თათია+=
Newbie


ჯგუფი: Registered
წერილები: 3
წევრი No.: 234126
რეგისტრ.: 26-July 17
|
#51032164 · 26 Jul 2017, 11:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როცა მე-17 საუკუნის 60-იან წლებში საქართველოში იმოგზაურა იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიმ, მან სამცხის საფაშოში ქრისტიანთა მდგომარეობის შესახებ აღნიშნა, რომ აქ ადრე 12 საეპისკოპოსო იყო, ახლა კი ერთი დარჩაო. (მ. სვანიძე – საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობების ისტორიიდან, 16-17 სს. თბ. 1971 წ. გვ. 321). რენეგატი ახალციხის ფაშები თვითონ ენერგიულად უწყობდნენ ხელს მაჰმადიანობის გავრცელებას სამცხის საფაშოში. თავდაპირველად მაჰმადიანობა განსაკუთრებით ადგილობრივ ფეოდალებში ვრცელდებოდა, იქიდან კი მათზე დაქვემდებარებულ მწარმოებელ საზოგადოებაში. ოსმალთა სამსახურში მყოფი მესხი ფეოდალები პირადი დაწინაურებისა და წარმატების მიზნით, ხშირად ღალატობდნენ ქართველებს. ამის გამო სამცხის საფაშოში ქართულ ქრისტიანულ ეკლესიას მოაკლდა ათაბაგისა და ფეოდალთა მფარველობა. ეკლესიამ დაკარგა მრევლი და მამულები. ოსმალებმა დაიწყეს ეკლესიების მეჩეთებად გადაკეთება, საეკლესიო ქონების განადგურება. გადარჩენილი საეკლესიო განძი და ქონება საქართველოში გაჰქონდათ. გაჭირვებული მოსახლეობა საქართველოს აფარებდა თავს. “ვინაიდან მიუხვნეს ოსმალთა სრულიად მამულ-შეწირულობანი და არღარა-ვინ იყო მეტრფე მონაზონებისა და წარაქვნდან მუნიდამ სიწმინდენი ხატითა, ჯვართა და ნაწილთა სამცხესა, ქართლს, იმერეთს, რამეთუ არღარა იყო ეპისკოპოსნი, ანუ მონასტერნი... გამაჰმადიანდებოდნენ ყოველნი წარჩინებულნი ამა ქვეყნისანი და დაიწყეს მიერით თათრობა... არამედ ოხრება ეკლესია-მონასტერთა და შენება ჯამეთა” (ქართლის ცხოვრება- ვახუშტი ბატონიშვილი. აღწერა სამეფო საქართველოსი. ტ. 4. თბ. 1973 წ. გვ. 726). გამაჰმადიანებულ ბეგებს საკუთრება თავიანთ მიწებზე მხოლოდ სულთნის ხელიდან უნდა მიეღოთ. ამ მიწებზე უზენაეს მესაკუთრედ მხოლოდ სულთანი გამოდიოდა. აღნიშნული ფაქტი და თურქეთის საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისითაც, ოსმალებისთვის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მიუღებელი აღმოჩნდა.
ფეოდალური დაქუცმაცებულობის ხანაში ქართული ეკლესიის ცენტრმა – მცხეთამ ვერ შეძლო ერის სულიერი მეურვეობის ხელში აღება. იგი დარჩა დამოუკიდებელ ფეოდალურ ერთეულად, რომელსაც საქართველოს ყოველ კუთხეში გარკვეული ეკონომიკური ინტერესები ამოძრავებდა და ამის გამო შესაბამისი წინააღმდეგობაც ხვდებოდა. 18 ს-ის პირველ ნახევარში, მცხეთას ვეღარ მიუწვდებოდა ხელი სამცხის საფაშოში ქართულ ეკლესიებზე, რადგან მისი ბევრი მამული და უფლებები მიტაცებული იქნა ოსმალების და ადგილობრივი გადაგვარებული ფეოდალების მიერ. მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, როდესაც თურქები ქართლში გაბატონდნენ (1723-35წწ.). მათ დიდი სიზუსტით აღწერეს ქართლი და თბილისის დავთარი შეადგინეს (ჩილდირის ვილაიეთის ჯაბა-დავთარი. 1694-1732 წწ. თბ. 1979 წ. გვ. 33). ოსმალებმა ყველაფერს აუტანელი გადასახადები დაადეს და ისე წრეგადასულად იქცეოდნენ, რომ მოსახლეობა აქედანაც გარბოდა. ვისაც უჭირდა და გადასახადებს ვერ იხდიდა, მას მუბაშირები იჭერდნენ და ყიდდნენ, ზოგი მამულის გაყიდვით ან დაგირავებით აღწევდა თავს მუბაშირებს (ვ. გაბაშვილი – ნარკვევები ახლო აღმოსავლეთის ისტორიიდან, თბ. 1957წ. გვ. 388). ოსმალთაგან შევიწროებული გლეხები ჯანყდებოდნენ მე-16-18 სს-ში ოსმალეთში. ისინი მისდევდნენ აგრეთვე სხვადასხვა სახის მოძრაობებს, როგორც ამიერკავკასიაში ისე სამცხის საფაშოში (ვ. გაბაშვილი – ნარკვევები ახლო აღმოსავლეთის ისტორიიდან, თბ. 1957წ. გვ. 401). ბუნებრივია, ასეთ ფონზე ოსმალეთის სულთნის მთავრობა უფრო გაამკაცრებდა სამცხის საფაშოში წესებს, რათა ქართლიდან გამწარებულ მოსახლეობას იქ თავშესაფარი ვერ ეპოვა. “დავთრის” მიხედვით მთელი რიგი სოფლები ცარიელია “რეაიასაგან” ე.ი. აყრილ-გაქცეული გლეხებისაგან. “დავთრის” ნაგვიანებ ჩანაწერებში (მე-18 ს-ის II ნახევარი) ლაპარაკია “გადახვეწილთა, დაკარგულთა, მოძებნილთა, გაქცეულთა” შესახებ. ყველაფერი ეს მოწმობს გლეხთა ბრძოლას ოსმალების წინააღმდეგ მე-16 ს-ის ბოლოდან მე-19 ს-ის დამდეგამდე (ვ. გაბაშვილი - ნარკვევები ახლო აღმოსავლეთის ისტორიიდან, თბ. 1957წ. გვ. 385).
ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, 1816 წელს მოხდა მესხეთის დიდი სახალხო –განმათავისუფლებელი აჯანყება (შ. ლომსაძე – სამცხე-ჯავახეთი მე-18 ს-ის შუა წლებიდან მე-19-ს-ის შუა წლებამდე. თბ. 1975წ. გვ. 189). აჯანყება ვერ განვითარდა მისი კლასობრივი მიზეზების გამო, მაგრამ იგი ატარებდა თვითმყოფადობის ნიშნებს. მე-19ს-ის დასაწყისიდან სამცხის საფაშოში შემოვიდა მოლების ახალი ტალღა, დიდი ჯგუფი. ისინი იძულების წესით ავალდებულებდნენ ადგილობრივ მოსახლეობას თურქული ენის შესწავლას, ისლამის მიღებას (შ. ლომსაძე – სამცხე-ჯავახეთი. თბ. 1975 წ. გვ. 312). ამ იდეოლოგიურმა ლაშქრობამ ეკონომიურად და პოლიტიკურად შებოჭილი ხალხი სულიერად დათრგუნა და წელში გასტეხა. საურთიერთობოდ თურქული ენის წინა პლანზე წამოწევას ხელს უწყობდნენ არზრუმელი კოლონისტებიც, აგრეთვე ყარაფაფახელი და ქურთული ტომებიც, რომელთათვისაც მოსახლეობასთან ურთიერთობის ერთადერთი საშუალება იყო ოსმალური ენა (Л. Загурский – Поездка в Ахалцихский уезд в 1872 г. стр. 84).
რუსების მიერ 1828 წლის 16 აგვისტოს სამცხის საფაშოს აღების შემდეგ ბევრი ადგილობრიბი მოსახლე, ვინც დაღუპვას გადაურჩა, თურქეთში გადასახლდა. არასრული მონაცემებით 1828 წლისთვის ახალციხის საფაშოში ცხოვრობდა დაახლოებით 280-ათასი მოსახლე (შ. ლომსაძე – სამცხე-ჯავახეთი. თბ. 1975წ. გვ. 317). ქ. ანდრიანოპოლში 1829 წლის 15 აგვისტოს რუსეთსა და თურქეთს შორის დაიდო ზავი, რამაც რუსეთს მნიშვნელოვანი წარმატებები მოუტანა. მან მიიღო შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო ყუბანიდან გურიამდე (შეკვეთილი) და სამცხე-ჯავახეთი (შ. ლომსაძე – სამცხე-ჯავახეთი. თბ. 1975 წ. გვ. 186). საქართველოსთვის ამ ზავს ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ 200 წელზე მეტ ხანს არსებული მტრის რკალი გაირღვა სამცხის სამთავროსთვის და იგი დედა სამშობლოს დაუბრუნდა, აგრეთვე მოიშალა თურქეთისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლაცდარმი ამიერკავკასიის წინააღმდეგ საომრად. ომის დამთავრების შემდეგ სომეხთა გადმოსახლებამდე ახალციხე-ახალქალაქის ოლქში დარჩა 31,275 კაცი. ომში დაღუპულთა და გადახვეწილთა რიცხვი დაახლოებით 60-ათას კაცს უდრიდა. ამის გამო აქ გაჩნდა დიდძალი თავისუფალი მიწა-მამული, რომელიც რუსეთის მთავრობამ სახაზინოდ ჩარიცხა. როცა ზავი დაიდო, პასკევიჩმა იმპერატორს აცნობა, რომ სომხები ჩვენი ერთგულები არიან და საჭიროა მათი მფარველობა საქართველოსა და კავკასიაში, რადგან ომში ჩვენი მხარე დაიკავესო. “თუმცა ამ ადამიანების ჩასახლებას საკმაოდ მნიშვნელოვანი ძალისხმევა დასჭირდა, მაგრამ ის შემდგომში უხვად ანაზღაურდება იმ სარგებლით, რასაც უნდა მოველოდეთ ამ შრომისმოყვარე და მწარმოებელი კლასისაგან” (Акты, т. VII, стр. 830-831). პასკევიჩი ნებართვას ითხოვდა იმპერატორისგან, რომ გადმოსახლების საჭიროებისათვის გამეყენებინა ქურთული ტომები და შესანახად 100-ათასი ჩერვონეცი, რომლიდანაც დახარჯული იყო მხოლოდ 10-ათასი ჩერვონეცი (Акты, Т. VII, стр. 830). 