თუმცა მანამდე გაეცანით 27 წლის ქრისტინა არაქელოვას ისტორია. ის საქართველოში დაიბადა და გაიზარდა. ამბობს, რომ ცხოვრების თითქმის ყველა ეტაპზე არმენოფობიული დამოკიდებულების ადრესატი იყო. კურსელები, მეგობრები, ნაცნობები და თანამშრომლები არასრული ჩამონათვალია იმ ადამიანებისა, რომელთაგანაც ქრისტინა დროდადრო თავს დისკრიმინირებულად გრძნობდა თავისი ეთნიკური წარმომავლობის გამო.
რუსთავში, სანამ ძველ ბინაში ვცხოვრობდი, პატარა ვიყავი და, სიმართლე გითხრათ, არ მიგრძვნია, ან შეიძლება არ მესმოდა, რომ ადამიანს შეიძლება ეთნიკური წარმომავლობის გამო გავერჩიე სხვებისგან და მითუმეტეს დავეჩაგრე. როდესაც ახალ სახლში გადავედით, 17 წლის ვიყავი. მართალია, მაშინ ისეთი ცხოვრების წესს ვეწეოდი, რომ მეზობლებთან კომუნიკაცია დიდად არ მქონია, მაგრამ არასდროს არ მიგრძვნია მათგან ეთნიკური განსხვავებულობის გამო ცუდი დამოკიდებულება. იცით, რა არის პარადოქსული? იმის მიუხედავად, რომ რუსთავი რეგიონია, იმდენად არ ვგრძნობდი ეთნიკურ განსხვავებულობას, როგორც თბილისში ვიგრძენი ეს. სკოლაში თითქმის არ მიგრძვნია, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ვიყავი, თუმცა უმაღლეს სასწავლებელში ეს გაცილებით საგრძნობი გახდა. დედაქალაქელებმა ეს უფრო ნათლად მაგრძნობინეს.
უნივერსიტეტში ჩემმა კურსელებმა შეძლეს და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელად მაგრძნობინეს თავი.
პირველი პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ, თეატრალურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი. მაშინ ვფიქრობდი, რომ ახალი ეტაპი იწყება - ახალი მეგობრები, ნაცნობები, დადებითად განწყობილი და სიახლის მოლოდინით აღსავსე ვიყავი. უცებ კი ადამიანები გეკითხებიან გვარს და როდესაც პასუხობ - არაქელოვა, გეკითხებიან ეთნიკურ წარმომავლობას. ვიზუალურად არ ვგავარ ისეთ სომეხს, როგორიც უმეტესობის აზრით ეთნიკური სომეხი უნდა იყოს, თან ქართულად თავისუფლად ვსაუბრობ და ამიტომ ბევრი იბნევა. როდესაც გვარს იგებენ, პირველი რეაქციაც მაშინ ჩნდება.
ჯგუფში სულ 37 სტუდენტი ვიყავით, ვერ ვიტყვი, რომ ყველასგან გარიყულად ვგრძნობდი თავს, მაგრამ ნეგატიური დამოკიდებულებაც არსებობდა.. პრობლემა ისიც არის, რომ არ შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, რის გამო მაგრძნობინებდნენ ასე თავს - ეთნიკური ნიშნის გამო, თუ იმის, რომ თბილისელი არ ვარ. ჩემი აზრით, ეს იყო მიქსი. უნივერსიტეტში ოთხ გოგონასთან ვმეგობრობდი, ყოველთვის ერთად დავდიოდით ყველგან. ძალიან ვაფასებდი და მიყვარდა ისინი. მახსოვს, ერთ-ერთს მამა გარდაეცვალა და გარკვეული დროის შემდეგ კვლავ შევიკრიბეთ. სეირნობისას ამ გოგონამ მითხრა, რომ ხელმეორედ მონათვლა სურს. როცა მიზეზი ვკითხე, მიპასუხა, რომ მისი ნათლია სომეხია და ამიტომ უნდა გადანათვლა - „ჩემი ნათლია სომეხია და რატომ უნდა იყოს ჩემი ნათლია სომეხი!?“ ეს ნათლია მამამისის მიერ იყო არჩეული და სანამ მამა ცოცხალი იყო, რა თქმა უნდა, მამის ნების წინააღმდეგ ვერ წავიდოდა. როდესაც მამა გარდაეცვალა, გადაწყვიტა ხელმეორედ მონათლულიყო და ასეც მოიქცა. იმდენად შოკირებული ვიყავი ამ პასუხით, რომ მიზეზებს, რატომ არ სურდა სომეხი ნათლიის ყოლა, არც კი ჩავძიებივარ. დღეს მასთან თითქმის არ მაქვს ურთიერთობა. ჩვენი ოთხეულიდან ერთ-ერთი მეგობარი გახდა მისი ნათლია და დღემდე ახლო მეგობრები არიან.
