გთავაზობთ ჩემს უახლეს ნოველას, "გენეტიკურ თერაპიას"

ვაპირებ ანიმაციის გაკეთებას და თქვენი აზრი მაინტერესებს, ღირს თუ არა.
იყოს ღამის თემად
გენური თერაპია
ლ.პ.
- პირველად იყვნენ ელები,– ჩემს სავარძელში ჩამჯდარმა მელიამ ფეხი ფეხზე სექსუალურად გადაიდო და კუდი გვერდიდან გამოყო. – ყოველი შემდგომი დიდი მოვლენა სამყაროში მათ უკავშირდება.
მელიას თვალები ეშმაკურად უციმციმებდა და ჩემს რეაქციას აკვირდებოდა.
თქვნ ალბათ მის ნაამბობზე მეტად ის გაინტერესებთ, ვინ იყო მელია და საიდან გაჩნდა ჩემს სახლში.
ყველაფერი წინა დღეს დაიწყო.
გუშინ პარასკევი იყო, ამ კვირაში ბოლო სამუშაო დღე და ყველანი ვცდილობდით, დღის ბოლომდე ენერგია შეგვენარჩუნებინა, რადგან სამუშაო კვირის დახურვას ჩვეულებრივად ვაპირებდით - ლუდით. ჩვენი ჯგუფი დიდი ხევის მარჯვენა მხარეს ხიდის საყრდენს აშენებდა. იქვე იდგა ჩვენი ჯიხური–კონტეინერიც. მიხეილი და გელა ხევში იყვნენ ჩასულები ხიდის საყრდენი ბურჯების ადგილის დასაზვერად და რაღაცაზე საუბრობდნენ. მართალია, ჯერ დილა იყო, მაგრამ გადავწყვიტეთ ცოტათი დილიდანვე მოვსულიყავით ხასიათზე და თითო კათხა ლუდი დაგველია. საათს რომ დავხედე პირველი ხდებოდა, ამიტომ ჯიხურის მაცივრიდან გამოვიღე ორლიტრიანი ლუდი და ხევში ბიჭებს დავანახე, თან ხმამაღლა დავუყვირე: “მიხეილ–გელა, ორივე ამოდით და საქმეს შევუდგეთ”. მათ გაიცინეს და აღმართს ამოუყვნენ..
დილით, როდესაც მუშაობა დავიწყეთ, ცაზე მწველი მზე გორავდა, დღის ბოლომდე სავარაუდოდ ასეთივე ამინდს ველოდით. ამიტომ, როდესაც ჰორიზონტზე შავი ღრუბლები გამოჩნდა, ძალიან გამიკვირდა. „ალბათ იწვიმებს“ – ვიფიქრე მე. რადგან გარშემო არსად ჩრდილი არ იყო, ჯიხურში შევედი და კათხების გამზადება დავიწყე, მაგრამ ვინ დაგაცადა. ჩემ უკან კარი იმხელა ხმაზე გაჯახუნდა, რომ მოულოდნელობისგან შევხტი. ჯიხურის გვერდი ქარისგან შეზანზარდა, გეგონებოდა, გაჩერებულ მანქანაში მჯდომს გვერდით დიდი სიჩქარით სატვირთომ ჩაგიარა. სასწრაფოდ გარეთ გავედი, ამინდი ზუსტად ათ წუთში საშინლად გაფუჭებულიყო. შავი და ყავისფერი ღრუბლები ერთმანეთში წრიულად ირეოდნენ, ძლიერი ქარი ჩვენი ჯიხურის გვერდებს აზანზარებდა და გამყინავად ღმუოდა. ვერასდროს ვერ მივხვდები, ამინდი ასე სწრაფად როგორ შეიცვალა. ხევის პირთან მივედი, რომ ბიჭებისთვის ჩამეხედა, ამ დროს კი მგონი ფეხი ამიცდა… ან ქარმა ზურგიდან მიბიძგა; მოკლედ ამის შემდეგ აღარაფერი მახსოვს.