1829 წლის 18 ნოემბერს გრაფი ჩერნიშევი პასკევიჩს ატყობინებდა, რომ მისი პროექტი სომხების და ქურთების ჩასახლებაზე და ამასთან თანხის დახარჯვაზე იმპერატორმა დადებითად შეაფასა (შ. ლომსაძე - სამცხე-ჯავახეთი. თბ. 1975 წ. გვ. 347). რუსეთის მეფის მთავრობა ყველა ღონეს ხმარობდა სამცხე-ჯავახეთში ქართველების გასადევნად და იქ სომეხი და ქურთი ეთნიკური ელემენტების ჩასასახლებლად. ეს პროცესი ახალციხის აღებისთანავე დაიწყეს. ადრიანოპოლის ზავის მე-13-ე მუხლით გადასახლება - გადმოსახლებისთვის 18-თვე იყო დაწესებული (შ.ლომსაძე - სამცხე-ჯავახეთი. თბ. 1975წ. გვ. 353). ამიტომ მთელი სამცხე-ჯავახეთი კაპიკებზე იყიდებოდა. ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ ქართლიდან და იმერეთიდან ხალხის ჩასახლება რუსეთის მთავრობამ სასტიკად აკრძალა. ამდენად 1829-30 წლებში თურქეთიდან შემოსახლებულ ქრისტიან სომეხთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 15-ათას 44 ოჯახს ე.ი. 90-ათას სულს, ანუ 1 ოჯახზე 6 სული რომ ვიანგარიშოთ (Акты, Т. VII, стр.847). რუსების მიერ ჩამოსახლებული ქურთებიც ისე მრავალრიცხოვანი იყო, რომ მათ დიდი სასოფლო დასახლებებიც კი ჰქონდათ. რუსებმა ასევე დაასახლეს აქ რუსი სექტანტები, სადაც მოსახლეობისთვის შესანიშნავ პირობებს უქმნიან, ისევე როგორც ჩამოსახლებულ სხვა ეთნიკურ ელემენტებს. ამდენად, 1830 წელს უკვე რუს მოხელეთა წყალობით უმეტესად სომეხნი იქცნენ (საქართველოს ისტორიის ნარკვევები - ივ.ჯავახიშვილის მოხსენება საქართველოს საბჭოთა მთავრობას 1926 წელს. ტ.4. 1973 წ. თბ. გვ. 884).
ამიტომ სწერდა 1828 წელს 4 დეკემბერს ნესელროდე პასკევიჩს: “თქვენი ჩანაფიქრი (ჩასახლების პროექტზე) საუკეთესოდ დაგვირგვინდა და მხდალი სომხები და მოურჯულებელი ქურთები ყველგან თქვენ შემოგცქერიან როგორც მამას და ჩვენს შეიარაღებას ეხმარებიან ” (შ. ლომსაძე - სამცხე-ჯავახეთი. თბ. 1975 წ. გვ. 345). როცა 1834 წლის 17 იანვარს სტამბულში რუსეთ-თურქეთის მიერ ხელი მოეწერა სადერმაკაციო ხაზის კონვენციას და სახელმწიფოებს შორის რატიფიკაცია გაიცვალა, სხვა სურათი შეიქმნა. გადასახლებული მაჰმადიანი მესხები უკან დაბრუნებას ითხოვდნენ. თურქები არ უშვებდნენ როგორც შესანიშნავ მეურნეებს და შრომისმოყვარე მაჰმადიანებს, რუსები კი არ ატარებდნენ როგორც არაქრისტიან დაუნდობელ ხალხს. ყველა მიხვდა, რომ მშობლიური კუთხის მიტოვება დიდი შეცდომა იყო. 1836 წლის მარტში ორანსკი, როზენს მოახსენებდა: “რაც შეეხება ჩვენს თათრებს, თუმცა მათ ახლა ძალით ასახლებენ, არც ერთი არ წავა თურქეთში” (შ.ლომსაძე - სამცხე-ჯავახეთი. თბ. 1975 წ. გვ. 367). მათი გადმოსახლება მხოლოდ მცირე რაოდენობით მოხდა და მერე სულ შეწყდა რუსეთის პოზიციების გამკაცრების გამო.
