საქართველოში მცხოვრები ბრიტანული წარმოშობის ჟურნალისტი ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება, სადაც მას ბრიტანეთის აგენტს უწოდებენ. სმიტის თქმით, მას უკვე ბევრჯერ შეხვდა კომენტარები, სადაც სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილი ეჭვს გამოთქვამს, რომ ჟურნალისტი აგენტია. ამ თემაზე ზოგიერთ ქართულ მედიასაშუალებაში სტატიებიც დაიწერა.
ამასთან დაკავშირებით, სმიტი წერს:
"როცა დაღლილი ვარ, როცა დეპრესიაში ვვარდები, ყველაზე კარგი გამოსავალი არის იმ კომენტარების წაკითხვა, სადაც წერენ, რომ საქართველოში შემოჭრილი აგენტი ვარ. ძალიან ლოგიკურიცაა. ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურისთვის, მეგობრული ქვეყნის ყველაზე სენსიტიური და გასაიდუმლოებული ინფორმაციის მოპოვების ყველაზე ეკონომიური და ეფექტური მეთოდი არის სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატად რეგისტრაცია და ყურადღების მაქსიმალური მიქცევა," - აცხადებს ბრიტანელი ჟურნალისტი.
ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი ქალაქის საკრებულოს არჩევნებში დამოუკიდებელ მაჟორიტარ კანდიდატად საბურთალოს ოლქში მიიღებს მონაწილეობას. კანდიდატი საკუთარი პროგრამის ამომრჩევლისათვის გაცნობას ოთხშაბათს, 20 სექტემბერს, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, წითელ ბაღში გეგმავს.
სმიტი სოციალური ქსელის და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მეშვეობით, წლების მანძილზე აპროტესტებდა ქალაქის პრობლემებს, მათ შორის, ქაოტურ მშენებლობებს, გზების მოუწესრიგებლობას, ველობილიკების არარსებობას, ბიუჯეტის არასათანოდ ხარჯვას და ასე შემდეგ. ჟურნალისტი აქტიურად უჭერდა მხარს თბილისის მერის თანამდებობაზე ალექსანდრე ელისაშვილის კანდიდატურას.
მიმაგრებული სურათი