უნივერსიტეტში სწავლისას პრეზიდენტის სტიპენდიანტი გავხდი, ასევე სახელობით სტიპენდიას ვიღებდი. ორ სტიპენდიას მხოლოდ მე ვიღებდი მთელ ფაკულტეტზე. ამაზეც კი ამბობდნენ, რომ ეთნიკური ნიშნის გამო წამახალისეს. ბევრ ადამიანს აქვს სტერეოტიპი, რომ სომხები “გაუნათლებლები” არიან და ძირითადად ხელობას მიჰყვებიან. მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ჩვენ შეგვიძლია უნივერსიტეტში ჩავაბაროთ, ვისწავლოთ, ვიმუშაოთ, სრულფასოვანი მოქალაქეები ვიყოთ, გვქონდეს კარიერა და, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე ვიზრუნოთ.
სადიპლომო ნაშრომის წერისას ერთ-ერთმა ლექტორმა თქვა - „არ მინდა, ეთნიკურმა სომეხმა ქართულ ხელოვნებაზე რეცენზიები წეროს“. ყოველთვის ვგრძნობდი იმგვარ დამოკიდებულებას, რომ არ უნდა ვყოფილიყავი ამ სფეროში, რადგან ეთნიკური სომეხი ვარ და ალბათ ისინი ფიქრობდნენ, რომ შემიძლია რომელიმე ტაძარს უხეშად თუ ვიტყვი “სომხური წარმომავლობა დავაბრალო,” ან რამე მსგავსი ჩავიდინო.
სადიპლომო ნაშრომი, ცხადია, მაინც დავიცავი. გავიგე, რომ ჩემმა ხელმძღვანელმა ჩემი ნაშრომი დაიცვა, რეცენზენტს კი არ სურდა ჩემთვის უმაღლესი ქულის დაწერა, თუმცა რეცენზიაში ოფიციალურად სხვა პრობლემებს გაუსვა ხაზი. საბოლოო ჯამში, 91 ქულა დამიწერეს, რისთვისაც მე დღემდე ჩემი ხელმძღვანელის მადლობელი ვარ, მისგან ყოველთვის ვგრძნობდი გულწრფელ მხარდაჭერას. თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს ჩემი ხელმძღვნელის ბრძოლით მოპოვებული ქულაა. მიუხედავად იმისა, რომ წითელი დიპლომი ავიღე, ამ შემთხევვის გამო კიდევ ერთხელ ვიგრძენი თავი დამცირებულად, რადგან ვფიქრობდი, რომ დამსახურებულად მეკუთვნოდა მაღალი შეფასება. იმდენად გულდაწყვეტილი და იმედგაცრუებული ვიყავი, გადავწყვიტე პროფესია შემეცვალა. ვგრძნობდი, რომ ძალიან მინდოდა ამ სფეროში მოღვაწეობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაგისტრატურაში საერთაშორისო ურთიერთობის სწავლა გადავწყვიტე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ვიფიქრე, რომ ამ ფაკულტეტზე ეთნიკური ნიშნით ფობიაც ნაკლები იქნებოდა და ამ სფეროში დასაქმებას ჩემი ეთნიკური წარმომავლობა არ შეუშლიდა ხელს.