ხევის ძირში მიწაზე ვეგდე და გასაოცარ სიზმარს ვხედავდი. ვითომ რაღაც უცნაური არსება, ქალის ტანით და მელიის თავით ჩემთან სექსით იყო დაკავებული; ზუსტად ორგაზმის დროს ჩაეძინა. ეგვიპტური მითოლოგიის პერსონაჟის- ჰორის მსგავსი არსება იყო. კიდევ კარგი დროზე გამეღვიძა. ცა ნელ-ნელა იწმინდებოდა შავი ღრუბლებისგან, ქარი ჩამდგარიყო.
„რა უცნაური სიზმრები აწუხებს ადამიანს ცუდ ამინდში“ – გავიფიქრე მე და ის იყო, წამოდგომა დავაპირე, უკნიდან მელიისთავიანმა არსებამ დამხედა თვალების ფახულით. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავვარდებოდი! წამოვხტი და გავიქეცი, უკნიდან კი შიშველი მელიისთავიანი ქალი ყვირილით მომდევს:
- ნუ გეშინია, დამიცადე და ყველაფერს აგიხსნი. თან, ალბათ, უკვე ორსულად ვარ და ამდენს ნუ მარბენინებ.
მე უარესი დამემართა და სირბილს ვუმატე. დაახლოებით ხუთასი მეტრი რომ გავირბინეთ, საშინელი დაღლა ვიგრძენი, მელიას კი ოფლის ნატამალი არ ემჩნეოდა. ვიფიქრე ეს მაინც დამიჭერს, ჩათრევას ჩაყოლა ჯობია-მეთქი და გავჩერდი. მელია აღშფოთებული მომვარდა.
– ხომ გითხარი ყველაფერს აგიხსნი-მეთქი?
– შენ რას იფიქრებდი, უცებ თავზე მგელი რომ დაგდგომოდა?
– ეგეთი შემთხვევაც მქონია. ახლა კი წამიყვანე აქედან, სანამ ვინმემ დაგვინახა. – მითხრა მელიამ და კუდი ნერვიულად გააქნია. ჩვეულებრივი ათლეტი ქალის სხეული ჰქონდა, მაგრამ წითური, ფუმფულა კუდი მაინც ება. მერე ხელის მარჯვე მოსმით მაისური გამხადა და თვითონ გადაიცვა. სასაცილო სანახავი იყო ჩემს სამუშაო მაისურში გამოწყობილი მელიისთავიანი ათლეტი ქალი. მაისური აშკარად დიდი ჰქონდა და სიარულისას ფართხუნი გაჰქონდა.
სად უნდა წამეყვანა? ასეთ უცნაურ არსებას ყველგან შეამჩნევდნენ. სამსახურიდან ასე უცებ გაქცევაც არ შეიძლებოდა. უსიტყვოდ რომ დავკარგულიყავი, ბიჭები შეშინდებოდნენ და ძებნას დამიწყებდნენ.
- აქ დამიცადე და მანქანის ხმას რომ გაიგებ ხევის პირზე ამოდი. შეძლებ? - ვკითხე მელიას. უსიტყვოდ დამიქნია თავი.
ჩვენს ჯიხურთან ავედი და ბიჭებს დავხედე, ორივე შეშინებული იჯდა. ვერ მიმხვდარიყვნენ, ასე უეცრად მოვარდნილი ქარიშხლის მიზეზს.
- ტელეფონებიც არ იჭერს,- დაბნეული სახით მითხრა მიხეილმა.- არავის არ დაურეკავს. შენ როგორ ხარ?
- ალბათ მაგნიტური ქარიშხალი იყო… დავარდნისას მგონი ნეკნი ვიტკინე და ცოტა მტკივა, მაინც წავალ და რენტგენს გადავიღებ, მეშინია მოტეხილი არ მქონდეს.