საკმაოდ ხშირი იყო შემთხვევები, როცა კოლონისტები დაერეოდნენ დარჩენილ ადგილობრივ მოსახლეობას და ყველაფერს ართმევდნენ. დაზარალებულები ამაოდ ჩიოდნენ, ბოლოს კი იყრებოდნენ და სხვა ადგილზე სახლდებოდნენ. დასახლებული სომხები კი სპობდნენ ადგილობრივი ქართული კულტურის ძეგლებს, რასაც დიდი გულისტიკივილით ეხმაურებოდა მე-19 საუკუნის პარტიოტი ქართველები (შ. ლომსაძე - სამცხე-ჯავახეთი. თბ. 1975 წ. გვ. 361). მეფის რუსეთი და თურქეთის მთავრობა ყველანაირად ცდილობდა დარჩენილი ადგილობრივი მოსახლეობის ასიმილაციას ჩამოსახლებულ უცხო ტომებთან. ამ მიზნით რუსეთის ადმინისტრაციამ დიდი დახმარება გაუწია თურქეთიდან ჩამოსულ მოლებსა და პოლიტიკურ ემისრებს მოსახლეობის თურქეთიზაციასა და ისლამში მათი ჩაღრმავების საქმეში. ამ მიზანს ემსახურებოდა რუსი მოხელეების მიერ 1886-89 წლებში შედგენილი მოსახლეობის სტატისტიკური აღწერის დავთრები, რომლებიც შედგენილია რუსულ, სომხურ, თათრულ ენებზე. მათში ქართული ენა აშკარად უარყოფილია (დ.კოჟორაძე - განათლება და კულტურა სამცხე-ჯავახეთში. თბ. 1986 წ. გვ. 26). როცა 1840 წელს ახალციხეში საადგილმამულო საკითხებზე გასარკვევად, საგანგებო პირთან ბულგაკოვთან გამოცხადდა ადგილობრივი მაჰმადიანი ფეოდალების ნაწილი გაქრისტიანების მოთხოვნით, პეტერბურგმა უარი უთხრა ამ სამართლიან მოთხოვნაზე და გააგრძელა შემოერთებული ტერიტორიის სახაზინო ფონდში ჩარიცხვა. ქრისტიანულ რუსეთის მიერ იმედგაცრუებულმა და ხელნაკრავმა ადგილობრივმა მაჰმადიანმა ქართველებმა თვითონაც ზურგი შეაქციეს რუსეთს, უარყვეს ქართული ენა და ფანატიკურად მაჰმადიანურ თურქეთს მჭიდროდ დაუკავშირდნენ. რელიგიურმა ფანატიზმმა მათ დაუხშო ეროვნული შეგნება (ვ.ლორთქიფანიძე - სამცხე-ჯავახეთი 19-20 ს.ს. დემოგრაფიული განვითარების პრობლემები. თბ. 1994 წ. გვ. 31).
1897 წელს მოხდა რუსეთის მოსახლეობის პირველი საყოველთაო აღწერა. სამცხე-ჯავახეთში იყო 141,546 კაცი, ქართველი 18,664, სომეხი 67,683, თათარი 18,942, თურქი 24,433. 1897-1902 წლებში საქართველოში ჩამოსახლებულ 55 ათასი სომეხის მნიშვნელოვანი ნაწილი განსახლდა სამცხე-ჯავახეთში. (1917 წლის მონაცემებით სამცხის სოფლებში ცხოვრობდა 66,813 კაცი, ჯავახეთის სოფლებში 93,441. სულ სამცხე-ჯავახეთში ცხოვრობდა 160,254 კაცი. აქედან ჯავახეთში სომხები იყვნენ 73,4%, სამცხეში ოსმალები იყვნენ 74,6% ქართველები სამცხეში იყვნენ 9,088 ანუ 13,6%. ამას გარდა მაჰმადიანებში ბევრი ქალი იღუპებოდა ნაადრევი ქორწინების გამო. თხოვდნებოდნენ 13-17 წლის ასაკში. (ვ.ლორთქიფანიძე - სამცხე-ჯავახეთი 19-20 ს.ს. დემოგრაფიული განვითარების პრობლემები. თბ. 1994 წ. გვ. 40). 1914 წლისთვის სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობა უდრიდა 201-ათას კაცს.
პირველი მსოფლიო ომის დროს, 1915 წლისთვის თურქეთში ადგილი ჰქონდა სომხების მიმართ გენოციდს, დაიღუპა 1,5-მილიონი სომეხი. გადარჩენილთაგან ბევრი შემოეფარა საქართველოს. ჯერ კიდევ 1913 წელს სომხეთის მხრიდან იყო სამხრეთ საქართველოს ადმინისტრაციული დანაწილების მცდელობა (ე.აბაშიშვილი - სამხრეთ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დანაწილება 1878-1921 წ.წ. თბ. 1998 წ. გვ. 15). მათი პროექტი მიზნად ისახავდა ახალქალაქის მაზრის დანარჩენ სომხურ მაზრებთან შეერთებად და ამ გზით ერთი მთლიანი სომხური საერობო თვითმმართველი ოლქის შექმნას. ამ მიზნით სომხებმა ახალქალაქის მაზრა სომხეთის ტერიტორიად გამოაცხადეს და მოითხოვეს მისი თბილისის გუბერნიის საზღვრებიდან გამოყოფა. ამ საქმეში სომხების მფარველი იყო გრაფი ვორონცოვ-დაშკოვი. იმისათვის, რომ საზოგადოებას სომხების აზრი სამართლიანი სჩენებოდა, მათ საბუთად ისიც კი წამოაყენეს, რომ ჯავახეთი ანუ ახალქალაქის მაზრა ეკონომიკურად ვითომ უფრო გუმბრთან (ალექსანდროპოლისთან) იყო დაკავშირებული, ვიდრე თბილისთან. თუმცა ახალქალაქის სამაზრო კომისიამ და თბილისის განსაკუთრებულმა საბჭომ, ერთხმად დაამტკიცა ამ დებულების უსაფუძვლობა.