22 წლის ვიყავი, როცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე. აქ ნაკლებად ვგრძნობდი ეთნიკურ წარმომავლობაზე ხაზგასმას - შეიძლება იმიტომ, რომ შეჩვეული ვიყავი უკვე, ან იმიტომ, რომ გავიზარდე. ერთადერთი, მყავდა ლექტორი, რომელიც ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერი იყო და ყოველთვის ამბობდა, რომ სომხების და ბაგრამიანის ბატალიონის გამო დავკარგეთ აფხაზეთი და ხელს ჩემკენ იშვერდა, თითქოს მე ვიყავი ამაში დამნაშავე. ყოველ ლექციაზე ხდებოდა იმის ხაზგასმა, რომ მე ვარ ეთნიკური სომეხი და „ჩემ გამო“ დაიკარგა აფხაზეთი. ვეღარ მოვითმინე და დეკანატში განვაცხადე, რომ არ შეიძლება ასეთმა ნაციონალისტმა ლექტორებმა ასწავლონ უნივერსიტეტში, რადგან ნაციონალიზმს კვებავენ და ახალისებენ. როდესაც ლექტორი გეუბნება, რომ აფხაზეთი დაიკარგა სომხების გამო და ამ აზრს უნერგავს სტუდენტს, დიდი ალბათობაა, რომ ამ სტუდენტს ეთნიკური სომხების მიმართ ზიზღი გაუჩნდეს. სწორედ აქედან ჩნდება არმენოფობია! მის ამ გამოსვლებს სტუდენტებისგან პასუხი არ მოჰყოლია, მეც ძირითადად კამათს თავს ვარიდებდი, არ მინდოდა მასთან ყოველთვის კამათი. ამ ინტერვიუში არ ვაპირებ განვიხილო თუ რა როლი ჰქონდათ ეთნიკურ სომხებს აფხაზეთის ომში მაგრამ მჯერა, რომ თუკი ეთნიკურ სომხებს აფხაზეთის ომში რაიმე როლიც ჰქონდათ, ეს არ ნიშნავს, რომ დღეს მე, ქრისტინა არაქელოვამ, ამაზე პასუხი უნდა ვაგო და არ მაქვს მორალური უფლება, რომ ქართულ მიწაზე ვიცხოვრო. ილიას უნივერსიტეტში კურსელებთან უკეთესი ურთიერთობა მქონდა. ეთნიკური წარმომავლობის გამო თავი გარიყულად არ მიგრძვნია. ყოფილა შემთხვევები, ყოვლად მარაზმული ანეგდოტები მოუყოლიათ სომხებზე, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი.
სამაგისტრო ნაშრომის დაწერა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე გადავწყვიტე. მუშაობის დროს სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე, მათ შორის, ფორუმებზე მუშაობა მომიწია და ისეთ კომენტარებს გადავაწყდი, გაოგნებული დავრჩი. კითხულობ კომენატრებს და გრძნობ, რამდენად ეზიზღები ადამიანს მხოლოდ იმიტომ, რომ ეთნიკური სომეხი ხარ. დღესაც ყურებში ჩამესმის ეს კომენტარი - “როგორ უნდა მოვკვდე ისე, რომ ერთ სომეხს ყელი არ გამოვჭრა“. ჩემზე ერთი წლით პატარა იყო ამ კომენტარის ავტორი - 24 წლის. ამ ასაკის ადამიანს საიდან უნდა გქონდეს ამხელა ზიზღი, სიძულვილი, რომ გინდოდეს ვინმეს მოკვლა ეთნიკური წარმომავლობის გამო, ჩემთვის სრულიად გაუგებარია... ყველა კომენტარის რიტორიკა, სომეხის, როგორც მტრის ხატად წარმოდგენა იყო. ყველაზე ცუდი ისაა, რომ 100-დან 2 კომენტარი შეიძლებოდა მეპოვა, სადაც სომხებს არ აგინებდნენ, არ წყევლიდნენ და მათი მოკვლა არ სურდათ. ორი თვის მანძილზე ვმუშაობდი სამაგისტროზე და ამ სამუშაო პროცესმა იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ როდესაც თბილისის ქუჩებში სასეირნოდ დავდიოდი, შეგრძნება მქონდა, თითქოს გარშემო ყველას ვეზიზღებოდი, ყველას თვალებში მხოლოდ ზიზღს ვხედავდი. ვფიქრობდი, რომ ყველას ამგვარი დამოკიდებულება აქვს სომხების მიმართ. ამ გამოცდილებამ გამომფიტა და დეპრესიაში ჩამაგდო. დღეს ვცდილობ ასეთი კომენტარები არ წავიკითხო, არ მივაქციო საერთოდ ყურადღება, რომ ისევ არ განვიცადო ის, რაც უკვე გამოვიარე.
