დიდი ამბები იყო იმ თემაში და რა ვი აბა, წაიკითხეთ...

ირანელი მომღერლის, მოჰსენ ნამჯოუს სიმღერამ და კლიპმა ქართულ ინტერნეტ-სივრცეში კიდევ ერთხელ ააგორა მორიგი სკანდალი. ქართველი ინტერნეტ-მომხმარებლების უმეტესობამ მომღერლის შესახებ სულ რამდენიმე თვის წინ შეიტყო, მაშინ, როცა ნამჯოუს სკანდალური ვიდეოკლიპი გავრცელდა, სახელწოდებით „კურტანიძე“.
ქართველებისათვის აღმაშფოთებელი გამოდგა როგორც სიმღერის შინაარსი, ისე კლიპის ვიზუალური მხარე. სპარსულ ენაზე შესრულებული ტექსტი ბევრმა ვერ გაიგო, თუმცა, მასში „გურჯისტანის“, „რუსიას“, „ჯორჯია/გურჯია“ ხათუნების და „გივ მი ბექ“-ის ხსენებაც საკმარისი აღმოჩნდა საქართველოს საზოგადოების გასაბრაზებლად. ამას თან დაერთო კლიპში გამოყენებული ზედმეტად თავისუფალი სექსუალური სცენები, რომელიც პუბლიკამ აღიქვა, როგორც უხამსი და ინტერნეტიც აფეთქდა.
ქართველებმა სასწრაფოდ დაარეპორტეს კლიპი, რის შემდეგაც იუთუბის ადმინისტრაციამ ის დაბლოკა. ასევე, დაიბლოკა სხვა მსგავსი ატვირთული კლიპებიც. კლიპის ვიზუალის ნახვა ახლა შეუძლებელია, გარდა თავად ნამჯოუს ოფიციალური საიტისა, სადაც შესაძლებელია ნახვა ზედ საიტზევე და ასევე, გარკვეული ინტერნეტ „იატაკქვეშა“ სისტემით. სხვა შემთხვევაში, სიმღერა კლიპის გარეშე დევს ინტერნეტ-საიტებზე, მათ შორის, იუთუბზეც და მისი მხოლოდ მოსმენაა შესაძლებელი.
საინტერესოა, რომ ნამჯოუს ზოგიერთმა იდეოლოგიურმა თანამოაზრეებმაც არ მოუწონეს ვიდეო. ერთი ირანელი ქალბატონის თქმით, ის განიხიბლა მომღერლით, რომლის სიმღერებს ირანში ჩუმად სულ ეძებდა და ამის მიზეზი კლიპში ქალის შიშველი სხეულების გამოყენება გახდა.
ნამჯოუს იმავე კლიპზე მორიგი სკანდალი ხელახლა და კიდევ უფრო მძაფრად რამდენიმე დღის წინ აგორდა. მიზეზი ერთ-ერთი ქართული ფეიჯი გახდა, რომელმაც როგორც ჩანს, ახლა შენიშნა სკანდალური ვიდეორგოლი და ხელახლა გაავრცელა ახსნა-განმარტებებით. ვიდეორგოლი ამჯერად ქართველი ინტერნეტ მომხარებლების კიდევ მეტმა რაოდენობამ იხილა და რეაქცია პირველ ჯერზე უფრო მკვეთრი აღმოჩნდა.
ქართველებმა ინტერნეტში შემორჩენილი რამდენიმე ვიდეოც ასევე ოპერატიულად დაარეპორტეს და კლიპი საბოლოდ აღგავეს ვირტუალური სივრციდან, ქსენოფობიურად განწყობილი საზოგადოების და ზოგიერთი ორგანიზაციის ნაწილს კი ახალი მასალა გამოუჩნდა მეზობელი ქვეყნის და ხალხის მიმართ ულტრანაციონალისტური და შოვინისტური განცხადებების გასაკეთებლად. ზოგი უფრო შორსაც წავიდა და ბოდიშის მოხდა თვით ირანის სახელმწიფოსაგან და საელჩოსაგან მოითხოვა.