თებერვლის რევოლუციის შემდეგ მდგომარეობა გართულდა სამხრეთ საქართველოში. აჯანყებულმა ბეგებმა სამხრეთ საქართველოს საკითხი აბასთუმანში დანიშნულ მაჰმადიანთა სპეციალურ ყრილობაზე გაიტანეს, რომელსაც ესწრებოდნენ ბეგები სამცხიდან, ჯავახეთიდან, არტაანიდან, აჭარიდან, შავშეთიდან, ყარსიდან (ე.აბაშიშვილი - სამხრეთ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დანაწილება. 1978-1921 წ.წ. თბ. 1998 წ. გვ. 22). ყრილობამ მიიღო მოულოდნელი გადაწყვეტილება, ახალციხის და ახალქალაქის მაზრები, ფოცხოვი, აჭარა, არტაანი, შავშეთი მთელი თავისი ხალხითა და ტერიტორიით ვითარცა სუნას მიმდევარი და ერთმორწმუნე უნდა გამოყოფოდა თბილისის გუბერნიას, ამიერკავკასიის კომისარიატს და შეერთებოდა ავტონომიური მმართველობით ყარსის მხარეს (შ. ლომსაძე - მესხები. თბ. 1997 წ. გვ. 261). ყრილობა სულ არ ახსენებდა მესხეთში მცხოვრებ არა მაჰმადიანებს. ცხადია, ასეთ რელიგიურ ნიადაგზე შეკოწიწებული პოლიტიკური ერთეული ბოლოს თურქეთის მარიონეტად გადაიქცეოდა. ახალგზარდა ოფიცერმა, გენერალ-გუბერნატორმა შალვა მაღლაკელიძემ კატეგორიულად აღკვეთა გამდგარი ბეგების პროვოკაციული აქტი, რასაც ბეგების მხრიდან ვითარების დაძაბვა მოჰყვა. ომარ ფაიკი (ყიფიანი) და აჰმედ-ბეგ ფეფინოვი (ფეფინაშვილი) ბაქოდან გამოწვეულ აზერბაიჯანელ ოფიცრებთან ერთად დიდ საიდუმლო სამზადიის შეუდგნენ ქართველების მესხეთიდან გასაძევებლად. (გ.ივანიძე, მ.ივანიძე - ბრძოლა მესხეთისათვის 1917-21 წ.წ. თბ. 2002 წ. გვ. 14).
საქართველოს სამხრეთ რაიონებში უკვე 1917 წლის შემოდგომაზე შესამჩნევი გახდა მუსლიმანთა ბანდების გააქტიურება, რაც პირდაპირი შედეგი იყო ომამდელი და ომისდროინდელი ჯაშუშური საქმიანობისა, რასაც აქ თურქი ემისრები ეწეოდნენ ისლამის დაცვის და ყველა მაჰმადიანთა გაერთიანების ლოზუნგით. ამ დროს მოქმედება დაიწყეს “ჩათებმა” ე.ი. პარტიზანებმა. ამ ბანდების საერთო ხელმძღვანელი, ბეგების მიერ მოწყობილი იდეოლოგიც და პრაქტიკული ხელმძღვანელი იყო ომარ ფაიკი (ე.აბაშიშვილი - სამხრეთ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დანაწილება 1878-1921 წ.წ. თბ. 1998 წ. გვ. 20). შეტაკება ქართულ ჯარსა და “ჩათებს” შორის ამ უკანასკნელთა მარცხით დამთავრდა. თუმცა რენეგატი ბეგებისა და მათ მიმდევართა ბრძოლა ამით არ შეწყვეტილა. ამ აჯანყებამ გამოაშკარავა, რომ ოსმალებს ადრევე მშვენივრად ჰქონიათ მოწყობილი სადაზვერვო აპარატი და პანისლამურ-პანთურქულ ნიადაგზე ამ მუშაობაში ქართველი მაჰმადიანებიც იყვნენ ჩათრეულნი (გ.ივანიძე, მ.ივანიძე - ბრძოლა მესხეთისათვის, 197-21 წ.წ. თბ. 2002 წ. გვ. 17). მაჰმადიანი ბეგები მარცხს არ შეურიგდნენ და ქრისტიან ქართველებს დაერივნენ. საომარი მდგომარეობა გაგრძელდა მანამ, სანამ 1918 წლის 30 ოქტომბერს ინგლისის კრეისერი “აგამემონზე” მუდროსის ნავსადგურში (ეგეოსის ზღავა) ხელი არ მოეწერა თურქეთისათვის დამამცირებელ ზავს.