გელამ წაყვანა შემთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარი და საჭეს მივუჯექი. ხევთან იმ ადგილზე რომ მივედი, სადაც წესით მელია უნდა ყოფილიყო, სვლა შევანელე. ბუჩქებს უკან მიმალული მელია სხარტად დასკუპდა ჩემ გვერდით და გამიღიმა. საოცარი სანახავი იყო, ღმერთმანი, გაცინებული მელია, ეშმაკურად მიღიმოდა და მოკლე ეშვები თეთრად მოუჩანდა. ცოტა ხნით ხელის მტევნებზე დავიხედე და გავამოძრავე, დავრწმუნდი, რომ ნამდვილად მეღვიძა.
- წადი, წადი, არ ხარ ლუსიდურ სიზმარში, - მითხრა მელიამ და უკანა სავარძელში გადაფოფხდა. - წინ დამინახავენ.
მანქანა დავძარი და სახლისკენ წავედი. თან ვფიქრობდი, საღამოს დაბრუნებული ცოლისთვის რა მეთქვა.
- პირსახოცი მომაწოდე! - მელიამ აბაზანიდან ხელი გამოყო. კარადიდან სუფთა პირსახოცი გამოვიღე.
ტანი სწრაფად გაიმშრალა და გარეთ სააბაზანო ხალათში გამოწყობილი გამოვიდა. ახლად შემშრალებული თმა თავზე აფუებული ჰქონდა, სიცილი ძლივს შევიკავე და ჩუმადღა ჩავიფხუკუნე.
- რა გაცინებს? რასისტო! - შემიბღვირა მელიამ.
- მაპატიე, ყოველდღე ხომ არ ვხედავ ასეთ რამეს.
- ჰოდა, დროა უკვე რომ მიეჩვიო. - სასტუმრო ოთახისკენ წავიდა, რბილ სავარძელში ნებიერად მოკალათდა და ფეხი ფეხზე გადაიდო. თვალებში ეშმაკურად შემომხედა და გამიღიმა. ისეთი შთამბეჭდავი ღიმილი ჰქონდა, ქვის გული უნდა გქონოდა, რომ საპასუხოდ თავადაც არ გაგეღიმა.
- ჰე, მიდი, მკითხე. - თვითონვე დაიწყო მელიამ, - ხომ ვიცი, ინტერესით კვდები.
ჩუმად ვიჯექი მოპირდაპირე სავარძელში და არ ვიცოდი, საიდან დამეწყო.
- კარგი, შევეცდები თანმიმდევრულად მოგიყვე. - მელიამ სავარძლის გვერდიდან კუდი გამოყო, ცდილობდა ზედ არ დამჯდარიყო. - პირველად იყვნენ ელები. ყოველი შემდგომი დიდი მოვლენა სამყაროში მათ უკავშირდება. ჩვენი, მელიების ცივილიზაციაც მათი წყალობით განვითარდა. მაგრამ ეს ჩვენ მაშინ შევიტყვეთ, როცა ყველაფერი უკვე ძალიან გვიან იყო. მელიების პლანეტიდან 10 სინათლის წლის მოშორებით იყო მგლების (როგორც თქვენ ეძახით) ვარსკვლავური სისტემა. მათ შორის კიდევ ერთი დაუსახლებელი, ნეიტრალური ვარსკვლავური სისტემა მდებარეობდა. ჩვენ რა თქმა უნდა ვერ გავიყავით ამ მოსაზღვრე ვარსკვლავის პლანეტები და დიდი ხნის წინ ვარსკვლავთშორისი ომი სწორედ ამის გამო დაიწყო. თუმცა, რეალური მიზეზი თუ გაინტერესებს, ეს რასისტული ზიზღი იყო. ორივე რასას ჰქონდა პრეტენზია, რომ რეგიონის ბატონ-პატრონი თვითონ უნდა ყოფილიყო. ომის შემდეგ ჩვენი მშობლიური პლანეტები ბოლომდე განადგურდა, მელიებსა და მგლებს ცხოვრების დაწყება ბირთვულ ნანგრევებში მოუწიათ. დაახლოებით 1000 წლის შემდეგ ორივე ცივილიზაცია ისევ მოძლიერდა და კვლავ გამალებით დაიწყეს სამხედრო ხომალდების მშენებლობა. ჩვენი