მყავს რამდენიმე მეგობარი, რომლებთან ერთადაც გავიზარდე და მათ არასდროს გაუსვამთ ხაზი ჩემს ეთნიკურ წარმომავლობაზე. მახსოვს ერთხელ, ჩემმა დაქალმა დამირეკა და მითხრა, რომ მისი შეყვარებული უნდა გაგვაცნოს სამეგობროს. რესტორანში შევიკრიბეთ, ქართულ სუფრაზე ყოველთვის ხდება ეთნიკური წარმომავლობის ხაზგასმა, მაგალითად, სადღეგრძელოების დროს - „ქართველ დედას გაუმარჯოს.“ დედაჩემი რომ ეთნიკური სომეხია, არაა იმის ღირსი, რომ დალოცვილი იყოს?! ან “ყველა ქართველ მანდილოსანს გაუმარჯოს…” ამას იმდენად შევეჩვიე და იმდენად ქართველად ვგრძნობ თავს, რომ ასეთ ფრაზებს ყურადღებას აღარ ვაქცევ, მაგრამ ჩემი მეგობრის შეყვარებულმა პირდაპირ ხაზი გაუსვა ჩემს წარმომავლობას. “ქართველი მანდილოსნების” სადღეგრძელო დალია, შემდეგ მომიბრუნდა და მეუბნება - „უი, ქრისტი, შენ რომ სომეხი ხარ, სულ დამავიწყდა“. ღიმილით ვუპასუხე, რომ არაუშვდა და უკვე მივეჩვიე ასეთ სადღეგრძელოებს. მან კი განაგრძო - „ისე, შოთა რუსთველი სომეხია, ხომ? მაგრები ხართ ეს სომხები ყველაფრის მოპარვა გინდათ“. უკვე უხერხულად ვიგრძენი თავი, მაგრამ მას საუბარი არ დაუსრულებია - „არ გეგონოს, სომხები არ მიყვარს, მეზობელი მყავს, მაგრი “საპოჟნიკია”, რაც გეხერხებათ გეხერხებათ“. დავინახე, რომ ჩემმა მეგობარმა ხელი ჰკრა. ცოტა ხნით კიდევ დავრჩი, რომ მეგობრისთვის არ მეწყენინებინა, მაგრამ მალევე ავდექი და წამოვედი. ასეთი ინცინდენტების გამო ძალიან ბევრი მეგობარი დავკარგე, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჩემი ეთნიკური წარმომავლობა პრობელემას არ უქმნიდა, ხომ ვერ მოსთხოვ, რომ, ვთქვათ, შეყვარებულს დაშორდეს, მაგრამ ვერც იმას ვახერხებ, რომ მათთან სახლში მივიდე და ასეთ შეურაცხყოფას ვუსმინო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩემი მეგობარი ამ ბიჭს ცოლად არ გაჰყოლია და მასთან დღესაც ძალიან ახლო დაქალები ვართ. მაგრამ ჩემი ბავშვობის ორი მეგობარი ასეთი ადამიანის ცოლია და ურთიერთობა აღარ მაქვს. მათთან სახლში არ მივდივარ, მხოლოდ სატელეფონო ან “ფეისბუქ” მოკითხვების დონეზე ვურთიერთობ.