1918 წლის 3 ნოემბერს მესხეთის მოღალატე ბეგებმა თურქებთან ერთად ახალციხის ციხეში საერთო კრებაზე შეიმუშავეს გეგმა, რომლის მიხედვით, თურქების წასვლის შემდეგ მთელი რეგიონი დარჩებოდათ ამ ბეგებს. 1919 წლის დასაწყისში “ამიერკავკასიის ოსმალეთის” შექმნის ლოზუნგით, მოქმედება დაიწყეს გადაგვარებულმა ბეგებმა და მათმა ხალხმა. ამ ახალი ე.წ. “სახელმწიფო” როგორც იდეა თავის განსახიერებას ეძებდა დაახლოებით ძველი სამცხე-საათაბადოს საზღვრებში. მისი სახელწოდება უნდა ყოფილიყო “სამხრეთ-დასავლეთ ამიერკავკასიის Mმთავრობა”, რომლის ცენტრი ყარსი იქნებოდა. ეს ე.წ. “სახელმწიფო” აღმოსავლეთით აზერბაიჯანს ებჯინებოდა, დასავლეთით შავ ზღვას. იგი სტამბულის რეაქციულ წრეებს ხიბლავდა პანისლამური იდეების ფონზე, ხოლო ინგლისს იმით, რომ ოტომანთა ტერიტორიის ხარჯზე ქმნიდა კიდევ ერთ მარიონეტულ სახელმწიფოს (შ.ლომსაძე - მესხები. თბ. 1997 წ. გვ. 297). ამ ახალ “სახელმწიფოს” სათავეში მოექცა ჯაყელთა შთამომავალი სერვერ-ბეგ ათაბეგი, ქობლიანელი. ამ “სახელმწიფოს მთავრობა” იმით გამოირჩეოდა, რომ არბევდა და აწიოკებდა სამხრეთ საქართველოში ქრისტიან მოსახლეობას. ინგლისელები აქტიურ როლს თამაშობდნენ ამ “სახელმწიფოს” შექმნაში. ამ ბრძოლების დროს თურქეთიც აშკარად ბეგების მხარეს იდგა. სამხრეთ საქართველოში ე.წ. “სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის მთავრობა” 26-27 დღე ბატონობდა, რომელიც გენერალმა კვინიტაძემ ხელის ერთი დაკვრით დაამხო (ე.აბაშიშვილი - სამხრეთ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დანაწილება 1878-1921 წ.წ. თბ. 1998 წ. გვ. 32). დამარცხებული სერვერ-ბეგი ბათუმში გაიქცა და იქ “მუსლიმური ეროვნული ყრილობის” სახელით მოითხოვდა ახალციხე-ახალქალაქის მაზრებისა და სომხეთის ტერიტორიის ჩათვლით (ეჩმიაძინი, სურმალის მაზრა) სომხეთ-საქართველოსაგან დამოუკიდებელი სახელმწიფო ერთეულის ჩამოყალიბებას, რაშიც ინგლისის მისია დახმარებას აღუთქვამდა. ამავე დროს დენიკინის აგენტები მესხეთში ეწეოდნენ ანტიქართულ პროპაგანდას მესხეთის საქართველოსაგან ჩამოსაცილებლად. სამხრეთ საქართველოს ქართველობა წინ მტკიცედ აღუდგა დედა-სამშობლოდან მათი გათიშვის თურქთა და რუსთა დამპყრობლების ბოროტ მცდელობას. ამას ადასტურებს 1919 წლის 31 აგვისტოს ბათუმში შეკრებილი ოლქის მაჰმადიან ქართველთა ყრილობის გადაწყვეტილება, დედა - საქართველოსთან მუდმივ დარჩენას და ეს გადაწყვეტილება გაუგზავნეს თბილისის მთავრობას (ა.სურგულაძე, პ.სურგულაძე - საქართველოს ისტორია. თბ. 1991 წ. გვ. 219-220). სერვერ-ბეგის ავანტიურამ კრახი განიცადა, რადგან ადგილობრივმა მოსახლეობამ მხარი არ დაუჭირა მას. გენერალ კვინიტაძის მიერ არტაანის აღებით, მესხეთში დასრულდა წელიწადნახევრიანი სამოქალაქო ომი. მაგრამ ეს სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელებულა. 1921 წლის თებერვლის შუა რიცხვებში ერთის მხრივ ბოლშევიკური მოსკოვის მიერ და მეორეს მხრივ ანკარის ქემალისტური მთავრობების საიდუმლო გარიგების საფუძველზე საქართველოს ერთდროულად შემოესივნენ რუსებიც და თურქებიც. მათ საქართველო შუაზე გაიყვეს. სამხრეთ საქართველო მთლიანად თურქეთს შეხვდა, დანარჩენი საქართველო კი რუსეთს, მათ შორის თანამდროვე სამცხე-ჯავახეთის ჩათვლით. ამ ვერაგული შეთანხმების გამჟღავნება ცოტა გვიან 1921 წლის 16 მარტს მოსკოვის კონფერენციაზე მოხდა, რის შემდეგ იმავე მოსკოვიდან მიღებული დირექტივის საფუძველზე ამიერკავკასიის ფედერაციულმა მთავრობამ ყარსის კონფერენციაზე დაადასტურა 1921 წლის 13 ოქტომბერს მიღებული შეთანხმება (შ.ლომსაძე - მესხები. თბ. 1997 წ. გვ. 305). საბჭოთა პერიოდში, მეორე მსოფლიო ომის დროს მთავრობამ ეს ხალხი მესხეთის ტერიტორიიდან “თურქის” მარკით შუა აზიაში გაასახლა. 1944 წლისთვის სამცხე-ჯავახეთიდან გაასახლეს არა უმეტეს 90-ათასი მაჰმადიანი (ვ.ლორთქიფანიძე - სამცხე-ჯავახეთი 19-20 ს.ს. დემოგრაფიული განვითარების პრობლემები. თბ. 1994 წ. გვ. 31).