პლანეტების ხელმძღვანელებმა ამჯერად შეთანხმება დადეს, რომ ომის შემთხვევაში ბირთვულ იარაღს აღარ გამოიყენებდნენ. მეორე ომსაც დიდხანს არ დაუგვიანია და შედეგად ისევ ბოლომდე განადგურებული პლანეტა დაგვრჩა. მეორე ომის შემდეგ გამარჯვებული ისევ გამოკვეთილად არ არსებობდა. ჩვენი და მგლების პირველი პირები შეთანხმდნენ, რომ შემდგომ ომს აზრი აღარ ჰქონდა და ზავი დადეს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ 2 000 წლიანი ომის შედეგად ორივე რასას ერთმანეთის ზიზღი უკვე გენეტიკაში გვქონდა გამჯდარი და ამას უკვე აღარაფერი ეშველებოდა. ჩვენი პლანეტის ყველაზე ცნობილმა ფსიქოლოგებმა და გენეტიკოსებმა ათასგვარი ექსპერიმენტები ჩაატარეს, ახალშობილ მელიებს, ახალშობილ მგლის გვერდით აწვენდნენ და ისინიც კი დაუნდობელ ჩხუბს იწყებდნენ. ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, ჩვენ უახლოესი ვარსკვლავური მეზობლები ვიყავით, ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვიწევდა შეხვედრა.
- კი მაგრამ, თუ თქვენი ცივილიზაცია იმ დონეზე იყო განვითარებული, რომ შეგეძლოთ ვარსკვლავთშორისი ომები გეწარმოებინათ, როგორ ვერ შეძელით ამ ზიზღის განკურნება, რომელსაც გენეტიკური მიზეზები ჰქონდა?
მელიას თითქოს სახეზე გადაურბინა მთელი თავისი რასის მისწრაფებამ, გამხდარიყო გენეტიკურად შემწყნარებელი.
-ზიზღი გენეტიკურად არ იკურნება. ეს პრობლემა ზამბარას ჰგავს, ერთ ადგილას დააწვები და მეორე მხარეს ამოყოფს თავს. ან კიდევ უარესი, შეიძლება ერთ ინდივიდზე იმოქმედოს გენურმა თერაპიამ და ის სრულიად მიმტევებელი გახდეს მგლების მიმართ, მაგრამ ეს რასისზმი მის შთამომავლობაში მთელი ძალით იფეთქებს. გარკვეული დროის შემდეგ, 40 სინათლის წლის დაშორებით მყოფი ვარსკვლავიდან სიგნალი მივიღეთ, იქ მცხოვრები ზებრების ცივილიზაცია გვიყვებოდა თავის ისტორიას… მათაც ანალოგიური სიტუაცია ჰქონდათ პანტერების მეზობელ ცივილიზაციასთან. სამწუხაროდ, მათთანაც ომი ბირთვულ ნანგრევებში დასრულდა, მაგრამ მათ შეძლეს გაძლიერება და შეიტყვეს ელების შესახებ. ელები იყვნენ სულ პირველი ცივილიზაციის შვილები სამყაროში. ზებრებმა მოაწყეს უამრავი ექსპედიცია ახლომახლო პლანეტბზე, სადაც ელების სამუშაო ბაზების არსებობას ეჭვობდნენ. შედეგად არ ვიცი როგორ და რანაირად, მაგრამ მათ ხელში ჩაუვარდათ ელების უმთავრესი პროექტის შინაარსი. ზებრებმა მოგვაწოდეს მონაცემები ელების შესახებ, სწორედ მაშინ გავიგეთ დედამიწის არსებობაც.
მელიის თვალებში ეშმაკური სხივი გაკრთა და სახეზე ღიმილმა გადაურბინა. ფანჯარაში გავიხედე, უკვე საღამოვდებოდა და ოდნავ ნიავი ქროდა. ისევ ვიფიქრე, ნეტავ სიზმარში ხომ არ ვარ მეთქი. მაგრამ მელიის ხმა აშკარად გარკვევით და მკაფიოდ მესმოდა.
