,,პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტი მოსკოვში - რუსეთი ნატო-სთან დაახლოების გამო მუქარას გზავნის
2017-10-03 21:24:00
,,პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში ვიზიტს აგრძელებენ. რუსეთის დუმის დეპუტატმა, ლეონიდ კალაშნიკოვმა ქართველ პოლიტიკოსებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ღიად განაცხადა, რომ საქართველო-ნატოს ურთიერთობები და ნებისმიერი პოსტსაბჭოთა ქვეყნის დაახლოება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან აღიქმება, როგორც თავდასხმა რუსეთის უსაფრთხოებაზე. ამის მაგალითად მან უკრაინა და საქართველოს ყოფილი ხელისუფლება დაასახელა.
ქართველმა კოლეგებმა რუსი დეპუტატები საქართველოში საერთაშორისო ფორუმზე დაპატიჟეს. პატრიოტთა ალიანსის წევრები ოკუპანტი სახელმწიფოს დედაქალაქში რუსეთის უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვენ და ნატოსთან ურთიერთობას მხოლოდ ამ პირობით თანხმდებიან.
ლეონიდ კალაშნიკოვმა ხაზი გაუსვა იმას თუ რა შედეგით მთავრდება ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობა თუ ეს რუსეთის ინტერესებში არ შედის.
,,მნიშვნელოვანია საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების საკითხი, რომელიც ჩვენმა კოლეგებმა წამოაყენეს. ეს შესაძლებელია თუ პოლიტიკური ხელმძღვანელობა ჩვენი საქართველოში შეშვების გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან ხშირად გვახსენებნ, რომ ჩვენ ოკუპაციის კანონი დავარღვიეთ. უნდა გვესმოდეს, რომ უსაფრთხოება მნიშვნელოვანი მხოლოდ საქართველოსთვი არ არის, ეს რუსეთისთვისაც მნიშვნელოვანია და როდესაც ვხედავთ, რა მოიტანა ამან უკრაინაში, როცა ამერიკის მხარდაჭერით ევროპამ საკითხი დასვა - ან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, ან რუსეთი - ეს ყველაფერი უკრიანის ტერიტორიაზე ომით დასრულდა. ასე იყო საქართველოში წინა ხელისუფლების დროს. რუსეთი ვერ შეეგუება, როცა მის უსაფრთხოებას ემუქრებიან “ - განაცხადა კალაშნიკოვმა.
,,პატრიოტთა ალიანსის“ წევრები აცხადებენ, რომ ევროსტრუქტურებთან თანამშრომლობა შესაძლებელია ისე, რომ რუსეთი არ დაზარალდეს. ქართველი დეპუტატების ამბობენ, რომ ოკუპანტ სახელმწიფოსთან ისინი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებზე სალაპარაკოდ ჩადიან.
http://www.newposts.ge/wap.php?ID=153030