_Sergi_
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3011
წევრი No.: 68413
რეგისტრ.: 28-July 08
|
#51440545 · 3 Oct 2017, 16:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეკონომიკური მიმოხილვა
2.1. მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკა 2016 წელს, წინასწარი მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 2.7 პროცენტი შეადგინა. ხოლო ნომინალურ გამოსახულებაში 33922 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც 6.8 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2017 წლიდან რეგიონში ეკონომიკური ზრდა სწრაფი ტემპებით ვითარდება და ეკონომიკის მკვეთრ გამოჯანსაღებას აქვს ადგილი. 2017 წლის პირველ ნახევარში, წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა 4,9 პროცენტს შეადგენს. საქართველო ერთ-ერთია რეგიონის იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც 2014-2016 წლების ეკონომიკური შოკები უარყოფითი ზრდის გარეშე გადალახა.
2.2. ფასები საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს ინფლაციის თარგეთირების პოლიტიკას, რომელიც ითვალისწინებს ინფლაციის ზომიერი და პროგნოზირებადი ტემპის განსაზღვრას და აღნიშნული მაჩვენებლის მიღწევას, რაც აუცილებელი ფაქტორია გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2016 წელს 5 პროცენტს, 2017 წლისათვის - 4 პროცენტს, ხოლო 2018 წლისათვის - 3 პროცენტს შეადგენს. 2017 წლის აგვისტოში ინფლაციის დონემ წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე) 5,7 პროცენტი შეადგინა. 2017 წლის ბოლოს მოსალოდნელი ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალ დონეზეა ნავარაუდევი, რაც, მნიშვნელოვანწილად განპირობებულია აქციზური გადასახადის ზრდით და ერთჯერადი ეფექტი აქვს. 2018 წლიდან ინფლაცია ეტაპობრივად შემცირდება და საშუალოვადიან პერიოდში სამიზნე მაჩვენებლის ფარგლებში იქნება.
2.3. ლარის გაცვლითი კურსი 2017 წლის დასაწყისიდან ლარმა გამყარება დაიწყო და დოლართან მიმართებაში 2,4 ნიშნულის ირგვლივ დასტაბილურდა. თუმცა განსხვავებულია ვითარებაა ევროსთან, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე მყარდება. 2017 წლის პირველი იანვრიდან მოყოლოებული, 9 თვეში, ლარი აშშ დოლარის მიმართ 6,7 პროცენტით გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ 6%-ით გაუფასურდა. ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0,6 პროცენტით გამყარდა. გამყარებულია ასევე რეალური ეფექტური გაცვლითი კურსიც და გამყარება 5,9 პროცენტს შეადგენს.
2.4. კერძო სექტორის როლი ეკონომიკურ ზრდაში სამეწარმეო სექტორში 2017 წელს შეინიშნება მნიშვნელოვანი გააქტიურება. პროდუქციის გამოშვება ბიზნეს სექტორში წლის პირველ ნახევარში გაიზარდა 18 პროცენტით, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 30 ათასი ადამიანით. მიმდინარე წლის პირველი ნახევრის ეკონომიკურ ზრდაში აშკარა წარმმართველი როლი ჰქონდა კერძო სექტორს. მოგების გადასახადის რეფორმის ფარგლებში კერძო სექტორს რეინვესტირებისათვის აღნიშნულ პერიოდში დაახლოებით 240 მლნ ლარი დარჩა. მნიშვნელოვანია ამ მხრივ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებში რეინვესტირების მაჩვენებლის ზრდა, რომელიც პირველი კვარტალის მონაცემების მიხედვით 250 პროცენტს შეადგენს.