-და რას გულისხმობდა ეს მთავარი პროექტი?
-ახლა მომისმინე და რასაც გეტყვი კარგად დაიმახსოვრე.
მელია წამოდგა და ოთახში გაიარა, თითქოს ნერვიულობდა.
-როდესაც სამყაროში ვარსკვლავთშორისი რასისზმის გაღვივებამ პიკს მიაღწია, ელებს გენიალური იდეა დაებადათ - შეექმნათ ვარსკვლავური რეზერვაცია, სადაც სამყაროს ყველა ცოცხალი არსება ერთად იცხოვრებდა მშვიდ გარემოში, ყოველგვარი რასიზმის გარეშე. ეს უნდა ყოფილიყო სრულყოფილი გენების უსუფთავესი წყარო, საიდანაც შემდეგ მთელ სამყაროში განაწილდებოდა სპირიტების სახით. ეს ოაზისი დედამიწა უნდა ყოფილიყო. ამიტომ მათი მულტისოციალური დიზაინი ითვალისწინებდა მაღალემოციური სპირიტების თანაცხოვრებას ყველა ცივილიზაციის წარმომადგენლის მინიმოდელებთან.
ეს კიდევ უფრო დაუჯერებლად ისმოდა. თანაც ეს სპირიტები...
-მოიცა, მოიცა, ეს სპირიტი და მინიმოდელი რაღაა?
მელიამ თავი უკმაყოფილოდ გააქნია.
-მგონი ამის ახსნა შენთვის ჯერ ძალიან ადრეა. სპირიტი, - მელიამ გამოთქმით თქვა ეს სიტყვა. - არის მატერიის უმაღლესი ფორმა, რომელიც ცოცხალი ორგანიზმის გარდაცვალების შემდეგ რჩება. როდესაც სპირიტები ერთი სამყაროდან მეორეში გადადიან, მეხსიერება თან არ მიყვებათ. საგულდაგულოდ იშლება, მაგრამ კვალი მაინც რჩება ქვეცნობიერში. ელებს არ სჭირდებოდათ ჩვენი მეხსიერება, მათ ჩვენი სუფთა სპირიტები ჭირდებათ. მიხვდი ახლა? მინიმოდელი კი წარმოადგენს იმას, რასაც შენ ეგრეთწოდებულ ზოოპარკებში ხედავ ყოველდღე, რომლებიც იქ საკმაოდ უსამართლოდ არიან გამომწყვდეულნი.
მგონი კიდევ უფრო გამიჭირდა მისი ნაამბობის სწორად აღქმა და ერთ მთლიან ამბად დაწყობა.
-კი მაგრამ, თუ ეს სუფთა სპირიტები სხვადასხვა პლანეტებზე ნაწილდებიან, რატომღა არის თქვენთან რასიზმი?
-კი ასეა, მაგრამ მათ ყველა ცივილიზაციაში ანაწილებენ და თითოეულ პლანეტას საკმაოდ მცირე კვოტა რჩება. ახალშობილები, რომლებშიც ეს სპირიტები სახლდებიან, ძალიან მშვიდობიანები და კრეატიულები იზრდებიან. სამწუხაროდ დედამიწიდან ბოლო დროს იკლო სპირიტების ნაკდამა, ეტყობა თქვენთანაც ვერ არის ყველაფერი წესრიგში.
მელიამ ბოლო სიტყვებზე ჩაიქირქილა.
-ჰოდა ასე, მე ვერ დაველოდებოდი როდის განიწმინდებოდა ჩემი შვილი გენეტიკურად და გადავწყვიტე ეს პროცესი ხელოვნურად დამეჩქარებინა.- მან მუცელზე ხელი მზრუნველად მოიხვია და ზედ დაიხედა.
-წადი ეხლა და რამე საჭმელი მაჭამე, ჩემთვის შიმშილი არ შეიძლება.
