თათია+=
Newbie


ჯგუფი: Registered
წერილები: 3
წევრი No.: 234126
რეგისტრ.: 26-July 17
|
#51032125 · 26 Jul 2017, 11:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ირანთან გართულებული მდგომარეობის გამო ოსმალეთის სულთანი იძულებული იყო დათმობაზე წასულიყო. იმ პირობებში, როდესაც ოსმალეთი საქართველოს დახმარებით თავისი მუდმივი მეტოქის – ირანის წინააღმდეგ დიდ შეტევას აპირებდა, მანუჩარ – III-ის სტამბულში ჩასვლა და სულთნისთვის მორჩილების გამოცხადება, ოსმალთათვის დიდად საჭირო და სასარგებლო საქმე იყო. ჭკვიან და ენერგიულ შაჰ-აბას-I, მანუჩარ-III-ის სახით ხელიდან ეცლებოდა სამცხის სამთავრო, რომელიც ირანის მომხრე ხდებოდა ოსმალთა აუტანელი ბატონობის წინააღმდეგ. ამავე დროს ოსმალეთი ვარაუდობდა, რომ მანუჩარის თავის მხარეზე გადაბირებით ერთის მხრივ შეუმსუბუქდებოდა ირანის წინააღმდეგ ომის წარმოება, მეორეს მხრივ კი, ქართლ-კახეთში გაიზრდებოდა ოსმალეთის ორიენტაციის მომხრეთა რიცხვი. ამ მიზნით სულთანმა შეიწყნარა მანუჩარ-III-ის თხოვნა და “მოსცა ქრისტიანობით ათაბაგობა” (ქართლის ცხოვრება-ვახუშტი ბატონიშვილი “აღწერა სამეფოსა საქართველოსა”. ტ.4. თბ. 1973 წ. გვ. 725). მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ ოსმალეთი ხელს იღებდა სამცხის სამთავროს დაპყრობაზე. პირიქით, ეს იყო ისმალეთის მთავრობის დიპლომატიური ნაბიჯი, რომლითაც ოსმალეთის სულთნის მთავრობა ცდილობდა შეენიღბა თავისი აგრესიული ზრახვები სამცხის სამთავროს მიმართ. უკან დაბრუნებულ მანუჩარ-III-ე, გზად ბიძამ, ბექამ მიიპატიჟა და “შეურთო საჭმელსა მანუჩარისასა სამსალა და მოკლა მანუჩარ” (ქართლის ცხოვრება- ვახუშტი ბატონიშვილი. “აღწერა სამეფოსა საქართველოსა”, თბ. 1974წ. ტ. 4, გვ. 725).
რენეგატი და მთავრის ტიტულის დახარბებული ბექა ჯაყელი წავიდა სტამბულს და “იქმნა მაჰმადიანად, მოსცა ათაბაგობა და ყოველი საზღვარი სამცხე-საათაბაგოსი და უწოდეს საფარ-ფაშა და პატივი სცეს ორითა თუღითა. მერმე წარმოავლინეს და მოვიდა სამცხეს” (ქართლის ცხოვრება – ვახუშტი ბატონისვილი. “აღწერა სამეფოსა საქართველოსა”. ტ.4. თბ. 1973 წ. გვ. 825). ეს მოხდა 1628 წელს. აღნიშნულ პერიოდამდე სულთნის მთავრობა ახერხებდა თვით სამცხის სამთავრო სახლში ჰქონოდა განხეთქილება და თავისი მომხრეები ჰყოლოდა. საათაბაგოს გამგებლად მაჰმადიანი ჯაყელის დანიშვნა ნიშნავდა მთავრის ტიტულის გაუქმებას, თვით მთავრის კი ოსმალო მოხელედ გადაქცევას და სამცხეში ათაბაგობის ხელისუფლების საბოლოოდ მოსპობას.
