http://accent.com.ge/ge/news/details/36637რუსეთის მხრიდან აფხაზეთისადმი პირველი მუქარა გაისმა
2017-07-12 20:14:55 1862
რუსეთის მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთის მისამართით პირველი მუქარა გაისმა. მუქარისშემცველი გაფრთხილება «აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა» სემიონ გრიგორიევმა გააჟღერა.
როგორც რუსმა დიპლომატმა რადიო «Sputnik»-თან ინტერვიუში აღნიშნა, მას «არაერთხელ გაუფრთხილებია აფხაზეთის ხელმძღვანელობა იმის შესახებ, რომ რუსი ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მისთვის პრიორიტეტული ამოცანა უნდა ყოფილიყო».
"ამასთან დაკავშირებით მოველი, რომ რესპუბლიკის სამართალდამცველი ორგანოები უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფენ დამნაშავეთა მოძიებას, დაკავებასა და უმკაცრესად დასჯას", - განაცხადა გრიგორიევმა.
დიპლომატის თქმით, იგი დღესვე განათავსებს «საელჩოს» ვებ-გვერდზე გამაფრთხილებელ განცხადებას რუსი დამსვენებლებისთვის, «აფხაზეთში ყოფნისას სიფრთხილე და სიფხიზლე გამოიჩინონ».
«ამ ეტაპზე ამის თქმა შემიძლია, შემდგომ ეტაპებზე კი, თუ ეს საშიში ტენდენცია შენარჩუნდება, რუსული მხარე დამატებით მისაღებ ზომებზეც იმსჯელებს", - განაცხადა სემიონ გრიგორიევმა.
ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ პრიმორსკოეს მიდამოებში ორი დღის წინ მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის რიგი დეტალები უკვე ცნობილია. ირკვევა, რომ ინციდენტი ადგილობრივი დროით, 12:20 სთ-ზე მოხდა. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და დანებით შეიარაღებული ორი ნიღბიანი პირი ტურისტების ორ ოჯახს — კაბანოვებსა და ჩიჟიკოვებს დაესხა თავს, რომლებიც აფხაზეთში დასასვენებლად მოსკოვიდან იყვნენ ჩასულები.
როგორც «ეხო კავკაზას» აფხაზეთის დე ფაქტო სამართალდამცველი ორგანოებიდან აცნობეს, ყაჩაღური თავდასხმა უდაბურ ადგილზე, სანაპიროზე მოხდა. ნიღბიანები ჯამში 4 უფროსსა და 3 ბავშვს დაესხნენ თავს. მათ ტურისტებს სამკაულები და ფოტოაპარატები წაართვეს.
ერთ-ერთმა ტურისტმა — 1984 წელს დაბადებულმა ანატოლი კაბანოვმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც იგი დანით დაჭრეს. მეორემ — ნიკოლაი ჩიჟიკოვმა ბოროტმოქმედებს ფული შესთავაზა, რომელიც საბანკო ბარათიდან უნდა მოხსნილიყო. თავდამსხმელები დასთანხმდნენ და უახლოესი ბანკომატისკენ წაყვნენ. გზაში მამაკაცი გაექცათ და მილიციას მიაშურა.
ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დანარჩენი დაზარალებულები მილიციის დაცვის ქვეშ იმყოფებიან.
დე ფაქტო შსს-ს თანამშრომლები ტრასის მთელს პერიმეტრს აკონტროლებენ — ზღვიდან ტყის მასივამდე. მიმდინარეობს ყაჩაღური თავდასხმის მონაწილეთა ძებნა.