სამზარეულოში ბარბაცით გავედი. ღმერთო ჩემო, ესღა მეკლდა. უცხოპლანეტელი ქალი ჩემგან შვილს, თუ ლეკვს ელოდებოდა. ვერ ვიტყვი ცხოველებზე ვგიჟდებოდი მეთქი, მაგრამ არც მეჯავრებოდა, ალბათ ჩვენს შთამომავლობის ჯანმრთელი ფსიქიკისთვის ეს საკმარისი იქნებოდა და დაბადებისთანავე არ დაიწყებდა მგლების ჩეხვას.
მაცივარში ხილი და ხორცეული ეწყო. მელიისთვის იმის კითხვას, რას ჭამ მეთქი, უაზრობად მომეჩვენა, ალბათ ფორთოხალს ნამდვილად არ მიირთმევს. ძეხვი ნაჭრებად დავჭერი და თეფშით სასტუმრო ოთახში გავიტანე. მელია სავარძელზე მუხლებით იდგა და ფანჯარაში იყურებოდა. მგონი ჯობია ყოველი შემთხვევისთვის კალენდარში ფსიქოლოგთან ვიზიტი ჩავნინიშნო. ნიავი სახეზე უბერავდა და გრძელ წამწამებს უთამაშებდა, ამიტომ ხალათი მჭიდროდ ქონდა მოხვეული და ყურადღებით აკვირდებოდა ქუჩაში მოსიარულე მანქანებს. ტელეფონმა დამირეკა. თეფში დაბალ მაგიდაზე დავუდე და ზარს ვუპასუხე. ჩემი მეორე ნახევარი მატყობინებდა რომ სამსახური მორიგეობა დილამდე უწევდა. ცოტა შემეშინდა, დილით ღამენათევი რომ დაინახავდა ჩვენს სტუმარს, გულს არ დაერტყა.
-მიირთვი, იმედია მოგეწონება ჩვენი პლანეტის საჭმელი.
მელია მოტრიალდა და ძეხვის ნაჭერი პირისკენ გააქანა.
-ნუ ნერვიულობ, ჩვენი ორგანიზმები თითქმის იდენტურია, სპირიტები კი არაფრით განსხვავდება, ამაზე ელებმა იზრუნეს.
უცებ თავში ერთმა აზრმა დამარტყა- თუ დედამიწა მშვიდობის ოაზისი უნდა ყოფილიყო და ყველას მშვიდობიანად ეცხოვრა, რატომღა ჭამდნენ ადამიანები ცხოველებს? იცოდა მელიამ რისდან შედგებოდა ძეხვი? ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ ვკითხე, როდესაც ჭამა დაამთავრა. სახეზე ოდნავი შეშფოთებაც არ დასტყობია, კეჩუპიანი თითები გაილოკა და მშვიდად შემომხედა.
-ჯერ ერთი ის, რომ მაღალკალორიული საჭმელი ყველას ჭირდება და არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის. ჩვენს პლანეტაზეც არის წვრილი ცხოველები, რომლებსაც ოდესღაც სახორცე მასალად ვიყენებდით. შემდეგ ჩვენ ვისწავლეთ ლაბორატორიული ხორცის იაფად გამოყვანა და იმ სისხლიან პროცესს სამუდამოდ შევეშვით. ალბათ თქვენთანაც იგივე მოხდება. გარდაცვალების შემდეგ კი თქვენ სპირიტებს აღარც ემახსოვრებათ როგორ ჭამდით სხვა ცხოველებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ საჭმლის გარდა სხვა ინტერესით დახოცავთ. ასეთი სპირიტები კოსმოსურ მოგზაურობაში ვერ მიდიან და ისევ დედამიწაზე რჩებიან გარკვეული ხნით. ელებმა ეს ყველაფერი კარგად იციან, პირდაპირ გაკვირვებული ვარ, როგორ დაგეგმეს ამდენი რამ წინასწარ. შეიძლება ითქვას, რომ ინტერპლანეტარული სოცილოგიის ექსპერტები არიან.
მელია დივანზე გაიშხლარდა და ჭერში დაიწყო ყურება.