სამცხის სამთავროში ქართველი მოსახლეობის გათურქების წინააღმდეგი სამთავროს სახლიდან აღარავინ დარჩა, რაც სულთნის სამეფო კარისათვის ფრიად ხელსაყრელი იყო. ოსმალობის დამყარება სამცხე-საათაბაგოში ფეოდალური საქართველოს უდიდესი მარცხი იყო. ამიერიდან ჯაყელებმა დამოუკიდებლობა ვერ შეინარჩუნეს და სულთნის მონებად იქცნენ. კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა მთავრის თანამდებობის გაუქმების შემდეგ სამცხის სამთავროში. როცა სამცხის სამთავროში სულთნის ძალაუფლება განმტკიცდა, ოსმალეთის სულთანმა წინარე სულთნების შეღავათები გააუქმა. ამის გამო, ბევრამა ფეოდალმა მიატოვა ყველაფერი და საქართველოს სხვა კუთხეებში გადაიხვეწა, ბევრი კი გამაჰმადიანდა და სულთნის სამსახურში ჩადგა. ამით მათ მხოლოდ ნაწილობრივ შეინარჩუნეს თავიანთი პრივილეგიები და სამფლობელოები.
თუ მამულის მქონე ფეოდალს ვაჟი არ ჰყავდა ან ყოლის შემთხვევაში უარს ამბობდა სულთნისთვის სამხედრო სამსახურზე, მას ჩამოერთმეოდა მამული და სახელმწიფო ხაზინას გადაეცემოდა. ფეოდალისთვის მაჰმადიანობა აუცილებელ პირობას წარმოადგენდა. სამცხის საფაშოს მთელი ტერიტორია 4 კატეგორიად დაყვეს: 1 – სახელმწიფო – არაზი მემლექეთ, 2 – სასულთნო-სახასო, 3 – საეკლესიო-ვაკუუფი, 4 – კერძო-მულქი (ვ. გაბაშვილი – ახლო აღმოსავლეთი და საქართველო. თბ. 1991წ. გვ. 242). მართალია, ჯაყელთა დინასტიამ შეინარჩუნა მემკვიდრეობა სამცხის სამთავროზე, მაგრამ ეს სამოხელეო პრინციპზე იყო დაფუძნებული. საფარ-ფაშას დროდან სამცხის სამთავროში სწრაფად ვრცელდება ოსმალობა. ეს ნათლად ჩანს ვახუშტის საისტორიო თხზულებიდანაც: “ხოლო ამა ჟამებთა შინა არღარა იყო სახელნი თავადთა, მთავართა, აზნაურთა. არამედ უწოდდენ ფაშად, ბეგად, ალაი-ბეგად, სანჯაყად და აღად. რამეთუ ახალ-ციხის ფაშად წოდებული, კოლას სჯდა ფაშა, შავშეთს, აჭარას ბეგნი და სხვათა ადგილებთა ალაი-ბეგი და აღანი” (ვახუშტი ბატონისვილი – საქართველოს ცხოვრება. თბ. 1913წ. გვ. 260). აქედან ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ოსმალო დამპყრობელნი ყველანაირად უწყობდნენ ხელს სამცხის საფაშოს გაოსმალებას, რისთვისაც ამ მხარეში ჩამოჰყავდათ სამუდამო დასასახლებლად მრავალრიცხოვანი უცხოელი ელემენტები, განსაკუთრებით ოსმალები და ქურთები. დაიწყეს ოსმალ მოლებისა და ყადების მრავლად შემოყვანა. მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა სამცხეში ქართული ეკლესია. ოსმალთა დაპყრობამდე სამცხის სამთავროში შემდეგი საეპისკოპოსოები იყო: მაწყვერელის, კუმურდოელის, იშხნელის, ანჩელის, მტბევარის, წურწყაბლის, ერუშნელი, ვალაშკერტელის, ანელის, კარელის, ბანელის (მ. სვანიძე – საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან, 16-17 სს. თბ. 1971 წ. გვ. 320-321).
|