მიმდინარე მეორე მსოფლიო ომში, როცა თურქეთი გერმანიის მოკავშირე იყო სსრკ წინააღმდეგ და საბჭოთა კავშირის - თურქეთის საზღვარზე თურქეთს ჰყავდა 1 მილიონი კარგად შეიარაღებული და გაწვრთნილი ჯარისკაცი. მოსალოდნელი იყო, რომ თურქეთის შემოჭრის შემთხვევაში ეს მოსახლეობა 5-ე კოლონის როლს შეასრულებდა ჩვენი ქვეყნის ზურგში, როგორც ეს მოხდა 1-ლი მსოფლიო ომის დროს. მითუმეტეს, როდესაც გარკვეული საერთაშორისო ძალები მაგ. ინგლისი თურქეთთან მეგობრობას ესწრაფვოდა. ეს კარგად გამოიკვეთა ჯ.იდენის (ინგლისი) დიალოგიდან, როცა დასცდა მისი მთავრობის ნამდვილი გეგმები, როცა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთთან ურთიერთობა უფრო მეგობრული გახდებოდა, როგორც კი მოკავშირეთა არმიები ბალკანეთს მიადგებოდნენ. ამას გარდა, თურქეთს, რომელსაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა გერმანიასთან, სულაც არ სურდა მის წინააღმდეგ ომში ჩაბმა. ასე, რომ თურქეთმა ომის მიწურულს სიმბოლურად გამოუცხადა ომი თავის მოკავშირეს - ფაშისტურ გერმანიას (თ.პაპასკირი - დისერტაცია - მეორე ფრონტის მომზადებისა და გახსნის პრობლემა აშშ-ინგლისის დიპლომატიაში (1941-43 წ.წ.) თბ. 1998 წ. გვ. 93, 135). გასახლებულთა რაოდენობა არ აღემატებოდა 90-ათას კაცს.
ოსმალეთი სამცხის სამთავროში ძალაუფლების შენარჩუნებას წარმატებით ახორციელებდა. ამ მიზნით იგი ეფექტურად სარგებლობდა ადგილობრივი ფეოდალების დაქსაქსულობით, რომელთაც მამულებს უტოვებდა ერთგული სამსახურისა და მაჰმადიანობის პირობით. ბევრი ადგილობრივი წარჩინებული ღებულობდა ოსმალთა პირობებს, ბევრი კი იყრებოდა და საქართველოს აფარებდა თავს. იყრებოდნენ აგრეთვე ოსმალთაგან შევიწროვებული გლეხებიც. დაცარიელებულ სოფელ-ქალაქებში მუდმივად სახლდებოდნენ უცხო ეთნიკური ელემენტები, განსაკუთრებით ოსმალები და ქურთები. დარჩენილი ქრისტიანული მოსახლეობა მათთან ასიმილაციას განიცდიდა. ამას განსაკუთრებით ხელს უწყობდა ქართული ეკლესიების დაკეტვა, მაჰმადიანობის მკვეთრი ზრდა და ოსმალური ენის სავალდებულო შემოღება. მდგომარეობა არ შეცვლილა არც რუსეთთან შეერთების შემდეგ. პირიქით, რუსეთის ადმინისტრაცია შემოერთებული მხარეების (სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს) მოსახლეობის უმრავლესობას (ოსმალებს, თურქმენებს, ქურთებს, გამაჰმადიანებულ ქართველებს) რუსეთისადმი მტრულად გაწყობილ ელემენტებად მიიჩნევდა და თვლიდა, რომ ისინი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხრივ ჯერ კიდევ არ იყვნენ მზად სამოქალაქო მმართველობის ფორმის მისაღებად.
თურქებთან ერთად ეხლა თვითონ რუსებიც ხელს უწყობდნენ ქართველების ასიმილაციას. ამ მიზნით რუსები ეხმარებოდნენ თურქეთიდან ჩამოსულ მოლებს და პოლიტიკურ ემისრებს, რომლებიც ძალით ავრცელებდნენ ისლამს და თურქულ ენას. ჩამოსახლებულ ქურთებთან და თურქებთან საურთიერთობოდ ითვლებოდა თურქული ენა. პანისლამიზმი, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან შემოსული აგენტების მოქმედება, მეფის რუსეთის მიერ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში განხორციელებული ანტიქართული პოლიტიკა, ხელს უწყობდა თაობების გათურქებას, უცხო ეთნიკურ ელემენტად ჩამოყალიბებას. ქართული სკოლების ნაცვლად თურქული და რუსული სკოლების გახსნა, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გაუქმება, ქართული ენისა და კულტურის დევნა-შევიწროება, ახალციხის მხარის განთავისუფლებისთანავე გამაჰმადიანებულ ქართველთა ძალით გარეკვა თურქეთში და მათ ნაცვლად, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ არაქართული ელემენტების ჩასახლება, სამცხის სამთავრობოს ტერიტორიაზე, ქართული დემოგრაფიული მდგომარეობის ხელოვნურად გაუარესება, იწვევდა დარჩენილ ადგილობრივ გამაჰმადიანებულ ქართველებში პროტესტს რუსების მიმართ. რუსთაგან იმედგაცრუებულები, თვითონაც ზურგს აქცევენ რუსებს, უკავშირდებიან თურქთა მფლობელობაში მყოფ სანჯაყებს, საიდანაც ღებულობდნენ ისლამის “სულიერ საზრდოს” და უარყოფენ ქართულ ენას.