-რაღაც ძალიან მომეწონა თქვენთან ყოფნა, ხომ არ დავრჩე დედამიწაზე? - ჩაიცინა და თვალებში შემომხედა. - ასტრონომიის მასწავლებლად დავიწყებდი მუშაობას… - ცოტა პაუზა გააკეთა და შემდეგ დაამატა. - აბა იმ შემთხვევის შემდეგ სექსოლოგად არავინ მამუშავებს. -. თბილი და ტკრციალა ხმა ჰქონდა. რამდენიმე წუთით ჩაფიქრდა.
- ვარსკვლავთშორისი მოგზაურობა იაფი არ ჯდება, ამიტომ ერთ ვოიაჟზე რამდენიმე რასის წარმომადგენელი ვზრუნავთ ხოლმე ხომალდის გამართვაზე და ისე მოვფრინავთ. დილით კი ჩამეძინა, მაგრამ ჩვენი ხომალდი შორს არ გაფრენილა, იქ მიცდის სადაც თქვენი აპარატურა ვერ დააფიქსირებს. ჩემი ბიოჩიპის კოორდინატების მეშვეობით მცირე დრონი მომაკითხავს ამაღამ და გავფრინდები ჯერ მთავარ ხომალდზე და მერე იქიდან ყველა ჩვენს საკუთარ პლანეტაზე.
გული დამეწვა, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა 24 საათზე ნაკლებს გაგრძელდებოდა. იმდენი რამ მომიყვა, ალბათ მთელი ცხოვრება მეყოფოდა გასაანალიზებლად და შემდეგ მისი მადლიერი უნდა ვყოფილიყავი. სადღაც შორს კი ირბენდა მელიის პატარა ლეკვი, რომელსაც ნახევრად ჩემი გენები ექნებოდა.
სავარძელში ჩავჯექი და გადავწყვიტე არ დამეძინა, მინდოდა მენახა როგორ წაიყვანდა სატრანსპორტო დრონი მელიას მთავარ ხომალდამდე. დივანზე ჩემს სტუმრად მშვიდად ეძინა. ნეტავ ის მაინც მეკითხა, დილანდელი ქარიშხალი რა ჯანდაბამ გააჩინა.
მთვარის ბნელ მხარეს კოსმოსური ხომალდი მშვიდად უცდიდა დედამიწიდან სატრანსპორტო დრონის დაბრუნებას. მელია ხომალდის დერეფანიდან კრიოდარბაზში შევიდა. კრიოკამერებში გამოჩნდა მწოლიარე მდედრობითი სქესის ადამიანის სხეულები, ზებრას, პანტერას და ვეფხვის თავებით. სამივე შიშველი იწვა და კარგად უჩანდათ დიდი, თეთრი მკერდი.
-წავედით გოგოებო.
მელიამ, ტანსაცმელი გაიძრო, კამერის სახურავი ახადა და ჩაწვა. ხელები მოხერხებულად დაიწყო სხეულის გვერდით და თითით ღილაკს მიაწვა. კრიოკამერის სახურავი მსუბუქი შიშინით დაიხურა. მელიის თვალებში დაძაბულობის ნატამალი არ ჩანდა და სიმშვიდეს ასხივებდა, მკაფიო იყო, რომ ამას უკვე მეათიათასედ აკეთებდა და სრულიად არ ღელავდა. კამერაში ამღვრეული ფერის გაზი გაიფრქვა და მელიამ თვალები ნელა დახუჭა. ბორტკომპიუტერმა დაადასტურა ყველა მგზავრის დაძინება. გაისმა ხმამაღალი გუგუნი და ვიბრაციამ დარბაზი ააზანზარა. ხომალდი ნელა მოწყდა მთვარის ბნელ ზედაპირს, რომელიც დედამიწას არასდროს უყურებს. ორბიტისკენ ამაღლება დაიწყო, საიდანაც ალბათ გაემგზავრებოდა პლანეტისკენ, სადაც ბევრი მელია ცხოვრობს.

პ.ს. ნახატი ჩემი არაა.