია, მასპინძლობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წელს წვრთნები გაცილებით მასშტაბური იქნება და მასში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, გერმანია და თურქეთი. თავდაცვის უწყების განცხადებით, სწავლებაში საქართველოს მონაწილეობის მიზანი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ნატო-ს ძალებთან და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდა, მრავალეროვნული, რეგიონული და ერთიანი პარტნიორობის შესაძლებლობების ჩამოყალიბება და განვითარება, ასევე, ლოგისტიკური და ოპერატიული დაგეგმვისა და აღსრულების ასპექტების დახვეწაა. საველე სწავლებების დროს ქართული სამხედრო ქვედანაყოფები უცხოელ პარტნიორებთან ერთად სხვადასხვა საბრძოლო ამოცანებს და დავალებებს შეასრულებენ.
http://1tv.ge/ge/news/view/167586.html