საბურთალოს რაიონში, ცინცაძის ქუჩის #56 და #58-ის მცხოვრებთა ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს. ადგილობრივების განცხადებით, მათი საცხოვრებელი კორპუსის უკან განახლდა მშენებლობა, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეჩერებული იყო.
აქციის მონაწილეთა თქმით, კომპანია, რომელიც მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აწარმოებს, ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს. მათივე თქმით, საცხოვრებელი კორპუსი, რომელშიც თავად ცხოვრობენ, სწორედ ამ კომპანიის აშენებულია, რომელმაც არ უზრუნველყო კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები, არ მოაგვარა საკომუნიკაციო სისტემები, ლიფტი, შიდა ეზო. ასევე, ტერიტორიაზე დატოვეს სამშენებლო ნაგავი, ხოლო სამუშაოებისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო ავტომობილები ფარეხში შესვლას ვერ ახერხებენ. გარკვეული ტერიტორიებიდან კი საცხოვრებელი კორპუსი იტბორება. ადგილობრივები ასევე ტერიტორიაზე ქვეწარმავლების არსებობაზეც საუბრობენ.
მათივე განცხადებით, კორპუსის მოსახლეობამ, რომელთა რაოდენობა 200-ზე მეტია, არაერთხელ მიმართა თბილისის მერიას და საბურთალოს გამგეობას აღნიშნული პრობლემის მოგვარების თხოვნით, თუმცა უშედეგოდ. აქციის მონაწილეები მედიის მეშვეობით კიდევ ერთხელ მოუწოდებენ შესაბამის სამსახურებს, აღნიშნული საკითხით დაინტერესდნენ და მოითხოვენ, კომპანიამ შეაჩეროს სამშენებლო სამუშოები, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე დღეს დილიდან განახლდა
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...thavs.html?ar=A