თუ რა დამოკიდებულება გაუჩნდა ქართველ ინტერნეტ მომხმარებელს სიმღერის მოსმენის შემდეგ, ერთი-ორ განსხვავებული პოზიციის კომენტარს შემოგთავაზებთ:
„მოკლედ რომ ვთქვა, ამას საკმაოდ ცნობილი მომღერალი მღერის. სიმღერის შინაარსი ასეთია. რუსეთო დაგვიბრუნე საქართველო! უკმაყოფილებას გამოთქვამს თურქმანჩაის ზავის დადებაზე,რის შემდეგაც მთელი სამხრეთ კავკასია ირანს სამუდამოდ მოწყდა და შეუერთდა რუსეთის იმპერიას ! მანამდე იყო აღამაჰმადხანის შემოსევა . მოკლედ ირანელები დღესაც თვლიან რომ საქართველო მათი ტერიტორია იყო რომელიც ირევანთან (ერევანი) ერთად რუსეთმა წაართვა. სხვათა შორის ამ ამბებს შეეწირა გრიბოედოვი. მე ეს სიმღერა თავის დროზე ვნახე ირანულ საიტზე, სადაც კარგი და გემრიელი კომენტარი დაუტოვე მათ მშობლიურ ენაზე. სამწუხაროა რომ ჩვენი ქვეყანა ამ კლიპშიც კი მათთვის ქართველი ქალების გა**მვასთან ასოცირდება. ეს ყველას შეურაცხყოფაა.(მით უფრო მაშინ როცა ეს თანამედროვე კულტურის წარმომადგენლებიდან მოჩანს,როგორც ამ კლიპში)." - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.
სხვა ინტერნეტ-მომხმარებელი კი ასე აღწერს კლიპის შინაარსს:
„მოკლედ, არის ლეგენდა, რომ აბას მირზანის საყვარელი ქართველი გოგო იყო, რომელსაც ჰათუნ გიურჯ-ით იხსენიებენ, მაგრამ ბოლო ბრძოლის წინ უღალატა და რუსებს გაუმხილა მისი ჯარის ადგილსამყოფელი და რაოდენობა. მოკლედ აბასმა წააგო ეს ბრძოლა და რუსეთმა წაიღო საქართველო. და არანაირად არაა ნახსენები საქართველო, როგორც ირანის ნაწილი. რუსეთს "ელაპარაკება". ერთადერთი რასაც ამბობს ტექსტში "დამიბრუნე ჩემი გიურჯიე (საქართველო და ქალი იგულისხმება ერთდროულად), ჩემი ერთადერთი სიყვარული".
რეალურად, რას მღერის ცნობილი ირანელი როკ-მომღერალი, რომელიც დიდი ხანია გაძევებულია საკუთარი ქვეყნიდან, ხოლო მისი მუსიკა და კლიპები აკრძალულია ირანის ტერიტორიაზე? ნამჯოუ ამჟამად ავსტრიაში ცხოვრობს და ის ძალიან პოპულარული მომღერალია. მისი სტილი ორაზროვნება, მეტაფორები და ორიგინალურობაა, რითაც განსაკუთრებით ხიბლავს მსმენელს. ამ კონკრეტულმა სიმღერამ კი დიდი პოპულარობა ჩვენს მეზობელ თურქეთშიც მოიპოვა, რაზეც ერთ-ერთი თურქული გამოცემა წერს. გამოცემის მიხედვით, ძალიან ბევრი თხოვნა და წერილი შევიდა მოჰსენ ნამჯოუს ამ სიმღერის ტექსტის თარგმნის სურვილის.
თურქული გამოცემა ვიდრე მკითხველს სიმღერის შინაარსს გადაუთარგმნის, იქამდე რამდენიმე განმარტებას აკეთებს, რათა მკითხველისთვის უფრო გასაგები იყოს სიმღერის შინაარსი.