მახსოვს, ერთხელ ჩემს ერთ მეგობარს, რომელიც ჩემთან შესახვედრად მოდიოდა, დეიდაშვილმა ჰკითხა, როგორ შეეძლო სომეხთან მეგობრობა, “სომხები ხომ არასანდო და “გადამგდები” არიან. მიუხედავად იმისა, რომ ეს ისტორია ჩემმა მეგობარმა თვითონ მიამბო, და ჩვენ ბევრი ვიხუმრეთ ამაზე, ჩემთვის მაინც გულდასაწყვეტი და შოკის მომგვრელი იყო. ვიცი, რომ ჩემს მეგობარს გულწრფელად ვუყვარვარ და მაფასებს, ისევე როგორც მე მას … მაგრამ თავად ფაქტი, რომ ასე გახასიათებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ეთნიკური სომეხი ხარ და ამავე დროს საერთოდ არ გიცნობენ, ძალიან მტკივნეულია. მადლობელი ვარ ჩემი მეგობრის, მას არასდროს უგრძნობინებია ჩემთვის, რომ მე “განსხვავებული” ვარ და ყოველთვის ჩემ გვერდითაა. დღესაც, როცა გერმანიაში სწავლობს, ყოველთვის ცდილობს, დამეხმაროს როგორც შეუძლია. ეს ის ადამიანია, რომლის იმედიც ყოველთვის შემიძლია მქონდეს.
მშობლებმა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს სომხეთში მომნათლეს. მაშინ ის დრო იყო, როცა არავინ არ არჩევდა რელიგიური ნიშნით ერთმანეთს და მითუმეტეს ქრისტიანები ერთმანეთს მწვალებლებს არ უწოდებდნენ. ჩემი ოჯახი არ არის ძალიან რელიგიური, რაღა დაგიმალოთ, და არც მე, თუმცა ვფიქრობ, რწმენა კავკასიელი ხალხისთვის ყოველთვის იდენტობის ტოლფასია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ მაძლევს უფლებას, მეჯვარე ან ნათლია ვიყო, რადგანაც ისინი ფიქრობენ, მე არასწორედ ვარ მონათლული, ხშირად მწვალებლულსაც კი უწოდებენ ჩემს რელიგიას. რამოდენიმე წლის წინ ჩემი ბავშვობის მეგობარს ძალიან უნდოდა, რომ მისი შვილი მომენათლა. ვუთხარი, რომ ეს პრობლემა არსებობდა და თუ მოძღვარი უფლებას მისცემდა, სიამოვნებით მოვნათლავდი. რა თქმა უნდა, მღვდელმა არ მისცა უფლება, ჩემი მეგობარი კი მოვიდა და მითხრა: „გადაინათლე ჩუმად, რომ არ გაგიგონ ოჯახში“. უარი ვუთხარი, ჩემთვის ეს შეურაცხმყოფელი იყო, ამ ადამიანთან დღემდე ვმეგობრობ, მე ის ძალიან მიყვარს, მაგრამ ეს შემთხვევა ჩემთვის უკიდურესად არასასიამოვნო იყო. მჯერა, რომ ღმერთი ერთია და მთავარია გულწრფელი იყო მასთან ყოველთვის, და არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელ ენაზე ესაუბრები ღმერთს, ის მაინც გულის ხმას უსმენს. მე იმისიც მჯერა, რომ გადანათვლა დიდი ცოდვაა და ამას არასდროს გავაკეთებ.