2.5. საბიუჯეტო პოლიტიკა მთავრობა მისდევს ფისკალური დეფიციტის თანმიმდევრული შემცირების პოლიტიკას საშუალოვადიან პერიოდში. საინვესტიციო პროექტების მიმდინარე აქსელერაციის პირობებში 2017 წელს ბიუჯეტის მოსალოდნელი დეფიციტი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში შეადგენს 3.5 პროცენტს. აჩქარებული კაპიტალური და შემცირებული მიმდინარე ხარჯების ფონზე მიმდინარე ფისკალური კონსოლიდაციის შედეგად, 2018 წელს ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილია მთლიანი შიდა პროდუქტის 3.3 პროცენტის ოდენობით, ხოლო შემდეგ წლებში მისი თანმიმდევრული შემცირებაა ნავარაუდევი.
2.6. მიმდინარე ანგარიში მიმდინარე ანგარიშის ბალანსის მაღალი დეფიციტი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ მოწყვლადობის წყაროს წარმოადგენს. 2016 წელს, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 13,5 პროცენტი შეადგინა, რაშიც მნიშვნალოვანი წვლილი შემოსავლების მუხლმა შეიტანა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მიღებული მოგების დიდი ნაწილის რეინვესტიცია განხორციელდა, რაც დადებითად აისახა საგადასახდელო ბალანსზე. 2017 წლის პირველ კვარტალში დეფიციტმა 11,8% შეადგინა. საშუალოვადიან პერიოდში ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა და სტრუქტურული რეფორმები მიმართულია ეკონომიკაში დანაზოგების ზრდისაკენ, რაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მდგრად დონემდე შემცირების საწინდარია.
2.7. სახელმწიფო ვალი 2016 წელს სახელმწიფო ვალი მთლიან ეკონომიკასთან მიმართებაში მშპ-ს 44.6%-ის დონეზეა. აქედან, საგარეო ვალი 35.6, ხოლო საშინაო ვალი 9.0 პროცენტი. აღნიშნული მაჩვენებელი, არ აღემატება ეკონომიკური თავისუფლების აქტით განსაზღვრულ დასაშვებ ნორმას (60% მშპ-სთან მიმართებაში). გასულ პერიოდში ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ლარში გამოსახული სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა, თუმცა სახელმწიფო ვალის პორტფელი ინარჩუნებს ხელსაყრელ ფინანსურ პარამეტრებს და საშუალოვადიან პერიოდში არ მიაღწევს კრიტიკულ ზღვარს, რასაც ასევე აჩვენებს სახელმწიფო ვალის მდგრადობის ანალიზის შედეგები. ამასთან, საგარეო მოწყვლადობის შესამცირებლად, გრძელვადიან პერიოდში მთავრობა გეგმავს სახელმწიფო საშინაო ვალის წილის ზრდას.
2.8. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2016 წელს, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 0,1 პროცენტით გაიზარდა და 1 566 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2017 წლის პირველ ნახევარში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 751 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5,5 პროცენტით ნაკლებია 2016 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე. უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების პროცენტულ სტრუქტურაში პირველ ადგილზე აზერბაიჯანი, ხოლო მეორე ადგილზე თურქეთი იმყოფება. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება გასულ წელთან შედარებით BP-ს მიერ სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტის დასკვნით ეტაპზე გადასვლას უკავშირდება. მშენებლობის ძირითადი ეტაპი, რომლის განმავლობაში დაახლოებით 1.7 მილიარდი აშშ დოლარი დაიხარჯა, პრაქტიკულად დასრულების სტადიაში არის გადასული. მსგავად, შემცირება დაფიქსირდა მიკროსაფინანსო სექტორში, რაც ზოგადად გამოწვეულია ზედამხედველობის პოლიტიკის გამკაცრებით. როგორ მოსალოდნელი იყო, ბაზარზე რჩებიან მხოლოდ ის კომპანიების, რომლებიც მომხმარებელს გონივრულ სასესხო პირობებს სთავაზობენ. ხოლო სხვათა შემთხვევაში ადგილი აქვს ბაზრის დატოვების ფაქტებს, რაც აისახა სტატისტიკურ მოსაცემებში.
|