გამოცემა წერს: „ლუკა კურტანიძემ მსოფლიო ჩემპიონატი მოუგო ირანელ მებრძოლს, ალირეზა ჰეიდერის, 2003 წელს, საქართველოში, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში.
აბას მირზა 1789-1833 წლებში იყო აზერბაიჯანის ყაჯართა უკანასკნელი მმართველი, ირანის ბოლო თურქული სახელმწიფოსი და ასევე იყო სულთანატის მმართველი. 1828 წელს ის რუსეთთან ომში დამაცხდა და საქართველო, თურქმენჩაის ხელშეკრულების მიხედვით, გადასცა რუსეთს.
საქართველო (გორჯია, ჯორჯია) ეს გოგონას სახელიცაა და ქვეყანა საქართველოსიც. ამიტომ, ჩვენ თუ განვსაზღვრავთ გენდერს, როგორც ობიექტს, ჩვენ შეგვიძლია საქართველოს შევხედოთ როგორც ხათუნ გორჯიას (ხათუნ საქართველოს).
ეს სიმღერა იხსენებს აბას მირზანის უკანასკნელ შეჭრას საქართველოში. გადმოცემის მიხედვით, საქართველოს გუბერნატორის ქალიშვილი - გორჯია ხათუნი, აბას მირზას საიდუმლო საყვარელი იყო. თუმცა, ბოლო შეჭრის დროს აბას მირზას საყვარელმა გოგონამ უღალატა და თავისი ქვეყნის ჯარს მისი შემოჭრის შესახებ აცნობა, რის შემდეგაც მისი ადგილსამყოფელი რუსებმა გაიგეს, თავს დაესხნენ მას და აბასის არმიის ათასობით ჯარისკაცი მოკლეს. ასე გადავიდა საქართველო საბოლოდ რუსების ხელში,მოჰსენი გვაოცებს ჩვენ ყოველ სიმღერაში" - წერს თურქული გამოცემა.
ირანული გამოცემა კი ასე განიხილავს კლიპის შინაარსს. "მიუხედავად იმისა, რომ მოჰსენ ნამჯოუს ბოლო სიმღერის ვიდეომ აუდიტორია ვერ მოხიბლა, თავად სიმღერა ძალიან ძლიერია. მუსიკა კარგი და სასიამოვნოა, ლირიკა კი ამ სიმღერის, ისევე როგორც სხვა მრავალი კომპოზიცია მისი შემოქმედებიდან - გამბედავი და კრეატიული.
კურტანიძე ქართველი მებრძოლი იყო, რომელმაც ირანელ ალირეზა გეიდარის რამდენიმე საერთაშორისო შეჯიბრზე მოუგო. ვინც ირანის სპორტულ მიღწევებს ადევნებდა თვალყურს, იმ დროისათვის, ხედავდნენ რომ ირანის ერთ-ერთი საუკეთესო ტექნიკის მქონე მებრძოლის დამარცხება კურტანიძესთან პრობლემად და ეროვნულ კომპლექსად იქცა მათთვის. მოჰსენ ნამჯოუმ ეს კოლექტიური მეხსიერება სიმღერის მეორე პლანზე გადაიტანა. სიმღერის მეორე ხაზი და ეროვნული კომპლექსი ირან-რუსეთის ომია და თურქმანჩაის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ირანი თავის ნაწილებს აღმოსავლეთ საქართველოს აზერბაიჯანამდე, სომხეთს და კასპიის ზღვაზე ნავიგაციის უფლებას გამოეთხოვა. ამ ორ ეროვნულ კომპლექსის გადმოსაცემად მომღერალი იყენებს მეტაფორებად ომებს და მებრძოლებს, სექსუალურ, ეროტიკულ სცენებს. ნამჯოუს სტილია აუდიტორიის ბუნდოვან ატმოსფეროში ჩაყენება. ნამჯოუს ენა სიზმრის ენასთან უფრო ახლოა, ვიდრე ისტორიის“, - წერს ირანული გამოცემა.
http://presa.ge/new/?m=society&AID=60085
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)