სომხეთში ბავშვობიდან დავდივარ. დეიდა და ბიძა იქ ცხოვრობენ. საქართველოში ქართულ სკოლაში ვსწავლობდი და სომხურად არ ვსაუბრობდი, ოჯახშიც თითქმის არ ვსაუბრობდით სომხურად, რადგან მამაჩემი ქართულენოვანია. მამას სომხური ესმის, თუმცა არ საუბრობს. ჩემმა მშობლებმა განათლება რუსულ ენაზე მიიღეს, როგორც ეს ძირითადად ხდებოდა საბჭოთა კავშირში. დედას სურდა, რომ სომხური ენა გვესწავლა, ამიტომ ზაფხულის არდადეგებზე სომხეთში გვიშვებდა. ყველაზე პარადოქსული ისაა, რომ როდესაც სომხეთში ჩავდიოდი, ყველა ქართველს მეძახდა და იქ დღესაც არავინ აღმიქვამს, როგორც სომეხს. ერთხელ, როცა ბიძაჩემთან ჩავედი, ჩემი ბიძაშვილი მოვიდა და ბიძაჩემი ეუბნება - „ნახე, შენი ქართველი დაიკო ჩამოვიდა“, საკუთარმა ბიძამ მიწოდა ასე. 14 წლის ვიყავი მაშინ და სწორედ აქედან გამიჩნდა პირველი კითხვა - ვინ ვარ? საქართველოში ყველა ხელს იშვერდა ჩემსკენ, რომ ეთნიკური სომეხი ვარ, ჩავდივარ სომხეთში და ყველა მეუბნება, რომ ქართველი ვარ. ეს ის შეგრძნებაა, როდესაც თავს მიწასა და ცას შორის გამოკიდულად გრძნობ, იდენტობის შეგრძნება გაქვს დაკარგული, არასტაბილურობის განცდა და შინაგანი ფორიაქი გეწყება. დღეს ვთვლი, რომ მე ვარ ეთნიკური სომეხი, მაგრამ ეროვნებით ქართველი. ვთვლი, რომ საქართვეელო ჩემი სამშობლოა, ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა, აქ დავიბადე და გავიზარდე.
რამოდენიმე წლის წინ ბრიტანელი ბიჭი გავიცანი, რომელიც გარეგნობით ინდოელს ჰგავს. როცა ვკითხე საიდან იყო, მიპასუხა, რომ ბრიტანელია. გაკვირვებულმა შევხედე, მან კი გამიმეორა - ბრიტანელი ვარ, მაგრამ წარმოშობით პაკისტანიდან. სწორედ ამას სამოქალაქო ნაციონალიზმს ეძახიან, რაც მოიაზრებს, რომ კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეობა ავტომატურად ამ ქვეყნის ეროვნების წარმომადგენლად გხდის. ყოველთვის, როდესაც საზღვარგარეთ მივდივარ, მე სომხეთის სახე კი არ ვარ, არამედ საქართველოსი! როდესაც ადამიანებს ვეცნობი, არ ვამბობ, რომ ეთნიკური სომეხი ვარ, ვამბობ, რომ საქართველოდან ვარ. დაახლოებით 10 წელი დამჭირდა, რომ ყველაფერი დამელაგებინა ჩემში. 24 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი იდენტობის დადგენა შევძელი.
დიდი სამუშაო გამოცდილება არ მაქვს. ადრე ჟურნალისტობა მინდოდა. 2008-09 წლებში ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოში დავიწყე მუშაობა, სადაც ძალიან ცუდი გარემო დამხვდა. ეთნიკური ნიშნის გამო კოლექტივმა არ მიმიღო. “ნიუსრუმში” როცა შევდიოდი, გამარჯობას რომ ვიტყოდი, არავინ მესალმებოდა. ჩემი თანდასწრებით სომხებზე ცინიკურად საუბრობდნენ - „ბიჭო, სომხებს ოქრო უყვართ, ხომ? “ჩოლკები” უყვართ, ხომ?“ იწყებდნენ უხამსი ანეგდოტების მოყოლას და ხარხარებდნენ, 3 თვე გავძელი და შემდეგ წამოვედი. უფროსმა არ იცოდა, რომ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი ვიყავი, როდესაც წასვლის მიზეზი მკითხა, მოვიტყუე და ვუთხარი, რომ სასწავლებლად მივდივარ-მეთქი. რა უნდა მეთქვა? ვიცოდი, რომ ვერაფერს დავამტკიცებდი. მაშინ ვფიქრობდი, რომ ამგვარი დავისას ეთნიკური ქართველი ეთნიკურ სომეხს მხარს არ დაუჭერს. დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ უნდა დამეცვა ჩემი უფლებები, მაგრამ ადამიანებთან ყოველდღიური კამათი, ჩხუბი და იმის მტკიცება, რომ შენც მათნაირი ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, ძალიან დამღლელია.