საქართველოსაგან მესხეთის ჩამოშორებასა და თავის სახელმწიფოსთან მიერთებისათვის ერთდროულად იბრძოდა თურქეთი და რუსეთი, რომელსაც ეხმარებოდა და მხარს უჭერდა ინგლისი. ცალკეული ეთნიკურ-რელიგიური ჯგუფების მიხედვით ეს პრობლემები და პოზიციები სხვადასხვანაირ სიბრტყეზე ლაგდებოდნენ და სხვადასხვანაირ მიმართულებას იძენდნენ. კერძოდ: ომის მოსალოდნელი შედეგებისადმი დამოკიდებულების საკითხში მესხეთის ქრისტიანების - ადგილობრივი ქართველებისა და შემოხიზნულ სომეხთა შეხედულებები ზოგადად ერთიმეორეს თითქოს ემთხვეოდნენ.
ფრონტზე კავკასიის არმიის წარმატებებს ისინი ისტორიული თვალსაზრისით იხილავდნენ და გამარჯვების შემთხვევაში დაკარგული ტერიტორიის შემომტკიცებას ელოდნენ, რასაც მომავალში ხელი უნდა შეეწყო მათი ეროვნული კონსოლიდაციისათვის. ქართველი ხალხისათვის ეს ნიშნავდა ისტორიული სამხრეთი პროვინციების (იმიერ ტაო, ბასიანი) და ქართველური მოდგმის ლაზ-ჭანთა მიწა-წყლის (ჭანეთი, ტრაპიზუნი) შემოერთებას. არა ნაკლებ სიხარულს იწვევდა ძველი სომხური ტერიტორიის (არზრუმ-ერზინჯანი და სხვა) დაკავებისა და შემოერთების ფიქრი. ქართველ ხალხს ამ შემთხვევაში თავისი პოლიტიკური ანგარიშები ჰქონდა. იგი ფიქრობდა, რომ 19 საუკუნის 30-იან წლებში მის დაუკითხავად სამცხე-ჯავახეთში შემოსახლებული სომხობა ძველი სომხური ტერიტორიის განთავისუფლების შემდეგ მის წინაპართა მიწებს დაუბრუნდებოდა და მშობლიურ ერზრუმში გადასახლდებოდა. სამცხე-ჯავახეთის გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე კი დასავლეთ საქართველოს მცირე მიწიან გლეხობას დაამკვიდრებდა. არ გამოირიცხებოდა არც იმის შესაძლებლობა, რომ ადრე აქედან აყრილი და თურქეთში გადასახლებული გამაჰმადიანებული ქართველობა უკან მობრუნებულიყო და კვლავ წინაპართა მიწაზე დამკვიდრებულიყო. ასე, რომ მესხეთში ქრისტიან ქართველთა და სომეხთა შორის ჯერჯერობით სხვა პრობლემა არ არსებობდა. გამაჰმადიანებული ქართველების პოზიცია მიმდინარე პროცესებისადმი კი ერთგვარი არ ყოფილა. გამაჰმადიანებულ მესხთა ერთ ნაწილს კავკასიის არმიის წარმატებები და ძველი მესხური ტერიტორიის გაერთიანება დიდ სიკეთედ მიაჩნდა. მესხეთის გამაჰმადიანებულ ქართველთა მეორე მრავალრიცხოვან ნაწილს, რომელთა გონება ფანატიზმით იყო დაფარული და სული გადაგვარებული ჰქონდათ, გულზე არ ეხატებოდათ მესხეთის ტერიტორიის განთავისუფლება ქრისტიანული სახელმწიფოს ქვეშ. მათ ამ შიშს ნოყიერი ნიადაგი მოუმზადა თურქეთის პოლიტიკურმა აგენტებმა, რომლებიც გამაჰმადიანებულ მესხ ფეოდალებთან ერთად ერთ ბლოკში გაერთიანდნენ. აგენტებისა და პოლიტიკური ავანტურისტების ამ კავშირმა საბედისწერო როლი შეასრულა. ეს ბლოკი თურქეთის პოზიციაზე იდგა, სადაც მათ შეუერთდნენ აქ მცხოვრები თურქმენები და ქურთები. ოსმალთა დევიზი იყო: “საჭიროა ყველა ლაპარაკობდეს თურქულად”, “თურქულად მოლაპარაკე ყველა მაჰმადიანი თურქია” და სხვ. თურქეთმა შემდგომში რუსეთთან ერთად ათწლეულების განმავლობაში თაობებში ხელი შეუწყო გამაჰმადიანებულ ქართველებში დაჩქარებული ტემპით, ყველა საშუალებით თურქებად გადაქცევას ანუ ე.წ. “თურქ-მესხებად” ჩამოყალიბების პროცესს, რომელთაც რელიგიაც, სულიც, აზროვნებაც, გარეგნობაც, ენაც და მსოფლმხედველობაც უკვე თურქული ჰქონდათ და სურდათ თურქეთთან ძირძველი სამცხის თურქეთთან შეერთება.
|