პირველი მაგისტრატურის დასრულების შემდეგ 2 წელი ვეძებდი სამსახურს. ეს ძალიან მძიმე პერიოდი იყო, შეიძლება ითქვას, დეპრესიულიც კი. კარგი განათლება მივიღე, მაღალი კვალიფიკაცია მქონდა, მაგრამ ყოველთვის მიჭირდა სამსახურის პოვნა. თავიდან სახელმწიფო სტრუქტურებში ვეძებდი სამსახურს ჩემი სპეციალობით - საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი, შემდეგ უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, ყველანაირ სამსახურზე თანახმა ვიყავი, ოღონდ სამსახური მეშოვა, იმდენად გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავი. სახელმწიფო სტრუქტურებში ხშირად გასაუბრების ეტაპამდეც კი ვერ მივდიოდი. ერთადერთი შემთხვევა მახსოვს, შინაგან საქმეთა სამინისტროში დამიბარეს გასაუბრებაზე. როდესაც დეპარტამენტის უფროსებმა ჩემი გვარი იკითხეს და პასუხად მოისმინეს “არაქელოვა”, მათ სახეზე ირონიული ღიმილი შევამჩნიე და მაშინვე მივხვდი, რომ სამსახურში არ ამიყვანდნენ. ამის შემთხვევის შემდეგ, ძალიან ხშირად, არა მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებში, კერძო კომპანიებშიც გასაუბრებაზე რომ მივდიოდი, უკვე მომზადებული ვხვდებოდი მათ ირონიულ ღიმილს. საბოლოოდ, სტაბილური სამსახური ვერ ვიპოვე და გადავწყვიტე, მეორედ ჩამებარებინა მაგისტრატურაზე, მაგრამ მანამდე, 2014 წელს “რესპუბლიკურ პარტიაში” გავწევრიანდი. ვმუშაობდი ეთნიკური უმცირესობების უფლებებზე და მათ პოლიტიკურ ჩართულობაზე. რესპუბლიკურ პარტიაში სამუშაო ჯგუფი შევქმენი, რომელიც ეთნიკური უმცირესობების საკითხზე იმუშავებდა. რესპუბლიკურმა პარტიამ საკმაოდ ლიბერალური პლატფორმა შემიქმნა იმისთვის, რომ მე ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე მემუშავა. პარტიაში არასდროს არავის უგრძნობინებია ჩემთვის, რომ ეთნიკური სომეხი ვარ. 2015 წლიდან, რომელიც პრეზიდენტმა ქალთა წლად გამოაცხადა, დავიწყე ქალთა პოლიტიკურ ჩართულობაზე მუშაობაც. ჩემი ინტერესის ობიექტი ძირითადად ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები იყვნენ. შემდეგ მაგისტრატურაზე ჩავაბარე და საქართველოდან წავედი. ახლა ვსწავლობ მეორე მაგისტრატურაზე - ეს არის ევროკავშირის პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის: სომხეთი, საქართველო, უკრაინა, ბელარუსია, მოლდოვა. პროგრამას ჰქვია ადამიანის უფლებები და დემოკრატიზაცია. დისტანციურად მუშაობას ვეღარ ვახერხებ, მაგრამ როდესაც ჩამოვალ საქართველოში, აუცილებლად გავაგრძელებ ეთნიკურ უმცირესობებსა და ქალთა პოლიტიკურ ჩართულობაზე მუშაობას.
ივნისში გავიმარჯვე კონკურსში თემაზე “Promoting Tolerance 2016: Hate Speech, Xenophobia and Nationalism.” მალე ამ კონკურსის ფარგლებში სასწავლო ვიზიტით მივდივარ ამერიკაში. მომავალში ვაპირებ, რომ ამ თემებზე ვიმუშავო - იქნება ეს პარტია თუ არასამთავრობო, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია შევძლო ჩემი თუნდაც ძალიან პატარა წვლილის შეტანა საქართველოში ამ დიდი პრობლემის გადაწყვეტაში.
წყარო:
http://netgazeti.ge/snowball/%E1%83%A5%E1%...83%AE%E1%83%98/გავბრაზდი რომ წავიკითხე. საქართველოში ყველაზე ნაკლები პრობლემა სწორედ ქსენოფობიაა და მითუმეტეს სომხებისგან თავის დაცვა ამ საკითხში არ უნდა გვჭირდებოდეს.